აგვისტოში, წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ საქართველოში ლენინიზმის ნიშნები დაინახა. «ამ კამპანიაში მე ლენინიზმის ნიშნების მცირე ნაწილს ვხედავ. ლენინიზმი ჩანს იმაში, რომ პარტიები კი არ წარადგენენ პროგრამებს, არამედ ცდილობენ, გაანადგურონ ერთმანეთი, საკუთარი მტრები. ამ ქვეყნაში არ არიან მტრები, არიან განსხვავებული პარტიები», _ აღნიშნა მილიორიმ. უცნაურია, მაგრამ ევროპამ ლენინიზმის ნიშნები ვერ დაინახა 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» წინ, როცა «კმარამ» შექმნა დოკუმენტი «10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ». მართალია, ეს ნაბიჯები რევოლუციის შემდეგ მალევე მიივიწყეს, მაგრამ მათი მსგავსება ლენინის ასევე 10-პუნქტიან აპრილის თეზისებთან ერთობ თვალსაჩინო იყო.
ლენინმა აპრილის თეზისები თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ დაწერა. ბოკერია და მისი მეუღლე ივანიშვილსა და «ქართულ ოცნებას» სწორედ ისე უყურებენ, როგორც ლენინი _ ბურჟუაზიას და ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ახალი აპრილის თეზისები სწორედ ახლა გამოცხვა.
სააკაშვილის მომხრეები სოციალურ ქსელებში ხომ სწორედ აპრილს ელიან სულმოუთქმელად. მათ ნაწილს სჯერა, რომ «ნაციონალური ხელისუფლება» სწორედ აპრილში დაბრუნდება. და თუ ანალოგიებს კვლავაც მივმართავთ, წინა ხელისუფლების იდეოლოგად წოდებული გიგა ბოკერიას მეუღლემ, აწ უკვე მედიამაგნატის პრეტენზიის მქონე თამარ ჩერგოლეიშვილმა იდეურ მეგობრებს ის თეზისები მიაწოდა, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ, რათა მათი მშობლიური ხელისუფლების «მეორედ მოსვლა» უზრუნველყონ:
«ბევრი ადამიანი, ზოგი პირად ფოსტაში, ზოგიც კი აქ, კედელზე მომმართავს კითხვით: რატომ არაფერს ვაკეთებთ იმის წინააღმდეგ, რასაც ახალი მთავრობა ჩადის? მესმის მათი, შეუძლებელია მოგეწონოს ის, რაც ხდება.
1) გენერალური შტაბის ხელმძღვანელი კომიკური ბრალდებით დააკავეს და ამის გამო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გადადო, თანაც მინისტერიალის წინ, სადაც მართლა გვქონდა შანსი, რომ გაწევრიანების დამატებითი გარანტია მიგვეღო;
2) პარლამენტში ქსენოფობები «ზიან»;
3) პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მერი მას ექვემდებარება და მაშინ უნდა «დაუძახოს», როცა საჭიროდ ჩათვლის. ვერც ის გაუგია, პრეზიდენტი რატომაა ისევ პრეზიდენტი, როცა საპარლამენტო არჩევნები მოიგო და სასახლიდან გამოდიო, ეჯაჯგურება;
4) იუსტიციის მინისტრი ცურტაველის ენაზე გვესაუბრება და, მოქალაქეების ძირითადი უფლებების უზრუნველყოფას როცა სთხოვენ, ხელს «დედა ეკლესიისკენ» იშვერს.
5) ციხეს მაყურებლები აკონტროლებენ;
6) ქუჩაში კრიმინალმა მოიმატა;
7) შსს სოსო ალავიძის კორუმპირებული კადრებით გაიტენა».
მთლად 10 თეზისი ვერ მოიფიქრა, მაგრამ კომუნისტების დროს კარგად აპრობირებული მეთოდიკა ჩინებულად გამოიყენა; პარტნომენკლატურისთვის მაშინ სპეციალურ კრებულებს ბეჭდავდნენ, რათა ტიპობრივ იდეოლოგიურ შეკითხვებზე პარტმუშაკებს სტანდარტული და შეთანხმებული პასუხები ჰქონოდათ. ჩერგოლეიშვილიც პუნქტობრივად აწოდებს საკუთარ იდეოლოგიურ სამეგობროს, თუ რომელი მიმართულებით უნდა განახორციელონ დარტყმა.
ერთხელ ლენინმა კითხვაზე «შეიძლება თუ არა გაზეთი კოლექტიური ორგანიზატორი იყოს»? ასე უპასუხა: «გაზეთი არა მარტო კოლექტიური პროპაგანდისტი და კოლექტიური აგიტატორი, არამედ კოლექტიური ორგანიზატორიცაა». ლენინის დროს სოციალური ქსელები არ იყო, არც ტელევიზია, ამიტომ იგი «ისკრას» მეშვეობით ამზადებდა რევოლუციას.
თამარ ჩერგოლეიშვილს ტელეკომპანიებიც აქვს, ჟურნალ-გაზეთებიც და «ფეისბუქის» სამეგობროც. იგი ამ რესურსით ეცდება აპრილის მო(ტ)ყვანას, ერთი მისი პირადი მეგობრის ტერმინით რომ ვისარგებლოთ.
ბოკერიას მეუღლე ხვდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ ღიად გალაშქრება სახიფათოა და აღნიშნავს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის 54%-ის არჩევანია.
«არ არის საჭირო, რომ, რადგან სხვა (მთავრობა და მისი მეთაური) ბანდერლოგივით იქცევა, ჩვენც ასე მოვიქცეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ და შეცდომებზე არ მივუთითოთ.
54%-ის დიდი ნაწილი აუცილებლად გააცნობიერებს, რომ შეცდომა დაუშვა, ნახავს, რომ არც სამართლიანობა აღდგება, არც პენსია გაორმაგდება, არც ჯანდაცვა გახდება უფასო, არც საწვავის ფასი დაიკლებს მნიშვნელოვნად, ვერც ტარიფი დაიწევა მნიშვნელოვნად, არა იმიტომ, რომ ახალ ხელისუფლებას ეს არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია.
შეიძლება ხელოვნური ჩარევით რაღაც მოიმოქმედო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ისევ ეკონომიკას, ანუ ჩვენ დაგვაზარალებს.
ივანიშვილი მალე დაინახავს, რომ ის, რაც არჩევნებამდე მისი უპირატესობა იყო (ფული), არჩევნების შემდეგ მისივე მინუსად იქცა. «ბიუჯეტში ფული არ არის და პენსიას ვერ ვზრდი» _ პასუხი არ მიიღება. ვინც მას დაუჯერა, იმიტომ დაუჯერა, რომ იცის, ივანიშვილს ფული ჯიბეში აქვს და ამ ფულს ელის.
საზოგადოების ახალი ხელისუფლებით იმედგაცრუება გარდაუვალია, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუება «ნაციონალური მოძრაობის» ან რომელიმე სხვა პარტიის სასარგებლოდ იმოქმედებს.
იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება გამოიცვალოს, ახალი ხელისუფლების ალტერნატივამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს _ საკუთარი და სხვისი შეცდომები გააანალიზოს, ჩამოაყალიბოს იდეა და იდეის გარშემო დაიწყოს საზოგადოების კონსოლიდაცია და არა ხელისუფლების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მოლოდინები სწორად ვმართოთ, «ხმალი ამოვიღოთ და ვეკვეთოთ» რიტორიკა ჩავაცხროთ. ასე უჭკუოები იქცევიან. გამბედაობა დასაფასებელია, მაგრამ ჭკუის გარეშე მისი ფასი ძალიან დაბალია», _ წერს ჩერგოლეიშვილი.
ერთი სიტყვით, ჩერგოლეიშვილი «მოლოდინების მმართველია». იგი ჭკუაა, რომელიც ასე სჭირდება ძალაუფლებადაკარგულ «ნაცმოძრაობას». იგი ლენინივით მკაფიოდ აყალიბებს მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკას და არც მის გასაჯაროებას ერიდება; მან ხომ დაიჯერა, რომ წერა-კითხვა მარტო «ნაცმოძრაობის» მომხრეებმა იციან, ხოლო «მეოცნებებს» დისციპლინა არ უვარგათ. აკი ეს თავად ივანიშვილმაც დაადასტურა!
საინტერესოა, კითხულობენ თუ არა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის ოპუსებს ის დასავლელი მეგობრები, რომლებიც ახალ მმართველ ძალას ყოფილთან კოაბიტაციისკენ (ქართულად რომ ვთქვათ, თანაარსებობისკენ) მოუწოდებენ? და თუ კითხულობენ, რამდენად კოაბიტანტურად მიაჩნიათ მისი მოწოდებები?
ბოლო პერიოდის ტრენდი «ნაციონალური» ხომალდიდან გაქცეული ვირთხების თემაა. ერთგული «ნაციონალები» ამას მძიმედ განიცდიან და სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ქართველი ხალხის კონფორმიზმზე. იმას, რომ კონფორმიზმი სწორედ მათ რეჟიმთან შემგუებლობა იყო, ვერ ხვდებიან ან არ იმჩნევენ. ვირთხა ჭკვიანი არსებაა, მითუფრო, ლაბორატორიული ვირთხა. ადამიანისა და ვირთხის ინტელექტუალურ შეჯიბრზე ამერიკელმა მწერალმა დენიელ კიზიმ არაჩვეულებრივი ნაწარმოები შექმნა სახელწოდებით «ყვავილები ელჯერნონისთვის».
მისი სიუჟეტი ფანტასტიკურია: ელჯერნონი ლაბორატორიულ ვირთხას ჰქვია, რომელზეც ექსპერიმენტი ხორციელდება ინტელექტის ხელოვნურად გასაზრდელად. ოპერაციის შემდეგ ელჯერნონის ინტელექტი მძლავრად ვითარდება და მეცნიერები ამჯერად გონებრივად ჩამორჩენილ დამლაგებელზე _ ჩარლი გორდონზე გადაწყვეტენ იმავე ექსპერიმენტის განხორციელებას. ჩარლი დღიურის წერას იწყებს, რომლიდანაც ჩანს, რომ ოპერაციის შემდეგ მისი IQ _ ინტელექტუალური კოეფიციენტი საოცარი სისწრაფით იზრდება. პირველ ეტაპზე იგი ჭკვიან ელჯერნონს ეჯიბრება და უზომოდ ხარობს, რომ მას ჯობნის. მერე და მერე მას ისე «ეხსნება გონება», რომ რამდენიმე უცხო ენას სწრაფად ეუფლება და ტექნიკური ლიტერატურის კითხვას იწყებს, შემდეგ საწარმოში მოდერნიზაციას ახორციელებს და იგი დიდ მოგებაზე გაჰყავს.
ძველი თანამშრომლები, რომლებსაც უყვარდათ გონებრივად ჩამორჩენილი ჩარლი, მის დათხოვნას მოითხოვენ, რადგან მოდერნიზებულ საწარმოში მათი ადგილი აღარ არის. გოგონა, რომელიც მის მიმართ თბილად იყო განწყობილი, «დაჭკვიანებულ» ჩარლისთან საერთო ენას ვეღარ პოულობს. ინტელექტის ზრდამ ჩარლის უამრავი პრობლემა და, რაც მთავარია, ამ პრობლემების აღქმის სიმწარე მოუტანა. ექსპერიმენტის მსვლელობისას ელჯერნონის ინტელექტი ისევე სწრაფად იწყებს დაცემას, როგორც იზრდებოდა. ჩარლი ხვდება, რომ მასაც გარდაუვალი ინტელექტუალური დეგრადაცია ელის. ელჯერნონი კვდება. გაკვეთისას ირკვევა, რომ მისი ტვინი დაპატარავდა და სრულიად გლუვი გახდა. ჩარლი ასაფლავებს ელჯერნონს.
ჩარლი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, თუმცა მისი ინტელექტის რეგრესი სულ უფრო ნაკლებად აგრძნობინებს ტკივილს. იგი გაცილებით უფრო ეცემა ინტელექტუალურად, ვიდრე ექსპერიმენტამდე იყო. ჩარლის დღიურებში დეტალურად არის აღწერილი დეგრადაციის პროცესი. მისი ბოლო ჩანაწერი დღიურში ასეთია: «თუ არ გაგიძნელდებათ, მიიტანეთ ყვავილები ელჯერნონის საფლავზე».
«ნაციონალური» ხელისუფლების იდეოლოგიურ მხარდამჭერთა ისტორია ძალიან ჰგავს ჩარლის ამბავს. მათი ინტელექტი ხელოვნურია, იგი ქირურგიული ჩარევით და ძალაუფლების მიტაცებით «გაიზარდა». ახლა, როცა ძალაუფლება არა აქვთ, მათი «ინტელექტი» ისევე სწრაფად ეცემა, როგორც ლაბორატორიული ვირთხა ელჯერნონის შემთხვევაში, თუმცა ჩარლისგან განსხვავებით მათ სჯერათ, რომ კვლავაც დაიბრუნებენ დაკარგულ ძალაუფლებას.
ჩარლისგან განსხვავებით, ისინი არ განიცდიან, რომ ყველას შეაძულეს თავი. ისინი ამას უბრალოდ ვერ გრძნობენ. მათ ჰგონიათ, რომ ძველი მეგობრებისთვის ვირთხების ძახება იხსნის მათ გარდაუვალი დეგრადაციისგან. თავის დროზე ამ მცირერიცხოვანმა მარგინალურმა ჯგუფმა მიიტაცა ძალაუფლება, დაირქვა მთავრობა, ერთმანეთს მაგისტრებისა და პროფესორების წოდებები ჩამოურიგა, შექმნა «ნაციონალურ» ექსპერტთა კასტა, გაინაწილა ტელეეთერები და ერთმანეთთან «ინტელექტუალური ჭიდილის» ილუზიაში თავადაც ირწმუნა, რომ ზეპური საზოგადოება გახდა. ახლა ამ «ელიტის» მიერ საკუთარი თავისთვის შექმნილი სასათბურე პირობები აღარ არის და ისინი ისევე სწრაფად უბრუნდებიან მარგინალური ჯგუფის ნიშას, როგორც ჩარლი _ გონებასუსტის მდგომარეობას.
«ჩვენ რომ მართლა მოვახერხებდეთ, ყველა ადგილობრივმა კომიტეტმა, ჯგუფმა და წრემ აქტიურად მოკიდონ ხელი საერთო საქმეს, სულ ახლო მომავალში გამოვცემდით გაზეთს, რომელიც რეგულარულად გავრცელდებოდა. ეს გაზეთი გახდებოდა იმ უზარმაზარი სამჭედლო საბერველის ნაწილი, რომელიც კლასობრივი ბრძოლისა და სახალხო აღშფოთების ყოველ ნაპერწკალს საყოველთაო ხანძრად გადააქცევს». არა, ეს სიტყვები ჩერგოლეიშვილს არ ეკუთვნის. ეს ლენინმა დაწერა, მაგრამ ზუსტად ამ პათოსს ატარებს ბოკერიას მეუღლის რევანშისტული «შპარგალკა» და «საყოველთაო ხანძრის» გაჩაღებას ის არა გაზეთის, არამედ დროულად მისაკუთრებული სატელევიზიო მაუწყებლობის გამოყენებით აპირებს.
რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, თუ «ქართული ოცნება» ასე საჯაროდ გამოფენილ «ლიბერალ-დემოკრატიულ» მანიფესტს სათანადოდ არ გააანალიზებს, ამომრჩეველს დანაპირებს არ შეუსრულებს და ძველი ხელისუფლების მოსაწონი ნაბიჯების გადადგმას ეცდება, მისი მხარდაჭერა უფრო სწრაფად დაეცემა, ვიდრე ლუის ნავაროს მიერ დათვლილი «ნაცმოძრაობის» რეიტინგი.