"ფაქტობრივად, ყოფილი ხელისუფლების სისტემა კრიმინალიზებული იყო. ამ კრიმინალურ სისტემაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ისინიც, ვისაც ნამდვილად შეეძლო, ქვეყნის მშენებლობაში თავისი წილი აგური დაედო. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ტალახში გასვარეს. ყველას არ ვიცნობ, მაგრამ ალეკო ხეთაგურს, ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას ინტელექტუალური პოტენციალიც ჰქონდათ და საკმარისი წესიერებაც, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფილიყვნენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთელ ამ ოპერაციაში მათ პირადი სარგებელი ნახეს. მგონია, ისინი სხვა ტიპის ინტერესთა კომბინაციაში, უბრალოდ, ხელფასს იღებდნენ. ეს არის "ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო, პოლიტიკური ინტერესი, რისთვისაც ხეთაგური, გვარამია და დამენია ასსეტ მახინჯ და კრიმინალურ ოპერაციაში გამოიყენეს. არ მინდა, კატეგორიული ვიყო, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ ფულით მა თარ უსარგებლიათ. ჩემი აზრით, ეგრეთ წოდებულმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ ისარგებლა, რომელსაც ჩვენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვიცნობთ", - აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ამ სამ ადამიანს დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლად უფრო განვიხილავ, ვიდრე დამნაშავედ" / "როგორ აფასებს გია ხუხაშვილი გვარამია-ხეთაგური-დამენიას დაპატიმრებას და მიდის თუ არა "დანაშაულის" კვალი სააკაშვილ-მერაბიშვილამდე?".
"უმჯობესი იქნებოდა, "ინტერ რაოში" ჯერ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ. შესაძლოა, "ინტერ რაოში" არც სცოდნოდათ, რომ მათი კუთვნილი კომპანიების ხელმძღვანელები კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ გარეულები, რადგან ამ შემთხვევაში, ეს კონკრეტული ფაქტი მენეჯმენტის დანაშაულია და არა კომპანიის ხელმძღვანელობისა. წინასწარი მონაცემებით, საგადასახადო სამსახური "თელასს" საკმაოდ მსხვილ თანხას ედავება. თუ საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე, ამ დავის დასრულება იყო დაგეგმილი, ეს საკმაოდ სერიოზულ ეჭვს ბადებს. დამერწმუნეთ, გამორიცხული არ არის, გაცილებით დიდ და სოლიდურ თანხაზე იყოს საუბარი, ვიდრე 1 მილიონი აშშ დოლარია. ფაქტია, უახლოეს მომავალში, "თელასში", საგადასახადო შემოწმებას ელოდებოდნენ, რის გამოც, ცუდი შეგრძნება ჰქონდათ და არაა გამორიცხული, ამ თემის გენერალური დახურვა უნდოდათ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს დამოუკიდებლად ემოქმედათ სააკაშვილის შექმნილ სისტემაში. ვფიქრობ, ეს ადამიანები მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები იყვნენ, დავალება პოლიტიკური ცენტრიდან მოდიოდა და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდებოდა. შესაბამისად, ამ სამ ადამიანს დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლად უფრო განვიხილავ, ვიდრე დამნაშავედ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"იმაშიც დარწმუნებული ვარ, კვალი ვანო მერაბიშვილზე ზემოთაც წავა. ეს იყო ერთიანი რეჟიმი, სადაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ ვერტიკალში იღებდნენ და ქვეყნის პირველი პირიც საქმის კურსში იყო. ვვარაუდობ, რომ პოლიტიკური სისტემა ზუსტად ასე მუშაობდა. რაც შეეხება მერაბიშვილის დაკითხვას, გამოძიების ასსეტ დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ წმინდა პოლიტიკური და ექსპერტული შეფასების საფუძველზე, ვფიქრობ, თუ ქრთამის მიცემასთან დაკავშირებულ დანაშაულს განვიხილავთ, ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმის დავალებით გაკეთდებოდა. საით წავა გამოძიება, რა ჩვენებებს მიიღებს, ან რა მტკიცებულებებს შექმნის, ვერ გეტყვით, რადგან ამ პროცესში არ ვმონაწილეობ", - დასძენს რესპონდენტი.