მას შემდეგ, რაც 2011 წლის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის, პრეტენზიების და ურთიერთბრალდებების ტალღამ ქვეყანა გახლიჩა. ემოციებმა იმატა, როდესაც ქართველები 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გაემართნენ. საქართველოს არასტაბილური პოლიტიკური ისტორიისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ („ენმ“) დომინირების გათვალისწინებით, ქვეყანაში ხელისუფლების პირველი კონსტიტუციური ცვლა ფაქტობრივად რევოლუციური მოვლენა გახლდათ.
მსგავსი სულისკვეთების იყო ახალი მთავრობის ზოგიერთი პირველი ნაბიჯი, მაგალითად, გასულ თვეში ათზე მეტი ყოფილი ჩინოვნიკის დაპატიმრება. რიგით ქართველებს ეს არ გაკვირვებიათ: ივანიშვილმა ეს დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. იმავდროულად, ეს შედარებით იოლი ამოცანაც იყო: გაცილებით ადვილია სამართალდარღვევებში ეჭვმიტანილთა დაპატიმრება, ვიდრე იმ ღრმა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, რის გამოც ბევრმა ქართველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას.“ (ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და პენსიები, ქართველთა პრიორიტეტებია).
დაპატიმრებებს უცხოეთში ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უცხოელმა პოლიტიკოსებმა უმალ ნიუანსებსა და სამართლიანობის ხარისხზე დაიწყეს საუბარი. პასუხად, ახალმა მთავრობამ სამართლიანი სასამართლო პროცესების ჩატარების პირობა დადო და სწრაფად მოამზადა რეფორმების პროექტი სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დაპატიმრებების ტემპი შენელდა.
ახალი მთავრობის ყველა წევრს არა, მაგრამ ზოგიერთს ესმის, რომ მომავალში მათაც ანალოგიური სტანდარტებით მიუდგებიან. ეს გზავნილი დანარჩენებამდეც უნდა მივიდეს. საჭიროა კარგად გაცნობიერება იმისა, თუ რას ნიშნავს კანონის უზენაესობა. მაგალითად, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 30 ნოემბერს ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დაპატიმრებულები „კრიმინალები და დამნაშავეები“ არიან, მან ძირი გამოუთხარა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს.
იმ დროს, როდესაც ზოგიერთ კომენტატორს ავტოკრატიის დაბრუნების შესაძლებლობა აშინებს, სინამდვილეში საქართველოს გაცილებით სერიოზული პრობლემა უმრავლესობის ცნების გააზრებაა. რწმენა იმისა, რომ დემოკრატიული უმრავლესობის ნება უპირატესია, ქვეყანას იოლად უბიძგებს ისეთი მანკიერი პოლიტიკური ლოგიკისკენ, როგორიცაა „ყველაფერს გამარჯვებული იღებს“. მაგრამ დემოკრატიული მმართველობისთვის ეს ცუდი გზამკვლევია. როგორც ეს სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიამ, გასულ კვირაში თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, საქართველოში დღეს მთავარი პრობლემა „უმრავლესობის მმართველობის უმცირესობის უფლებებთან მორიგებაა“.
ყველაზე მკაფიოდ ეს პოლიტიკას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა, მას ამომრჩევლების 40% უჭერს მხარს. თეორიულად, ეს მას, როგორც ოპოზიციურ პარტიას, ძლიერ მანდატს ანიჭებს. ბ-ნი ივანიშვილი, რომლის მხარდაჭერამაც ძალიან მაღალ ნიშნულს 80%-ს მიაღწია, ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ შეკრებაზე, მან განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „განაგრძობს ძველი იდეოლოგიით ცხოვრებას, იდეოლოგიით, რომელიც ძალადობას და სიცრუეს ეფუძნება, რასაც საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა“. მისი თქმით, ვიდრე ისინი არ შეიცვლებიან, მანამდე ვერ ჩამოყალიბდებიან „სერიოზულ ოპონენტებად“ შემდეგ არჩევნებში. ეს მიდგომა ემთხვევა მის უარს, წინ აღუდგეს ადგილობრივი თვითმმართველობების იმ ჩინოვნიკთა დევნას, რომლებიც ლოიალურები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დასავლეთ საქართველოში. არჩევნების შემდეგ თხუთმეტზე მეტი ასეთი მოხელე გადადგა.
სოციალური და რელიგიური უმცირესობების უფლებები ცალკე შეშფოთების საგანია. ახლახან დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიის მხარეში, ახალი კონფლიქტი წარმოიქმნა: მუსლიმებს რელიგიური რიტუალების საკუთარ სახლში გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. ამ შემთხვევაში, ივანიშვილმა მეტი სიმტკიცე გამოიჩინა და საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც სიმშვიდისკენ მოუწოდა. თუმცა, საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, მან „პროვოკაციაში“ დაადანაშაულა წყაროები, რომლებიც არ დაუსახელებია და ხაზი გაუსვა იმას, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა „საქართველოს ტრადიციებს ეწინააღმდეგება“. ზედმეტად ოპტიმისტური შეფასებაა: გამოკითხვების თანახმად, რესპონდენტთა 29% აცხადებს, რომ მსგავსი რელიგიური პრაქტიკის დაშვება არ შეიძლება. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი ივანიშვილის არგუმენტაცია ქვეყნის მუსლიმებისთვის სიმშვიდის საფუძველს ქმნისა, იმავეს ვერ ვიტყვით ჰომოსექსუალებსა და სხვა უმცირესობებზე. ჰომოფობიას საქართველოში ძლიერი ტრადიცია აქვს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდანაშაულოა. სააკაშვილს ადანაშაულებენ, რომ ის უცხოეთში ახალი მთავრობის დისკრედიტაციას, ქვეყნის შიგნით კი სიტუაციის დაძაბვას ცდილობს. ცხადია, ორივე მხარემ უკეთ უნდა იმოქმედოს. 4 დეკემბერს გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის დანიშვნა, რაც ამ უკანასკნელის წინამორბედის დაპატიმრებას მოჰყვა ნოემბერში, ქმნის თანამშრომლობის იშვიათ შესაძლებლობას ბ-ნ სააკაშვილს და თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ალასანიას შორის. საპარლამენტო პროცედურის სამომავლო წესებზე, მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსზე და იმაზე შეთანხმებისთვის, თუ სად უნდა იყოს პარლამენტი, მხარეებმა ერთად უნდა იმუშაონ.
ძალაუფლების გაზიარება, რაც ახლა ორივე პარტიის საქმეა, უზარმაზარ მენტალურ ძვრას მოითხოვს. ამას დრო დასჭირდება. ბოლოს და ბოლოს, არავინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მხოლოდ რამდენიმე „ქართული ოცნებიდან“ თუ ელოდა ასეთ სიტუაციას საარჩევნო კამპანიის დროს. არც კონსტიტუცია შეცვლილა ამაზე ფიქრით. საახალწლო დღესასწაულის დღეები კარგი შესაძლებლობაა მხარეებისთვის დასვენებისა და გასული წლის გააზრებისთვის – და ზოგიერთი კონსტრუქციული საახალწლო გადაწყვეტილების მისაღებად.
foreignpress.ge