ნოემბრიდან დეკემბრამდე

ნოემბრიდან დეკემბრამდე

"რად გვინდა ნატო და ევროპა, თუკი ადამიანებს აწამებენ, ბიზნესს აახევენ, ტელეფონებს მოუსმენენ”...

თქვენი არ ვიცი და ჩემს ირგვლივ სექტემბერ-ოქტომბერში ყველა ამას ამბობდა. ზოგი უფრო ადრე ამბობდა - ჯერ კიდევ 2004-ში. ზოგი კიდევ უფრო ადრეც. მაგრამ 2012 წლის სექტემბერში, როცა ნაცმოძრაობამ თავისი საარჩევნო კამპანია წარმართა დევიზით ”ივანიშვილი რუსეთის კაცია”, ჩემს გარშემო განსაკუთრებით ბევრი ამბობდა ამას.

დღეს ვიღაცები გამარჯვებულის პოზაში მიუთითებენ დაგვიანებულებს, ახლა მოკეტე, რადგან მე რომ მცემდნენ, შენ ხმა არ ამოგიღიაო, ვიღაცები იხტიბარს არ იტეხენ და ”ასეთი რამეები ყველგან ხდებაო” (ბოლოს და ბოლოს პატრიარქმა გვითხრა ეს, ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ქართული საზოგადოება)... ჩემი დაკვირვებით, იმ ხალხს, ვინც ნაცმოძრაობიდან გადავიდა ”ოცნებაში”, წარსულს იშვიათად უხსენებენ (”სად იყავი 2003 წლის ნოემბერში, როცა ხალხი პარლამენტში შეიჭრა”, ”სად იყავი 7 ნოემბერს”, ”რატომ არ ამოიღე ხმა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ”)... არადა, მეგობრებო, ზოგი დღეს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი გახლავთ (!) და საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე მათთან საუბარი. რა ვიცი, მე მგონი უფრო საინტერესო, ვიდრე ქალბატონი იუსტიციის მინიტრის პირადი ცხოვრება და ფროიდის ფსიქოანალიზის მიმართ პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება.

საინტერესო იმისთვის, ვისაც უყვარს ეს ”სად იყავი, სად იყავი მაშინ”. თორემ მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ უსამართლობაზე, სისასტიკეზე, ძალადობაზე - ზოგი დროულად, ზოგი დაგვიანებით, ზოგი მასებში ყოფნით, ზოგი სახლში ჯდომით და უსამართლობაზე მხოლოდ და მხოლოდ ფიქრით. უფრო მეტიც, ზოგი ლოცვითაც!

ჩვენ განსხვავებულები ვართ და არავის აქვს უფლება მოგვთხოვოს გავხდეთ ერთნაირები! მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როცა ყოველი ჩვენგანი უმრავლესობის წევრად ვგრძნობთ თავს. როგორც, მაგალითად, სექტემბერში, ვუყურებთ არასრულწლოვანის წამებას ციხეში და შეძრწუნებასთან ერთად ვიხსენებთ ”პატრიოტულ ბანაკებს”, შადრევნების გახსნის საზეიმო ცერემონიალებს, ქუჩაში გაყრილ დევნილებს... ყველაფერი ერთიანდება ამ დროს. დგება წამი, როცა ახლებურად აფასებ წარსულს და ახლებურად ფიქრობ მომავალზე.

პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს ეს წამი, ეს გამონათება. და ძალიან კარგად მესმის იმ ოპტიმისტი თანამოქალაქეების, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ - 1 ოქტომბრიდან საქართველოში შესაძლებელია არ გაქრნენ უსახლკაროები და მათხოვრები, შესაძლებელია ყველა არ დასაქმდეს და ხალხს მართლაც არ გაეზარდოს ხელფასები და პენსია, მაგრამ მაინც სხვანაირად ვიცხოვრებთ... სტილი შეიცვლება! თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - შეიცვლება დიზაინი!

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ რომ იყო, ცუდი ფილმი, ხომ გახსოვთ? იმ ფილმში ყველაფერი ცუდი იყო - დრამატურგია, მონტაჟი, წამყვანის ხმა. უნიჭობის ფოირვერკი იყო! მაგრამ ყველაზე დამთრგუნველი იყო იმის განცდა, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ფორმა და დიზაინი უცვლელი რჩება - ხელისუფლება და მედია (ეს ”ფილმი” ერთდროულად 3 ტელევიზიით გადაიცა) ისევ ცდილობს მასების მანიპულაციას. დამთრგუნველია ეს განცდა, როცა გგონია, რომ მხოლოდ უმცირესობა გრძნობს ამ სიყალბეს, უმრავლესობა კი ისევ ადვილად იჯერებს ყველაფერს, რასაც ხელისუფლება სთავაზობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო ასე - ფილმს მგონი ყველამ დასცინა. ისე დასცინა, რომ ნაცმოძრაობის მთავარმა იდეოლოგებმაც კი ”პეტრეს როლი” აირჩიეს და სათითაოდ ამტკიცებდნენ, რომ ნაცმოძრაობის ამ სამარცხვინო ოპუსთან არაფერი აკავშირებთ.

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ გამახსენა. საქართველოს მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე განმარტებებს იძლევა ფილმში, რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სწორედ გვარამიასთვის დაებრალებინათ, ეგაა ფილმის ავტორიო.

დღეს მის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლების სატელევიზიო არხი. ზუსტად ისეთი ”დიზაინით”, როგორც ფილმში ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” და ისევ დგება ეს წამი-გამონათება.. ისევ ხვდები, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში - 2003 წლის ნოემბერში აღტკინებულმა ბრბომ ქვები დაუშინა ვახტანგ რჩეულიშვილს. 2012 წლის დეკემბერში იგივე ხდება ქუთაისში... 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით დაიწყო. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში იგივე ხდება საქართველოში...

სააკაშვილის ხელისუფლება სატელეფონო საუბრებს რომ ისმენდა, კომპიუტერებში რომ დაძვრებოდა, ჩვენს პირად ცხოვრებას რომ ”იღებდა”, ამაზე ადრეც დაგვიწერია. ისტორიის თუ ბედის ირონიით გვარამიას სატელეფონო საუბრებს დღეს ის ტელეარხი გადმოსცემს, რომლის ჟურნალისტებს აშანტაჟებდა წინა ხელისუფლება. ”ოცნება” თავს იმით იმართლებს, რომ ამ საუბრების ჩაწერის უფლება ჰქონდა, თუმცა ვრცელდება სულ სხვა ინფორმაცია. პრინციპში არც ესაა მთავარი; გამონათების ეს წამი ბადებს კითხვას, რომელზეც პირადად მე ვერავინ გამცა პასუხი - რატომ გვიჩვენებენ ამ საუბრებს ტელევიზიით? რას ამტკიცებენ ამით? მით უმეტეს, როგორ შეიძლება იმ საუბრების ”ჩვენება”, რომელთა ავთენტურობა ექსპერტიზას არ დაუდგენია?

დიახ, დიახ ექსპერტიზას! სხვათა შორის, არჩევნების წინ აჟიტირებულები ხომ მოვითხოვდით იმ სატელეფონო ჩანაწერების ექსპერტიზას, რომელთაც ”ოცნების” წევრთა დისკრედიტაცია უნდა გამოეწვია. ხომ გვჯეროდა, რომ ოდესმე სიმართლეს შევიტყობდით, ზუსტად გვეცოდინებოდა, გვყავს თუ არა, მაგალითად, რასისტი დეპუტატი პარლამენტში?

სადაა ახლა ეს ჩანაწერები? ჩვენი ჩანაწერები სადაა? გვაქვს თუ არა გარანტია, რომ მომავალში ეს ხელისუფლებაც არ გამოიყენებს ჩვენს საუბრებს? ფარული კამერით, ტელეფონით გადაღებულ ჩვენს ცხოვრებას? არ გამოიყენებს ჩვენი დაშანტაჟების, დაშინების მიზნით?

ლია მუხაშავრია ჯერჯერობით პირველი უფლებადამცველია, რომელიც ახალი ხელისუფლებისგან იმ აპარატურის განადგურებას მოითხოვს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ უსმენდა მოქალაქეებს. ვფიქრობ, ამ მოთხოვნას მთელი ქართული საზოგადოება უნდა შეუერთდეს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საჯაროდ განადგურდეს ადამიანთა ცხოვრების ”ასლები”, რათა ასე მაინც დავრწმუნდეთ, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე ”დიზაინი” შეიცვალა ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, დღევანდელ პირობებში, როცა საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების ნიშნები ჩნდება, როცა კითხვები იბადება ყოფილი მღალჩინოსნების დაპატიმრებებთან დაკავშირებით, როცა დასავლური მედიით ვრცელდება კრიტიკული პუბლიკაციები ივანიშვილის ხელისუფლებაზე და როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ”თალიბებად” შერაცხავს ხალხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, ეს იქნება მოთხოვნა, რომელიც ყველას გააერთიანებს - გაბრაზებულებს და ნაკლებად გაბრაზებულებს, მებრძოლებს და კონფორმისტებს, იმასაც კი, ვინც დღეს ქვებს ისვრის და იმას, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ლოცულობს.