"თუ "ოცნებამ" ასეთი ტემპით გააგრძელა მოსახლეობის გაოგნება, შესაძლებელია, რომ ნაციონალებს გაუჩნდეთ იმის თეორიული შანსი, რომ რევანში აიღონ"

"რომ იყოს თეორიული შანსი მაინც, რომ პარლამენტის დათხოვნის შემდეგ, ნაციონალები გააუმჯობესებენ საკუთარ საარჩევნო მონაცემებს, მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ პრეზიდენტი ამ შანსს გამოიყენებს. იმდენად არ არის ამის თეორიული შანსი, იმდენად არ სჭირდებათ ახლა ნაციონალებს კიდევ მეორეჯერ დამარცხება, რომ ამაზე არ წავლენ. რაში სჭირდებათ ახალი მარცხი? მათ ფაქტიურად მინიმალური დანაკარგებით ჩაატარეს არჩევნები, საკმაოდ დიდი პროცენტით ოპოზიციის სტატუსი მოირგეს, თანაც ისე, რომ მესამე ძალა პარლამენტში წარმოდგენილი არ არის. დღითიდღე ხდება გამომზეურება არსებული ხელისუფლების ან უსუსურობის, ან დაბნეულობის და ეს ყველაფერი ნაციონალებისთვის არის არცთუ ცუდი მდგომარეობა, იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მათ ჰქონოდათ. ამიტომ ამ შედეგების გაუქმება მე არა მგონია, რომ შედიოდეს ნაციონალების ინტერესებში", - აცხადებს ირინა სარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალები სააკაშვილს პარლამენტს არ დაათხოვინებენ".

"მე დიდი ხანია ამ ყველაფერს სპექტაკლს ვუწოდებ. სრულიად გაუგებარი, არაადეკვატური და ხანდახან კომიზმამდე მისული დაჭერები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. ეს სპექტაკლი არ არის, რომ თითქოს ახალი ხელისუფლება ძველს ანგარიშს უსწორებს? სინამდვილეში კი მსგავსიც არაფერი ხდება. ასევე შეიძლება, რომ ახლა გადავიდეს მოსახლეობის ყურადღება იმაზე, რომ დაიწყოს მოთხოვნა პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომის თაობაზე. არც ე სარის გამორიცხული, რომ ასეთი გეგმა დაიდოს უკვე "ოცნების" მხრიდან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დღეს ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების ყურადღების გადასატანად. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მათი დანაპირების, მითხარით, რომელი გადაწყდა? რომელ სფეროში გაჩნდა პერსპექტივა უკეთესობისკენ? აქედან გამომდინარე, ასეთი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა როგორც ნაციონალების, ასევე ხელისუფლების ინტერესში შედის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირინა სარიშვილი.

"ზოგადად მე არ ვენდობი არც ერთ სოციოლოგიურ კვლევას. მე ივანიშვილის რეიტინგზე არაფერს არ გეტყვით. სულაც არ არის საჭირო სოციოლოგიური კვლევა იმისთვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ივანიშვილის რეიტინგი მართლაც ძალიან მაღალია. ივანიშვილის სახელი არ უკავშირდება არაფერს ცუდს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, პოლიტიკაში მოსვლამდე, ხოლო პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ უკავშირდება ნაციონალების დამარცხებას. ის, რომ გარკვეული იმედგაცრუებები გაჩნდა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ჯერჯერობით არ ეხება ივანიშვილის რეიტინგს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თუ არ ჩავთვლით ახალაიას, რეალურად არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობის კრიმინალები დაპატიმრებულები არ არიან და არც არავინ არ აპირებს მათ მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ასევე სრული გაუგებრობაა პოლიტპატიმართა სიასთან დაკავშირებით. მე მგონი, პოლიტპატიმრის სტატუსმაც აზრი დაკარგა, ისეთი ამბავია პოლიტპატიმრის სიიდან გაყვანა-შეყვანაზე. აი, ამ ყველაფრის ფონზე დასავლეთი, რომელიც ან მიამიტია, ან თამაშობს მიამიტს, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთი აკეთებს იმ განცხადებას, რაც უნდა გაკეთდეს ფორმალურად მაინც ამ ვითარებაში. არის თუ არა ის ამ სპექტაკლის მონაწილე, ეს ყველამ თავისთვის განსაზღვროს", - დასძენს ირინა სარიშვილი და შეკითხვას – "აპრილი ის დროა, როცა პრესიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს და უმცირესობა სწორედ ამაზე აპელირებს. თქვენ რამდენად ფიქრობთ ასე?" – პასუხობს:

"მე მგონი, ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვებია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ნაციონალებს პარლამენტის დათხოვნა არ აწყობთ. იმიტომ, რომ ეს არ არის ჯერ ის მდგომარეობა, რომ ნაციონალებმა ივარაუდონ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ. თუ "ოცნებამ" ასეთი ტემპით გააგრძელა მოსახლეობის გაოგნება და საკუთარი თავის დისკრედიტაცია, თავისი უმოქმედობითა და არასწორი მოქმედებით, შესაძლებელია, რომ გარკვეულ ეტაპზე ნაციონალებს გაუჩნდეთ იმის თეორიული შანსი, რომ გარკვეული რევანში აიღონ".