ამნისტია ყველას

ამნისტია ყველას

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაში, გარკვეული ფორმით, საჯელი შეუმსუბუქდება ყველა მსჯავრდებულს, გარდა უვადო პატიმრობაში მყოფი პირებისა. ამნისტია გავრცელდება როგორც გაუფრთხილებლობით, ასევე არასრულწლოვან ასაკში ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, რომლებსაც სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყოლია. ამნისტიის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, პატიმრობიდან გათავისუფლდებიან ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვისათვის მსჯავრდებული პირები. სულ, ჯამში, ამნისტია 15 ათასამდე მსჯავრდებულს შეეხება - მათგან ნაწილი გათავისუფლდება, ნაწილს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდება.

2011 წლის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 25 ათასამდე პატიმარი იმყოფება. მათი რაოდენობა, ამნისტიის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, მკვეთრად შემცირდება. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლდება განზრახ დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელმაც სრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. ამასთან, სასჯელი გაუნახევრდება განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენ პირს, რომელმაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინათინ ხიდაშელის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონზე მუშაობისას განმსაზღვრელი არ ყოფილა პოლიტიკური ან სხვა სახის კუთვნილება:

„ამნისტია ვერ იქნება შერჩევით სამართალთან ვერანაირ კავშირში, იმიტომ რომ ის ეხება კონკრეტული კანონების მუხლებს ან საკანონმდებლო აქტს. და ყველა ადამიანი, რომელიც ამ მუხლებით არის გასამართლებული, როგორიც უნდა იყოს მისი პოლიტიკური კუთვნილება, გათავისუფლდება“.

 ამნისტიის შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვისას მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა კანონპროექტის მე-17 მუხლის ფორმულირებამ, რომლის რედაქტირებული ვარიანტის მიხედვით, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, ამნისტია გარკვეული ფორმით ყველა მსჯავრდებულსა და პატიმარს შეეხება, გარდა პირებისა, რომელთაც მუდმივი პატიმრობა აქვთ მისჯილი:

„ამნისტიის შესახებ კანონმა გაიარა მეორე მოსმენა საკომიტეტო სხდომაზე. ძალიან ბევრ ადამიანს ეხება ეს კანონპროექტი, რომლის მიდგომა არის ასეთი: არასრულწლოვანებს, ქალებს მაქსიმალურად შეეხება ამნისტია, ისევე როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენ პირებს, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდება საერთო სასჯელი“.

ამნისტიის შესახებ კანონი შეეხება ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ იმ პირებსაც, რომლებიც გასამართლებული არიან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით, ანუ ნარკოტიკების მომხმარებლებს, გადამზიდავებსა და შემნახავებს, თუმცა საკომიტეტო განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამინისტრო წინააღმდეგია ამნისტია შეეხოს ამ მუხლების მესამე ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, ანუ იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ორგანიზებულად ან რომელთა საქმეში ფიგურირებდა ნარკოტიკების განსაკუთრებულად დიდი ოდენობა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ამნისტია არ გავრცელდება ნარკოტიკების რეალიზატორებზე:

„გასაღების გარეშე მსჯავრდებულ ყველა პირზე, ანუ მომხმარებლებზე, გავრცელდეს პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პირები იყვნენ ადრე ნასამართლევი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის“.

მეორე მოსმენით კომიტეტში განხილვისას ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეშვიდე მუხლი დაიწუნა მთავარმა პროკურატურამ. საქმე ის არის, რომ მეშვიდე მუხლის არსებული რედაქციის მიხედვით, სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან მცდელობის გამო. მთავარი პროკურორის მოადგილის კახაბერ წერეთლის თქმით, ამნისტიის ეს მუხლი გარკვეულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს:

„სასჯელის განახევრება ისეთ შემთხვევაში, როცა საუბარია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ან თუნდაც მცდელობაზე, ეს ყველაფერი თავისი არსით ძალზე მძიმე დანაშაულებია და მათი განახევრება მიგვაჩნია ძალიან დიდ და გაუმართლებელ შეღავათად. აქ შესაძლებელია, ამნისტიის ლოგიკიდან გამომდინარე, ვიფიქროთ მხოლოდ ერთი მესამედით შემცირებაზე. ანდა შესაძლოა ვიფიქროთ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ დანაშაულის მომზადება და მცდელობა. ერთი სიტყვით, ჩვენი პოზიციაა – სასჯელის განახევრების ნაცვლად, მხოლოდ მესამედით შემცირება“.

ამნისტიის შესახებ კანონზე მუშაობისას სამართალდამცავი სტრუქტურების შენიშვნებისა და პოზიციის გათვალისწინებას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ამნისტიას, როგორც ჰუმანურ-სამართლებრივ აქტს, თუმცა ხელისუფლებას პასუხისმგებლობასაც შეახსენებს:

„რეალურად პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამნისტიის შედეგების თაობაზე უნდა აიღოს როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა იმდენად, რამდენადაც ასეთი ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ყოველთვის მოსალოდნელია კრიმინალიზაციის დონის გაზრდა, რაც, გარკვეულწილად, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა ახალი წლის დადგომამდე უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორთა თქმით, ამნისტია 15 ათასამდე პატიმარსა და მსჯავრდებულს შეეხება.