„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2010, 2011 და 2012 წლებში გაწეული ხარჯების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. თუ 2010-ში ფონდის ფინანსების უმეტესი ნაწილი (12 890 824 ლარი) კონცერტებს, საახალწლო ღონისძიებებს, მუსიკალურ კლიპებს მოხმარდა, 2011 წელს 8 080 164 ლარი საცურაო აუზების, ბულვარებისა და სტადიონების მშენებლობა-კეთილმოწყობაში დაიხარჯა, 2012 წლის იანვრიდან სექტემბრამდე კი პრეზიდენტის ფონდის 74% - სულ, 33 150 000 ლარი - სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად გამოიყო და საქართველოს თითქმის ყველა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეცა.
რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და
რატომ იყო ეს ინფორმაცია დახურული საზოგადოებისათვის?
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ პრეზედენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ თითქმის ყველა ინფორმაციის მოპოვება სასამართლოს გზით მოუწია. საიას იურისტი სულხან სალაძე ადასტურებს, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას დღემდე რთული გზის გავლა სჭირდება. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშებში პრეზიდენტის ფონდიდან თანხების ხარჯვის თაობაზე მხოლოდ ის წერია, თუ რამდენი მილიონი იყო ფონდის ბიუჯეტი და რამდენი დაიხარჯა. იმის შესახებ კი, სად წავიდა ეს ფული, ანგარიშში არაფერია ნათქვამი. არც მთავრობას და არც პრეზიდენტს რაიმე ტიპის განსაკუთრებულ შეზღუდვას თანხების ხარჯვაზე დღეს არსებული კანონმდებლობა არ უწესებს, თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ფიქრობენ, რომ რადგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ის საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს და, ამასთან, განსჯის საგანი უნდა გახდეს, რამდენად სწორად იხარჯება ამ ფონდის ფული.
”სარეზერვო ფონდი არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის გამოყოფილი 50 მილიონი აუცილებლად უნდა დახარჯო. ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება ვიღაცას მოაკლდეს, თუ შენ მაშინვე არ დახარჯავ”, - აცხადებს საიას იურისტი სულხან სალაძე.
საია მიიჩნევს, რომ 2012 წელს სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფისას მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფაქტორიც გაითვალისწინეს. იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი - 33 150 000 ლარი - სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად გამოიყო. ასევე, სხვა ხარჯებს შორისაა ეკლესიების მშენებლობა და რეაბილიტაცია, პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღნიშვნა - დახარჯულია 1 139 225 ლარი, სარეკლამო მასალებისათვის - 216 450 ლარი, სოციალურად დაუცველ პირთა დახმარების, საჩუქრებისა და სხვადასხვა სამუშაოებისათვის - 2 542 577 ლარი და ა.შ. სულხან სალაძე ამბობს, რომ თუ 2011 წელს განკარგულებებში მითითებული იყო, რომ ესა თუ ის თანხა კონკრეტული მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იყო საცურაო აუზის თუ ბულვარის მშენებლობისათვის, 2012-ში ასეთი ჩანაწერი განკარგულებებიდან გაქრა:
”აი, მაგალითად, ერთ-ერთ განკარგულებაში შეიძლება ეწეროს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტს გამოეყო პირობითად 100 000 ლარი, მაგრამ ამავე განკარგულებაში არაფერი წერია, ეს თანხა კონკრეტულად რისთვის იყო საჭირო. ადგილობრივ თვითმმართველობას ამ თანხით თავისუფლად შეეძლო აეშენებინა ხიდი ან დაეგო გზა... და ეს ხდება ივლისში, არჩევნებამდე სულ რაღაც სამიოდე თვით ადრე... და ეს, ცხადია, აჩენს კითხვებს - ხომ არ ხდებოდა ეს ყველაფერი მიზანმიმართულად წინასაარჩევნოდ. თან საინტერესოა, რომ ეს თანხა ყველა მუნიციპალიტეტს გამოეყო”.
2010 წელს სარეზერვო ფონდის ხარჯები გასართობი შინაარსის პროექტებზე მიდიოდა. ამ წელს გამოყოფილი 54 563 100 ლარიდან საიასთვის ცნობილია ინფორმაცია 33 971 308 ლარის შესახებ, საიდანაც ყველაზე მეტი - 12 890 824 ლარი - გამოიყო კონცერტების, ფილმების, მუსიკალური კლიპების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად, 11 000 000 ლარი კი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს გადაერიცხა და ა.შ.
”რაც უცებ მახსენდება, ეს იყო, რომ პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდებოდა ბუბა კიკაბიძის კონცერტები, დეფი გოგიბედაშვილის წიგნების თარგმანები, კონკრეტული ტელეკომპანიების მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები, რომლებიც, მაგალითად, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს მიჰყვებოდნენ კონკრეტულ ქვეყნებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარეზერვო ფონდისთვის ამ ტიპის ხარჯები არ უნდა იყოს პრიორიტეტული”.
2011 წელს ფონდის ფინანსების დიდი ნაწილი - 8 080 164 ლარი - საცურაო აუზების, ბულვარების, პარკების მშენებლობას მოხმარდა. სულ, 2011 წელს სარეზერვო ფონდის მოცულობა 49 289 600 ლარი იყო.
პოლიტიკური მიმომხილველი მიხეილ თავხელიძე უკანონოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ პრეზიდენტი საკუთარი შეხედულებებით წყვეტს, თუ რაზე უნდა დაიხარჯოს თანხა მისი დისკრეციის ქვეში არსებული ფონდიდან. ეს უფლება მას კანონით აქვს მინიჭებული:
”პრეზიდენტი რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმას დააფინანსებს, იქნება ეს რამე გასართობი ღონისძიება ან ბათუმის ბულვარის მშენებლობა თუ სხვა. ეს ადამიანი საქართველოს პრეზიდენტად ქვეყნის მოსახლეობამ აირჩია და მას აქვს უფლება კანონით განაგოს კონკრეტული ფონდი და ის მას განაგებს. თავისთვის შვეიცარიულ საათებს და ”ტოიოტა ლენდკრუიზერებს” ხო არ ყიდულობს? და რაც ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ფონდის მოცულობა შეამცირეს და პრემიერ-მინისტრის არა, ეს არის ან პოლიტიკური, ან პირადი მოტივით ანგარიშსწორება”.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხების გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, ფორსმაჟორულ რეჟიმში, მაგალითად, სტიქიური უბედურებების დროს. ცხადია, შეიძლება ამავე ფონდიდან კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაც, თუ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს:
”თუ პრეზიდენტის ფონდის სახსრები ემსახურება ლეიკემიით ან, სიტყვაზე, რომელიმე მწვავე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, რა თქმა უნდა, მაშინ ეს სახსრები უნდა იხარჯებოდეს ამისთვის, ეს ფული უნდა დაიხარჯოს ისეთი მიზნებისთვის, რისი საჭიროებაც ნამდვილად არსებობს ამ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციის და ბიუროკრატიის დასაფინანსებლად რაც უფრო ნაკლები ხარჯი გაიწევა, მით უკეთესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ფულის მიმართვა საჭიროა უფრო გრძელვადიანი პროექტებისაკენ, რაც, ვთქვათ, ხალხის სამუშაო ადგილებს შექმნის და ამდენი ფული ერთჯერადად მხოლოდ გართობაზე არ დაიხარჯება”.
პასუხი რამდენიმე კითხვაზე, რომელიც სარეზერვო ფონდის ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით ბუნებრივად ჩნდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ საბიუჯეტო კოდექსში უნდა გაჩნდეს უფრო ნათელი ჩანაწერი, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს სარეზერვო ფონდის თანხა და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთპიროვნულად პრეზიდენტის და მთავრობის ნება-სურვილზე.
შეგახსენებთ, რომ, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5-ჯერ შემცირდა და 10 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა ეს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.