როგორ დავმარხოთ დრაკონი?

როგორ დავმარხოთ დრაკონი?

როდის დაეცემა «ნაციონალების» ორი ციტადელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და «საზოგადოებრივი მაუწყებელი»? გასულ კვირას მომხდარმა ცვლილებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამ გამაგრებულ პუნქტებს, 1945-ში რომ იტყოდნენ, «ფესტუნგებს», ყოფილი მმართველი პარტიის თავდაცვით სისტემაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. შეძლებს თუ არა «ქართული ოცნება» მოწინააღმდეგე ამ პოზიციებიდან ისე განდევნოს, რომ მინიმალური დანაკარგი განიცადოს და ყოფილ მმართველებს, ისევე, როგორც მათ ლობისტებს დასავლეთში, არ მისცეს შესაძლებლობა შეაფასონ მოვლენები, როგორც «თავდასხმა დემოკრატიაზე»; ამის გაკეთება არც ისე იოლია და მოქმედების ნეიროქირურგიულ სიზუსტეს მოითხოვს.

ვის გაჰყვება თემიდა?

იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს რგოლს სისტემაში, რომლის მეშვეობით სააკაშვილის ხელისუფლებამ სასამართლოებზე ტოტალური კონტროლი დაამყარა, ხოლო მისი დაკომპლექტების წესი ვითარების შეცვლის მცირე შესაძლებლობასაც არ ტოვებდა. საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წევრს პრეზიდენტი ნიშნავდა (ფორმალური თვალსაზრისით, ჩამოთვლილი ნორმები დღესაც ძალაშია, თუმცა, ვინაიდან სიტუაცია მალე შეიცვლება, აჯობებს, წარსული დრო გამოვიყენოთ). საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა პარლამენტის ოთხი დეპუტატი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ორი დეპუტატი უმრავლესობიდან და ერთიც უმცირესობიდან. საბჭოს დანარჩენ 8 წევრს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევდა, რომლისთვის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა. აშკარაა, რომ ფაქტობრივი ერთპარტიულობის პირობებში ამ სისტემიდან გამომდინარეობდა სააკაშვილის ჯგუფის სრული კონტროლი იუსტიციიის უმაღლეს საბჭოზე, რომელიც, თავის მხრივ, მოსამართლეებზე კონტროლს უზრუნველყოფდა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს საბჭოს წევრების დანიშვნის უფლება ჩამოერთმევა; საბჭოს წევრობას 4 დეპუტატიც დაემშვიდობება. მათ ნაცვლად პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კვალიფიციურ იურისტებს აირჩევს (აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან). რაც შეეხება დანარჩენ 8 წევრს, მათი კანდიდატურების წარდგენის უფლება მოსამართლეთა კონფერენციისთვის არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არამედ სხვა მოსამართლეებსაც ექნება. კანონპროექტის თანახმად, ის, ვინც ბოლო წლის განმავლობაში სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე იყო, საბჭოს წევრი ვერ გახდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ისაა, რომ საბჭოს ახალი წევრების არჩევისთანავე მის ძველ წევრებს უფლებამოსილება შეუჩერდებათ.

კანონპროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს იმ შეზღუდვების დიდი ნაწილის გაუქმებას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წლის ივლისში სასამართლო პროცესების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებს დაუწესა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა კანონპროექტის კრიტიკის ორ შესაძლებელ ტაქტიკას შორის არა მისი სრული უარყოფა, არამედ ცალკეული პუნქტების ეჭვქვეშ დაყენება აირჩია. ის არ ეწინააღმდეგება იმას, რომ საბჭოს 6 წევრის არჩევის წესი შეიცვლება, თუმცა მიიჩნევს, რომ მათი არჩევა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შესაძლებლობას მისცემს «ქართულ იცნებას», მხოლოდ მისთვის სასურველი კანდიდატურები გაიყვანოს ისე, რომ საპარლამენტო უმცირესობის აზრი არ გაითვალისწინოს (იმაზე, თუ როგორ «ითვალისწინებდა» უმცირესობის აზრს სააკაშვილის ხელისუფლება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მორიდებულად დუმს). კუბლაშვილი, აგრეთვე, ეწინააღმდეგება სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის (და სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი პირებისთვის) შეზღუდვების დაწესებას და, რაღა თქმა უნდა, მისთვის მიუღებელია საბჭოს ამჟამინდელი წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაც. კუბლაშვილი, სავარაუდოდ, შეეცდება, წარმოაჩინოს ყოველივე ეს, როგორც ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების უხეში ჩარევა მის საქმეებში, რის მიმართ დასავლელი პარტნიორები, როგოც ცნობილია, განსაკუთერებით მგრძნობიარენი არიან.

იუსტიციის სამინისტროს, შეუძლია კუბლაშვილს ყურადღება არ მიაქციოს და მიაღწიოს პარლამენტის მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც სურს, თუმცა შესაძლებელია სხვა ტაქტიკის არჩევაც, რომელიც ნაწილობრივ შეამცირებს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლება «ნაციონალების» კონტროლისგან სასამართლოების გათავისუფლების პარალელურად, მათზე საკუთარ კონტროლს ამყარებს. არსებობს თუ არა სივრცე კომპრომისისთვის ან შუალედური, გარდამავალი პერიოდის გადაწყვეტილებებისთვის? საინტერესოა, რომ საკითხი დღის წესრიგში არცთუ შორეულ მომავალში კიდევ ერთხელ დადგება, როდესაც ძალაში შევა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, სხვა ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს ერთი წევრის დანიშვნის უფლებას მისცემს. შესაბამისად, საჭირო გახდება ან კონსტიტუციის, ან იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა.

ნაკლებად სავარაუდოა, კანონპროექტის ავტორები დათმობაზე წავიდნენ იმ დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლებიც მომავალში საბჭოს წევრებს აირჩევენ, რადგან ეს, დიდი ალბათობით, საბჭოს ახალი წევრების არჩევის შესაძლებლობას საერთოდ დაბლოკავს, როგორც დღევანდელ, ისე მომავალ, სავარაუდოდ, უფრო «ჭრელ» მრავალპარტიულ პარლამენტში. თუმცა ჭარბი კონსტრუქციულობის დემონსტრირებისთვის, მათ თავისუფლად შეუძლიათ მოხსნან შეზღუდვა კოლეგიების და პალატების თავჯდომარეების კანდიდატურების წარდგენაზე (რომლიდანაც სულაც არ გამომდინარეობს, რომ ამ კანდიდატებს ავტომატურ რეჟიმში აირჩევენ), მაგრამ მთავარი პრობლემა, ალბათ, მაინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი წევრების უფლებამოსილების შეჩერებაა, მას პრინციპული ხასიათი აქვს. ერთი შეხედვით, სავსებით შესაძლებელია საბჭოს ახალი, პარლამენტის მიერ არჩეული წევრების თანაარსებობის უზრუნველყოფა ძველ წევრებთან, თანაც ისე, რომ კუბლაშვილის ფაქტობრივი დიქტატურა შეიზღუდოს, მაგრამ ეს ძალიან არაბუნებრივი მდგომარეობა იქნება. ძველი, ანტიდემოკრატიული სისტემის ელემენტების ინტეგრირება ახალში, ალბათ, მაინც დაუშვებელია, ეს, 99%-იანი ალბათობით, იუსტიციის საბჭოს წევრებს პოლიტიკური თამაშის მძევლებად გადააქცევს. ბოლოს და ბოლოს, არავინ უშლის კოტე კუბლაშვილს და მის თანამოაზრეებს, მოსამართლეთა კონფერენციას მათთვის სასურველი კანდიდატურები წარუდგინონ (აირჩევენ თუ არა მათ, სხვა საკითხია).

ამ გარემოებების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროსთვის, სასურველია, ამ საკითხში პრინციპულობა შეინარჩუნოს. შეძლებს თუ არა ის, წარმოაჩინოს პროცესი, როგორც სასამართლო სისტემის გათავისუფლება «ნაციონალების» დიქტატისგან და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, მაშინ, როდესაც ოპონენტები საპირისპიროზე იყვირებენ? ძნელი სათქმელია, თუმცა ამ სენსიტიურ საკითხს ახალმა ხელისუფლებამ, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის და საკუთარი ნაბიჯების ახსნა-განმარტების კუთხით, ჯერჯერობით სერიოზული პრობლემები აქვს (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ), ალბათ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს.

ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა...

გასულ კვირას თანამდებობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ დატოვა. ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ის პოსტს ვადის ამოწურვამდე, კიდევ ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა, თუმცა მოულოდნელობის ელემენტი ყოველივე მომხდარში მაინც იყო _ განცხადების დაწერამდე რამდენიმე დღით ადრე, ჭანტურია საჯაროდ მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ განახოციელებდა ოპტიმიზაციას საბიუჯეტო დაფინანსების შემცირების პირობებში, ამასთანავე, არაერთი კომენტატორი თვლიდა, რომ ის სავარძელში ბოლომდე გამაგრდებოდა, როგორც ალყაშემორტყმული ფელდმარშალი პაულუსი სტალინგრადში, თუმცა მან გაცლა ამჯობინა, თანაც ისე, რომ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ ამის გაკეთება აიძულეს. არადა, «ნაციონალების» პროპაგანდისტულ არსენალში «ახალი ხელისუფლების ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე» ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომელსაც უცხოელ პარტნიორებს ცხვირწინ უფრიალებდნენ. იმას, თუ რა გახდა ჭანტურიას წასვლის უშუალო მიზეზი, ასე ვთქვათ «ბოლო წვეთი», არსებითი მნიშვნელობა, ალბათ, არ აქვს.

ვიდრე საკითხში სიცხადეს თავად ფიგურანტი არ შეიტანს, შეგვიძლია დროებით ჩავთვალოთ, რომ მან, დონ კორლეონეს თქმის არ იყოს, «მიიღო წინადადება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია» ან, უბრალოდ, ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო (ერთი მეორეს, პრინციპში, არ გამორიცხავს).

ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაჩნდა ვერსია, რომ ის სააკაშვილის ჯგუფის კომბინაციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, თითქოსდა მათ მოაცილეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჭანტურია, რომელსაც ახალი ხელისუფლება შეიძლება ფინანსურ დარღვევებზე მოედავოს, რათა მათ მიერ კონტროლირებადი სამეურვეო საბჭოს მეშვეობით, «ახალი ჭანტურია» მოეყვანათ, რომელსაც «საზმაუს» ფინანსებთან შეხება არ ჰქონია. მთავარ მიზანს კი, ამ ვერსიის ფარგლებში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სააკაშვილის ჯგუფის კონტროლის გამყარება და გახანგრძლივება წარმოადგენს. გამორიცხული არაა, რომ ეს გეგმა (თუ ის მართლაც არსებობს) ითვალისწინებს იმასაც, რომ გენდირექტორად «ნაციონალების» ერთგული კადრის დანიშვნის პერსპექტივა (ან ფაქტი), უკიდურესად გააღიზიანებს ახალ ხელისუფლებას და მას რადიკალურ ნაბიჯებს გადაადგმევინებს, რომელსაც სააკაშვილის ჯგუფი დასავლეთში «დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად» წარმოაჩენს.

ამ ვერსიას არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა უფრო დამაჯერებელი ის, ალბათ, იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ყოველივე აღწერილი ვაკუუმში მოხდებოდა, დღეს კი, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა და საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მსგავსი ჩანაფიქრის ხორცშესხმა პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი საბოლოოდ არ დაკარგა). აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჭანტურიას წასვლა გენდირექტორის პოსტიდან სულაც არ ხსნის დღის წესრიგიდან კითხვებს, რომელიც შეიძლება ფინანსებთან დაკავშირებით გაჩნდეს _ სამეურვეო საბჭოს უნდა ეკონტროლებინა ყოფილი დირექტორის მოქმედება და ის იზიარებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც «საზმაუში» ამ წლების განმავლობაში ხდებოდა.

ერთი თვის ვადაში საბჭომ ახალი დირექტორი უნდა დაამტკიცოს და აქ ჩვენ ძალიან საინტერესო პრობლემას ვეჯახებით. ეს საბჭო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში დაკომპლექტდა ისეთი მეთოდებით, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში «დემოკრატიული ფასადის» შენარჩუნებაზე რეჟიმი ასე თუ ისე ზრუნავდა. არსებობს უამრავი ხერხი, რომელთა გამოყენებით ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება საბჭოს წევრებს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს, თუმცა პრობლემის გადაწყვეტა საიდუმლო პოლიტიკური მანიპულაციების (და არა დემოკრატიის) კალაპოტში ძლიერ არასასურველია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის შეცვლის მცდელობა დღეს, თუნდაც მისი დაკომპლექტების ახალი წესი ზედემოკრატიული იყოს, აუცილებლად გამოიწვევს «ზეწოლასთან» დაკავშირებულ ბრალდებებს, რომლებიც გაცილებით რეზონანსული იქნება, ვიდრე (მაგალითად) იუსტიციის საბჭოს შემთხვევაში. პარადოქსული ვითარებაა, ახალ (იდეაში) ნეიტრალურ და პროპაგანდისტული სიბინძურისგან თავისუფალ საზოგადოებრივი მაუწყებელს საფუძველი ძველმა სამეურვეო საბჭომ უნდა ჩაუყაროს, ხოლო ხელისუფლება, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, სიტუაციაში უფრო აქტიურად ჩაერიოს, ვიდრე ეს სასურველია (როგორც ტელევიზიისთვის, ისე საზოგადოებისთვის). ამ შემთხვევაშიც მოსაძებნი იქნება შუალედური, გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილება, რომელიც უნაკლო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება.

ამ სიტუაციაში, ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრა, იმის დადგენა, თუ რა არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ერთბაშად ყველა სასურველი მიზნის მიღწევა, უბრალოდ, ვერ მოხერხდება. აშკარაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი «ნაცმოძრაობის» პროპაგანდისტული რუპორის როლს აღარ უნდა ასრულებდეს, თუმცა კომენტატორების დიდ ნაწილს ძალიან ბუნდოვნად აქვს წარმოდგენილი, თუ როგორი უნდა გახდეს «საზმაუ»; მარტივად რომ ვთქვათ, მათ იციან, «როგორი არ უნდა იყოს» ის, მაგრამ არ იციან «როგორი უნდა იყოს».

ქართული საზოგადოება ძალიან დიდ, საბედისწერო შეცდომას დაუშვებს, თუ დათანხმდება იმას, რომ ცვლილებები «საზმაუში» «დროშის გამოცვლაში» გამოიხატოს. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს მოვლენების განვითარება სწორედ ასე აქვს წარმოდგენილი. 

ხერხი სჯობია ღონესა

ორივე აღწერილ შემთხვევაში შესაძლებელია «ნაციონალების» წინააღმდეგობის დაძლევა უხეში ზეწოლით, ისე, როგორც ამას თვითონ აკეთებდნენ, თუმცა სასურველია, რომ ახალმა ხელისუფლებამ დასახული მიზნების მიღწევა სხვა მეთოდების გამოყენებით მოახერხოს. შესაძლო რეაქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, თანაც ახალმა ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა, რომ ეს ფაქტორი მისთვის განმსაზღვრელი ნებისმიერ შემთხვევაში არ იქნება. აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ, სწორედ დღეს ყალიბდება ახალი ხელისუფლების შიდაპოლიტიკური სტილი და სასურველია, მასში რაც შეიძლება ნაკლები იყოს სააკაშვილის რეჟიმის მემკვიდრეობისგან და რაც შეიძლება მეტი _ დემოკრატიისგან.

როდესაც მოწინააღმდეგე სუსტია და ის საზოგადოების უდიდეს ნაწილს სძულს, შეიძლება გაჩნდეს ცდუნება, ყველა პრობლემა სწრაფად, შესაძლებლობების მთელი სპექტრის გამოყენებით გადაჭრა. მაგრამ სწორედ აქ აუცილებელია თავშეკავება, მართვის ბინძური და სუფთა ტექნოლოგიების ერთმანეთისგან გამიჯვნა და მხოლოდ ამ უკანასკნელთა გამოყენება, რათა, ცნობილი სიუჟეტის თანახმად, რომელიც საქართველოში მეტად აქტუალურია, ის, ვინც დრაკონს მოკლავს, დრაკონად თავად არ გადაიქცეს. 

ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები არ უნდა დაისაჯონ, ან ახალი სისტემის განუყოფელ ნაწილად სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან იძულებითი, პერვერსიული «თანაარსებობა» უნდა იქცეს, მაგრამ ნამდვილად არის სიტუაციები, რომლებშიც, აღმართის ტრადიციული მოხვნის ნაცვლად, სასურველია, შემოვლითი მანევრის გამოყენება, თუნდაც ამან გარკვეული დრო მოითხოვოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და «საზოგადოებრივ მაუწყებელთან» დაკავშირებული სიტუაცია, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ მანევრს მოითხოვს.

კარგი იქნება, რომ ორივე პრობლემის გადასაჭრელად ახალი ხელისუფლება გამოიყენებდეს არა იმდენად ძალას, რამდენადაც სიბრძნეს; ამას როგორც მისი, ისე ქვეყნის მომავლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.