აჭარის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერს დავით ბაციკაძეს "ამბები.გე" ინტერვიუზე ოჯახში ესტუმრა. ბათუმში ე.წ "ჭაობის დასახლებაში" სახლის კართან ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, 3 წლის ნინო ბაციკაძე "მოფრინდა" და პირველ რიგში, ფოტოაპარატით დაინტერესდა.
დავით ბაციკაძე 36 წლისაა. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში მეორედ მოხვდა. მას სატელევიზიო პროექტიდან "რა? სად? როდის?" იცნობენ, როგორც ბათუმის გუნდის კაპიტანს. ბაციკაძე რამდენიმე წელია "კონსერვატიული" პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერია.
- ჩემი მეუღლე, ნანა ჯანელიძე რომ გავიცანი, მოსკოვიდან ახალჩამოსული ვიყავი. თავიდანვე მომეწონა. განსაკუთრებით, თვალების ფერმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ნანას თავიდან მუნჯიც კი ვეგონე, ცოტას ვლაპარაკობდი. 2 წლის განმავლობაში ვხვდებოდით. საერთო სამეგობროც გვყავდა და 2001 წელს ჯერ ნიშნობა, შემდეგ კი ქორწილი გადავიხადეთ. როგორც "კონსერვატორმა", ტრადიციულად შევქმენი ოჯახი და ვთვლი, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი ოჯახია.
- სკოლის მოსწავლე იყავით, როცა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყეთ, ეს რამ განაპირობა?
- ბავშვობიდან, სადაც კი აქცია იმართებოდა, თითქმის ყველგან მივდიოდი. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი მსოფლმხედველობა "საქართველოს კონსერვატიულ-მონარქისტულ" პარტიის ხედვებს უკავშირდებოდა. 18 წლის ასაკში მიმიღეს პარტიაში და 19 წლის უკვე ბათუმის ორგანიზაციის ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე ვიყავი.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ვცადე ჩამებიარებინა ბათუმში უნივერსიტეტში, თუმცა ჩავიჭერი და როდესაც გასაპროტესტებლად მივედი, საპროტესტო კომისიის ნაცვლად დამხვდა უშიშროების წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა - "ზუსტად მაგ ჭკუაზე ვართ ბაციკაძე, შენ რომ შემოგიშვათ უნივერსიტეტშიო". პოლიტიკური აქტივობის გამო არ მიმიღეს უნივერსიტეტში. მომდევნო წელს ქუთაისში ჩავაბარე ღვინის ტექნოლოგიურზე, სადაც 1993-1997 წლებში ვსწავლობდი. ეს იყო არეულობის, ქურდობის და ყაჩაღობის პერიოდი. ბათუმიდან ქუთაისში ხშირად ვმგზავრობდი. ჩოლოქზე ასლან აბაშიძის ბლოკ-პოსტი იყო, ჩოლოქს იქეთ ზვიადისტები, ლანჩხუთს გასცდებოდი და მხედრიონი დაგვხვდებოდა შეკითხვებით, თუ ვისი მომხრე ვიყავი და სად მივდიოდი...
- აღნიშნეთ, რომ მოსკოვში იყავით...
- მოსკოვში შემთხვევით მოვხვდი. ბიძაჩემი იქ მუშაობდა და დეიდაჩემი მასთან უნდა ჩასულიყო, თუმცა ფრენის ეშინოდა და მატარებლით მარტოს რომ არ ემგზავრა, მეც გამიყოლა. ვთქვი, 2 თვეს დავისვენებ და ისევ დავბრუნდები მეთქი. მოხდა ისე, რომ წელიწადნახევარი დავრჩი. დეიდაჩემი ერთ-ერთ ქართულ ლიცეუმში მასწავლებლად მუშაობა. აღმოჩნდა, რომ ლიცეუმს საქართველოს ისტორიის მასწავლებელი არ ჰყავდა. შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი. ეს იყო ყველაზე კარგად მოსაგონარი სამსახური ჩემთვის. 70 მოსწავლე იყო სკოლაში, გაკვეთილებისთვის კარგად ვემზადებდი. განსაკუთრებული მოტივაცია მქონდა, რადგამ მოსკოვში საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი და მოსწავლეებს ამით მაინც ვაახლოებდი საქართველოსთან.
- წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" ადიგენის შტაბის ხელმძღვანელი იყავით. ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ და კარავიც გაშალეთ. რა სიტუაცია იყო წინასაარჩევნოდ ადიგენის რაიონში?
- სადაც უჭირს ოპოზიციას, ვცდილობ, იმ ფლანგზე წავიდე. ადრე, გარდაბანში ვიყავი შტაბის უფროსად, წელს კი ადიგენში. ადიგენი ითვლებოდა ვანო მერაბიშვილის "საფეოდალოდ", იქ "თათი ჰქონდა დადებული". მერაბიშვილის და მისი ბიძის ლევან თუმანიშვილის "საკუთრებაა" მთელი ადიგენის რაიონი. ხე-ტყეს ვანო მერაბიშვილის ბიძა ჭრის, პური ცხვება მხოლოდ მერაბიშვილის ბიძის საცხობში.
ადიგენში ოფისის ძებნა აგვისტოში დავიწყეთ. ვიცოდი მოსახლეობაზე ზეწოლის შესახებ, მაგრამ ამ დონის ტერორი თუ იქნებოდა ვერ წარმომედგინა. "ინტელექტ კლუბის" წევრებიც მახლდნენ, მივედით იმ სახლთან, რომლის ქირაობასაც ვაპირებდით. მასპინძელს რომ დავუძახეთ და მიხვდა ვინც ვიყავით, შუქი ჩააქრო, ჩამოვიდა ეზოში, ღობესთან მოვიდა და ჩურჩულით გვითხრა, რომ ვერ მოგვაქირავებდა. კლუბის წევრებმა არ დაიჯერეს, "ჩაწყობილიაო", თუმცა ასეთი შემთხვევები შემდეგშიც ბლომად იყო. მთელი აგვისტოს განმავლობაში ვეძებდით ოფისს, ამ პერიოდში მანქანა იყო ჩემი ოფისი...
მომივიდა კარვის გაშლის იდეა და ეს რომ გავაგებინეთ "ქართული ოცნების" ლიდერებს, ზოგმა არ მოიწონა - იფიქრებენ, ოფისს იმიტომ ვერ ვქირაობთ, რომ მომხრეები არ გვყავსო. ამ პერიოდში, ბეშუმში ამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ვუთხარით, რომ კარვის გაშლას ვაპირებდით და ისიც დაგვთანხმდა. პირდაპირ პოლიციის გვერდით დავდგით კარავი და დროშებიც ავაფრიალეთ. პირველ ეტაპზე ადგილობრივი აქტივისტები შეშინდნენ, ზოგი დროებით წავიდა კიდეც ჩვენგან. ერთ დღეს, ხულოდან ჩამოსახლებული ნასვამი კაცი მოვიდა კარავში. რატომ დადგით აქ კარავი, თუ არ გეშინიათ, შეკრულები ხართ ამათთანო და რომ მოვიდნენ და დაგარბიონო?!... მოვიდნენ აბა და დამარბიონ მეთქი... ერთხანს გვიყურა, მერე ამოიღო პირადობის მოწმობა და გვითხრა, მეც გამაწევრიანეთ, არაფრის არ მეშინიაო. ნელ-ნელა იმატა მუხტმაც და ვიტყვი, რომ კარვის გაშლამ შიში გატეხა. იქვე მცხოვრებმა ქალმა სახლის კარები გაგვიღო. ის სახლი ფაქტიურად, ჩვენი შტაბი იყო. შემდეგ ორი ოფისიც ვიქირავეთ. შეხვედრებზე, სადაც კი მივდიოდით, პოლიციაც ყველგან დაგვყვებოდა. ერთ დღესაც, ჩამოვწერე გეგმა, თუ სად ვაპირებდით შეხვედრების ჩატარებას, მივედი პოლიციაში და ვუთხარი, ნუ წვალობთ, აჰა მთელი დღის გეგმა და იცოდეთ სადაც მივდივართ მეთქი. არჩევნების დღეს განსაკუთრებული დარღვევა არ იყო, ყალბ პირადობების მოწმობებს თუ არ ჩავთვლით.
- არჩევნებამდე პარტიისთვის შემოწირულობის გამო კონტროლის პალატამ დაგაჯარიმათ. ჯარიმა გადაიხადეთ?
- 26 700 ლარი შევწირე პარტიას და 145 252 ლარით დამაჯარიმეს. ნათია მოგელაძის უწყებამ არ დაიჯერა, რომ ეს თანხა მქონდა. მეუღლის ბრილიანტის კოლიე, ძვირფასი თვლებით გაწყობილი, დაახლოებით 30 000 ლარად გავყიდეთ და ეს თანხა ნამდვილად, არჩევნებისთვის გვქონდა გადანახული. გაჭირვების დროსაც არ მოგვიკიდია ამ ფულისთვის ხელი, თუმცა მოგელაძის კანტორას არ აინტერესებდა გვქონდა თუ არა შემოსავალი. აღსრულების ბიურო აღსრულებისგან თავს იკავებს. ანგარიშები დაყადაღებულია, თუმცა არა ყველა ბანკში. მიმდინარეობს პროცესი და რამდენიმე დღეში მოიხსნება ყადაღაც და დავალიანებაც.
- ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ბრიფინგი შეეხებოდა აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის საცხოვრებელ სახლთან სახელმწიფო დაცვის სამსახურის საკითხს. რატომ პირველ რიგში ეს თემა?
- საქართველოს კანონში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ მეხუთე მუხლში წერია, რომ თუკი ყოფილი მაღალჩინოსნის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მათ ეკუთვნით დაცვა სახელმწიფოსგან. მაგრამ, არ გაგვიგია, ლევან ვარშალომიძეს ან მის ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებოდეს. გავაგზავნე წერილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც მომივიდა პასუხი და სწორედ, მეხუთე მუხლს მიუთითებენ. უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, არსებობს თუ არა ლევან ვარშალომიძის ან მისი ოჯახის მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაცია. თუ არ დადასტურდება, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს როგორც ლევან ვარშალომიძის, ასევე იმისაც, ვინც ამ სიკეთის გამოყენების საშუალებას აძლევს მას. დღემდე, ვარშალომიძის ჭიშკრის მიღმა (ბრიფინგის ჩატარებამდე ჭიშკარს გარეთ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი დგას.
- ხშირად განიხილება საკითხი აჭარის ავტონომიის შესუსტების, გაძლიერების თუ გაუქმების შესახებ. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ის, რომ ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ მივიდივართ, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა. აქტიური მომხრე ვარ თვითმმართველობის და ავტონომოიურობის. დღეს, რეალურად აჭარას არ აქვს თვითმმართველობა. ჩემი იდეაა, ისევე როგორც არის ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, რეგიონმა დაწეროს თავისი უფლებები, პარლამენტმა კი დაამტკიცოს. არ მოეწონება პარლამენტს რაღაც საკითხი, დაგვიბრუნებს, ჩვენ კი თავიდან დავამუშავებთ. თუ იქნება რეალურად ასეთი მოდელი, ქვეყანას ერთპიროვნულად ხელში ვერავინ მოიგდებს. რეგიონს უნდა ჰქონდეს ფართო უფლებები.
- თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსახლეობა პირველ რიგში რომელი საკითხების მოგვარებას ითხოვს?
- უმაღლეს საბჭოში ყველაზე მეტი განცხადება შემოსულია მიწების, ან სახლების დაკანონების საკითხზე. ასევე, იპოთეკური სესხების პრობლემებთან დაკავშირებით, რამდენიმე ათეული წერილი უშუალოდ ჩემს სამდივნოშია შემოსული. ასევე, დასაქმების საკითხზეც ბევრი განცხადება შემოდის. ჯერჯერობით, მთავარი პრობლემაა აჭარის ბიუჯეტი. აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით ვაწარმოეთ მუშაობა და მურმან დუმბაძემ პარლამენტშიც წაიღო საკითხი.
- წინა ხელისუფლებაში ყოფლის დროს, მალე დატოვეთ მმართველი გუნდის რიგები და გადახვედით ოპოზიციაში. ამჯერადაც იგივე ხომ არ არის მოსალოდნელი?
- დიახ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი წინა მთავრობის დროს, ვინც ოპოზიციაში გადავიდა. ახლაც, მესმის ხოლმე, ოპოზიციაში ხომ არ აპირებ გადასვლას?!... რაღაც სირთულეები არის, მაგრამ გადაულახავი - არა. ყველაფერი ისე მიდის, როგორც ვფიქრობდი. თუკი ამ ხელისუფლებამაც გადაუხვია გზიდან, ჩემთვის მთავარი ჩემი პრინციპებია და ნამდვილად არ ვარ კონფორმისტი, რომ რამეს შევეგუო. ალბათობის თეორიით, ერთი პროცენტი არსებობს ამის შესაძლებლობა.
გარდა უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერობისა, დავით ბაციკაძე აჭარის ინტელექტკლუბის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, კლუბს თვითმმართველობა აფინანსებს და ინტერესთა კონფლიქტის რომ არ იყოს, კლუბის თავმჯდომარის თანამდებობას ახალ წლამდე დატოვებს.