ოქრუაშვილმა შიმშილობის ტალღა ააგორა

ოქრუაშვილმა შიმშილობის ტალღა ააგორა

სკანდალი პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით გრძელდება. „ქართული პარტია“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში პატიმრები მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებენ. „ქართული პარტიის“ ცნობით, ე.წ. მატროსოვის ციხის 26 პატიმარი, რომლებიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა, ამავე სიიდან გაურკვეველი მიზეზით ამოღებული ლევან და კახა ტერაშვილების, დავით შიუკაშვილის და შალვა საბაშვილის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობის გამოცხადებას აპირებს.

პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატიმრებს ამორალურად და გაუგონარ ცინიზმად მიაჩნიათ, თვითონ ციხიდან გავიდნენ და ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი მეგობრები და თანამებრძოლები არიან, საკნებში გამოკეტილი დარჩნენ.

„ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ერთად გადავიტანეთ წამება, დამცირება, შეურაცხყოფა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაგვიჩნდა იმედი და რწმენა, რომ სამართალს ვიპოვიდით, ამიტომ ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია, დაუსაბუთებელი მიზეზებით, ერთსა და იმავე საქმეზე დაკავებული პირებიდან ნაწილის პოლიტპატიმართა სიაში ჩასმა, ნაწილის კი - არა. თხოვნით მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას 19 დეკემბრამდე მოხდეს აღნიშნული ხარვეზის (როგორც თვითონ უწოდეს) გასწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში №9 საპყრობილეს ოცდაექვსი პატიმარი შიმშილობის აქციას შეუერთდება, რომელსაც ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი მეცხრე დღეა, აგრძელებენ“, - „ქართული პარტიის“ ინფორმაციით, ასეთია პატიმრების განცხადება.

შიმშილობის აქციას შემდეგი პატიმრები უერთდებიან - ბიბილური ალექსანდრე, გოგოლაძე ვასილი, ერაძე ალექსანდრე, კობაური კობა, სამხარაძე ზაზა, სალუქვაძე გია, ქველაძე ბადრი, ცილიკაშვილი მიხეილ, აღაჯანაშვილი გიორგი, ბეროშვილი გიორგი, თოდაძე კახაბერი, ბესელია მამუკა, წურიაშვილი სიმონ, მერებაშვილი ფრიდონ, მახარაშვილი ვაჟა, მაკარიძე ზაურ, მუმლაძე რევაზი, ჟვანია ზაალი, კვეზერელი ნიკოლოზ, ბლიაძე პავლე, მამედოვი კაზანფარ, მოლაშვილი თორნიკე, ყეინიშვილი ზაზა, წითელაშვილი ტრისტან, ექვთიმიშვილი გივი.

შეგახსენებთ, 5 დეკემბერს პარლამენტმა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა, რომლითაც პოლიტპატიმრის სტატუსი 190 პირს, ხოლო პოლიტდევნილის - 25 პირს მიენიჭა. ამავე სიაში იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ მოგვიანებით მისი სახელი სიიდან ამოიღეს. „ქართული პარტიის“ დაპატიმრებულმა წევრებმა ამაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დაადანაშაულეს.

„პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე სრულიად ბუნდოვან და გაურკვეველ ვითარებაში კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ბესელიას ერთპიროვნული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, სიიდან ამოღებული იქნენ „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი და ამავე პარტიის წევრები, ძმები ლევან და კახაბერ ტერაშვილები, შალვა საბაშვილი და დავით შიუკაშვილი. ეს უკანასკნელნი რეჟიმის მიერ დაპატიმრებულნი იქნენ 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, შეთითხნილი ბრალდებებით, ე.წ. „ზილების“ საქმეზე“, - ნათქვამი იყო მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათ ბრალდებებს ეკა ბესელიამ იმით უპასუხა, რომ ოქრუაშვილმა იცოდა, თუკი საქართველოში ჩამოვიდოდა, მას პოლიტდევნილის სტატუსი მაშინვე მოეხსნებოდა.

„ოქრუაშვილი იყო პოლიტდევნილთა სიაში. მის მიმართ ნამდვილად განხორციელდა პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაგრამ მან მშვენივრად იცოდა, როდესაც ჩამოვიდა იქამდე, ვიდრე პარლამენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას, პოლიტდევნილის სტატუსი რომ აღარ ექნებოდა. კომიტეტმა თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთო და ამიტომაც გადაიდო ამ სტატუსის განხილვა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივადაა და თუ ვინმეს არ უნდა ამის გაგება, ეს მისი პრობლემაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით დღეს კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა. მისი თქმით, ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია და ის საქართველოში თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ჩამოვიდა. ამიტომ მას ამისათვის ყველა პირობა შეექმნება.

„ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება ჩემს თვალში პოლიტიკურ დევნილად წინა ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან  წინა ხელისუფლებამ ძალით ჩასვა თვითმფრინავში და პრაქტიკულად გააგდო ქვეყნიდან. ეს შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ დევნად. მისმა ყოფნამ შეაწუხა წინა ხელისუფლება და მოიშორეს თავიდან. რაც შეეხება ამჟამინდელ პატიმრობას, იმის დასადეგნად, არის თუ არა დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარი, საჭიროა, ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის დაუსწრებლად წარიმართა, მიყვანილი იყოს ბოლომდე და გაირკვეს სიმართლე“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და მისი პარტიის დაპატიმრებული წევრები ციხეში ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოინახულა და იმის გასარკვევად, რა ხდება ციხეში for.ge მას დაუკავშირდა.

ირმა ჭკადუა: „ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს, რადგან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, რამდენიმე ადამიანი, რომელიც ე.წ. „ზილების საქმესთან“ დაკავშირებით არიან დაპატიმრებულები, პოლიტპატიმართა სიიდან სრულიად უაპელაციოდ იქნენ ამოღებულები. აღსანიშნავია, რომ ამ „ზილების საქმეზე“ დაპატიმრებული პირების ნაწილი რჩება პოლიტპატიმართა სიაში, ნაწილი კი ამოღებულია. როგორც მინიმუმ, ეს არის ადამიანების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. თუკი თავად საქმე არის პოლიტიკური ნიშნით დატვირთული, როგორ შეიძლება ამ საქმეზე დაკავებული ადამიანების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით იყოს დაჭერილი, ხოლო მეორე - არ იყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული? სრულიად გაუგებარია, რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების გამორჩევა. ირაკლი ოქრუაშვილი ითხოვს „ზილების საქმესთან“ დაკავშირებით დაპატიმრებული ადამიანების პოლიტპატიმართა სიაში დაბრუნებას (რომლებიც ამ სიიდან ამოიღეს), ხოლო მეორე ნაწილის ამ სიაში შეყვანას, რადგან ამ ადამიანთა გარკვეული ნაწილი მანამდეც არ იყო სიაში შეტანილი. ყოველ შემთხვევაში, ოქრუაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან და შემდეგ პარლამენტისგან მოითხოვს განმარტების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების გამორჩევა და ხომ არ იყო ეს ახალი ხელისუფლების დაკვეთა.

რა იგულისხმება ხელისუფლების დაკვეთაში, ანუ ვის შეიძლება აინტერესებდეს, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვდნენ?

- სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ამ სიიდან ეს ადამიანები ამოეღოთ.

საინტერესოა, ამ თემაზე ირაკლი ოქრუაშვილს თუ აქვს საკუთარი მოსაზრება?

- ზოგადად მას აქვს უსამართლობის განცდა და იმედს იტოვებს, რომ რაღაც ხარვეზი იქნა დაშვებული და ეს ხარვეზი გამოსწორდება.

რამდენადაც ცნობილია, „ქართული პარტიის“ წევრები ირაკლი ოქრუაშვილის და მისი თანაპარტიელების პოლიტპატიმართა სიიდან ამოღებაში ეკა ბესელიას ადანაშაულებდნენ. ამასთან დაკავშირებით თუ გქონდათ ოქრუაშვილთან საუბარი?

- არ ვიცი ქალბატონ ეკა ბესელიას ნამდვილად ადანაშაულებენ თუ არა. მეც ვიყავი იმ კომისიის წევრი, რომელიც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაზე მუშაობდა და შემიძლია გითხრათ, რომ ეკა ბესელიას ყველა სხდომაზე ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და მისი თანაპარტიელები პოლიტდევნილები და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები არიან. ეს არის ის, რაც ეკა ბესელიას პოზიციასთან დაკავშირებით ჩემთვის არის ცნობილი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ სხვა პატიმრებიც აპირებენ შიმშილობის დაწყებას

- პატიმრები კი არ აპირებენ, „მატროსოვის“ ციხეში უკვე შიმშილობს სამი ადამიანი, რომელიც მე დღეს მოვინახულე. ესენი არიან ლევან და კახა ტერაშვილები, ასევე დავით შიუკაშვილი. ეს ადამიანები პოლიტპატიმართა სიიდან მათი ამოღების გამო შიმშილობენ. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ გამოძიების დაწყებას და მათთან პროკურორის შესვლას, რადგან დაკავებისას ისინი წინა ხელისუფლების მიერ სასტიკად ნაწამები არიან. ეს ადამიანები ღიად უპირისპირდებიან რამდენიმე მაღალჩინოსანს, რომელმაც ისინი აწამა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

გარდა ამისა, წუხელ გახლდით გლდანის მერვე საპყრობილეში. იქ ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ რამდენიმე თანაპარტიელი შიმშილობს, თამაზ ბეგიაშვილი, ხვიჩა საბაშვილი, გიორგი გაბროშვილი, გაბრიელ პავლიაშვილი. ხოლო თვითონ ირაკლი ოქრუაშვილის საკანში იოსებ გიგუაშვილი შიმშილობს, რომელიც მისი ბიძაშვილია.

როგორც მოგახსენეთ, ეს ადამიანები უკვე შიმშილობენ, ხოლო მათდამი სოლიდარობის ნიშნად პოლიტპატიმრებმა - მერებაშვილმა, სიმონ ტურიაშვილმა, ვაჟა მახარაშვილმა და სხვებმა, სულ 30-მა პოლიტპატიმარმა (რომლებიც პოლიტპატიმართა სიაში არიან), გააკეთეს განცხადება, რომ თუკი ზემოთჩამოთვლილი ადამიანები პოლიტპატიმართა სიაში არ დააბრუნეს, ეს 30 პოლიტპატიმარი გარკვეული რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აპირებენ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ბუნებრივია, ის შეწყვეტს შიმშილობას. ხოლო თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

მოშიმშილე პატიმრები რაიმე კონკრეტულ ვადამდე აპირებენ შიმშილობას?

- ძმები ტერაშვილები და შიუკაშვილი უკვე მერვე დღეა შიმშილობენ და ისინი ამბობენ, რომ 21 დეკემბრამდე, ანუ პარლამენტის ბოლო სასესიო დღემდე გააგრძელებენ შიმშილობას, ხოლო რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მას არ დაუკონკრეტებია, როდემდე აპირებს შიმშილობის გაგრძელებას.

თქვენ განაცხადეთ, რომ 30 პოლიტპატიმარი მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აპირებს. რა იგულისხმება რადიკალურ ნაბიჯებში?

- ეს ადამიანებიც დაელოდებიან პარლამენტის ბოლო სასესიო დღეს და შემდეგ შესაძლოა, მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართონ და პოლიტპატიმართა სიიდან მათი ამოღება მოითხოვონ.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაადასტუროთ?

- უახლოეს მომავალში ბატონი ირაკლი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით თავად გაავრცელებს განცხადებას. ამ წუთში ის თავს პატიმრად განიხილავს და სწორედ ამ მდგომარეობიდან გამოდის, ანუ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური მომავალი მეათეხარისხოვანია. ამიტომ მის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას.“