„საქართველოს ახალი ხელისუფლება ამერიკის უფრო მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე მისი წინამორბედი“

„საქართველოს ახალი ხელისუფლება ამერიკის უფრო მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე მისი წინამორბედი“

 

„დღეს შეზღუდვა არ არის თავდაცვითი შეიარაღების შეძენაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და გეგმით რაც იყო გავალისწინებული, განხორციელდება და იმპლემენტაცია დაიწყება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღის შეძენაზე შეზღუდვა მოუხსნა, ქართულ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე დადასტურებული არც ერთი მხარის მიერ არ ყოფილა. ალასანიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას აშშ-იც დაადასტურებს. საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამერიკამ საქართველოს ამ საკითხზე, ასე ვთქვათ, საქართველოს ჩუმი ემბარგო დაუწესა, ანუ ოფიციალურად იარაღის შეძენაზე შეზღუდვა დაწესებული არ ყოფილა, თუმცა პროცესი არ ხორციელდებოდა. დღეს კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ შეზღუდვის მოხსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

რატომ დააწესა ამერიკამ ეს შეზღუდვა, გასაგებია. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა საკმაოდ აგრესიული იყო და ამერიკის შეერთებულ შტატებმა ამ საკითხში ფრთხილი პოზიცია აირჩია. ხოლო იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ახლა ამ შეზღუდვის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამას საქართველოში არაერთგვაროვნად აფასებენ.

ექსპერტები თანხმდებიან იმაში, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიურია, თუმცა მათი ნაწილი აცხადებს, რომ ამ შეზღუდვის მოხსნაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამერიკამ სათანადო შეფასება მისცა იმას, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო გაწონასწორებულია, ვიდრე მისი წინამორბედი, რომლის მაღალჩინოსანთა გამოსვლებში რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა სჭარბობდა. ამიტომ, ამერიკამ მიიჩნია, რომ თავდაცვითი შეიარაღების შეძენაზე შეზღუდვის მოხსნა ახლა უკვე შესაძლებელია და ეს არავითარ პრობლემებს არც ერთ მხარეს არ შეუქმნის.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში თეონა აქუბარდია for.ge-სთან საუბარში შეიარაღების შეძენაზე შეზღუდვის დაწესების მთელს პრეისტორიას იხსენებს. მისი თქმით, საქართველო - ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ-ერთი კომპონენტი სამხედრო სფეროში თანამშრომლობაც არის. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერა მხოლოდ განათლებაში და წვრთნის პროგრამაში დახმარებით შემოიფარგლებოდა. ეს იყო ავღანეთში ISAF-ის მისიისთვის ქართველი ჯარისკაცების მომზადება. აქუბარდიას განცხადებით, ამის პარალელურად, როგორც ამერიკის, ასევე ევროპის მხრიდან შეიარაღების მოწოდებაზე, ასე ვთქვათ, ჩუმი ემბარგო დაწესდა, ანუ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, რომ ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა იყო, მაგრამ მხარეები საქართველოსთვის შეიარაღების მოწოდებისგან თავს იკავებდნენ.

„როდესაც 2012 წლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკაში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ საქართველო ამერიკასთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდა და, რომ ეს სრულიად ახალი პროცესის დასაწყისი იყო. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან დაიწყო რეგულარული შეხვედრები თემებზე, რომლებიც არ ხმაურდებოდა, თუმცა უცხოურ პრესაში ამ თემაზე გარკვეული ინფორმაციები ვრცელდებოდა“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო საქართველოს „ემ4“ ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მომარაგება, რითაც ომამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები იყო აღჭურვილი. ამასთანავე, ექსპერტი ამბობს, რომ ამერიკის სენატში შეიარაღების შეზღუდვის მოსხნის საკითხს აქტიურად ლობირებდნენ. კერძოდ, სენატორები მაკეინი და ლიბერმანი იყვნენ ყველაზე აქტიური ფიგურები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, ეს შეზღუდვა მოეხსნა.

„სენატში დეკემბრის ბოლოს პრეზიდენტის მიმართ მიღებული იყო ე.წ. „ბილი“, სადაც ერთ-ერთ საკითხად იყო მითითებული, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღება მიეწოდებინა, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა გარკვეული შეზღუდვა გააკეთა, ანუ დაბლოკა ეს „ბილი“, იმ მოტივით, რომ სენატი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ერეოდა, რაც ცალსახად პრეზიდენტის პრეროგატივა იყო“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, ამის მიუხედავად ორმხრივი ურთიერთობა გაგრძელდა და როდესაც საქართველოში ჰილარი კლინტონი იყო ჩამოსული, ფოთში ქართულ მხარეს კატარღები გადაეცა და ასევე მიღწეული იყო შეთანხმება ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაზე და ნათქვამი იყო, რომ ამერიკა საქართველოს ამ კუთხით დახმარებას გაუწევდა. თეონა აქუბარდია იხსენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ამერიკისგან ითხოვდა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის კუთხით დახმარება და ზოგადად, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარება იყო. აქუბარდიას განცხადებით, აგვისტოს ომმა კარგად გამოაჩინა, რომ თუ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები არ გვექნებოდა, ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის ამაღლება რთული იქნებოდა. ამ სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის მინისტრად დიმიტრი შაშკინის დანიშვნის შემდეგაც გაგრძელდა და თეონა აქუბარდია იხსენებს შაშკინის განცხადებას, რომელიც მან ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. კერძოდ, შაშკინმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ამერიკასთან ამ სფეროში თანამშრომლობას ვერ გააგრძელებდა ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება ახერხებდა.

„მე ვფიქრობ, რომ მთავარი მოტივაცია, რატომაც გაგრძელდა და გაუმჯობესდა ეს ურთერთობა, არის ის, რომ საქართველომ მოახერხა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რისკენაც მას ასე დაჟინებით მოუწოდებდნენ ამერიკა და ევროპა. ეს იყო მთავარი ტესტი. არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იყო განმსაზღვრელი“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელისუფლების რიტორიკა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ არის აგრესიული. პირიქით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცალსახად აცხადებენ, რომ ყველა ურთიერთობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდება. შესაბამისად, ახალი ომის საფრთხე არ არსებობს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თავდაცვითი იარაღის მოწოდებაზე ოფიციალური შეზღუდვა არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამერიკამ ამ საკითხში თავშეკავება ამჯობინა.

„რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ახალი ნაბიჯი გადაიდგა. როგორ განხორციელდება ეს პროცესი, რა სახის იქნება დახმარება და რა მიმართულებებით, ამას ალბათ მომავალი გვიჩვენებს“, - აღნიშნავს ალადაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის ადგილიდან დაძვრაში გადამწყვეტი როლი პირველი ოქტომბრის არჩევნებმა ითამაშა, რადგან საპარლამენტო არჩევნებს სხვანაირად რომ ჩაევლო, ახლა ამერიკელები ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. თუმცა, აქვე ალადაშვილი დასძენს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში, სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტის დროს მოხდა. ახლა კი ამ გადაწყვეტილების აღსრულება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

შეიარაღების შეძენაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე ამერიკული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ. მისი თქმით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა განახლდა.

„ყველას გვახსოვს, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული და საეჭვო მომენტი იყო. ჩვენს წინა ხელისუფლებას იარაღით თამაში უყვარდა, რაც საქართველოსთვის ძალიან ცუდად მთავრდებოდა. ამიტომ მასთან ამ სფეროში თანამშრომლობა ცოტა არ იყოს სარისკო იყო. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც ტიპის შეზღუდვები სწორედ ამ ფაქტორებს უკავშირდებოდა. თუ ეს შეზღუდვა მოიხსნა, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და იმასაც ნიშნავს, რომ ზრდასრული ხელისუფლება გვყავს და ბავშვურ აგრესიულ თამაშებში ნაკლებად არის შემჩნეული. ამდენად, საქართველოს ახალი ხელისუფლება უფრო მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე წინა“, - ამბობს ხუხაშვილი.