როგორ

როგორ "შეიკერა" ოპერაცია "ენვერი"

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილე­ბაში, "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტი­კური ნიშნით დევნილ პირ­თა თაობაზე", რომლის მი­ხედვითაც 190 პირს პოლიტ­პატიმრის სტატუსი მიენიჭა, მოხვდნენ ოპერაცია "ენვე­რის" ფიგურანტებიც: არმენ გევორქიანი, რუსლან გალოგ­რე, რუბენ შიკოიანი, იური სკრილნიკოვი, ედუარდ აბდულაევი, დავით მეს­ხიძე, ბაკურ კიღურაძე, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე, ვიაჩესლავ პლუჟნი­კოვი, გოჩა დიასამიძე. ამის შემდეგ "ნაციონალურმა" უმცირესობამ განგაში ატეხა, საქართველოს მტრებსა და "რუსეთის ჯაშუშებს" ათავისუფლებენო. ეს გასაკვირი არც იყო, რადგანაც სწორედ ეს პიროვნებები ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე, სასამართლომდე რვა თვით ადრე, დაკავებულებს უკ­ვე "რუსეთის ჯაშუშებად" მოიხსენიებდნენ. იმჟამინდელი სახელისუფლებო უმრავლესობის განცხადებით, მითი რუსეთის სპეცსამსახურების უძლევე­ლობაზე, ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაიმსხვრა. ხოლო ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ქართულ კონტრდაზვერვას წარმატებას ულოცავდა და ამბობდა, ქართულმა სპეცსამსახურმა უმნიშვნელოვანესი ჯა­შუშური ქსელი გამოავლინაო. იმხანად რატომღაც არ ახსოვდათ უდანაშაუ­ლობის პრეზუმფცია! ვითომ მართლაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავდნენ ნაციონალები? მათი მმართველობის ცხრაწლიანი "ჯაშუშომა­ნიის" ანალიზის შემდეგ იკვეთება საქართველოს სპეცსამსახურების ამ დანა­შაულებრივი ქმედებების რამდენიმე რეალური მიზანი: "ჯაშუშების" გამოვ­ლენა პიარისთვის, "ჯაშუშობის" ბრალდება დაკავებულების ბიზნესის ხელ­ში ჩასაგდებად და ბოლოს, ნებსით თუ უნებლიეთ, უცხო ქვეყნების სპეცსამ­სახურების ფარული ამოცანების შესრულება.

უდანაშაულო "ჯაშუშები"?

2010 წლის 29 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გავრცე­ლებული ინფორმაციით, დაკავებული 13 პირიდან ცხრა - საქართველოს, ხო­ლო ოთხი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. გასამართლებული: ბაკურ კიღურაძე (გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი);­ რუსლან გალოგრე (ბიზნესმენი); არმენ გევორქიანი (კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი), აგრეთვე, მისი მოადგი­ლე რუბენ შიკოიანი და ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე ვითომდა გრუ-ს გა­დასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინის­ტროსა და გე-ერ-უს (მთავარი სადაზვერვო სამმართველო) სხვადასხვა კომ­პანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებს საიდუმლო შესყიდვების შესა­ხებ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები: ვიაჩესლავ პლუჟნი­კოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასა­მიძე და ტარიელ აბაშიძე ვითომდა გე-ერ-უს გადასცემდნენ საიდუმლო ინ­ფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენის განრიგის, საქართველოს შეიარა­ღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების და ა.შ. შესახებ. ხო­ლო ედუარდ აბდულაევი (რადიოსპეციალისტად მოხსენიებული) ვითომდა გადასცემდა საიდუმ­ლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობის შესახებ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე იური სკრილნიკოვი კი გე-ერ-უს მეკავშირედ დასახელდა. ბრალდებულთა­გან უსტალიშვილმა და დევრიშაძემ აღიარეს ჯა­შუშობა, რის შემდეგაც მათთან გააფორმეს საპ­როცესო შეთანხმება და მალევე გაათავისუფ­ლეს. დანარჩენებმა არ აღიარეს და მათ სასამარ­თლომ საქართველოს სისხლის სამართლის კო­დექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული თითქმის მაქსიმალური სასჯელი 11-14 წელი შეუფარდა. ოქტომბრის საპარ­ლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი "ჯაშუშის", გაბრიელ უსტალიშვი­ლის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ დადასტურდა ეჭვი, რომ შსს-ს მიერ "რუსეთის მზვერავებად" შერაცხილი პიროვნებებისთვის ბრალეულობის დამტკიცება არადამაჯერებელი იყო და მხოლოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებულ თვითაღიარებას ემყარებო­და.

"ფასადების ღებვა" ქართულ სპეცსამსახურებში

2010 წლის 29 ოქტომბერს სააგენტო "როიტერმა" ანონიმურ წყაროზე დაყ­რდნობით მსოფლიოს აუწყა ინფორმაცია საქართველოს შსს-ს მიერ რუსე­თის ჯაშუშების დაკავების შესახებ. შემდეგ კი უკვე ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარ­ტამენტმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაო­ბის ბრალდებით 13 პიროვნება დააკავა. ითქვა, რომ ისინი ცდილობდნენ ინ­ფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნე­ბის პირადი მონაცემების შესახებ და ა.შ. შსს-ს ინფორმაციით, მათ გამოავლი­ნეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი ათეულო­ბით ადამიანი. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს "სენსაციური სპეცოპერაცია", უპირველესად, უცხოურ მასმედიაზე იყო გათვლილი, ამიტომაც მიაწოდა ინ­ფორმაცია საქართველოს შსს-მ "როიტერს" და არა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას", თუმცა "ენვერის" ჯერჯერობით უცნობმა "მთავარმა რეჟისორ­მა" "რუსთავი 2"-ს თავისი ფუნქცია მიუჩინა. ამ ტელევიზიის ჟურნალისტე­ბისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ნაცოდვი­ლარი ფილმი "ენვერი" ნამდვილი პაროდია იყო საქართველოს სპეცსამსახუ­რებზე. ამ ფილმის "დოკუმენტური" კადრებისთვის, უკვე კარგა ხნის წინ და­კავებულ "ჯაშუშებს" ქუჩაში ხელმეორედ აკავებდნენ, და რაც მთავარია, ჟურნალისტი უშუალოდ მონაწილეობდა (?!) ამ პროცესში. სასაცილო იყო ისიც, რომ ამ ფილმში "ჯაშუშების" დასაკავებლად ოპერატიულ ავტომანქა­ნებს კი არ იყენებდნენ, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერ­თი ხელმძღვანელის სამსახურებრივი, "ტოიოტას" უკანასკნელი მოდელის ლიმუზინს, რომლის სახელმწიფო ნომერიც კარგად ჩანს კადრებში. ასე ასე­ირნებდნენ "რუსეთის ჯაშუშებს" წინ და უკან. ამ ფილმში კიდევ ერთხელ გახმოვანდა "ნაციონალური" რეჟიმის საკრალური ოცნება მათი მმართველო­ბის განსაკუთრებულობის შესახებ, როდესაც სპეცოპერაცია "ენვერის" შემ­დეგ საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება ამცნეს მსოფლიოს.

ბიზნესის წართმევა

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანია "ნიბა-ინვეს­ტის" ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს - "ენ­ვერის" გახმაურებამდე სამი თვით ადრე. ჯაშუშობის ბრალდებით კიღურა­ძის დაკავება მაშინვე ბევრს მოეჩვენა საეჭვოდ. დაკავებამდე ბაკურ კიღუ­რაძეზე რამდენჯერმე დაიწერა და ითქვა ქართულ მედიაში. თბილისში მეტ­როპოლიტენის სადგურ "დელისთან" მშენებარე 40-სართულიან გრანდიო­ზულ სავაჭრო ცენტრ "ნიბა-დელისს", რომელსაც "ნიბა ინვესტი" აშენებდა, სწორედ კიღურაძეს უკავშირებდნენ. ცნობილია, რომ რუსლან გალოგრე ბა­თუმში მდებარე სასტუმრო "ო. გალოგრეს" ტექნიკური მენეჯერი იყო. მისი დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა კონ­კრეტული ბრალდება არ იყო ცნობილი. რუსლან გალოგრე ძმაა ბიზნესმენ ომარ გალოგრესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მისი ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებუ­ლი არმენ გევორქიანი გალოგრეების მეზობელი იყო. ის ადრე მოსკოვში ცხოვ­რობდა... ბიზნესის წასართმევად ჯაშუშობის მუხლით გასამართლება "მშვე­ნიერი" გამოსავალია: საქმეს გაასაიდუმლოებ, კანონიერ მეპატრონეს მრა­ვალწლიან "სროკზე" გაუშვებ, აბეზარი ჟურნალისტები კითხვებს ვერ დასვა­მენ, ადვოკატებსაც პირი ექნებათ "ამოკერილი" და სხვისი ბიზნესი შეგრჩა ხახვივით! - აი, მათი ფილოსოფია!

ვინ იდგა "ენვერის" უკან?

"ენვერის" ავტორებმა და შემსრულებლებმა მიიღეს საქართველოს პრეზი­დენტის მადლობა და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები, ბევრმა ვადაზე ადრე მაღალ სამხედრო წოდებასაც გამოჰკრა ხელი. ეს ოპერაცია ხელისუფ­ლებისა და მასთან დაახლოებული ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც რუ­სეთის სპეცსამსახურების "მთავარი მონსტრის" - გე-ერ-უს დამარცხება. ისიც კი ითქვა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა უკვე ისე დასუსტდა, ქართუ­ლი სპეცსამსახურებისგან უნდა ისწავლოსო. ფილმში გამჟღავნდა ქართვე­ლი კონტრმზვერავების წარმატების მთავარი საიდუმლო: თურმე კონ­ტრდაზვერვის დეპარტამენტმა გე-ერ-უში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდო­ბა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო. ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის და­შიფვრა ხდებოდა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახ­და შესაძლებელი. მართლაც როგორ დაძაბუნებულა ერთ დროს უძლეველი გე-ერ-უ: ორმაგი აგენტი შევუგზავნეთ, ინფორმაცია გამოვიტანეთ, ოპერატი­ული კავშირები გავშიფრეთ, მათი ჯაშუშები გამოვავლინეთ და სამაგალი­თოდ დავსაჯეთ! ყოჩაღ, ჩაუქო კონტრმზვერავებო! მართლაც რომ ჯაშუშო­ბის უმაღლესი პილოტაჟია, სიმართლესთან ოდნავ ახლოს რომ იდგეს! ვინ იხეირა ამ ოპერაციით? - იმ პირებმა, ვინც პიარის შედეგად ჯილდოები და წო­დებები მიიღო, ვინც ბიზნესმენებს ბიზნესი წაართვა და მათ, ვინც საბრძო­ლო გამოცდილების მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავე­ბი მრავალი წლით საპყრობილეში გამოკეტა! მათი ინტერესების სრული თან­ხვედრა გვაფიქრებინებს, რომ ეს ოპერაცია თბილისში კი არ დაიგეგმა, არა­მედ მოსკოვში. ამ "სპეცოპერაციის" შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, "ენვერი" ჩვენი კონტრდაზვერვის შეგზავნილი აგენტი კი არ იყო, არამედ რუსეთის მი­ერ ჩვენს სპეცსამსახურებში ჩანერგილი ჯაშუში.

P.S. ჯაშუშობის ბრალდებით მფრინავების, ექსპერტებისა და ფოტოგრაფე­ბის დაკავება იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც "ბეღურებს ზარბაზნებს ესვრი­ან", ამ დროს კი საიდუმლო ინფორმაციის გადინების რეალური არხები შეუ­ფერხებლად მოქმედებს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები უპირველესად იმ საჯარო მოხელეებზე ნადირობენ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ეროვ­ნული უსაფრთხოების საკითხებზე. ეს უპირველესად, სპეცსამსახურებს ეხე­ბა. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ჩვენი სპეცსამსახურების შეფებმა ან არ იცოდნენ მოწინააღმდეგის მიერ მცდარ კვალზე დაყენების, რეალური აგენტის შესანიღბად მაკომპრომეტირებელი "ფაქტების" და "დოკუმენტების" შექმნის და ამ გზით უდანაშაულო, პატრი­ოტი და პროფესიონალი კადრების განეიტრალების სპეცოპერაციებზე, ან შეგ­ნებულად მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.