როგორ მიდის სამართლიანობის აღდგენის პროცესი? რომელ საქმეებს გამოითხოვს ევროსასამართლოდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში რელიგიური დაპირისპირებები? _ ამ და სხვა საკითხებზე ,,ქართული სიტყვა» უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
ქალბატონო ლია, კოალიცია ,,ქართული ოცნება» წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა, მაგალითად, არაადექვატურ სასჯელებს გააუქმებდა, უსამართლოდ დასჯილებს კი, ციხიდან მყისიერად გაათავისუფლებდა. თქვენი დაკვირვებით, ეს დაპირებები როგორ სრულდება?
- სამართლიანობის აღდგენის დაპირებული პროცესები ნელა მიდის, მოლოდინი კი, გაცილებით მაღალი იყო. ეს ურთულესი პროცესი, პირველ რიგში, არასამართლიანი სასამართლო პროცესების საკანონმდებლო ინიციატივის ხარჯზე გადასინჯვას გულისხმობს. დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენა კონცეპტუალურ დონეზე უნდა მოხდეს, ანუ ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, თუ რას გააკეთებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები. ქვეყანაში იმდენი უბედურებაა დაგროვილი, რომ ამ საქმეების სრულყოფილად გადასინჯვას, ალბათ, 3-4 წელი დასჭირდება...
ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სააკაშვილის საქართველოში დავბრუნდიო...
- ირაკლი ოქრუაშვილი პროფესიით იურისტია და, ვის, ვის და, სწორედ მას უნდა სცოდნოდა, რომ ყველაფერს დრო და უზარმაზარი შრომა სჭირდება.
ამბობთ, რომ სამართლიანობის აღდგენა ურთულესი პროცესია. მაინც, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები?
- პირველ რიგში, სრულყოფილი კონცეფცია უნდა შემუშავდეს, რომელიც საჯარო განხილვის საგანი იქნება. რაც მთავარია, დაზარალებულთა არც ერთი კატეგორია არ უნდა გამოტოვონ, თორემ გაცილებით მძიმე იქნება, ადამიანებს მოლოდინი რომ გაუცრუვდეთ. არის რაღაც ცვლილებების პროექტები, რომლებიც შეტანილია პარლამენტში და რომლებიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, თუმცა, საკმარისი არც ეს იქნება. ჩვენ, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, ვხელმძღვანელობთ პრინციპით: ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანაო,» ანუ გვესმის, რომ დროა საჭირო, მაგრამ წინ მძიმე ზამთარი გველის, რომლის გადატანაც, უსახსრობის გამო, სოციალურად დაუცველთათვის ძნელია. ამ ფონზე დარღვეული უფლებების აღდგენის შორეული და არცთუ რეალური პერსპექტივა ადამიანებს ცუდად განაწყობს და როგორც კი დათბება, ადამიანების ენერგეტიკა შეიძლება, აგრესიული და საპროტესტო გახდეს. ამიტომ ამ გრძელ და ცივ ზამთარში საზოგადოებას უნდა განუმარტონ, რა და როდის გაკეთდება, სჯობს, ვადები თავიდანვე განსაზღვრული იყოს, ვიდრე გაურკვეველი იყოს ცვლილებების დადგომის დრო.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, არც აქ შეინიშნება ძვრები...
- მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომლითაც ბერკეტები გამოეცლება უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოთა თავმჯდომარეებს, რომლებიც ასევე, ფორმირებას უკეთებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სწორედ მოსამართლეთა დევნის ორგანოა. ახალ ხელისუფლებას აქვს ნება, რომ ერთდროულად არ დაითხოვოს მოსამართლეები. სხვათა შორის, სააკაშვილის ე.წ. სასამართლო რეფორმების შედეგად, ოცდათექვსმეტი მოსამართლიდან ერთდროულად 21-მა განცხადება დაწერა და წავიდა, ისინი კი, ვინც დარჩნენ, «სამართლებრივი წესით» გააძევეს. საერთოდ, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუკი უსამართლოდ დასჯილთა საქმეების გადასინჯვისას მოსამართლის გადაცდომა, ბრალეულობა და დარღვევა გამოჩნდება, იმ მოსამართლის დათხოვნა და ახალი კადრით ჩანაცვლება მოხდეს. ამასაც დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ, შევინარჩუნებთ სასამართლო ინსტიტუტის მიმართ პატივისცემას, სხვაგვარად სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია. ყველაფერ ამას 3-4 წელი დასჭირდება. გარდა ამისა, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების, განსაკუთრებით, იურისტების ზღვრული რესურსები გვაქვს... გუშინ და გუშინწინ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ზეწოლის შედეგად იღებდნენ და თუკი დღეს მუშაობას ამის გარეშე გააგრძელებენ, შანსი უნდა მიეცეთ. გარემოებების შეცვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩემს პირად შთაბეჭდილებას მოგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გახლდით და ნაცნობი მოსამართლეები საოცრად შეცვლილი გამომეტყველებისანი და ერთგვარად მოტეხილნი მომეჩვენენ. უკვალოდ არ ჩაიარა ყველაფერმა, ისინი ან ღრმა სინანულში არიან, ან _ სასჯელის მოლოდინში. მათ სახეზე სულიერი ტანჯვის დაღი ადევთ. საშინელი აღსასრულის მოლოდინს ხომ ყოველთვის სჯობს, აღსასრული დადგეს. კონცეფციაში ასახული იქნება, რომ არ აპირებენ ხელაღებით ყველას დაჭერა-გაყრას, ინდივიდუალური მიდგომა უფრო გაამართლებს.
ქალბატონი ლია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროსასამართლოდან საქმეების გამოთხოვას აპირებს. ,,საქმეების გამოთხოვა» რას ნიშნავს?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომელიც ბევრ მოსარჩელეს აწუხებს. მინისტრმა განაცხადა, რომ ევროსასამართლოში საქართველოდან 700 საქმე დასაბუთებული საქმეა, ანუ სასამართლომ ამ საქმეებს გადახედა, განიხილა და იკვეთება, რომ საქართველოს მთავრობამ უფლებები დაურღვია საკუთარ მოქალაქეებს. ევროსასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის ,,მორიგების პროცედურა» კი, შემდეგს ითვალისწინებს: მთავრობას არ აქვს უფლება, საქმე ცალმხრივად გამოითხოვოს და შიდა ინსტიტუტებში განიხილოს. მორიგების პროცედურის მიხედვით, ორი თანაბარუფლებიანი მხარე გააანალიზებს და თუ აწყობს, გადაწყვეტილებას ევროსასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ მიიღებს. ზედამხედველობა იმისთვისაა საჭირო, რომ თუ მხარე პრეტენზიულია და არ იღებს მთავრობის შეთავაზებას, ევროსასამართლო უფლებას აძლევს მთავრობას, გააკეთოს ცალმხრივი დეკლარაცია _ აღიარებს, რომ მოქალაქეს დაურღვია უფლებები, გასცემს ადექვატურ კომპენსაციას და ღონისძიებებს გაატარებს, რომ დარღვეული უფლებები აღუდგეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ მიმართულებით სიახლეა: მორიგების კონტექსტში მხარემ უნდა მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე სასამართლო სთავაზობდა, განსხვავება ისაა, რომ მორიგების პროცედურის შემდეგ, საქმე «კვდება» და საერთაშორისო დონეზე მთავრობა გადარჩება სირცხვილს, რომ დაარღვია ევროკავშირის კონვენციით დაწესებული ადამიანთა უფლებები. ასევე, არ იქნება საჯარო, თუ რა კომპენსაცია გადაიხადა მთავრობამ კონკრეტული ადამიანის სასარგებლოდ, მაგრამ აღიარებას ექნება ადგილი. მოსარჩელეებს ვურჩევ, კარგად გაიაზრონ, განიხილონ საკითხი ადვოკატებთან, უფლებადამცველებთან და ისე მივიდნენ დასკვნამდე. ეს პრაქტიკა სხვა სახელმწიფოებშიც არსებობდა. ევროსასამართლოში საქმის წაგება ძალიან მძიმეა ქვეყნის რეპუტაციიისთვის საერთაშორისო არენაზე. 2009 წელს ჩვენ ჩემპიონები ვიყავით სტრასბურგის სასამართლოში საქმეების სიმრავლით _ 44 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი გვეკავა, ეს რუსეთთან ომითაც იყო გამოწვეული, მაგრამ მას მერე საქმეთა რაოდენობა არ კლებულობს, პირიქით, იზრდება. 700 საჩივარი ჩვენისთანა პატარა ქვეყნიდან, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს ამბიცია, ცოტა არაა.
ევროსასამართლოში წარადგინეთ ტელეკომპანია ,,იმედის» ყოფილი ჟურნალისტების საქმე. ეს საკითხი ამჟამად რა სტადიაშია?
- 2007 წლის 7 ნოემბრის დროს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე ახლახან ბოლო კომენტარები გავაგზავნეთ და სასამართლო გადის სათათბიროდ, თუმცა პროცედურულ ვადაზე არაფერია ცნობილი. საკმაოდ რთული საქმეა _ 10 ჟურნალისტის სხვადასხვა ეპიზოდია წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, საქმეს მხოლოდ კომპენსაციის კი არა, დარღვევების სიმძიმის თვალსაზრისითაც მოვიგებთ. ,,იმედის» ჟურნალისტების საქმემ უნდა შექმნას პრეცედენტი, რომ აღარ განმეორდეს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და კანონდარღვევა!
ახლახან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც 7 ნოემბერსა და 26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტთა საქმეს განიხილავს.
- შესანიშნავი გადაწყვეტილებაა და ეს უფრო წაგვადგება, ვიდრე _ სტრასბურგის სასამართლო. საჭიროა, შიგნიდან დაიწყოს ეს პროცესი, როგორც პოლიტპატიმრების შემთხვევაში. გარეთ ყველამ იცოდა, რომ საქართველოს ციხეებში ისხდნენ პოლიტპატიმრები, მაგრამ შიგნით მათი არსებობა სამართლებრივად არსად დაფიქსირებულა.
საზოგადოების ინტერესი არ ცხრება ვანო მერაბიშვილის მცდელობის მიმართ, რომ ინკოგნიტოდ გასულიყო ქვეყნიდან. ალბათ, დამეთანხმებით, რომ გამორიცხულია, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს შეცდომა დაეშვა, ანუ თითქოს ,,შეეშალა» და მებაჟეს «საიდუმლო პასპორტი» მიაწოდა... ქალბატონო ლია, როგორია თქვენი, როგორც იურისტის ვარაუდი ამ თემასთან დაკავშირებით?
- ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიძლება, გარკვეული ოპერაციების ჩასატარებლად, აგენტებად ჩენერგილნი იქნენ ადამიანები. მათ შეეცვალოთ ვინაობა და გაიცეს შესაბამისი დოკუმენტები კონკრეტული ოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ როცა ოპერაცია დამთავრდება და ეს ადამიანები შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, საბუთი განადგურებას ექვემდებარება. ეს ერთჯერადად ხდება, რადგან საბუთის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში, აგენტი გაიშიფრება. ცოტა დაუჯერებელია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ასეთ ოპერაციებში მონაწილეობდა და ყალბი საბუთიც ამიტომ ჰქონდა. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილი კარგა ხანია, შს მინისტრი აღარა, მეტიც, არჩევნების შემდეგ აღარც პრემიერ-მინისტრია და, ყველა შემთხვევაში, საბუთი განდგურებული უნდა ყოფილიყო.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა მერაბიშვილის დაკავების საფუძველი?
- შეიძლებოდა, მისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცათ, მაგრამ ჩემი ვარაუდით, მერაბიშვილმა ეს შეგნებულად გააკეთა _ მოსინჯა, თუ ყალბი დოკუმენტისთვის დააკავებდნენ, შემდეგ, როცა გაცილებით მძიმე ბრალდებას წაუყენებდნენ, ექნებოდა საფუძველი, გაეხმაურებინა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, მაგრამ ის შეცდომა, რაც ახალაიას დაკავების დროს დაუშვეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, აღარ გაიმეორეს _ იმ შედარებით მსუბუქმა მუხლმა, რომელიც ახალაიას შეუფარდეს, მსოფლიო საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია. სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ სხვა მუხლებს მერე წაუყენებდნენ, მაგრამ ეს ,,მერე» აშკარად კონიუნქტურა იყო. მოკლედ, ვანო მერაბიშვილი ცდილობდა, რომ პროკურატურას მის შემთხვევაშიც ანალოგიური შეცდომა დაეშვა.
საბუთების გაყალბება ხომ დასჯადია?
- დიახ, მაგრამ ეს შედარებით მსუბუქი ბრალდებაა და კარგი ქნეს, რომ მერაბიშვილი ამ ბრალდებით არ დააკავეს _ მისცეს ქვეყნის დატოვების საშუალება.
ქალბატონო ლია, ქვეყნის უამრავ პრობლემას, კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა _ რელიგიური დაპირისპირებები. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან რელიგიური ომი არასოდეს მომხდარა. თქვენი აზრით, რა მოხდა რეალურად ნიგვზიანსა და წინწყაროში?
- ჩემი აზრით, ყველაფერი მათი მხრიდანაა ინსპირირებული, ვისაც ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია აწყობს. ლანჩხუთში ხშირად მიწევს ყოფნა, კარგად ვიცნობ მშობლიურ კუთხეს და დარწმუნებით გეტყვით, რომ ასეთი არატოლერანტული საქციელი გურულებისთვის არაა დამახასიათებელი, არც იმაზე ექნებოდათ პრეტენზია, მუსლიმები სხვა სოფლებიდან რომ მოდიან ნიგვზიანში მოსალოცავად. აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების რამდენიმე ოჯახი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს მეზობლებთან და მოვალენი ვართ, პატივი ვცეთ სხვის რწმენას, ამით საკუთარ თავს ვცემთ პატივს. ლოცვის დროს ადამიანი თავის ღმერთთანაა განმარტოებული და არავის აქვს უფლება, ეს მყუდროება დაურღვიოს. უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ ჩვენს მეზობლად ვიღაცას სხვა რწმენა ასულდგმულებს. ნიგვზიანში არ იყო ლაპარაკი მეჩეთის მშენებლობაზე, მუსლიმებმა სახლი იყიდეს და სალოცავად გადააკეთეს. დაპირისპირებაში ადგილობრივმა სამღვდელოებამ პოზიტიური როლი ითამაშა _ ორივე მხარეს შეხვდა და ხელოვნურად ინსპირირებული კონფლიქტი ამოიწურა. ასეთივე პროცესი მიმდინარეობდა წინწყაროში. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მალე მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება, მამაო ჯერ არ ჰყავთ და როცა ეყოლებათ, უფრო დაშოშმინდებიან. მართლმადიდებლური აღმსარებლობისთვის ნამდვილად არაა მოსაწონი, რომ ვინმე ვინმეს ერჩოდეს.
ქრისტიანთა ნაწილი შიშობს, მუსლიმები ცდილობენ, ხალხი თავიანთ რელიგიაზე მიიქციონო. მეჩეთების მშენებლობაც ხშირად მაჰმადიანური რელიგიის გაფართოების სურვილთანაა გაიგივებული.
-არავითარ შემთხვევაში. პირიქით, ადგილობრივი ეკომიგრანტებიდან ბევრი ქრისტიანულად მოინათლა. იერუსალიმში ერთ სახურავს შორის მოქცეული სამი რელიგიის სალოცავი ვნახე. მთავარია, ადამიანი სულით ქართველი იყოს და ქვეყნის სამსახურში იდგეს, რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს. Bბევრი მართლმადიდებელი დადის ეკლესიაში, მაგრამ საშინელ ცოდვას ჩადის, შუღლსა და დესტაბილიზაციას თესავს.
მუსლიმებისგან გამიგონია, რომ ისინი ხშირად საზღვარგარეთის მუსლიმანური სამყაროდან იმართებიან.
- ეს ღრმა და სერიოზული პრობლემაა. აქაც გონივრული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. პირადად მე, მეჩეთების მშენებლობა არ მაშინებს, რადგან თუნდაც თურქეთის მიერ აშენებული მეჩეთი კულტურის, აღმშენებლობის ნიმუში იქნება, ცარიელ ადგილს ეშმაკი ეპატრონება და, მირჩევნია, ადამიანი იყოს მორწმუნე, ვიდრე _ ათეისტი. თუკი თავი მოგვაქვს, რომ ძველ თბილისში სხვადასხვა სალოცავია, რატომ არ შეიძლება, იგივე გვქონდეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში? მართალია, მაჰმადიანური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მტერი იყო, მაგრამ მას შემდეგ უამრავმა წყალმა ჩაიარა. წარსულის გამო აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება არაკორექტულია.