სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს (I)

სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს (I)

„სისტემა უნდა დაინგრეს“ – ქართველ მუსიკოსთა ეს სპონტანურად შექმნილი სიმღერა, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმ მოვლენების სულისკვეთებას, რომლებმაც საქართველო ცოტა ხნის წინ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე მიიყვანა. ეს არ ყოფილა რევოლუცია ან რეფორმატორული მოძრაობის გამარჯვება - ეს იყო აღშფოთება და პროტესტი ძალადობრივი სისტემის მიმართ, რომლის განსახიერებად უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ აღიქმება. ამ პარტიამ და მისმა ლიდერმა იმდენად მოაძულეს თავი საქართველოს მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს, რომ ამომრჩევლები ხელისუფლების გადასარჩევად, მის მოსაცილებლად მიდიოდნენ საარჩევნო ყუთებთან. ამდენად, უფრო მართებული იქნებოდა, გვეთქვა, რომ 1 ოქტომბერს საქართველოში ნაციონალური მოძრაობა გადაირჩიეს, რამაც ხელისუფლებისკენ გზა გაუხსნა მასთან ყველაზე მეტად დაპირისპირებულ და უკეთ ორგანიზებულ „ქართულ ოცნებას“, რომლის მთავარი საპროგრამო დებულებაც სწორედ სააკაშვილის და მისი პარტიის მმართველობის დასასრული იყო.

მაგრამ ნაციონალების მარცხი და „ქართული ოცნების“ გამარჯვება მხოლოდ შედეგებია იმ საპროტესტო ტალღის, რომელიც განსაკუთრებით „ციხის ვიდეოების“ გამოქვეყნების შემდეგ, საძულველი სისტემის წინააღმდეგ აზვირთდა და მისი დანგრევა მოითხოვა. სწორედ პატიმრების წამების ვიდეოების ნახვამ გააჩინა სისტემის დანგრევის ლოზუნგი, რომელიც არა რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, არამედ ყველაზე ნაკლებად პოლიტიზირებული ადამიანებისგან – სტუდენტებისგან და ახალგაზრდა ხელოვანებისგან წამოვიდა და წინასაარჩევნო დღეებში საპროტესტო ტალღის მიმართულების მიმცემ სლოგანად იქცა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, არ მოხერხებულა იმისი დაკონკრეტება თუ რა იგულისხმება სისტემაში, რომლის დანგრევასაც აღშფოთებული ადამიანები მოითხოვდნენ. ამაზე ფიქრის დაწყება კი აუცილებელი უნდა იყოს, რადგან, მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მარცხისა, სისტემა არ შეცვლილა და მისი დემონტაჟი მხოლოდ „ზემოდან“ შემოტანილი ცვლილებებით შეუძლებელი იქნება.

სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს, უფრო დიდია, ვიდრე ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა, რაოდენ საავტორო უფლებითაც არ უნდა იყოს ის ამ სისტემასთან მიბმული. აქვე წინასწარი შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ ნაცმოძრაობა, რომელმაც სისტემა შექმნა, თავადვე იქცა ამავე სისტემის პროდუქტად, მის პირმშოდ, მის მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ნაწილად. ისევე, როგორც სისტემის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი არანაირად არაა „ქართული ოცნებასთან“ ან მის შემადგენელ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გასაიგივებელი. განსაკუთრებული მთელ ამ მოვლენებში ალბათ სწორედ ის იყო, რომ ადამიანებმა, თუნდაც ერთმა ნაწილმა, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, არა რომელიმე კონკრეტული მმართველი პარტია თუ პიროვნება, არამედ მთელი სისტემა დაადანაშაულეს და მისი დანგრევა მოითხოვეს. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც სექტემბრის საპროტესტო გამოსვლების მთავარ ლოზუნგად იქცა, საზოგადოების იმ ნაწილიდან წამოვიდა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ იგივდება და, ამდენად, მათ პროტესტს ყველაზე მეტად მიუკერძოებელი შეიძლება ეწოდოს. შესაბამისად, პროტესტის ფორმაც და შინაარსიც სპონტანური იყო, რომელიც უფრო აფექტურ რეაქცას ჰგავდა. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც აფექტი უფრო ზუსტად გამოხატავს მოვლენის არსს, ვიდრე ხელისუფლების შეცვლის გააზრებული სტრატეგიები და მათი ანალიზი. ამდენად „ლოზუნგმა“, ისევე, როგორც სიმღერისა და ვიდეოს შინაარსმა და ფორმამ გასაოცარი სიზუსტითა და ადეკვატურობით გადმოსცა ის განწყობა და პროტესტი, რომელმაც აქამდე ყველაზე მეტად აპოლიტიკური ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა. „სისტემა უნდა დაინგრეს“ სამოქალაქო პროტესტის საბრძოლო მოთხოვნა იყო, რაც თვისობრივად განსხვავდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მოწოდებებისაგან, რომელთა მიზანიც ამომრჩევლის გადაბირებაა და ამგვარად ისინი ხელისუფლების მოპოვების ინსტრუმენტია.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკური ძალას ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე სამოქალაქო პროტესტთან, რომლის სამიზნეც არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია, არამედ მთელი სისტემაა. პოლიტიკური პარტიების საერთო მიზანი ძალაუფლებაა, რომლის საგანიც, ობიექტიც ის ადამიანებია, რომლებზედაც ეს ძალაუფლება ხორციელდება. ძალაუფლების ანალიზისა და კრიტიკის დასავლური გამოცდილება, განსაკუთრებით XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული (ჰანა არენდტი, მიშელ ფუკო, ჯორჯო აგამბენი) იმაზე მიუთითებს, რომ ძალაუფლების განხორციელების ობიექტი ადამიანი, მისი პირადი სფერო, მისი სხეულია, რომელსაც ძალაუფლება ბიომასად გარდაქმნის და მას პიროვნულობას თუ სინგულარულობას (ერთჯერადობას, საკუთრიობას) უკარგავს.

სამოქალაქო პროტესტი კი, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისა და მისი მსახურებისაკენ არ ილტვის, სწორედ თავისი აფექტური ბუნებიდან გამომდინარე, სუბვერსიულია ძალაუფლების და მისი სისტემების მიმართ: ის აბუჩად იგდებს მათ, ავტორიტეტს უკარგავს, მის წყობიდან გამოყვანას და ამით იმ სივრცის შენარჩუნებას ან უკან დაბრუნებას ცდილობს, რომელიც მას სისტემამ წაართვა. ეს სივრცე, რომელსაც თავისუფლების სივრცე შეიძლება ეწოდოს, ადამიანის პიროვნული, ინდივიდუალური სივრცეა, რომელიც ვერ იტანს მასში გარედან ჩარევას და რეგლამენტების დაწესებას.

სამოქალაქო პროტესტი საზოგადოების იმუნური რეაქციაა ძალაუფლების სტუქტურებზე. სამოქალაქო საზოგადოება, მთელი თავისი გამოვლინებებით, როგორიცაა, მაგალითად სამოქალაქო აქტივობა, ერთგვარი ფარია, რომელმაც მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან წამოსული ძალადობისგან უნდა დაიცვას. ის აიძულებს პოლიტიკას, რომ დარჩეს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში და ამხელს იმას, რასაც უსამართლობა ეწოდება, ანუ როდესაც თავად კანონმდებლობა ხდება უსამართლო და ადამიანთა ერთი ნაწილის სასარგებლოდ ზღუდავს მეორეს.

2003 წელს სამოქალაქო პროტესტიდან წამოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ სამოქალაქო პროტესტი შთანთქა, რის შედეგადაც მოქალაქეები აღმოჩნდნენ პირისპირ სახელმწიფოსა და მისი ძალისმიერი სტრუქტურების წინაშე. ნაციონალური მოძრაობის სწორედ ის ნაწილი, რომელიც სამოქალაქო პროტესტიდან წამოვიდა და თავადვე იყო ამ პროტესტის ორგანიზატორი, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოექცა და პროტესტიდან ძალაუფლების სტრუქტურად გარდაისახა. ამით საქართველოში ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების აბორტი განხორციელდა. მოქალაქეებსა და ძალაუფლების სტრუქტურებს შორის აღარ არსებობდა არანაირი დამცავი „ფარი“ და ადამიანები მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების საბრძოლო მასალად იქცნენ.

საკუთარი „რევოლუციური“ გამოცდილების გათვალისწინებით, ნაცმოძრაობა ისეთი სისტემის მშენებლობას შეუდგა, რომლის პირობებშიც საზოგადოებრივ პროტესტს საარსებო სივრცე არ ექნებოდა. რადგანაც „ვარდების რევოლუციის“ წარმატება მნიშვნელოვანწილად შევარდნაძის ხანის თავისუფალმა მედიამ განაპირობა, რევოლუციური ხელისუფლების პირველი ნაბიჯი ამ თავისუფალი მედია-სივრცის ამოქოლვა იყო. ნაციონალური მოძრაობის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ ყველაზე მაღალსიხშირიანი კერძო ტელევიზია. ამით მოსახლეობის უმრავლესობას მასობრივი ინფორმაციის მხოლოდ ის ვერსია მიეწოდებოდა, რომელიც ნაცმოძრაობას აწყობდა. მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული მედია არა მხოლოდ მასობრივი ინდოქტრინაციის საშუალებად, არამედ ტელეკომპანია „იმედის“ 2010 წლის 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკით“ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ომის იარაღადაც იქცა. სააკაშვილის ხელისუფლების ეს სანიმუშოდ პარანოიდული გამოვლინება, როდესაც ყოველდღიური საინფორმაციო ქრონიკის ფორმატით რუსეთის არმიის საქართველოში ინტერვენცია და ოპოზიციონერ ქართველ პოლიტიკოსთა მეშვეობით სააკაშვილის მთავრობის დამხობა იყო ნაჩვენები, ერთგვარ გასაღებადაც შეიძლენა გამოდგეს ნაცმოძრაობის მიერ შექმნილი სისტემის ანალიზისათვის.

ფსიქიატრიული ტერმინი პარანოია, რომელიც ინდივიდში ისეთი ფსიქიკური მოშლილობის აღსანიშნავად იხმარება, რომლის დროსაც პიროვნება დევნის მანიითა და მის წინააღმდეგ შეთქმულებების მოჩვენებითაა შეპყრობილი, ყველაზე უკეთ შეესაბამება ნაცმოძრაობის ხელისუფლების პოლიტიკურ კლიმატს. მმართველმა პარტიამ იმდენად ირწმუნა საკუთარი აღმატებულება და შეუმცდარობა, რომ ნებისმიერ კრიტიკას შეთქმულებათა თეორიად გარდასახავდა. ხელისუფლებამ მთელი თავისი პოლიტიკური ენერგია ამ შეთქმულებების მხილებისა და გაუვნებელყოფისაკენ მიმართა და ამით ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა საკუთარ მოქალაქეებთან, რომლებშიც ის პოტენციურ მტრებს და შეთქმულებს ხედავდა. ამ მოვლენაში გარკვეული ფსიქოლოგიური კანონზომიერების დანახვაც შეიძლება: რევოლუციურად მოსული ძალა ვერასდროს თავისუფლდება კონტრრევოლუციის შიშისაგან და მოპოვებული ძალაუფლებას ისეთივე შემართებით იცავს, როგორითაც ის მის მოსაპოვებლად იბრძოდა.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება კონტრრევოლუციის აჩრდილის ნიშნით იყო აღბეჭდილი, რომლის ყველა გამოვლინება მას უნდა ჩაეხშო და ქვეყანა „წარსულ დროში დაბრუნებისგან“, ანუ „რესტავრაციისგან“ გადაერჩინა. წარსულში დაბრუნების საფრთხე პოლიტიკური პარანოიის მთავარ შიდა ელემენტია, მაგრამ შიდა მტერზე მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხის ფაქტორია, ურომლისოდაც პარანოიდული განწყობა საჭირო პოლიტიკურ სიმძაფრეს ვერ შეიძენდა და სისტემად ვერ ჩამოყალიბდებოდა.

ობიექტური საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ოპონენტებთან ანგარიშსწორების და ერთპარტიული სისტემის გამართლების ინსტრუმენტად გამოიყენა. რუსეთი გადაიქცა ქართული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარ სამოტივაციო ძალად – თითქოს საქართველო რუსეთის ჯინაზე არსებობდა. რუსეთთან კონფრონტაცია ნაცმოძრაობის პარტიულ-სააგიტაციო ფოლკლორის ნაწილი გახდა, როდესაც პარტიულ ღონისძიებებზე, თვით სააკაშვილის ცნობილ საარჩევნო ვიდეოკლიპშიც, რუსეთის გაშარჟება და საქართველოს საბრძოლო მზადყოფნა აუცილებელი პროპაგანდისტული კომპონენტის ადგილი ეკავა. ასეთი პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომით დაგვირგვინდა, საგარეოზე მეტად, საშინაო პოლიტიკური სისტემის შექმნის აუცილებლობითაც იყო ნაკარნახევი. ნაციონალების რვაწლიანი მმართველობა პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობას დაემსგავსა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება საჯარო უფლებებს, სამართალსა და პოლიტიკურ ქმედებებს შორის წონასწორობის დარღვევაა: პოლიტიკური მიზანი განსაზღვრავს სამართლის ქმედითობას და მიზნებიდან გამომდინარე სამართლიდან გადახვევაც ამართლებს. საგანგებო მდგომარეობა ჩვეულებისამებრ ომის, ამბოხის, სტიქიური უბედურებებისა და მსგავსი დესტაბილიზაციების დროს ცხადდება და ის ერთ პიროვნებას ან ერთ მმართველ ძალას ზეკონსტიტუციურ უფლებებს ანიჭებს.

გერმანელი სამართალმცოდნე კარლ შმიტი, რომელმაც „საგანგებო მდგომარეობის“ ერთ-ერთი პირველი სამართალფილოსოფიური ინტერპრეტაცია შექმნა, საგანგებო მდგომარეობას სუვერენის ფიგურასთან მიმართებაში განიხილავდა და, ამდენად, ძალაუფლების ფენომენის გაგების საშუალებად გაიაზრებდა. მისი განმარტებით, სუვერენი, ანუ ძალაუფლების მატარებელი არის ის, ვინც საგანგებო მდგომარეობაზე გადაწყვეტილებას იღებს. შმიტის მოძღვრება ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, სამართლებრივი წესრიგი, ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური წესრიგი, ემყარება გადაწყვეტილებებს და არა ნორმებს. გადაწყვეტილების მიღება განსაზღვრავს სუვერენს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რა არის წესრიგი და როდის ირღვევა ის და როგორ უნდა იქნას რღვევა ალაგმული. სუვერენს ასეთი უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის დროს ეძლევა. საგანგებო მდგომარეობა, როგორც გამონაკლისი შემთხვევა, ყველაზე ცხადად გვაჩვენებს სახელმწიფოს და სახელისუფლებო სისტემის არსს.

2003 წელს, ანუ როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ფილოსოფოსის ჯორჯო აგამბენის წიგნი „საგანგებო მდგომარეობა“. აქ აგამბენი ე.წ. „ლეგალურ სამოქალაქო ომზე“ საუბრობს, რომელიც XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმაა და ის პოლიტიკურ სისტემაში არაინტეგრირებადი ელემენტების იძულებით ინტეგრაციას ან მათ ლიკვიდაციას გულისხმობს. საამისოდ ხელისუფლება პერმანენტულად საგანგებო მდგომარეობის განწყობას ქმნის, რაც არ არის აუცილებელი, რომ ოფიციალურად, ანუ იურიდიული ფორმის საგანგებო მდგომარეობაში გადაიზარდოს. საუბარია, ე. წ. ფიქტიურ საგანგებო მდგომარეობაზე, რომლის მეშვეობითაც თვით დემოკრატიული ხელისუფლებაც კი, რომელიღაც მაღალი და აუცილებლად მოსაგვარებელი მიზნების სახელით, დემოკრატიული და სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლას ახერხებს. იტალიელი ფილოსოფოსის აზრით, ასეთი მდგომარეობა მმართველობის თანამედროვე პარადიგმად გარდაისახება, რომელიც „განუსაზღვრელი შუალედია დემოკრატიასა და აბსოლუტიზმს შორის“ და ის დემოკრატიის ტოტალიტარიზმად ტრანსფორმაციის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ასეთი საფრთხის საგანგაშო ნიშნები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაწყებულ ამერიკისა და მისი მოკავშირეების ჯერ ავღანეთში, შემდეგ კი ერაყში ინტერვენციების დროს გამოაშკარავდა, როდესაც დასავლური საზოგადოება კარიბის ზღვაში გუანტანამოს საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საპყრობილეს წინაშე აღმოჩნდა და არაერთ ინტელექტუალს ამ საპატიმრომ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ასოციაცია გაუჩინა. დასავლური საზოგადოებისათვის კიდევ უფრო მეტად შოკის მომგვრელი იყო 2004 და განსაკუთრებით 2006 წლებში ერაყის საპატიმრო აბუ გრეიბში ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყელი პატიმრების წამების კადრების გამოქვეყნება. ამის პარალელურად ევროკავშირში გაჩნდა იდეა, რომ ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოში აშენებულიყო ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც ევროპას ლტოლვილთა ახალი ტალღებისგან დაიცავდა. ამგვარი ანომიური (სამართლებრივი წესრიგისგან თავისუფალი) ზონების გაჩენით კი დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტური პრინციპები დადგა ეჭვის ქვეშ, რის საპასუხოდაც ევროპასა და ამერიკაში ახალ სამოქალაქო პროტესტებს ჩაეყარა საფუძველი.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მისაბაძი სწორედ ჯორჯ ბუშის მმართველობა იყო და ხშირ შემთხვევაში ბუშის პოლიტიკის კარიკატურას (ლათ. caricare – „გადამეტება“) წარმოადგენდა. ეს კარიკატურული მიმბაძველობა, ერთი მხრივ, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომამდე, სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებისა და ძალის პროპაგანდაში გამოიხატებოდა, მეორე მხრივ კი დამნაშავეებთან „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაში, რომლის უშუალო გაგრძელება საქართველოს ციხეებში ანომიური – კანონისგან თავისუფალი - სივრცის შექმნა იყო, რომლებშიც უკვე ადამიანების სხეული პოლიტიკური ძალადობის ობიექტად იქცა. თუმცა კი ანომიური არა მხოლოდ საპატიმროები, არამედ მოქალაქეთა მთელი საკუთარი, „პრივატული“ სივრცე აღმოჩნდა, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის ლოგიკით მოქმედი ხელისუფლება შეიჭრა. სულ უფრო პროგრესირებადი პარანოიით სახელმწიფო აკონტროლებდა ინტერნეტს, მოქალაქეთა კერძო სატელეფონო საუბრებს, არა მხოლოდ შეთქმულებებისა და ჯაშუშების გამოსავლენად, არამედ დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად. ხელისუფლების პოლიტიკური პარანოია მოქალაქეებსაც გადაედო: პოლიციისა თუ საინფორმაციო სამსახურების შიშით ზოგიერთი გამორთულ მობილურ ტელეფონს აკუმულატორს აცლიდა, რადგანაც ამბობდნენ, რომ გამორთული მობილურებიდანაც ისმინებაო.

საყოველთაო შიში და პარანოიდული განწყობა მოქალაქეების მხრიდან იმითაც იყო განპირობებული, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში საქართველოში დაიკარგა სამართლიანობის რწმენა: არაადეკვატურად მკაცრი კანონმდებლობა, რომელმაც კრიმინალი მოქალაქეთა კრიმინალიზაციისა და საპატიმროებში მოთავსების ხარჯზე „აღმოფხვრა“, ხოლო არათავისუფალ სასამართლოში საპროცედურო გარიგებებით სახელმწიფო ერთდროულად ლეგალური გამომძალველის როლშიც მოგვევლინა და ღიად სოცილური მჩაგვრელისაც, რამდენადაც გარიგების თანხების გადახდა მხოლოდ მდიდართა კატეგორიის წარმომადგენელს შეუძლია.

სახელმწიფო, რომელსაც ძალადობაზე ლეგიტიმური მონოპოლია აქვს, რაც ძალის განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებში გამოყენებას გულისხმობს, ნაცმოძრაობის მიერ შექმნილ სისტემაში მოქალაქეებზე სისტემატურ და გეგმაზომიერ მოძალადედ გადაიქცა. როდესაც „ციხის ვიდეოები“ გამოქვეყნდა, ყველაზე ხშირად ერთი შეკითხვა ისმოდა: როგორ იყო შესაძლებელი, რომ ამგვარი სისასტიკეების შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, - არც ხელისუფლებამ, არც მედიამ, არც „ფართო საზოგადოებრიობამ“? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შემდეგ წერილში შევეცდები.