პასპორტების გამოყენება მტრების შესაქმნელად?

პასპორტების გამოყენება მტრების შესაქმნელად?

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათეული წლის შემდეგაც, რუსეთთსა და მის მეზობლებს შორის დაძაბულობა არ ცხრება. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა სივრცეში ადგილი ჰქონდა დავებს და დაპირისპირებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზღვრების თემა, სამხედრო წვრთნები და ბაზები, ასევე ენერგეტიკული მარშრუტები. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა მოქალაქეობის უფლების შელახვა, დიდწილად უყურადღებოდ და შესაბამისად რეაგირების გარეშე რჩება.

მუდმივი ეჭვი?

რუსეთი საყოველთაოდ მიჩნეულია მთავარ დამნაშავედ მეზობლებთან სიტუაციის დაძაბვასა და მოქალაქეობის საკითხების ირგვლივ დავაში. სკოტ ლითელფილდი აღნიშნავს, რომ რუსულმა პასპორტებმა და მოქალაქეობის თემამ ხელი შეუწყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმს საქართველოში და ის რუსეთის „გეო-სტრატეგიულ მიზნებს“ ემსახურება. ზოგიერთი ავტორი იმასაც ამტკიცებს, რომ რუსეთი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს საკუთარ იარაღად იყენებს და ამას იმით ასაბუთებს, რომ მოქალქეობის მინიჭება მისი სუვერენული „უფლებაა“, და რომ მას აქვს ასევე „ვალდებულება“, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში. მოქალაქეების გადაადგილების მზარდ ტენდენციას და იმას, რომ რუსეთი განაგრძობს მოქალაქეობის მინიჭებას საკუთარი ტერიტორიების მიღმაც, მაგალითად, დნესტრისპირეთსა და ყირიმში, შეიძლება ანალოგიური სეპარატისტული განწყობების გაღვივება სხვაგანაც მოჰყვეს.

თუმცა რუსეთი არ არის მსგავს საქციელზე პასუხისმგებელი ერთადერთი ქვეყანა. საქართველოს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ მან 2008 წლის კონფლიქტი რუსეთის საერთაშორისო დისკრედიტაციისთვის გამოიყენა, შეეცადა რა ომი წარმოეჩინა, როგორც ბრძოლა „აღმოსავლეთს და დასავლეთს“ შორის. თუმცა, თბილისი პასუხისმგებელი იყო კონფლიქტის გაჩაღებაზე იმით, რომ საკუთარი არმია ჩრდილოეთ რეგიონებისკენ დაძრა, რითაც დაარღვია შეთანხმება აფხაზებს, ოსებს და საქართველოს მთავრობას შორის. რუსეთმა შესაძლოა გადაამეტა თავის ე.წ. დაცვის ვალდებულებას იმით, რომ საკუთარი არმიით საქართველოში შეიჭრა, თუმცა წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთის პასპორტის მქონე „მისი“ მოქალაქეები დაცვას საჭიროებდნენ, არგუმენტირებულად მოჩანდა.

გარდა ამისა, იმ ფაქტზე, რომ ბევრმა აფხაზმა და ოსმა რუსული პასპორტი მიიღო, ნაწილობრივ საქართველოსაც ეკისრება პასუხისმგებლობა. თბილისმა უარი განაცხადა იმაზე, რომ 1990-იან წლებში აფხაზეთის მცხოვრებლებზე გაეროს პასპორტები გაცემულიყო. ამას რუსული პასპორტების მასობრივი გავრცელება მოჰყვა, რაც ამ ადამიანებს მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. საქართველოს რომ გაეროს პასპორტების გაცემა დაეშვა, აფხაზეთის მოსახლეობა რუსულ პასპორტებს არ გამოიყენებდა და, აქედან გამომდინარე, რუსეთი ვეღარ გამოიყენებდა საქართველოში შეჭრის საბაბად „რუსი“ მოქალაქეების დაცვას.

ევროკავშირის საზღვრებთანაც კი

ლატვიისა და ესტონეთის მთავრობებმა ასევე გამოიყენეს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი, რათა მათ ეთნიკურად რუს მოსახლეობას პოლიტიკური ძალაუფლება ვერ მიეღო. ორივე ქვეყანა ამტკიცებს, რომ ეთნიკური რუსებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და სახელმწიფო პენსიების მიღების უფლების მიცემა ლატვიისა და ესტონეთის ეკონომიკურ ინტერესებს შეუქმნიდა საფრთხეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) კრიტიკამ და ევროკავშირში (EU) გაწევრინებისთვის სავალდებულო მოთხოვნებმა აიძულა ლატვია და ესტონეთი, საკანონმდებლო რეფორმები განეხორციელებინათ. ორივე ქვეყანამ დაუშვა კატეგორია „არამოქალაქე“, რომელიც სარგებლობს ადამიანის საბაზისო უფლებებით, გარდა არჩევნებში ხმის მიცემისა.

ამით პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდა. ეთნიკური რუსები ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან, უფლებაშეზღუდულ მოქალაქეებად რჩებიან. ლატვიისა და ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, რეფორმები შეფერხდა. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ კანონების აღსრულება დღემდე პრობლემად რჩება. ლატვიის სასამართლოებში გრძელდება „არამოქალაქეთა“ დისკრიმინაცია. მაგალითად, პენსიას არ უნიშნავენ ისეთ ეთნიკურ რუსებსაც კი, რომლებიც დაბადებიდან ლატვიაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

საქართველოს მაგალითის ფონზე, ამ დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ რუსეთს შესაძლოა ლატვიისა და ესტონეთისგან მტრის ხატის ჩამოყალიბებისკენ უბიძგოს. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მიუღებელია, როდესაც ექვსიდან ერთ ლატვიელს და ცამეტიდან ერთ ესტონელს უარს ეუბნები მის ფუნდამენტურ პოლიტიკურ, საარჩევნო და სოციო-ეკონომიკურ უფლებებზე და რუსული ენის თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობაზე.

მომავალი დაძაბულობა?

ვიდრე რუსეთი და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები მიიჩნევენ, რომ მათი ეროვნული იდენტობა საფრთხეშია და საკუთარი თავის განსაზღვრისთვის „სხვები“ სჭირდებათ, პასპორტთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც დარჩება. ეს საკმაოდ არასტაბილურ და არაპროდუქტიულ ფონს ქმნის ისეთ მწვავე პრობლემებზე შეთანხმებისთვის, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, ნატოს გაფართოება და საზღვრებთან დაკავშირებული დავები. ჯერ კიდევ გაურკვეველია, აღმოჩნდება თუ არა საკმარისი ევროკავშირის საყვედური, ლატვიის მიერ ალტერნატიურლი პასპორტების შემდგომი დანერგვა და ადამიანის ევროპული სასამართლოს მუდმივი კრიტიკა იმის აღსაკვეთად, რომ პასპორტებთან დაკავშირებული კონფლიქტი პასპორტების ომში არ გადაიზარდოს.

foreignpress.ge