ედუარდ შევარდნაძე:

ედუარდ შევარდნაძე:"დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება"

"ბუნებრივია, ვაკვირდებოდი, რა ვითარება იყო ქართულ პოლიტიკაში და ანალიზის შემდეგ ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებდა. მაშინაც კი, როცა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი გამოსული იყო. რა თქმა უნდა, მხედველობის არეში მქონდა მისი საქმიანობაც, ვხედავდი, რომ ის ყოველთვის სიტყვის კაცი იყო და რასაც ამბობდა, ყველაფერი საფუძვლიანად ექნებოდა აწონილ-დაწონილი და გააზრებული. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" საქმე დამთავრებულია. ქვეყნის მომავლისათვის ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა სწორად წაიყვანოს საქმე და შეცდომები არ დაუშვას. შეცდომისაგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ მე სერიოზულ შეცდომებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ივანიშვილმა სწორი გზა აირჩია და მომავალშიც ამ გზით უნდა იაროს", - აცხადებს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალური მოძრაობისა" საქმე დამთავრებულია" / "დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება".

"ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სასამართლომ და პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო რას ამბობენ ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მათი კრიტიკა ხალხისთვის მნიშვნელოვანი სულაც არ არის, რადგან ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და ელოდება. იგივე უნდა ვთქვა ირაკლი ოქრუაშვილზეც - ის საქართველოში თავისი ფეხით ჩამოვიდა, იცოდა, რაზეც მიდიოდა, ახლა კი მისი ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სასამართლომ უნდა განსაზღვროს იმსახურებს თუ არა ეს ორი პიროვნება ციხის საკანში ყოფნას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე. 

"ის, რაც ამ ბოლო წლებში საქართველოში და ქართულ ციხეებში ხდებოდა, ადრე არასოდეს ყოფილა. მე ორი დღის განმავლობაში გაოგნებული ვიყავი, როდესაც ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი კადრები ვნახე. არ ვუარყოფ, ძალადობის შემთხვევები ჩემი მმართველობის პერიოდშიც იყო, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, საშინელება იყო... წამება, როგორც მოვლენა, საქართველოში დაკანონებული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ამას ხელს არ უწყობდა. წამება ამ რეჟიმის დამახასიათებელი მოვლენა იყო, რადგან ამ სიმახინჯეს სწორედ "ნაციონალური" რეჟიმი უწყობდა ხელს. ის, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენს ქვეყანაში 300 ათასამდე კაცმა მოიხადა პატიმრობა, ქართველი ერის ტრაგედიაა. დასავლეთის წარმომადგენლებსაც ყოველთვის უკვირდათ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი პატიმრის არსებობა. დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩემთან შეხვედრისას გაოცებას ვერ მალავდნენ მათი სიმრავლის გამო. ხალხში დამკვიდრებულია აზრი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს გადაშენებას უპირებდა. ამიტომაც, მიიღეს საკადრისი პასუხი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე. სხვათა შორის, არჩევნებამდე მე თქვენს გაზეთთან ინტერვიუში ვთქვი: ხალხი დაშინებულია, მაგრამ საარჩევნო ყუთებთან რომ მივა, სინდისის კარნახით იმოქმედებს და "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემს-მეთქი. ქართველი ხალხი ზუსტად ასე მოიქცა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თავდაპირველად, მე მართლაც შევუწყვე ხელი სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას და ამის გამო რამდენჯერმე მოვუხადე ბოდიში ქართველ ხალხს, შემიძლია ახლაც იგივე გავიმეორო. რაც შეეხება პრეზიდენტობას, ქვეყნის პირველ პირად მე ყოველთვის ზურაბ ჟვანიას განვიხილავდი. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში მოვლენები ისე წარიმართა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება და ახლო მომავალში ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. მგონი, არ ღირს ჩემი დადანაშაულება იმაში, რომ 2003 წელს ხელისუფლება უსისხლოდ დავთმე, ეს ჩემ მიერ გადადგმულ ყველაზე ღირსეულ ნაბიჯად მიმაჩნია, რაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც არაერთხელ დაადასტურა. მთავარია, რომ პრეზიდენტის სკამის გამო ქართველი ხალხის სისხლი არ დავღვარე, დანარჩენს კი ისტორია განსჯის", - ამბობს ედუარდ შევარდნაძე.

"კიდევ ერთხელ ვიტყვი: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წაიყვანს საქმეს ბიძინა ივანიშვილი. მთავარია, რომ ქვეყანაში სამართლიანობამ გაიმარჯვა და მომავალში ასეც იქნება - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა. ქართველ ხალხს კი იმავეს ვუსურვებ, რასაც საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს ვუსურვებდი - სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!" - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.