პატარა ესტონეთი, ლიტვა და ლატვია დაემშვიდობნენ იმ დროს, როდესაც რუსეთს ემორჩილებოდნენ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდნენ და ახლა ანალოგიური გზის გავლაში თავიანთი პოსტსაბჭოთა მეზობლების დახმარება სურთ.
თიინა ლოკმა იცის, რას ნიშნავს მეზობლის დახმარება, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდება.
ოდესღაც, როდესაც მისი მშობლიური ესტონეთი მრავალწლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ ფეხზე დადგომას ცდილობდა, ესტონეთის კინოინდუსტრია ნანგრევებში იყო მოქცეული. თუმცა, მეზობლების, შვედეთისა და ფინეთის დახმარებით, ბალტიისპირელმა რეჟისორებმა საკუთარი კინემატოგრაფიის გადარჩენა შეძლეს.
დღეს ქ-ნი ლოკი ბალტიისპირეთის უმსხვილეს კინოფესტივალ „შავ ღამეებს“ ხელმძღვანელობს, რომელიც ყოველი წლის ნოემბერში იმართება. ის ცდილობს ფესტივალზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რეჟისორების მოწვევას (დაწყებული ბელარუსიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, დამთავრებული საქართველოთი და უზბეკეთით), რეჟისორების, რომელთაც მოსკოვში სწავლის დროს დაუმეგობრდა. ამგვარად მას სურს დაეხმაროს მათ, წარსულს ჩააბარონ რუსეთისადმი მორჩილების დრო, ისევე როგორც ესტონეთს დაეხმარნენ ამაში სკანდინავიის ქვეყნები.
„თუკი შენ დაგეხმარნენ, ვალდებული ხარ შენც დაეხმარო“, დარწმუნებულია ლოკი.
იმას, რასაც ლოკი აკეთებს, ესტონეთი და მისი ბალტიისპირელი მეზობლები უფრო ფართო მასშტაბში აკეთებენ. ბოლო წლებში, ამ პატარა ბალტიისპირული სახელმწიფოების, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებულია რეფორმების ხელშეწყობაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ბალტიისპირელები, ეყრდნობიან რა კომუნისტური რეჟიმიდან თანამედროვე დემოკრატიაზე გადასვლის საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას, ემხრობიან იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპის და ამიერკავკასიის ქვეყნები ერთ მშვენიერ დღეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდნენ და ქმნიან პროგრამებს, რომლებიც ამ ქვეყნებს მართვის სისტემაში ეფექტურობის და გამჭვირვალობის მიღწევაში ეხმარება.
მათთვის ეს ახალი, მაგრამ ბუნებრივი როლია. მრავალი წლის განმავლობაში ისინი დასავლეთს შესცქეროდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის და ეკონომიკური მოდელის განმტკიცებას, ასევე ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას. დღეს, საკუთარი მდგრადი ეკონომიკური ზრდის წყალობით, მათ შეუძლიათ დაეხმარონ მეგობრებს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და გაუზიარონ მათ გარდამავალი პერიოდის საკუთარი გამოცდილება.
„ბალტიისპირეთის ქვეყნები ხელს უწყობენ ევროპული იდეების განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინასა და აღმოსავლეთით მდებარე ყველა ქვეყანაში“, ამტკიცებს კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის თანამშრომელი. „მათ ლამის ყველაზე დიდი ძალისხმევა გაიღეს იმისთვის, რომ ამ ქვეყნებს ევროპულ ინსტიტუტებში მხარდაჭერა მიეღოთ“.
„ისინი სულიერი ხიდის როლს ასრულებენ“, ამბობს გოგოლაშვილი, „ზოგჯერ თარჯიმნებივით არიან, რომლებიც უხსნიან ევროკავშირს ჩვენს ჭეშმარიტ განზრახვებს“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირმა სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა „აღმოსავლელ პარტნიორებად“ დაასახელა და განაცხადა, რომ ევროპა მათ უფრო ყურადღებით უნდა ეპყრობოდეს.
„აუცილებელია, რომ ევროკავშირმა მეტი ყურადღება დაგვითმოს“, ამბობს გოგოლაშვილი. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა ევროპიზაციისა და ევროპის ნაწილად ქცევისა“.
ვალის მოხდის გზა
საერთო საბჭოთა წარსული ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს უბიძგებს იმისკენ, რომ დაეხმარონ ამ ქვეყნებს საბჭოთა მმართველობის შემდეგ რეფორმების განხორციელებაში. „აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა. „ჩვენ მათი პრობლემები ყველაზე კარგად გვესმის ევროკავშირში. ისინი ჩვენ უფრო გვენდობიან, ვიდრე სხვებს, ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ყველაზე მეტად ვაქტიურობთ, და მომავალშიც ასე იქნება“.
ვილნიუსელი ქრისტინა ვაიჩუნაიტე 1991 წელს, როდესაც მისი ქვეყანა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა, მოზარდი იყო. ის იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სკოლებში სკანდინავიელები გამოჩნდნენ, რომლებიც უცხოეთში სწავლისთვის მათ სტიპენდიებს სთავაზობდნენ.
ახლა ქ-ნი ვაიჩუნაიტე, რომელიც ვილნიუსში ბელარუსის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთევროპული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს, ფაქტობრივად იმავეს აკეთებს, ეხმარება რა ბელარუსელ სტუდენტებს ვილნიუსში სასწავლო პროგრამებში მონაწილეობასა და ახალგაზრდულ ბანაკებში მოგზაურობაში.
„როდესაც ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება უნდოდათ, ისინი აცნობიერებდნენ, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუკი მათ ინტერესებს სკანდინავიელები წარადგენდნენ, როგორც უახლოესი მეზობლები“, გვიხსნის რიჰარდ ბერუგი, რიგის ალიანსის „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“ წარმომადგენელი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიღწევას ცდილობს. „ახლა ესტაფეტა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უნდა გადმოიბარონ და შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყონ განვითარების პროცესს აღმოსავლეთში“.
იმედისმომცემი გზა
ვაიჩუნაიტეს და ბერუგის პროექტები მოიცავს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ორგანიზებული ინიციატივების კრებულს. ამ ინიციატივების მიზანია დემოკრატიის ხელშეწყობა და მართვის ხარისხის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, პირველ რიგში საქართველოში, მოლდოვაში, ბელარუსსა და უკრაინაში. პროექტები ფოკუსირებულია ჩინოვნკების მომზადებაზე, კიბერშეტევებისგან თავდაცვასა და „ელექტრონული მთავრობის“ პრაქტიკის დანერგვაზე.
ბელარუსში შედეგები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, საქართველოში ის იმედისმომცემია. საქართველო – ღარიბი, სამოქალაქო ომისგან დაზარალებული ქვეყანა, რომლის არსებობაც კი საფრთხის ქვეშ დადგა რუსეთთან ომის შემდეგ – ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე უკეთ იმართება.
როდესაც ოქტომბერში ამომრჩევლებმა ხმა ახალ მთავრობას მისცეს, ხელისუფლების გადაცემამ მშვიდობიანად ჩაიარა. „მათ ჩააბარეს ტესტი“, მიაჩნია ვაიჩუნაიტეს. „ამჯერად ადგილი არ ჰქონია ამაზრზენ ქუჩის შეტაკებებს. საქართველოსთვის ეს რაღაც ახალია“.
ბუნებრივი ახალი როლი
როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა კატეგორიული უარი თქვეს ბელარუსთან, უკრიანასა და რუსეთთან ერთად, ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ახალ ფედერაციააში „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ (დსთ) გაწევრიანებაზე. ისინი ცდილობდნენ ისეთი იარლიყებისგან გათავისუფლებას, როგორებიცაა „აღმოსავლეთევროპული“ ან „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნები და პრიორიტეტად დაისახეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ეს უზარმაზარი ამოცანა გახლდათ.
„ყველაზე მამაცი მეოცნებეებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელი იყო“, იხსენებს ბ-ნი პაბრიკსი, 2004-2007 წლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა ბალტიისპირეთმა ამას მიაღწია, მათ შორის, ბევრისთვის კაპიტალიზმის სასტიკ და მძიმე ფორმაზე გადასვლის წყალობით, და ახლა საკუთარი მოდელის ექსპორტს ცდილობს.
განსაკუთრებით მკვეთრად შეიცვალა ესტონეთი, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკიდან სწრაფად გარდაიქმნა ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე დემოკრატიად მსოფლიოში, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტმა.
შარშან, ესტონეთმა შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი, რომელიც „ელექტრონული მთავრობის“ სფეროში გამოცდილებას უზიარებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ცენტრი ეხმარება თბილისს ასევე ევროკავშირთან კავშირების განმტკიცებაში.
„ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ამ ხალხს უფრო დემოკრატიული და მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს ჩამოყალიბებაში“, ამტკიცებს ცენტრის ხელმძღვანელი ვაჰურ მადე. ცენტრი ჩინოვნიკებს და ინჟინრებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს „ევროინტეგრაციაზე“ და სემინარებს „ელექტრონული მთავრობის“ შესახებ.
„ჩვენ „ელექტრონული მთავრობის“ პოლიტიკური და ფილოსოფიური ცნების გავრცელებას ვცდილობთ“, ამბობს მადე. „ის საზოგადოებას უფრო გამჭვირვალეს და გახსნილს ხდის, ასევე ნაწილობრივ ზღუდავს… მთავრობის საქმიანობას“.
რუსულ გავლენასთან დაპირისპირება
ამ პატარა ბალტიისპირულ სახელმწიფოებში, რომლებიც დიდხანს ოკუპირებულები იყვნენ, ვერავინ ვერ ივიწყებს იმას, რომ ასობით ათას ბალტიისპირელს 1945-1955 წლებში ციმბირში დეპორტაცია გაუკეთეს, ვერც იმას, რომ 50 წლის განმავლობაში მათ რუსულ ენას თავს ახვევდნენ.
„დღემდე მიმაჩნია, რომ რუსეთი მტერია, რომელიც ნდობას არ იმსახურებს“, ამბობს ლატვიის თავდაცვის მინისტრი პაბრიკსი. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან თანამშრომლობას არ უნდა შევეცადოთ, მაგრამ ასეთი თანამშრომლობის წარმატების დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“.
ექსპერტების აზრით, ევროპისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების და დემოკრატიის განმტკიცება რეგიონში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ცხადყოფს იმას, თუ რა შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს.
„სასარგებლო იქნებოდა ევროკავშირის საგარეო საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცება“, ამბობს ჰეუკო პიაებო, ტარტუს უნივერსიტეტის ბალტიისპირული კვლევების ცენტრის დირექტორი. „სჯობს, საერთო საზღვარი მოკავშირეებთან გვქონდეს, ვიდრე მტრულად განწყობილ ქვეყნებთან“.
შარშან საპარლამენტო არჩევნებში ლატვიაში, სადაც მოსახლეობის მესამედს ეთნიკური რუსები შეადგენენ, ბევრი ხმა მიიღო პრორუსულმა პარტია „თანხმობის ცენტრმა“. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს, როგორც ჩანს, იმას უკავშირდება, რომ ამომრჩევლები დაიღალნენ ეკონომიის პოლიტიკით. მიუხედავად ამისა, ბ-ნ პიაებოს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია ცდილობს ბალტიისპირეთში თავისი გავლენის გაზრდას. პიაებო ამას „რუსულ იმპერიულ აზროვნებას“ უწოდებს.
„დღევანდელი რუსული ადმინისტრაციის მხრიდან, ძველი საბჭოთა იმპერიის თუ არა, გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ ამ აღმოსავლელმა მეზობლებმა სულ უფრო აქტიურად მიმართონ თავიანთი მზერა ევროპისკენ და არა რუსეთისკენ“, მიაჩნია პიაებოს. „ბალტიისპირეთის ქვეყნები, შეძლებისდაგვარად, დაეხმარებიან ამ ქვეყნებს ევროპასთან დაახლოებაში“.
„დღეს გეოპოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული ადამიანების გულებისა და გონების დასაპყრობად“, ეთანხმება პიაებოს ტალინის თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელი ჰანეს ჰანსო. „მნიშვნელოვანია ის, თუ რა გზას დაადგებიან ეს ქვეყნები“.
მისი თქმით, ესტონეთი პრაგმატულად მოქმედებს და მიჯნავს პოლიტიკურ საკითხებს ეკონომიკური საკითხებისგან. „რუსეთი დღეს ესტონეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ რაიმე პოლიტიკურ შეხვედრებს რუსეთის და ესტონეთის პრეზიდენტებს ან პრემიერმინისტრებს შორის“.
არაერთგვაროვანი გამოცდილება
ექსპერტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ კავშირების განმტკიცება აღმოსავლეთ ევროპასა და ამიერკავკასიასთან. თუმცა, ბ-ნი ჰანსო ფიქრობს, რომ ამ მიდგომას შეზღუდვებიც ახლავს.
„ათი წლის წინ ჩვენ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ ამ გარდამავალ ქვეყნებს იმავეს გაკეთება სურდათ, რაც ჩვენ“, ამბობს იგი. „ახლა ჩვენ სიტუაციას რეალურად ვაფასებთ და არ მიგვაჩნია, რომ მათ აუცილებლად დასავლეთთან უნდათ და არა აღმოსავლეთთან“.
„რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა – ეს ორმხრივი პროცესია“, ამტკიცებს ჰანსო. „ჩვენ უკვე გავაცნობიერეთ, რომ ბალტიისპირეთის წარმატების გამეორება სხვაგან რთული იქნება“.
foreignpress.ge