დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპაში გამართა. ერთ-ერთი ასეთი იყო ბრიუსელში გამართული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-13 სხდომა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ სხდომაზე საქართველოდან გამგზავრებულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო დელეგაციის წევრები ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე იყვნენ.
პეტრიაშვილის განცხადებით ჯერ გაიმართა პლენარული სხდომა, რომელსაც შემდეგ მოჰყვა არაფორმალური სესია, სადაც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან მიმართებაში არსებულ გეგმებზე მხარეებს შორის ძალიან გულწრფელი საუბარი შედგა.
„ჩვენს პარტნიორებს ღიად განვუცხადეთ, რომ გვაქვს გეგმა, ამბიცია და რეალური საფუძველი იმისა, რომ მომავალი წლის ზაფხულამდე ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდეს, ასევე დასრულდეს ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებაც და ვიყოთ მზად ვილნიუსის სამიტისთვის (რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტია), რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ განცხადება გაკეთდეს. ეს ევროპული პერსპექტივა უშუალოდ კანდიდატობას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ევროკავშირის მიერ საქართველოს მხრიდან კანდიდატობის ნების აღიარება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და ქართულმა მხარემ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს, ყველა გამოძიება და სასამართლო განხილვა წარიმართება ობიექტურად და გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის სრული პატივისცემით. მინისტრის განცხადებით, ამაყობს იმით, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან და დიპკორპუსთან და მისი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა, ასევე იუსტიციის მინისტრი საზოგადოებაში ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობს. ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა სახის სპეკულაციებისა, საქართველოში სამართლის აღდგენის პროცესი გაგრძელდება კანონის უზენაესობის დაცვით, ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების სრული ინფორმირებულობით და მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში სამართლის აღდგენის პროცესისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზეც საუბრობს. იგი ხაზს უსვამს, რომ პრემიერ-მინიტრს ივანიშვილს ბრიუსელში მისი პირველი ვიზიტის დროს თან ახლდა, ასევე ბრიუსელში თავდაცვის მინისტრ ალასანიას ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრასაც ესწრებოდა, ხოლო ორიოდე დღის წინ ევროკავშირის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. მინისტრის განცხადებით, ყველგან აღინიშნება, რომ თუკი ვინმე დამნაშავეა, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, ბრალდება სერიოზული მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული და ეს პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების და პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს პროცესები კანონის სრული დაცვით წარიმართება, ყველა ძირითადი უფლებების დაცვითა და უზრუნველყოფით. ეს მათ ძალიან კარგად ესმით. ასევე ძალიან კარგად ხვდებიან, რომ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში საზოგადოებას სერიოზული კითხვები ჰქონდა. თავად ევროსტრუქტურების მხრიდან იყო ძალიან მტკიცე და სერიოზული რეკომენდაცია სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინა ხელისუფლება უგულებელყოფდა. ჩვენ ვერც ქართველი ხალხის ინტერესს ვერ უგულებელვყოფთ და ვერც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებს ეს ყველაფერი კარგად ესმით, ხოლო საქართველოს ხელისუფლება არც ერთ ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას რაიმე შეფერხება ჰქონდეს. დღესვე მინისტრი შეხვდა, ევროპის სახალხო პარტიის წევრს, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ელმარ ბროკს და პოლონელ ევროპარლამენტარ ლისეკს, და მისი თქმით, კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩვენი ქვეყნის მტკიცე ნება, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. ევროპარლამენტარებმა კი განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, იანვარში დაგეგმილია საქართველოში ვიზების საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალსტრომის ვიზიტი.
„ქალბატონ მალსტრომთან შეხვედრა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ შემდეგ ამას რაიმე სპეკულაციები არ მოჰყვეს, ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ ყველაფერს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენ გადმოგვცემენ შიდა რეგულაციების დასრულების სტადიაში მყოფ სამოქმედო გეგმას და დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ამ ჩვენს საშინაო დავალებას ძალიან მალე და ძალიან მაღალ დონეზე შევასრულებთ“, - აღნიშნავს მინისტრი.
მისი თქმით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისკენ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტესტად მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები სახელდება და მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოცდას ღირსეულად ჩააბარებს.
ალექსი პეტრიაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არანაირი კონფრონტაცია არ იქნება, რადგან საქართველოს სათავეში ისეთი პოლიტიკური ძალა დგას, რომელიც ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს გააკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და არანაირი არეულობის წინაპირობა არ არსებობს.
„თუკი რამე შეიძლება არ აწყობდეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გუნდს, ეს არის მთავრობის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. ადმინისტრაციული რესურსი, ძალოვანი სტრუქტურები ხალხის არჩევნაში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და გარწმუნებთ, რომ ეს არჩევანი კიდევ უფრო მტკიცე იქნება ხელისუფლებაში მყოფი ძალის სასარგებლოდ და ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს პრეზიდენტს“, - ამბობს მინისტრი.
იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში ნებისმიერ ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ არავინ განთავისუფლდება პასუხისმგებლობისგან (თუკი რამე დანაშაული აქვს ჩადენილი), მიუხედავად იმისა,რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს ასეთი ადამიანი.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას საერთაშორისო თანამეგობრობის უპირობო მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, არ უნახავს პოლიტიკოსი, რომელსაც რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი არხის შექმნა დადებითად არ შეეფასებინოს. აქვე პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ჟენევის ფორმატს რაიმე საფრთხე ემუქრება, რადგან ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთთან ურთიერთობის მთავარ ფორუმად დარჩება. თუმცა ამის პარალელურად მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან ზურაბ აბაშიძეც გამართავს. ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მიცემული თანხმობა უნდა გამოიყენოს, რაც აქამდე ეფექტურად არ იყო გამოყენებული.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს იმისათვის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს, მაგრამ აქვე მინდა ძალიან პრინციპულად განვაცხადო, რომ ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნება და საქართველოს საგარეო პრიორიტეტები ერთმანეთის საპირწონე ვერასოდეს გახდება. ეს სრულიად გამორიცხულია და ეს კარგად იცის რუსულმა მხარემაც“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლების უპირველესი ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გეგმაზომიერი აღდგენაა და ამავდროულად გაგრძელდება მიზანმიმართული სხვა ევროპულის სტუქტურებისკენ და ეს რუსეთშიც კარგად აქვთ გააზრებული.
ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსის ცნობილ ფორუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას საერთაშორისო ბიზნეს-სამყაროში სერიოზული კონტაქტები აქვს და ამის წყალობით შესაძლებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამასთანავე, მინისტრის თქმით, ევროპის წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებში პრემიერ-მინისტრის გარკვეული ვიზიტების დაგეგმვა მიმდინარეობს.