ქუთაისი პროტესტით დახვდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა. ამის პარალელურად კი გარეთ ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობდა.
რიგითი ქუთაისლებისთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის ჩასვლა საპარლამენტო დედაქალაქში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეკრებილმა ქუთაისლებმა შენობის შესასვლელები გადაკეტეს და პრეზიდენტს გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პრეზიდენტი შენობიდან გაძლიერებული დაცვის ქვეშ გაიყვანეს. დაცვამ შენობის მთავარ შესასვლელთან, პირდაპირ ქვაფენილზე მიაყენა პრეზიდენტის ავტომობილი და პრეზიდენტი ჩასვა, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში აქციის მონაწილეებმა არც პრეზიდენტის ავტომობილს მისცეს გადაადგილების საშუალება.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ტერიტორია დატოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ შეკრებილი ხალხი უმცირესობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აკაკი მინაშვილსა და მარიამ საჯაიას. კერძოდ, აკაკი მინაშვილი ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში, როდესაც მინაშვილმა აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფითვე უპასუხა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ნაცმოძრაობის წევრები მომხდარს დემოკრატიის დასამარებად აფასებენ:
„ახალი ხელისუფლება აწყობს მიტინგებს ოპოზიციის წინააღმდეგ. ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს საცოდავ ადამიანებს, რომლებიც იქცევიან როგორც ველურები“, - ასეთი იყო ნუგზარ წიკლაურის, ჩიორა თაქთაქიშვილის, აკაკი მინაშვილის შეფასებები.
თუმცა, ნაცმოძრაობის რეაქცია მარტო შეფასებებით არ შემოფარგლულა. საპარლამენტო უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობა შეაჩერა და თბილისში დაბრუნდა. წასვლის წინ კი მედიასთან სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ქვეყანაში დღეს რამდენიმე ისეთი მოვლენა მოხდა, რომელიც ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყებაზე მიუთითებს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარებას, მოგვიანებით ქუთაისში პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რომელიც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრებას.
„ქვეყანა მიადგა ზღვარს, როცა მთავრდება დემოკრატია და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების პოლიტიკური დევნა და განადგურება იწყება. ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა წესების გარეშე“, - აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
არსებულ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მათ საპარლამენტო დემოკრატიის ფასადური იერსახე არ უნდა შექმნან და მიზანშეწონილია, თუკი პარლამენტში საქმიანობას შეაჩერებენ. მათივე განმარტებით, უმცირესობის შემადგენლობაში გაგრძელდება მსჯელობა, თუ რა ფორმითა და მეთოდებით გააგრძელებენ ხვალიდან პოლიტიკურ საქმიანობას.
თავის მხრივ, ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მოქალაქეების ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის ინციდენტი პარლამენტში შესვენების დროს, 16:00-დან 17:00 საათამდე მოხდა, როცა უმცირესობის წევრები იმყოფებოდნენ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მანვე მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს, მოხსენდეს პარლამენტს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, რადგან უმრავლესობის მოვალეობაა, აღკვეთოს ისეთი რამ, რაც პარლამენტარის ფიზიკურ შეურაცყოფას ეხება.
„თუ ეს ხალხი ჩვენ არ დავიცავით დღეს, ამ დღეში აღმოვჩნდებით ჩვენ ყველანი შემდგომში. თუ ჩვენ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ სტანდარტი, ძალიან მალე ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა და ისიც გაიხსენა, თუ როგორ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი ოპოზიციის მიმართ წინა ხელისუფლების პირობებში.
იმის გარკვევას, თუ როგორი განწყობაა ნაცმოძრაობის მიმართ ქუთაისლებში, თავად ქუთაისლებისგან შევეცადეთ. ამასთან, ჩვენი სურვილი იყო, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც შეეფასებინათ მომხდარი, მაგრამ ზოგიერთი ტელეფონს არ პასუხობდა, ზოგი აცხადებდა, რომ სხდომათა დარბაზში იყო და არ იცოდა, გარეთ რა ხდებოდა.
ქუთაისში „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია აცხადებს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი აქცია, რადგან სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცოდა, რომ ორი საათისთვის ქუთაისის პარლამენტთან ტარდებოდა მისი საწინააღმდეგო აქცია. ამიტომ მისი გამოჩენა ჰგავდა ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას.
„როცა იცი, რომ ადამიანები ზიზღით არიან პრეზიდენტის მიმართ განწყობილნი, მათ ცხვირწინ იმხელა ესკორტით გამოსეირნება, ალბათ, ამ შედეგსაც გამოიწვევდა. ეს ნაციონალებმა დაგეგმეს, აქეთა მხარე კი არ უნდა წამოგებოდა ამ პროვოკაციას. ამაში პირადად ვადანაშაულებ მიშა სააკაშვილს. მე თვითონ ვარ იმის მოწმე, როგორ დაჯირითობდა 30 მანქანიანი ესკორტით მთელ ქალაქში, შემდეგ სპეციალურად მთავრობის სახლთან გააჩერა ესკორტი, საიდანაც ას მეტრში იმართებოდა ის აქცია“, - აცხადებს გოგი წულაია.
მისი თქმით, ეს იყო ქუთაისლების გამოწვევა, რადგან ნაციონალების ოფისში მისვლა სხვა გზითაც შეიძლებოდა და არა ასე აფიშირებულად. სააკაშვილი კი არა მარტო მივიდა ქალაქის ცენტრში მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ჩაატარა თათბირი, არამედ კიდევ დაყენებული სახით იმუქრებოდა და იმოძღვრებოდა, როგორი უნდა იყოს დემოკრატია.
გოგი წულაიას ინფორმაციით, ქუთაისელების რეაქცია მიხეილ სააკაშვილისადმი ძალზე უარყოფითია, ქუთაისს ნეგატიური განწყობა აქვს ნაციონალების მიმართაც და ზუსტად დღეს ამოხეთქა ამ აგრესიამ.
„ჩემი აზრით, სამართლიანობის აღდგენა ამ ქვეყანაში ნელა მიმდინარეობს, ამიტომ საშიშროების წინაშე ვართ, რომ ხალხმა თავად არ მოუწყოს გასამართლება აკო მინაშვილებს, გოკა გაბაშვილებს, ჩიორებს, ნუგზარ წიკლაურებს და ნაცმოძრაობის სხვა ოდიოზურ სახეებს. მე პირადად გამიკვირდა, რატომ დაშლიგინობს ეს კაცი-თქო და შემდეგ შედეგს რომ შევხედე, მივხვდი, რომ ამისთვის დაშლიგინობდა. ხომ შეეძლო, ჩუმად ჩამოსულიყო და სულ ვერ გაგვეგო ქუთაისლებს, მიშა ჩამოვიდა თუ არა, მაგრამ უნდოდა, ენახებინა, აგერ ვარ მე და მაგარი ვარო. სპეციალურად გააკეთა ეს,“ - აცხადებს გოგი წულაია.
ამასთან, პროგნოზირებს, რომ მომავალშიც ქუთაისლები კვლავაც ასეთი რეაქციით დახვდებიან ქუთაისში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს, თუკი ის კიდევ ასე გამომწვევად მოიქცევა.
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის აქციის მონაწილე თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ დღეს მათი აქცია ქუთაისში მართლაც გაიმართა, მაგრამ ეს მოხდა პარლამენტის შენობასთან, ინციდენტი კი მოხდა ქუთაისის მერიასთან.
„მე არ ვიცი, ინციდენტისას რა მოხდა, მაგრამ პრეზიდენტს, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ქვეყანას და გუშინ რა განცხადებაც გააკეთა ბრიუსელში, არცერთ ქუჩაზე გავლის უფლება არ უნდა მიეცეს. მან თქვა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე ჩამორჩენილი და კორუმპირებული ქვეყანა იყოო. ამიტომ, ის პრეზიდენტი კი არა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც აღარ არის. ყველა რაიონი, სადაც მას მძიმედ არ შეხვდებიან, საკუთარ თავს მიაყენებს შეურაცხყოფას. მან შეურაცხყოფა მოგვაყენა, როცა მიწაზე ფორთხავდა“, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
მისი თქმით, ზუსტად სამი წლის წინ, 19 დეკემბერს ქუთაისში ააფეთქეს მემორიალი, რასაც დედა-შვილი შეეწირა. ამდენად, დღევანდელ დღეს ქუთაისში არ უნდა ჩასულიყო პრეზიდენტი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ააფეთქეს მემორიალი.
„ეს ქუთაისლების შეფურთხება იყო. ჩამოვიდა და ლანძღა „ქართული ოცნება“, იმდენი შეცდომა დაუშვა ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“, რაც ცხრა წელიწადში არ გაგვიკეთებიაო. შეურაცხყოფილი ვარ, რომ ქვეყანას ჰყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველოში უნდა დამთავრდეს პრეზიდენტის პარპაში. ხელმოწერები 300 ათასის ფარგლებშია“, - გვითხრა თემურ შაშიაშვილმა.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს საერთოდ ქუჩაში არ გამოესვლება და პრეზიდენტის საკუთარ ხალხთან დატოვება საშიშია, რადგან თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში დედამიწის ზურგზე თუ რაიმე უსინდისობის ჩადენა შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა და ბევრი რამ დაუშავა საკუთარ ხალხს.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, პრეზიდენტი ახლაც ვერ აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას და ნაცვლად იმისა, რომ სინანულში იყოს ჩავარდნილი და საზოგადოებას ბოდიშს უხდიდეს, კიდევ გამაღიზიანებელი ფრაზებით გამოდის.
„მახსოვს, რამდენიმე ხნის წინ გავაფრთხილე სააკაშვილი, ისე არ მოქცეულიყო, რომ მისი დაცვა ვეღარ შეძლებოდა სახელმწიფოს. ვშიშობ, იგი ხალხის ანგარიშსწორების სუბიექტი არ გახდეს, რაც ძალიან ცუდი იქნება. ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ ამის სურვილი საზოგადოების ნაწილში არსებობს. ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა აქციაზე, არ მაქვს, მაგრამ არ გამიკვირდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ აკაკი მინაშვილმა თავად მიაყენა შეურაცხყოფა ხალხს და მათგანაც საპასუხო რეაქცია მიიღო. ზოგადად, აკაკი მინაშვილი ძალიან უტაქტო და არაკორექტული ადამიანია. ეს ეტყობა მის საპარლამენტო მუშაობასაც. შეიძლება, უზრდელურად, ყოყლოჩინად მოქცეულიყო და ამით მოეხდინა ხალხის პროვოცირება“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული თავდასხმა პრეზიდენტზე, რადგან ეს ადამიანები ცდილობდნენ იმ შენობაში შეჭრას, სადაც იმყოფებოდა პრეზიდენტი. რომ არა პრეზიდენტის დაცვის ძალისხმევა, ბობოხიძის აზრით, არავინ იცის, რა მოხდებოდა და, რეალურად, დაცვამ აღკვეთა პრეზიდენტზე თავდასხმა, რომელიც შემდგომში გადაიზარდა უმცირესობის წევრებზე თავდასხმაში.
„მე არ ვიცი, ისინი ვისი მომხრეები იყვნენ, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე ადამიანები, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნების“ შტაბის აქტივისტებად გვევლინებოდნენ. ყველას აქვს უფლება, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აქტივისტებსაც, მაგრამ არავის აქვს შენობაში შეჭრის უფლება“, - აცხადებს კაკო ბობოხიძე.
ამასთან, მისი თქმით, თვითმხილველია ამ ყველაფრის. თუმცა არ აქვს ინფორმაცია, თავად აკაკი მინაშვილმა მიაყენა თუ არა შეურაცხოფა აქციის მონაწილეებს. ზოგადად, მისი თქმით, იქ შეურცახყოფას აყენებდნენ ყველას, ზოგს ფიზიკურს და ზოგსაც - სიტყვიერს და ეს არ იყო ქუთაისის მოსახლეობა.
„ეს იყო დაახლოებით 70-მდე ეგზალტირებული ადამიანი, რაც ახალი ხელისუფლების პრობლემაა, რომელიც მსგავს აქციებს მშვიდად უყურებს. „ქართული ოცნება“ პანდორას ყუთს ხსნის, რომლის მიზანიცაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრული კონტროლი დაამყაროს ხელისუფლების ყველა შტოზე“, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
ჩვენს შეკითხვაზე, უბრალო ქუთაისლების განწყობა როგორია პრეზიდენტის მიმართ, კაკო ბობოხოძე გამოკითხვის შედეგებს იშველიებს, სადაც პრეზიდენტის რეიტინგი წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაბალია და ამ რეიტინგს არც კაკო ბობოხიძე აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა კვლავაც იმეორებს, რომ ეს 70 კაცი არ იყო ქუთაისის მოსახლეობა.
„რამდენიმე ადამიანი ჩამოსული იყო, მათ შორის, მეზობელი სოფლებიდან“, - აცხადებს ბობოხიძე.