"ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ"

"მე ჩამოვაყალიბე კუს ტბის სამეთვაყურეო საბჭო და ხარძიანი მივიღე, როგორც ჯარისკაცი. თავდაპირველად, ჩვენთან ერთად კუს ტბის მფლობელები იყვნენ ექიმთა ჯგუფი "ეი-სი-ტი - ეს ჯორჯია". კუს ტბის ლანდშაფტური პირობების განვითარებისთვის გვინდოდა ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა, თუმცა იმ ეტაპისთვის, ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ, რადგანაც მათ გარკვეული ფინანსები ჰქონდათ, ისინი შემოვიყვანეთ წილში. მაშინ ხარძიანი იხვეწებოდა, როგორც ჯარისკაცი მიმიღეთო და რა აფერა დაატრიალა იქ. მართვისთვის რომ უკეთესი ყოფილიყო, ერთობლივი შეთანხმებით, ორი შპს დავარსეთ, რათა ქონების ნაწილის მართვა პროპორციულად მომხდარიყო, მაგრამ მალევე ხარძიანი-კიკაბიძის თაღლითური, ოფშორული სქემის მეშვეობით, მოხდა ჩვენთვის ამ ქონების წართმევა", - აცხადებს კუს ტბის ერთ-ერთი ყოფილი პარტნიორი ილია კაკაბაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ახალი სკანდალი კუს ტბის ირგვლივ" / "ბესო ხარძიანსა და ბუბა კიკაბიძეს პროკურატურაში უჩივიან და კუს ტბის "ახევაში" ადანაშაულებენ".

"მალე პროკურატურაში შევა საქმე და იქ დასახელდება იმ მოსამართლეების გვარები, რომელთა მეშვეობითაც ხარძიანისა და კიკაბიძის ტანდემმა კუს ტბის ხელში ჩაგდება მოახერხა. იმედია, ისინი აღიარებენ, რომ სხვისი ქონების მისაკუთრება მოახერხეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეს მიეცემა მსვლელობა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კალანდაძე იყო, თუ არ ვცდები. მოდიოდა ინფორმაცია, რომ უშუალოდ, სასამართლოს თავმჯდომარის, შავლიაშვილის პატრონაჟით მოახერხა ხარძიანმა ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება. სასამართლომ უდიდესი დარღვევებით მოახდინა მათი გამართლება. ხარძიანი მაშინ კიკაბიძის ხელდასმული და წარმომადგენელი იყო. მართვის პროცესში იყო დაარსებული ორი შპს "კუს ტბა" და "კუს ტბა 21". ორივე შპს ერთი და იგივე იურიდიული პირის მიერაა შექმნილი, შემდეგ კი თავის მიერვე შექმნილ შპს-ებზე ამბობდა, არასამართლებრივიაო. კიკაბიძემ მიმართა სასამართლოს იმ მოტივით, თითქოსდა არ იცოდა ამ შპს-ს არსებობა. ეს მათი ერთობლივი აფერა იყო სასამართლოსა და "ნაციონალური" სამთავრობო რესურსის გამოყენებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ილია კაკაბაძე.

"ხარძიანს ჰქონდა კიკაბიძის მინდობილობა. რამდენიმე წლის შემდგომ კიკაბიძემ განაცხადა, არ ვიყავი ამ საქმის კურსშიო და ამ მოტივით გააუფასურეს იმ შპს-ს ქონება, რომელშიც ჩვენ ვიყავით და წაგვართვეს ჩვენი საკუთრება. კიკაბიძე მუდმივად იყო აქ და დღესაც არის კუს ტბის ერთ-ერთი მფლობელი. კიკაბიძის წარმომადგენელი მაშინ ხარძიანი იყო. კიკაბიძე აცხადებდა, რომ ამ ახალი შპს-ს დარეგისტრირების საქმის კურსში არ იყო, ასსეტ შემთხვევაში კიკაბიძეს უნდა ეჩივლა ხარძიანისთვის, რადგან ის დადიოდა პარტნიორთა კრებებზე, როგორც მისი წარმომადგენელი. ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ ბოლომდე. მოზიდული გვყავდა შვეიცარიელი ინვესტორები, მაშინ, დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, მაგრამ ისეთი თაღლითური რაღაცეები დაახვედრეს, უცხოელებმა გადაიფიქრეს. პროკურატურისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს, როგორ მოქმედებდა ხარძიანი-კიკაბიძის ტანდემი, სააკაშვილის მოსამართლეებთან ერთად", - განაცხადა კუს ტბის ერთ-ერთ ყოფილ აქციონერმა ნუგზარ ჭიჭინაძემ.