21 დეკემბრის მოახლოვებასთან ერთად, მსოფლიო ისტერია პიკს აღწევს - თუკი აქამდე აღნიშნული თარიღი დედამიწის აღსასრულად მიიჩნეოდა, ბოლო დროს მუსირებს აზრი, რომ 21 დეკემბერს, რამდენიმე დღით, სამყაროს წყვდიადი შთანთქავს. წყვდიადის იდეა კი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, რომელიც შამბალის ორაკულის სახელითაა ცნობილი, ნასა-ს წერილი მისწერა, სადაც ნათქვამია, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის „ნულოვან სარტყელს» გაივლის, რის გამოც, დილის 10 საათიდან მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. „ნულოვანი პოლუსი არის სივრცე, სადაც არ არსებობს ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი. სიბნელეს ზოგჯერ კოსმოსური ილუზიები და სინათლე გაკვეთს,» - ამბობს ბერი და განმარტავს, რომ ეს მდგომარეობა მხოლოდ სამი-ოთხი დღე გაგრძელდება. ბერის განცხადებითვე, „კოსმოსური სიბნელის» მოახლოვებას ცხოველები ადრე იგრძნობენ და გამოქვაბულებში დაიმალებიან, ქალაქების მცხოვრებლები ამას ვერ იგრძნობენ. ამიტომ, ქალაქელთა შორის ფსიქიკური დაავადებების მსხვერპლნიც იქნებიან და, შესაძლოა, დედამიწის მოსახლეობის 10 პროცენტი დაიღუპოს. ტიბეტელი ლამას აზრით, „ნულოვანი სარტყელიდან» დედამიწა მთლიანად 2013 წლის 7 თებერვალს გამოვა, შესაბამისად, აღდგება ელექტროენერგია და დედამიწა სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა ლამა ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ადამიანების მსოფლმხედველობა მნიშვნელოვნად შეიცვლება და ისინი უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას სულიერებას... ტიბეტელი ლამას წინასწარმეტყველების მიუხედავად, ქართველი ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი მასობრივ ისტერიას მხოლოდ გარკვეული ძალების მიერ შექმნილ მითად მიიჩნევს და «ქართულ სიტყვასთან» საუბრისას აცხადებს, რომ დედამიწას გლობალური კატასტროფა არ ემუქრება:
- ეს აჟიოტაჟი მაიას კალენდრის დასრულებამ გამოიწვია. მართალია, მაიას კალენდარი 21 დეკემბერს მთავრდება, მაგრამ ამით მხოლოდ ერთი დიდი ციკლი მთავრდება და იწყება ახალი. საერთოდ, მაიას ფილოსოფია დედამიწაზე მიმდინარე პროცესს ისე მიმოიხილავს, როგორც კოსმოსიდან მართულს. მაიას ენაზე გალაქტიკის ცენტრს «ჰუნაბკუ» ეწოდება, ანუ ესაა ცენტრი, საიდანაც მოდის სიცოცხლის სხივი და დედამიწაზე ყველაფერს ცვლის - შედის ცოცხალ ორგანიზმებში და მათ ზუსტად ისე გარდაქმნის, როგორც თვითონ, ანუ ამ სხივს სჭირდება. თუკი ამას თანამედროვე ასტროლოგიური პარამეტრებით განვიხილავთ, ჩვენი გალაქტიკის ირმის ნახტომის ცენტრში, რა თქმა უნდა, დიდი შავი ხვრელი იმყოფება, რის გარშემოც ბრუნავს გალაქტიკა, შავი ხვრელი რომ არ არსებობდეს, არც ჩვენი გალაქტიკა იარსებებდა. მაიას ინტერპრეტაციით კი, ეს ხვრელი სწორედ «ჰუნაბკუა». მაიას ტომის ბელადები თვლიდნენ, რომ დედამიწაზე სწორედ ამ სხივის წყალობით გაჩნდნენ. საგულისხმოა, რომ მაიას ტომმა, რომელიც თავდაპირველად ცენტრალური ჯუნგლების სხვა ტომებისგან არაფრით გამოირჩეოდა, უცბად პირამიდების მშენებლობა დაიწყო და შექმნა კალენდარი, რომელიც დღემდე განცვიფრებას იწვევს. წინაპირობა, რომ ამ ტომს მსგავსი განვითარებისთვის ევოლუციურად მიეღწია, არ არსებობდა. თავად მაია ცნობიერების ასეთ დონეს, როგორც აღვნიშნე, სხივს უკავშირებს. მოკლედ, ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი სხივი, ანუ ზემოქმედება მოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე - უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს. ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ პერიოდი, რომელიც 21 დეკემბერს იწყება. მაიას კალენდარი გვეუბნება, რომ 21 დეკემბრიდან მოხდება ახალი კოსმიური სინქრონიზაცია, ანუ გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი სხივი იმოქმედებს, როგორც კაცობრიობაზე, ასევე, - დედამიწაზე, რათა ის კოსმოსთან თანხმობაში მოიყვანოს. თუ მაიას ფილოსოფიიდან გამოვალთ, არაა ნახსენები არც ასტეროიდის დაჯახება და არც - ცივილიზაციის მოსპობა...
ესე იგი, ბატონო დავით, ასტეროიდთან დაკავშირებული პანიკა უსაფუძვლოა?
- ამჟამად დედამიწასთან ახლოს ერთი ასტეროიდიც არაა. 2029 წელს მოგვიახლოვდება ასტეროიდი «აპოფიზი», მაგრამ სათუოა, რომ მან დედამიწის ორბიტას რამე ზიანი მიაყენოს.
საერთოდ, სად და როგორ იბადებიან ასტეროიდები?
- მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელი არსებობს. საერთოდ, იუპიტერს მეორე მზეს უწოდებენ და სწორედ ამ პლანეტის გრავიტაციის დამსახურებაა, რომ დიდ ასტეროიდებს შთანთქავს. დედამიწაზე შეიძლება, ზოგიერთმა პატარა მეტეორმა შემოაღწიოს, მაგრამ ის იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ ვერაფერს გვავნებს. სამყაროში ყველაფერი გაწონასწორებულია, ყველა ციური სხეულის მოძრაობა საათივითაა აწყობილი და გამორიცხულია, ხელის ერთი მოსმით რამე გამოჩნდეს და დედამიწა გაანადგუროს.
გარდა ამისა, მზის სისტემის ყველაზე უკიდურეს წერტილში არის «კოიტერის» სარტყელი, საიდანაც ასტეროიდების შემოღწევაა შესაძლებელი, მაგრამ სანამ ასეთი ასტეროიდი მოგვიახლოვდება, მისი დაფიქსირება მოხდება - უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლითაც ასტეროიდი, რომელიც დედამიწას მოუახლოვდება, მართვადი ხდება, ანუ ორბიტას იცვლის. ასე რომ, შეუმჩნევლად ვერაფერი მოგვეპარება.
რაც შეეხება რამდენიმედღიან წყვდიადს, რომლის შესახებაც ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ იწინასწარმეტყველა, ეს წყვდიადი რეალობაა?
- 21 დეკემბერს მზე, დედამიწა და ჩვენი გალაქტიკის ცენტრი ერთ ხაზზე გასწორდება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მზე ჩვენი გალაქტიკის ცენტრს დააბნელებს.
მზის დაბნელება მოხდება?
- არა. გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი ენერგია დედამიწაზე მზის გავლენას მთლიანად შეცვლის, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მზე დაბნელდება. არსებობს ვერსია, რომ მზეზე აფეთქება მოხდება, რაც ელექტრომაგნიტურ ველს მოშლის და ეს ველი გამოიწვევს დედამიწაზე ყველა ენერგიის გათიშვას. მზეზე აფეთქებები წარმოუდგენელი არაა, მაგრამ გიგანტურ აფეთქებას წინ აფეთქებების ინტენსივობის გაზრდა უნდა უძღოდეს. ასტრონომიული საიტი «სოტი» გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველ დღე დავაკვირდეთ, თუ რა ხდება მზეზე. ამ საიტს თვალს ვადევნებ და მზეზე, წინა წლებთან შედარებით, გააქტიურება არ შეინიშნება. უბრალოდ, მზისგან მომავალი ენერგია შეიცვლება, წამოვა უფრო სხვა ინტენსივობით, რაც ადამიანების მენტალურ დონეზე იმოქმედებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა ნეპტუნი, რომელიც ცნობიერების განმგებელი პლანეტაა, თევზების ზოდიაქოში შევიდა და თოთხმეტწლიანი პერიოდი დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ისე, რომ ვერც შეამჩნევენ, უფრო მაღალი მასშტაბებით აზროვნებას მიეჩვევიან.
სხვათა შორის, მკითხველს, ალბათ, ის სიმპტომებიც აინტერესებს, რომლებიც ამ პერიოდს ახლავს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ენერგიულ ადამიანებს დიდი დოზით ძილის მოთხოვნილება გაუჩნდათ, მაგრამ ეს საგანგაშო არაა, რადგან ძილის დროს ადამიანი კოსმოსიდან იღებს ინფორმაციას და ენერგიას. მოკლედ, თუკი უცებ ძილი მოგერევათ, ჩათვალეთ, რომ დიდი ენერგეტიკული ნაკადი მოდის და ეს უნდა მიიღოთ.
ასევე, ამ პერიოდში მასიურად იგრძნობენ ადამიანები დაღლილობას - უცებ ენერგია გამოეცლებათ. ძილზე მოთხოვნა და დაღლილობა 21 დეკემბერს გაცილებით მეტ ადამიანს ექნება. ამიტომ, უმჯობესია, ეს დღე მაქსიმალურად გამოვიყენოთ დასასვენებლად.
21 დეკემბრის მერე დავინახავთ, რომ კაცობრიობა დაიწყებს მეტ ზრუნვას მშვიდობაზე, გაჩნდება ახალი გზები, გადავალთ უფრო მაღალ ფასეულობებზე. ასე რომ, 21 დეკემბრის ფენომენი გამოვლინდება ძირითადად მენტალურ დონეზე. შესაძლოა, ამ დღის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ექსტრასენსული თვისებები.
ასევე, თაობა, რომელიც დაიბადება 21 დეკემბრის შემდეგ, თოთხმეტი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ექსტრასენსების თაობა იქნება. ჩვენი ტვინის უჯრედებში 21 დეკემბრიდან, შესაძლოა, ახალი რაღაცები აღმოაჩინოთ, მაგალითად, შესაძლოა, ზოგი მიხვდეს, რომ შეუძლია ადამიანების აზრების გამოცნობა. საერთოდ, მზის ენერგიის ცვლილებას ყველაფერი შეუძლია, რადგან ყველაფრის მამოძრავებელი სწორედ მზეა და 21 დეკემბრიდან სხვა ინტენსივობით დაიწყებს ჩვენს მართვას. იგივე მაიას კალენდრით თუ განვიხილავთ, პერიოდი, რომელსაც ახლა ვასრულებთ, კაცობრიობის გაზაფხული, ანუ დაბადება და რაღაც დონეზე განვითარება იყო. 21 დეკემბრიდან კი, ძალაში ზაფხული შედის.
თუკი ასეა, აბა, 21 დეკემბერთან პანიკა ვინ და რა მიზნით ატეხა?
- ვიღაცას აწყობს, რომ ადამიანები აღსასრულს ელოდონ. ეს «ვიღაცა» მხოლოდ მატერიალური კი არა, არამატერიალური ძალაცაა, რომელიც შიშის ენერგიით იკვებება.