ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ბედი

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ბედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომ "ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს". პროექტი, რომელიც ბაქოს, თბილისსა და თურქეთის ქალაქ ყარსს ერთმანეთთან რკინიგზით აკავშირებს, დასრულების სტადიაზეა. ასეთ ეტაპზე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის კითხვებნარევ განცხადებას უმალვე მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის პასუხი. რა ვითარებაა შექმნილი "ყარსი-ახალქალაქის რკინიგზად" წოდებული პროექტის გარშემო?

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელსაც "ყარსი-ახალქალაქის" რკინიგზასაც უწოდებენ, 2013 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლამდე მცირე ხნით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეჭვები გაუჩნდა. გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს. ამაზე, შესაძლოა, კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც მომიწიოს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან რბილად ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება". მოგვიანებით ამავე თემაზე პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას":

"ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტი გეოპოლიტიკურად სასარგებლოა, მაგრამ ეკონომიკურად ეს ქვეყნისთვის პირველ ეტაპზე ბევრ კითხვას იწვევს. გეოპოლიტიკურად კარგია, რაც მეტი ტრანზიტი იქნება საქართველოზე, მაგრამ ეკონომიკურად, როცა ყარსის რკინიგზა გაიხსნება, ჩვენს ძველ, ტრადიციულ რკინიგზაზე, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის და 2-3-ჯერ დიდია, ტვირთბრუნვა შემცირდება. ეს დაეტყობა ჩვენს პორტებსაც. აი, ეს კითხვა დგება".

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ასეთი კითხვები არ გასჩენია, როდესაც მისმა გუნდმა აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის სარკინიგზო ხაზის გახსნის იდეა წამოაყენა.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:

 "მე ძალიან შემაშფოთა ამ განცხადებამ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვის თაობაზე და იმაზე, რომ ეს მშენებლობა, შესაძლოა, შეჩერდეს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ეს არის რკინიგზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ რუსეთის გვერდზე ავლით, პირდაპირ დავუკავშირდეთ ევროკავშირის ქვეყნებს იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირისკენ, უვიზო მიმოსვლისკენ, ასოცირების ხელშეკრულებისკენ და მომავალში ევროკავშირის წევრობისკენაც მივდივართ. ამ პროექტზე იმის თქმა, რომ თურმე ეკოლოგიას ემუქრება, მიუღებელია".

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს ეკონომიკურთან ერთად დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. მაგრამ საქართველოს მთავრობის წევრები მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე ლაპარაკობენ. ისევე როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ექსპერტი გია ხუხაშვილი მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე საუბრობს:

„კორიდორში ადრე ტვირთები როცა მოძრაობდა, ჯერ გადაადგილდებოდა რკინიგზით, შემდეგ კი პორტებით, ანუ ფულს შოულობდა როგორც რკინიგზა, ასევე პორტები. ამ შემოვლითი გზის (თბილისი-ყარსი) მშენებლობით შეიძლება ამ ტვირთების რაოდენობა გაიყოს და პორტებში მოხვდეს ნაკლები რაოდენობის ტვირთები, რაც გამოიწვევს ბათუმისა და ფოთის პორტების შესუსტებას. ეს რისკი არ იყო კარგად თავის დროზე დათვლილი და, შესაბამისად, არც ხიფათი გაუთვალისწინებიათ“.

 თბილისში გაკეთებულ განცხადებებს ბაქოდან ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერტულ დონეზე გამოეხმაურნენ. ანალიტიკოსთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებს იმას მიაწერს, რომ ივანიშვილი მთავრობაში ახალი მისულია, ნაწილი კი რუსეთის ინტერესებზე მიანიშნებს. მათ შორის არის მთავრობის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი ვაფა გულუზადე. საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს მისი კომენტარი, სადაც გულუზადე აღნიშნავს, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შეიძლება არამომგებიანი იყოს საქართველოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ის არ მოსწონს რუსეთს.

სწორედ რუსეთის ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფნად განიხილება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი. მან ხმელეთის მეშვეობით, რუსეთის გვერდის ავლით, აზია ევროპას უნდა დაუკავშიროს. სწორედ ამაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს, როდესაც თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა გახსნა:

”ჩინეთის ტვირთები, რომელიც რუსეთის გავლით მიდის ევროპაში, ახლა ამ მაგისტრალით ისარგებლებენ... ეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური რევოლუცია”.

2007 წელს რკინიგზის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალზე ითქვა, რომ პროექტის რეალიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ყაზახეთმაც, რომელმაც გადაწყვიტა 10 მილიონი ტონა ტვირთი სწორედ ამ რკინიგზით გადაიტანოს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე 15 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ამჟამად მოქმედ საქართველოს რკინიგზას კი, რომელიც ბაქოს და, შესაბამისად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ფოთისა და ბათუმის პორტებთან აკავშირებს, 20 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. სწორედ მისი ტვირთების ნაწილი შეიძლება გადამისამართდეს ახალქალაქ-ყარსის მიმართულებით, თუმცა კი პროექტის შემუშავებისას ლაპარაკი იყო დამატებითი ტვირთების გადაზიდვაზე და არა არსებული მარშრუტის შეცვლაზე.

 ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2011 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფინანსური თუ რელიეფური სირთულეების გამო ვადამ 2013 წლამდე გადაიწია.

სამი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი მოიცავს ახალი რკინიგზის მშენებლობას ახალქალაქიდან ყარსამდე, რომელიც 98 კილომეტრს შეადგენს. აქედან 30 კილომეტრი ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე, სოფელ კარწახამდეა. ამ მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება აზერბაიჯანის მიერ გამოყოფილი კრედიტის მეშვეობით, რომელიც, საერთო ჯამში, 770 მილიონ აშშ დოლარს აღემატება და მისი დაფარვა რკინიგზის ფუნქციონირების მეშვეობით მოხდება.