...ერთმანეთი თაკო ჩარკვიანმა ჯერ კიდევ მაშინ გაგვაცნო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას მიიღებდა. თაკო მეუბნებოდა, კარგი ადამიანიაო და მისი სიტყვები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამართლდა... დავმეგობრდით _ ხშირად “ვმესიჯობდით”, პერიოდულად ვხვდებოდით, პოლიტიკურ პროცესებსა და კულუარებზე ვსაუბრობდით... ერთხელ, ვუთხარი, იუსტიციის მომავალი მინისტრი ხარ-მეთქი, ბევრი იცინა... “ოცნებამ” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა - ეჭვი არ შემპარვია, რომ გაიმარჯვებდა... სამ თუ ოთხ ოქტომბერს დავურეკე და გამარჯვება მივულოცე, თან ვუთხარი, მართალია, ხელისუფლებაში მოხვედი, მაგრამ მაინც მეგობრები ვართ-მეთქი. რას ჰქვია, მაინცო, მომიგო... რაც იუსტიციის მინისტრი გახდა, ერთხელ ვნახე. არც ტელეფონით შევხმიანებივარ _ ვიცი, ბევრი საქმე აქვს და დაკავებულია... ინტერვიუც პრესმდივნის საშუალებით შევათანხმე (ჩვენს ურთიერთობაში მხოლოდ ეს შეიცვალა _ ადრე ინტერვიუს პირადად ვუთანხმებდი)... დათქმულ დროს იუსტიციის სამინისტროში მივედი. მისაღებში ბევრი ხალხი იყო, მომიბოდიშა, უნდა დამელოდოო... სტუმრები გააცილა და მიხმო... ცხრა წლის განმავლობაში, ბეჭდური მედიისთვის მინისტრთა კაბინეტები დაკეტილი გახლდათ. ჰოდა, ალბათ, ამის გამო, ცოტა დავიძაბე, მაგრამ უწინდებურად მითხრა, სადაც გინდა, ჩამოჯექიო და... მივხვდი, მინისტრობამ არ შეცვალა... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ განსხვავებულ და ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.
თეა, პროტოკოლი დავიცვა და თქვენობით, ანუ “ქალბატონო მინისტრო”-თი მოგმართო თუ უწინდებურად, შენობით ვისაუბროთ?
- შენობით, ანუ ჩვეული სტილი შევინარჩუნოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ...
გახსოვს, რომ “ვმესიჯობდით” ხოლმე?
- ახლაც “გემესიჯები”, მაგრამ საკუთარი მშობლებისთვისაც ვეღარ ვიცლი, შენ კი, ვანო, მშობლების მერე დგახარ...
თეა, ერთხელ, მაშინაც ზამთარი იყო, დილით უნდა შევხვედროდით, მაგრამ გახსოვს, ავტომანქანაზე საბურავი დაგეშვა და მთელი ნახევარი საათი მალოდინე?
- კი, მახსოვს... შეხვედრაზე ახლაც ხომ დავიგვიანე?
ახლა გეპატიება _ მინისტრი ხარ და ბევრი საქმე გაქვს, მით უმეტეს, ქვეყანაში კოჰაბიტაციური პერიოდია... სხვათა შორის, ქართული საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენ”-ის გამოკითხვით, ახალი მთავრობიდან ხალხი ყველაზე მეტად შენ გენდობა. თეა, როგორ ფიქრობ, ხალხის ნდობა და პატივისცემა რითი დაიმსახურე?
- არ ვიცი... მგონია, რომ ეს ყალბი კვლევაა, თორემ როგორ შეიძლება, რომ პოპულარული მინისტრი ვიყო?
რატომ არ შეიძლება? რა, საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს?
- საკუთარი თავის რწმენა მაქვს, მაგრამ 25 ოქტომბერს დამტკიცებული მინისტრის პოპულარობაზე ლაპარაკი ნაადრევია. ეს, უბრალოდ, ხალხის მოლოდინი და განწყობაა, თორემ ჯერ საქმით უნდა ვაჩვენო, თუ რა შემიძლია.
ისე, დიმიტრი უზნაძე მსოფლიომ გენიოსად იმიტომ აღიარა, რომ განწყობის თეორია შექმნა, ანუ მთავარი სწორედ განწყობაა. ხალხს კი, აქვს განწყობა, რომ თეა წულუკიანი სამართლიანია...
- ხალხი წარსულით მსჯელობს და იცის, რომ ეს თანამდებობა ჩემთვის მნიშვნელოვანი მანამაა, სანამ საქმეს სამართლიანად ვაკეთებ და ჩემი ღირებულებების ერთგული ვიქნები.
თეა, ამასწინათ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, მინისტრობისთვის მზად არ ვიყავიო...
- კი, ასეა...
ისე, გახსოვს, ჯერ კიდევ ზაფხულში გითხარი, იუსტიციის მომავალი მინისტრი ხარ-მეთქი...
- (იცინის) ლელა კაკულია ხარ...
ლელა კი არა, ვანო ვარ, ოღონდ ის ვანო კი არა, პავლიაშვილი!..
- მოკლედ, მინისტრობისთვის მზად იმიტომ არ ვიყავი, რომ სხვა რაღაცისთვის ვემზადებოდი, ანუ ზუსტად ისე მოხდა, ვთქვათ, ქუთაისში წასასვლელად რომ ემზადები და უცებ თავს ორთაჭალაში ამოჰყოფ.
“ოცნებას” არჩევნებში გამარჯვების იმედი არ ჰქონდა?
- “ოცნება” გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტამდე აქცენტი პარლამენტზე კეთდებოდა და მთავრობის დაკომპლექტების საკითხს არ შევხებივართ. სიტყვა “მთავრობამ” პირველად მაშინ გაიჟღერა, როცა ცესკო-მ არჩევნების შედეგები დაამტკიცა. ამ თემაზე მსჯელობა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და თქვა, ჩემი სია მაქვსო.
ბიძინა ივანიშვილს იუსტიციის მინისტრობაზე რატომ დასთანხმდი?
- ეს შემოთავაზება ისე მივიღე, როგორც _ მივლინებაში წასვლა და ეს მოვალეობა დროებით უნდა შევასრულო.
მართალია, ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია, მაგრამ, თეა, შენი იუსტიციის მინისტრობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ რთულ, ანუ როგორც დღეს ამბობენ, კოჰაბიტაციურ პერიოდს დაემთხვა. გაქვს ძალა, რომ ქვეყანას ეს ურთულესი პერიოდი გადაატანინო, მით უმეტეს, გაოპოზიციონერებული “ნაციონალები” თავდასხმას უკვე გიწყობენ _ გუნავას პირველი დაჭერის შემდეგ, თუ არ ვცდები, ნუგზარ წიკლაურმა თქვა, თეა წულუკიანს პირველ ნარკოტიკის ჩადებას ვულოცავო. მერე, ბათუ ქუთელიამ დაიწყო მტკიცება, წულუკიანი იტყუება და გიგა ბოკერიას, კოჰაბიტაციის სანაცვლოდ, გირგვლიანისა და სხვა საქმეების ხელახალი გამოძიების შეწყვეტა არ მოუთხოვიაო...
- ვანო, შეკითხვა გავიგე და სრული პასუხისმგებლობით გიპასუხებ: იმაზე ათჯერ მეტისთვის გამიძლია, რაც კი შეიძლება, ბათუ ქუთელიას, ნუგზარ წიკლაურის, ჩიორა თაქთაქიშვილის, კოტე და პავლე კუბლაშვილებისა და ბატონი გიგა ბოკერიას წარმოსახვაში დაიხატოს. აქედან გამომდინარე, იმას, რაც ჩემი ფუნქციების სწორად შესრულებასთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა, გავუძლებ. როცა ფუნქციას სწორად ასრულებ, მაშინ ბევრი სიძნელეა და თუ დავინახე, რომ ამ სიძნელეებს ვეღარ ვუძლებ, გადავდგები, თუმცა მგონია, რომ გავუძლებ, თან იმაზე მეტს, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია.
რაც შეეხება ბათუ ქუთელიას, ის რინგზე, როგორც ჩანს, გიგა ბოკერიამ გამოაგდო, მაგრამ როცა რინგზე გამოაგდებ, ადვოკატს საფუძველიც უნდა შეუქმნა, რომ კარგად დაგიცვას, თუმცა ბათუ ქუთელიას მხოლოდ თავდაცვითი რეაქცია ჰქონდა, რადგან თავისმა მარწმუნებელმა დაავალა, დამიცავიო.
თეა, გულახდილად მითხარი: ოდესმე ტყუილი გითქვამს?
- რაც პოლიტიკაში ვარ, ტყუილი არ მითქვამს, ანუ ხალხი არასოდეს მომიტყუებია!
ვთქვათ, დადექი არჩევანის წინაშე _ ან გუნდზე უნდა თქვა სიმართლე, ან ხალხი უნდა მოატყუო. რომელს აირჩევ _ ხალხს მოატყუებ თუ გუნდს გაემიჯნები?
- რა თქმა უნდა, გამიჯვნას ავირჩევ, თუმცა შევეცდები, რომ ზიანი არც გუნდს მივაყენო და არც დაბეზღების, ასე ვთქვათ, ლოგიკაში გადავიდე, ანუ პროცესს გამოვეთიშები.
პროცესს, ანუ პოლიტიკას?
- დიახ, პოლიტიკას...
თეა, მხოლოდ გაოპოზიციონერებული “ნაციონალები” კი არა, “ოცნების” წევრი ზვიად ძიძიგურიც გაკრიტიკებს და ამბობს, წულუკიანი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებსო...
- დიახ, პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, რადგან კანონით, ნებისმიერი მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია. ჩემს შემთხვევაში კი, კანონი ორმაგად დატვირთულია და ამბობს, იუსტიციის მინისტრი მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირი კი არა, პროკურორიცაა და ორმაგი ფუნქცია აქვსო. ამიტომ, ბატონი ზვიადის შეფასება, რომ პროკურორი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, ერთის მხრივ სწორია, მაგრამ მეორეს მხრივ, ის მახინჯი კანონი დაავიწყდა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” ადეიშვილს მოარგო და ორმაგი ფუნქცია მიანიჭა. ამიტომ, ეს რომ გამოსწორდეს და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე განვაგრძო, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრს პროკურორის ფუნქცია უნდა ჩამოშორდეს. ამიტომ, ზვიად ძიძიგურს მოვუწოდებ, კანონპროექტი პარლამენტმა რაც შეიძლება, მალე განიხილოს, რადგან ეს უხერხულობა მოიხსნას...
თეა, რაღა დაგიმალო და, ზვიად ძიძიგურის ზემოხსენებული განცხადება მეუცნაურა, რამეთუ, სხვა თუ არაფერი, “ნაციონალებმა” ხელზე დაიხვიეს და ცდილობენ, შექმნან ილუზია, აი, “ოცნების” წევრები ერთმანეთს “ურტყამენო”... შენი აზრით, ძიძიგურმა ეს განცხადება რატომ გააკეთა?
- ნამდვილად არ ვიცი, რატომ გააკეთა, თუმცა, ვაღიარებ: ზვიად ძიძიგურის განცხადება უცნაურად მომეჩვენა...
...თეა, მეჩვენება, რომ ძალიან დაღლილი სახე გაქვს...
- კი, ძალიან დაღლილი ვარ...
მერე, მინისტრობა დაღლად ღირდა?
- ალბათ, ღირდა, მაგრამ მინისტრობა ფუფუნება არაა, მით უმეტეს, როცა ძალაუფლებისკენ არ გაქვს მიდრეკილება. მე ასეთი მიდრეკილება არ მაქვს.
...თეა, მოდი, ახლა გენერალ კალანდაძის დაკავებასაც შევეხოთ: მართალია, ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში, მგონი, პირველი ქალი ხარ, რომელმაც გენერალი დაიჭირა... როცა კალანდაძეს უთხარი, დაკავებული ხარო, რა განცდა გქონდა, რას ფიქრობდი?
- დასანანია, რომ კადრები არ არსებობს. საერთოდ, ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ადამიანებს კამერების თანდასწრებით არ ვაკავებ.
მაპატიე, მაგრამ ერთი ტელედაკავება არჩევნების მერე უკვე ვიხილეთ _ ტელევიზიებმა ზესტაფონის გამგებელ კახა გეწაძის დაჭერის კადრები გაავრცელეს...
- გეწაძეს ბრალი მე წავუყენე, კამერის გარეშე... მოკლედ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო და კალანდაძის დაკავება ვინმეს გადაეღო, მართლაც, ისტორიული კადრები იქნებოდა.
რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემსა და გენერალ კალანდაძეს შორის ე.წ. ჟურნალების მაგიდა იდგა და წყნარად, მშვიდად ვლაპარაკობდით...
რაზე ლაპარაკობდით, ან ოთახში რომ შემოვიდა, რა უთხარი?
- არაფერი, კართან შევეგებე, ხელი ჩამოვართვი და ვკითხე, როგორ ხართ-მეთქი. კარგადო. ხელის ჩამორთმევის დროს შევატყვე, რომ გააზრებული ჰქონდა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, ანუ ხვდებოდა, რომ იქ შემთხვევით არ ვიყავი. მივიწვიე, დავსხედით ზემოხსენებულ მაგიდასთან...
ოთახში თქვენს გარდა კიდევ ვინ იმყოფებოდა?
- ვინ და, _ ბატონი არჩილ კბილაშვილი და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელი...
ზოგად თემებზე საუბრობდით?
- არა, არა... ხელის ჩამორთმევის შემდეგ, როგორც გითხარი, მაგიდასთან დავსხედით და განვუცხადე, ბატონო გიორგი, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გაცნობებთ, რომ დაკავებული ხართ-მეთქი. ძალიან გაკვირვებული სახე ჰქონდა, მიუხედავად იმისა, ალბათ, ხვდებოდა, რომ ერთმანეთს ოცნებებზე სასაუბროდ არ ვხვდებოდით. შემდეგ, ავუხსენი, თუ რის გამო იყო დაკავებული, რომელ ფაქტთან დაკავშირებით. განვუმარტე, რომ ჰქონდა დუმილისა და ადვოკატის უფლება და ასე შემდეგ. მერე კი, დოკუმენტების გაფორმება დავიწყეთ.
ხელბორკილები დაადე?
- არა, რა თქმა უნდა
თეა, წლების განმავლობაში, ევროსასამართლოში, ადამიანის უფლებათა დამცველი იყავი, ანუ კალანდაძეს რომ აკავებდი, როგორც უფლებადამცველს, რაღაც უსიამოვნო განცდა არ გქონდა?
- არა, რადგან ის ფაქტები, რაც მის დაკავებას საფუძვლად დაედო, იმდენად სერიოზული იყო, რომ ჩემს თავთან საყვედურის განცდა არ მქონია. ერთადერთი განცდა, რომელიც, როგორც უფლებადამცველს და ბოლომდე ასეთად დავრჩები, მქონდა, ის იყო, რომ ჩემს წინაშე იდგა მაღალი სამხედრო პირი, ადამიანი, რომელიც ლამის ბავშვობიდან იარაღით დადის, ანუ ჩემი ქვეყნის ჯარების ხელმძღვანელი. ამბობენ, რომ ქვეყანას კი არ იცავდა, თავი ხან ხელში დაიჭრა და ხან _ ფეხშიო, მაგრამ ეს ჩემი თემა არაა..
ქვეშეცნეულად სიამაყე ხომ არ დაგეუფლა, რომ გენერალი დააკავე?
- არა... უბრალოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ ჩემს წინ ჩემი ქვეყნის ჯარების ხელმძღვანელი იდგა და თავისი უფლებები, როგორც მახსოვს, მინიმუმ, სამჯერ ავუხსენი და ვუთხარი, ნუ ნერვიულობთ-მეთქი. ვანო, მართლა გეუბნები, გარეშე თვალს რომ ეყურებინა და არ სცოდნოდა, საქმე დაკავებას ეხებოდა, ვერც მიხვდებოდა, თუ რაზე ვსაუბრობდით.
თეა, რატომ გახდა აუცილებელი, რომ კალანდაძე მაინცდამაინც იუსტიციის მინისტრს დაეკავებინა? “ნაციონალები” ქირქილებენ, დამამაცირებელია, როცა გენერალს ქალი აკავებსო...
- პროკურატურის შესახებ კანონის თანახმად, უმაღლესი სამხედრო ჩინოსნის დაკავების უფლება, მხოლოდ იუსტიციის მინისტრს აქვს, ანუ კალანდაძეს ჩემს გარდა ვერავინ დააკავებდა. მე რომ მაღალი და ტანადი კაცი ვყოფილიყავი, ასევე, ერთადერთი ვიქნებოდი, ვინც გენერალს დააკავებდა...
ახლა გუნავას ყბადაღებულ დაჭერა-გამოშვებაზე გადავიდეთ. გუნავას წარამარა რატომ იჭერთ?
- მხოლოდ გუნავას კი არა, გეწაძეც დავიჭირეთ, კალანდაძეც და რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ეს ადამიანები, შესაძლოა, მართლაც, დამნაშავეები არიან, მაგრამ იმ პირობებში, როცა სასამართლოს კოტე კუბლაშვილი, ანუ მიხეილ სააკაშვილი განაგებს, დაჭერას რა აზრი აქვს, სამართალი პურს მაინც ხომ ვერ ჭამს?
- სამართალი მაინც იზეიმებს. მართალია, კუბლაშვილი “შერჩევით სამართალს” ისევ აგრძელებს _ ადრე ყველას, ვინც “ნაცმოძრაობას” უნდოდა, აპატიმრებდა, ახლა კი, პირიქით, ყველას, ვისი გარეთ გამოსვლაც “ნაცმოძრაობას” უნდა, ათავისუფლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე, არჩილ კბილაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ხელებს გულზე ვერ დავიკრეფთ და საქმიანობას ვერ შევწყვეტთ. სასამართლო რეფორმა ჩატარდება და მოსამართლეები გათავისუფლდებიან...
და ვიდრე მოსამართლეები გათავისუფლდებიან, ქართულ “აბა, დამაცადეს” უნდა ვუყუროთ?
- სხვას რას გვირჩევ?
მართალია, დღეს საქართველოში ყველა ექსპერტია, მაგრამ მე ექსპერტი არ ვარ...
_ ექსპერტივით შეკითხვებს კი სვამ?!. ისე, “აბა, დამაცადე” ცოტა პრორუსულია...
კარგი, მაშინ, “ტომი და ჯერი” იყოს...
_ (გულიანად იცინის)
კარგია, როცა იუსტიციის მინისტრი იცინის... თეა, ხომ არ გინდა, რომ ცოტა რბილი შეკითხვები დაგისვა?
- არა, გააგრძელე...
კეთილი, გავაგრძელებ, მაგრამ სადაც გენერალს იჭერ, რა ვიცი, იქნებ, რამე არ მოგეწონოს და მეც არ დამიჭირო...
- (ისევ გულიანად იცინის) შენ ნებისმიერი პოლიციელი დაგიჭერს...
ბედი აქაც არ მაქვს, რომ იუსტიციის მინისტრმა დამიჭიროს?!. ამასწინათ, პრემიერმა საზოგადოებას ურჩია, ამნისტიის შემდეგ, შეიძლება, კრიმინალი ცოტა გაიზარდოს, მაგრამ გაგებით მოვეკიდოთო... აქედან გასული რომ დამაყაჩაღონ, გაგებით როგორ მოვეკიდო?
- ვანო, არავინ დაგაყაჩაღებს, რადგან იმ ორი ათასი ადამიანიდან, ვინც ამნისტიით გათავისუფლდება, ძალიან ბევრი ავადმყოფია, რომელიც საპატიმროში ნარკოტიკის მოხმარებისთვის იყო ჩაგდებული. ასე რომ, საზოგადოებას ძარცვა-გლეჯა არავისგან ემუქრება. გაგებით კი იმას უნდა მოვეკიდოთ, რომ ციხეების განტვირთვას ვიწყებთ. ციხიდან გამოსულმა რომელიღაც ადამიანმა, შეიძლება, დანაშაული ისევ ჩაიდინოს, მაგრამ ამის გამო რა ვქნათ, ამნისტიის კანონი არ მივიღოთ თუ შეკრებითობა არ გავაუქმოთ? სხვათა შორის, სწორედ იმიტომ, რომ კრიმინალი არ გაიზარდოს, იუსტიციის მინისტრი გამოვიდა ინიციატივით და ზურაბ ადეიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ე.წ. სიპი, რომელსაც დანაშაულის პრევენცია ევალა, მაგრამ ყოფილ პატიმრებზე არასოდეს მუშაობდა, ამნისტიით გამოსულ პატიმრებს მოემსახურება.
მომსახურებაში რა იგულისხმება?
- ეს სიპი ფეხის ადგმას ახლა იწყებს, მაგრამ შევეცდებით, ქალების ნაწილსა და არასრუწლოვანებს მაინც გავწვდეთ და უკან, ციხეში დაბრუნებაში ხელი შევუშალოთ. ისე, ბევრი სწორ გზას თავად დაადგება, რადგან ქართული ციხე, მგონი, ყველაზე უფრო დიდი გამოცდილება და ჭკუის სასწავლებელია...
თეა, როგორც ვიცი, გამოდიხარ ინიციატივით, რომ სტრასბურგიდან ქართული სარჩელები გამოვიდეს...
- სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროა, ანუ პრეზიდენტი, მინისტრი, ბადრაგი თუ რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, სახელმწიფოებრივი ფუნქციის განხორციელებისას, თუკი რამეს დააშავებს _ ადამიანის უფლებებს დაარღვევს და ეს საქმე სტრასბურგში წავა, მოპასუხე, ანუ თავის გამმართლებელი იუსტიციის სამინისტროა. დღეს სტრასბურგში საქართველოდან 700-მდე დასაბუთებული საქმეა. ჩემი მიზანია, რომ ამ საქმეების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყნის შიგნით მოგვარდეს, რადგან სხვა თუ არაფერი, ადამიანები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ წლობით და შემდეგ კი, მის აღსრულებას თვეობით აღარ ელოდონ.
ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანებს, ვინც საკუთარი უფლებების დაცვას სტრასბურგში ცდილობს, ხომ ვერ მოსთხოვ, რომ სარჩელი უკან გამოიტანონ?
- უბრალოდ, იმ შემთხვევაში, თუკი მომჩივანისა და იუსტიციის სამინისტროს ნება იქნება, მორიგება უნდა მოხდეს.
რა ამის პასუხია და, “ნაციონალები” პოლიტიკური დევნით რატომ აპელირებენ?
- “ნაციონალებზე” პოლიტიკურ დევნას არ ვახორციელებთ _ 25 ოქტომბრიდან პროკურატურის მიერ 500-მდე საქმეა აღძრული და აქედან ძველი მთავრობის რომელიმე რგოლის წარმომადგენელს მხოლოდ 30-მდე ეხება. მოკლედ, შერჩევითი დევნა არ ხდება. სამაგიეროდ, როცა საქმე კუბლაშვილის სასამართლოში მიდის, შერჩევითი სამართალი ხორციელდება, ანუ როცა საქმე ჩვეულებრივ საწყალ ადამიანს ეხება, სასამართლო პატიმრობას უფარდებს, მაგრამ როცა საქმე ისეთ პირს ეხება, როგორიც, მაგალითად, კალანდაძეა, უშვებს.
სხვათა შორის, ხმა დადის, “ნაციონალებს” ახალი სტრატეგია აქვთ და სასამართლოდან ყაჩაღობისა და თუ სხვა მძიმე მუხლებით დაკავებულებს უშვებენ, თან ეუბნებიან, აი, ხომ ხედავთ, “ოცნების” პროკურატურამ და შსს-მ დაგიჭირათ, ჩვენ კი, გათავისუფლებთო...
- შეიძლება, ასეთი სტრატეგია აქვთ, მაგრამ ვანო, რასაც ახლა გეტყვი, პირველად ვამბობ: “ნაცმოძრაობას” იმ სახით, რა სახითაც დღეს თუნდაც პარლამენტშია წარმოდგენილი, პოლიტიკური მომავალი არ აქვს! ამიტომ, შიგნით გადარჩენის სხვადასხვა სტრატეგიაზე მსჯელობენ, რაც ბუნებრივია. ჯანსაღი გამოსავალი ის იქნება, რომ ამ პარტიის გარდაქმნა და ზოგიერთი უკიდურესად მავნე ელემენტისგან გათავისუფლება მოხდეს. თუ არადა, მაშინ სხვა რა გზა აქვთ _ ხელისუფლების საბოტაჟი უნდა მოაწყონ. მაგალითად, საბოტაჟია, როცა “ნაცმოძრაობა” ცდილობს, პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესები ისე წარმართოს, რომ საზოგადოებას აჩვენოს, აი, მოვიდა “ოცნება” და კრიმინალი გაიზარდაო. არადა, ირაკლი ღარიბაშვილი მალე გამოაქვეყნებს სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, კრიმინალი შემცირებულია. მეტიც, მაგალითად, კრიმინალურმა პოლიციამ ამ დღეებში მკვლელობის არაერთი ისეთი საქმე გახსნა, რომელსაც წლობით არ იძიებდნენ.
თეა, ვიცი, მისაღებში ბევრი ხალხი გელოდება, მაგრამ რამდენიმე შეკითხვა კიდევ უნდა დაგისვა. არჩევნებამდე ხშირად გვისაუბრია, რომ “ოცნებას” საგარეო პიარის პრობლემა ჰქონდა...
- ეს საკითხი ნელ-ნელა გამოსწორდა...
იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურა გიგი უგულავას რატომ “შეეშვა”?
- (ისევ გულიანად იცინის) ხომ არის სლოგანი, მე მიყვარს თბილისი?! ჰოდა, მე ისევ მიყვარს გიგი უგულავა, რა თქმა უნდა, ვხუმრობ.
სად უგულავა და სად _ ახალი წელი, მაგრამ ახალი წელი გიყვარს?
- ეს ახალი წელი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩემთვის ძალიან რთულია და არ ველოდები!
გახსოვს, არჩევნებამდე დამპირდი, ჩემს გამომცხვარ ხაჭაპურს გაგასინჯებო და პირობაზე როგორ ხარ?
- მოდი, ეგ ამბავი გაზაფხულისთვის გადავდოთ...
კეთილი... ამბობენ, თეას შეყვარებული ჰყავს, მაგრამ მინისტრობის გამო, დაქორწინება გადადოო...
- ის ადამიანი საზღვარგარეთაა და მინისტრობამ ჩვენი ურთიერთობა დაძაბა...
...სადღაც წავიკითხე, ზურაბ ჟვანიას საქმე შეიძლება, ვერ გაიხსნასო. ასეა?
- გამოძიება მიმდინარეობს...
გაქვს იმედი, რომ გაიხსნება?
- ამას ვერ გეტყვი, რადგან ახლა დასკვნის გაკეთება სპეკულაცია იქნება...
თეა, ბოლოს რას მეტყვი?
- მჯერა, რომ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხალხმა პირველ ოქტომბერს აირჩია, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ახლებურ და ლამაზ გაზაფხულს მოიყვანს!
ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი გახსოვს, გავაზაფხულებთ, რაც იქცა თოვადო?
- როცა რთული პერიოდი მაქვს, სულ ეს სიტყვები მახსენდება. სხვათა შორის, ძალიან ბევრი სიბინძურე დაგვხვდა. როცა სახლში შედიხარ და სიბინძურე გხვდება, დალაგებით უნდა დაიწყო... ახლა პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და მორალურად რთული პერიოდია. რამდენიმე თვე ბეწვის ხიდზე უნდა ვიაროთ. შეიძლება, ვიღაც გადაადგილდეს და რაღაც შეიცვალოს, ღმერთმა არ ქნას, რომ მუდმივი მინისტრები და თანამდებობის პირები იყვნენ, მაგრამ ყოფილი ოპოზიციონერი პრემიერ-მინისტრის რანგში მართლა შეძლებს, ასეთი გუნდი ეყოლება თუ სხვანაირი, რომ ნორმალური გაზაფხული დადგეს!
თეა, კარგად იცი, ორი ფავორიტი მინისტრი მყავს _ შენ და ირაკლი ალასანია... მოკლედ, წარმატებას გისურვებ!