"ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის აყვავება იყო, სინამდვილეში ძალაუფლებით ტკბობისკენ ისწრაფვოდნენ; ეს იყო კორპორატიული, ვიწროგუნდური აზროვნების კლასიკური ნიმუში - ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის მთელი საქმიანობა ორი ნიშნით ხასიათდებოდა - ძალადობა და თვითგამორჩენისთვის ბრძოლა, საზოგადოების დიდი ნაწილი კი მათ ბრმად ემსახურებოდა. ამგვარი აზროვნებისთვის დამახასიათებელია კარჩაკეტილობა, გუნდის სიმცირე, როცა სამთავრობო კარუსელში ერთი და იგივე პიროვნებები მონაწილეობენ. ისინი ამბობდნენ, რომ კრიმინალს წარმატებით ებრძოდნენ, ქვეყანაში წესრიგი დაამყარეს, სინამდვილეში კი მთელი ცივილიზებული სამყარო ცნებაში "წესრიგი" სამ პოსტულატს გულისხმობს: სიცოცხლის უზრუნველყოფა, საკუთრების უფლების დაცვა და კეთილდღეობა. რა უნდა დანაშაულის "დამარცხებას", როცა არასრული ცხრა წლის განმავლობაში 400 ათასზე მეტ კაცს დააპატიმრებ? დანაშაულთან ბრძოლა მაშინ არის წარმატებული, როცა ის კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს", - აცხადებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მინისტრი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის შექმნას ეცდება, განწირულია".
"ვარდების რევოლუცია" იყო ე.წ. საფეხუროვანი გეგმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში იყო აპრობირებული; ამ გეგმის განხორციელება 1998 წელს დაიწყო, როცა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ გადაწყვიტა, ხელისუფლებაში იმაზე ადრე მოსულიყო, ვიდრე შევარდნაძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდოდა; ამ გუნდმა, რომლის ყველა წევრი შევარდნაძის ხელდასხმული იყო, თანდათან მისგან ხელოვნური დისტანცირება დაიწყო. ცხვარიჭამიას ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში ახალგაზრდულ მოძრაობა "კმარას" ტრენინგები უტარდებოდა, როგორ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ორგანოების პარალიზება, ხალხის მობილიზება, მასობრივი არეულობის მოწყობა. კარგად ვიცოდით, რომ მათ პროვოკაციების მოწყობა ჰქონდათ განზრახული და ვცდილობდით, არ ავყოლოდით. ისინი, გამიზნულად მოქმედებდნენ, რომ დაგვერბია, რასაც ძალადობის ტალღა მოჰყვებოდა. ისიც ვიცოდით, რომ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობდა, რის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტი ინფორმირებული იყო. ამ შიგა პროცესებმაც დიდი როლი შეასრულა "ვარდების რევოლუციაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა ნარჩემაშვილი.
"მთავარი მაინც ის არის, რომ ხელისუფლება, მინისტრი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ პოლიციად ქცევას მოინდომებს, განწირულია. ამ სისტემის ქვეყნის შიგნით, ჟანდარმად გამოყენება ასეთ შედეგს მოიტანს, ვანო მერაბიშვილის გადაყენება კი მხოლოდ დამატებითი ფაქტორი იყო, შესაძლოა, ამან კატალიზატორის როლი შეასრულა. ცვლილება იმ ზღვარგადასულ ძალადობას მოჰყვა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის წესად აირჩია სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამ შემთხვევაში, პოლიციის მობილიზება, ვერაფერს გიშველის, ჩემი ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში "ნაციონალებმა" არჩევნები წააგეს, თანამშრომლებმა მათ ხმა არ მისცეს, ესე იგი, რეჟიმის მსახურებმა თვითონ თქვეს უარი მის სამსახურზე, პროტესტის განცდა გაუჩნდათ. 1-ლი ოქტომბერი საარჩევნო რევოლუცია იყო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ქვეყანაში დანაშაულის რიცხვს თვალშისაცემად არ მოუმატია. ეს ფაქტები, ვეჭვობ, რომ გარკვეულწილად, საბოტაჟის ნიშნების შემცველი იყო და გარკვეული ჯგუფების მიერ იყო მართული. უახლოეს დღეებში, ამნისტიის შედეგად, ციხიდან ათასობით პატიმარი გამოვა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საგანგებო გეგმა დანაშაულის პრევენციის მიზნით, თუმცა, მცირე პრობლემები იქნება. ყოველდღიური სირთულეების დაძლევის შემდეგ კი შსს-ში აუცილებელია რეორგანიზაციის ჩატარება. ყველაფერი პიროვნებებზე ჩამოკიდებული აღარ უნდა იყოს. პოლიციამ სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანის უფლებებს შორის ოქროს შუალედი უნდა დაიცვას", - დასძენს კობა ნარჩემაშვილი.