"ტარიფი არის საშინაო პოლიტიკის საქმე, აქ ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხისადმი"

"მე ვფიქრობ, მალე მივიღებთ ოპტიმალურ შედეგს და გავლენიან ჯგუფებს ვაგრძნობინებთ, რომ ეს უკვე სახელმწიფოა. მათ კეთილი უნდა ინებონ და თავიანთი მერკანტილური ინტერესები დაიოკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ძალიან მძაფრი რეაქცია ელოდებათ. იმ ჯგუფებზე ვლაპარაკობ, რომელთა გამოც გაჩნდა შემაფერხებელი ფაქტორები. მათ თავის დროზე მიაღწიეს ასეთ მტარვალურ ტარიფებს. თუ ელექტროენერგიის ტარიფი არის ღირებულების მომსახურება და არა უბრალოდ ფასი, გენერაციის ობიექტები, დისპეჩერიზაცია და დისტრიბუცია უნდა იყოს რენტაბელური სფეროები, ეს ეკონომიკის ელემენტარული საკითხია", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სანამ ჩვენ რაიმე ციფრს დავასახელებდით, 7 თვე თავდაუზოგავად ვიმუშავეთ".

"ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დავთვალეთ ყველაფერი, გავიანგარიშეთ და აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ტარიფი უსამართლოა. ამიხსნას ვინმემ, რატომ ვახდევინებთ ზედმეტს ჩვენს მოქალაქეებს, როცა მცირე ბიზნესი სულს ღაფავს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარია? მე ვამბობ, რომ ზამთარში 11 თეთრი, ხოლო ზაფხულში 9,5 თეთრი მისწრებაა, რათა ხალხმა ამოისუნთქოს და ბიზნესის განვითარებაზეც იფიქროს. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა შეღავათი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანს, ათასობით ლარი საქმეში დარჩება და არა ვიღაცის ჯიბეში წავა. ბუნებრივ აირზე კიდევ ხომ საერთოდ მტარვალური ტარიფია და ჩვენი გაანგარიშებით 27-28 თეთრი უნდა ღირდეს, მაგრამ ამ ეტაპზე 35 თეთრამდე მაინც შეიძლება შემცირება. არაფრით არ უნდა ღირდეს 50,6 თეთრი. ტარიფი არის საშინაო პოლიტიკის საქმე, აქ ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხისადმი, დამოკიდებულება გავლენის ჯგუფებისადმი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.

"მე არაერთხელ განვაცხადე, თუ ძალიან გართულდება საქმე, ჩვენ, "ქართული ოცნების" თემატური ჯგუფის სამასამდე სპეციალისტი, მოვაწყობთ კოლექტიურ ბრიფინგებს. ჩვენ არ გვაინტერესებს ვიღაცეების გვარები, ჩვენ ვართ წესიერების მომხრე, მაგრამ, თუ ვინმე უწესოდ იქცევა და კიდევ მილიონები უნდა ჩაიდოს ჯიბეში, მაშინ ჩვენ ძალიან სოლიდური ძალებით დავუპირისპირდებით, სულ გვარების დასახელებით დავიწყებთ, რომელ სამინისტროში რამდენი გავლენის ჯგუფია. იმ თემატური ჯგუფიდან, სადაც ენერგეტიკის საკითხები განიხილებოდა, ჯერჯერობით ვერავინ ვერ მოხვდა ენერგეტიკის სფეროში. არაერთი კარგი სპეციალისტი გვყავს, ისიბი იბრძვიან იმისთვის, რომ ეს დარგი აღორძინდეს, ამიტომ დავწერეთ ძალიან ძლიერი კონცეფცია", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რატომ თქვა ივანიშვილმა, არჩევნებამდე რაღაც-რაღაცები ზუსტად ვერ გავთვალეთ, საქმე ის ეარ ყოფილა, როგორც გვეგონაო?" - პასუხობს:

"მე ვფიქრობ, ეს იყო ინფორმაციული შეტევის ბრალი, რომელიც პრემიერ-მინისტრზე მაშინ განხორციელდა. როცა ჩვენ ყველა გაანგარიშება გამოვაქვეყნეთ, ყველაფერი დალაგდა. არ შეიძლებოდა, ჩვენ შეცდომა დაგვეშვა, სრულად ვიყავით ინფორმირებულები. მოდით, ეს ყველაფერი გაუგებრობად ჩავთვალოთ, ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. სანამ ჩვენ რაიმე ციფრს დავასახელებდით, 7 თვე თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, ემოციურად არაფერი არ გაგვიკეთებია".