"ჩვენც ვაფიქსირებთ, რომ ველაპარაკებით რუსეთს და, რაც მთავარია, რუსეთი აფიქსირებს ჩვენთან დიალოგს. მეორე მომენტი უფრო მნიშვნელოვანიც კია - რუსეთს სჭირდება მიიქციოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება, რომ ის მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოსთან. ქართული მხარისთვის რუსეთთან დალაპარაკება სანატრელიც კი გახდა, რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ არხის გაჭრა, რომლის საშუალებითაც პრობლემების მოგვარება გახდება შესაძლებელი, მისასალმებელია და მასზე უარის თქმა დაუშვებელია. ეკონომიკური კუთხით შედეგებს უნდა ველოდოთ დაახლოებით იმ დროში, რამდენიც მათ გაფორმებას დასჭირდება. პოლიტიკური შედეგები კი სოჭის ოლიმპიადამდე გაჭიანურდება", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შეიძლება "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს".
"ოლიმპიადამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისადმი. პროცესის წარმართვა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება. თუმცა დღეს იმაზე მსჯელობა, როდის დაიძვრება მკვდარი წერტილიდან პოლიტიკური საკითხები, ნაადრევია. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის დასავლეთის პოზიციისაც და იმის, რამდენად გაუწევს ამ პოზიციას ანგარიშს რუსეთი. ამერიკამ საქართველოში ბევრი მატერიალური რესურსი ჩადო, თუმცა, ბევრი პოლიტიკური რესურსიც დააბანდა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდში. ცხრა წლის განმავლობაში ვისმენდით, რომ სააკაშვილი და აღნიშნული გუნდი "დემოკრატიის შუქურაა". სწორედ ეს აიძულებს ამერიკელებს, სუბიექტურები იყვნენ, რადგან რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ, ის შესაძლოა, "დამნაშავეობის შუქურა" აღმოჩნდეს. ნებისმიერი დარტყმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამერიკელი პოლიტიკოსების იმიჯსაც ურტყამს. ვგულისხმობ იმას, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი დაუპირისპირდება - გვეგონა, დემოკრატიას გვაფინანსებინებდი და დიქტატურა აღმოჩნდაო. შესაბამისად, ამ პროექტებში მონაწილე ამერიკელი პოლიტიკოსები ამომრჩევლის ნდობას დაკარგავენ. ამიტომაც ამერიკელები იოლად ვერ შეეგუებიან სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ამერიკული პოლიტიკა საზოგადოებაზეა ორიენტირებული. 1-ლი ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიანად დამთავრება რომ გვიხარია, პირველ რიგში, ამერიკელი მეგობრების მადლიერები უნდა ვიყოთ. მადლობა უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილს უფრო დიდი ცოდვა არ დაედო და ხალხის ნება აღსრულდა. ამაში დიდი როლი აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შეასრულა, რომელიც შიგადაშიგ ლამის მიტინგებზე გამოდიოდა. უნდა ვთქვათ, რომ ამერიკელები არ არიან ზებუნებრივი არსებები, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც შეცდომები მოსდით. ამერიკა კი უშვებს შეცდომებს, მაგრამ მის გამოსწორებასაც ცდილობს, ოღონდ ისე, რომ არავინ შეატყოს შეცდომის აღიარება. სხვათა შორის, მოსახლეობის ინტერესების გვერდზე გადადებამ და პოლიტიკურ პარტნიორებზე აქცენტის გაკეთებამ აშშ-ს არაბული რევოლუციები მოუტანა. თუმცა მან დასკვნები გამოიტანა და ეს საქართველოში 1-ელ ოქტომბერსაც დადასტურდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება ევროპელებს, ბევრი მათგანისთვის გაუგებარია, ვინ არის თვითონ ივანიშვილი. როდესაც საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაზე", ხშირად ავლებენ პარალელს უკრაინასა და იულია ტიმოშენკოსთან. თუმცა საკითხს შეიძლება მეორე მხრიდანაც შევხედოთ - ტიმოშენკო ნამდვილად არ არის უდანაშაულო, მაგრამ დასავლეთს სურს, რომ პოლიტპატიმრად აღიარონ. იანუკოვიჩი კი მათ მიერ აღიქმება როგორც რუსული პროექტი. შესაბამისად, თუ ევროპა არ დარწმუნდა ივანიშვილის პროდასავლურობაში, უკრაინის მოდელს გადმოიტანს საქართველოში და მუდმივად უსაყვედურებს მას, რომ პოლიტიკურად დევნის ნაციონალებს. ამ ეჭვის გაღვივებას პირველ რიგში ხელს უწყობენ ნაციონალები, რომლებიც საზღვარგარეთ მუდმივად იმაზე ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებული და რუსული ორიენტაციის მქონე ადამიანია", - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.
"არ დაგვავიწყდეს, რომ 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებია და ნორმალური პოლიტიკური სპექტრი უნდა გაჩნდეს, საარჩევნო პროცესი მართლაც ერთპარტიული რომ არ იყოს. რეალური და ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია მართლაც საჭიროა. ნაციონალებს ჰგონიათ, რომ რაც უფრო გაიზრდება უკმაყოფილების მუხტი, მით უფრო მოემატებათ რეიტინგი. არადა ასე არ არის. ჩვენთან ყოფილა, რომ დიდი იყო უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, მაგრამ ასევე ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ამომრჩეველს საპარლამენტო ოპოზიციისადმი. ამის მაგალითად წინა პარლამენტიც გამოდგება. ასეთ ვითარებაში რეიტინგი ეზრდებათ საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მყოფ პარტიებს. შესაძლოა, ივანიშვილს მართლაც სურდეს პარლამენტში ოპოზიციური ნაკადის გაჩენა, რათა საკითხები მათთან დიალოგით მოგვარდეს და არა მიტინგებითა და ქუჩით", - დასძენს რესპონდენტი.