სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კომენდანტის საათის დაწესებას არეულობა მოჰყვა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 43 პოლიციელი და 17 დემონსტრანტი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„არეულობა რამდენიმე საათს გრძელდებოდა, შემდეგ კი პოლიციამ კონტროლის დამყარება შეძლო. 43-მა პოლიციელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია 17 დემონსტრანტიც“, - განაცხადა დედაქალაქის პოლიციის დირექტორმა, ვლადიმერ რებიჩმა.
ბოლო მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსი 16 719 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 330 გარდაიცვალა, 13 447 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.