“ღმერთის წინაშე დანაშაული არ მიმიძღვის, უბრალოდ, შემეშინდა და აგენტობა ვაღიარე!”

“ღმერთის წინაშე დანაშაული არ მიმიძღვის, უბრალოდ, შემეშინდა და აგენტობა ვაღიარე!”

2010 წლის 5 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა სპეცოპერაცია “ენვერი” ჩაატარა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოსთან, ანუ “გე-რე-უ”-სთან ფარულ კავშირზე მყოფი პირები, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფრინავები დააკავა. სპეცოპერაცია ,,ენვერის” მინაწილეები პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენებით დააჯილდოვა. გამოძიებასთან მხოლოდ ორმა დაკავებულმა ითანამშრომლა. ერთ-ერთ მათგანს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროს ლეიტენანტ გაბრიელ უსტალიშვილს “ქართული სიტყვა” ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, საკუთარ სახლში ესაუბრა... გაბრიელ უსტალიშვილის კარმიდამო არცთუ მდიდრულია _ ეზოში პალმა, მანდარინის ბაღი და ყვავილებია... ვიდრე მასპინძელი გამომხედავდა, თავი მეზობელთან საუბრით შევიქციე. “კარგად ხედავთ, რომ ეს სახლ-კარი ღარიბი გლეხის ოჯახია _ აქ მამა და სამი ვაჟიშვილი ცხოვრობს. დედა გარდაეცვალათ... გაბოს ცოლი და სამი წლის გოგონა ჰყავს. დაჭერილი რომ იყო, ისეთი გაჭირვებული ოჯახია, თვეში 50 ლარს ძლივს აგროვებდა, ციხეში რომ შეეგზავნა... გაბო ახლაც უმუშევარია. ერთხანობას, ნიჟარებისგან გაკეთებულ ნაკეთობებს ყიდდა, ამ საქმით აქ რამდენიმე ოჯახია დაკავებული,” _ მეუბნება მეზობელი... ამასობაში, გაბრიელიც გამოჩნდა და შინ შემიპატიჟა. მართალია, მეზობელმა გამაფრთხილა, ჟურნალისტებს არ სწყალობსო, მაგრამ ინტერვიუზე უარი არ უთქვამს...

გაბრიელ, 2010 წელს ბრალი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაგდეს. ყველაფერი როგორ დაიწყო _ რა გაკავშირებთ რუსეთთან? სხვათა შორის, “რუსთავი 2”-ის გახმაურებულ ფილმ “ენვერში” რუსულად საუბრობთ... ისე, გარეგნობაც სლავიანური გაქვთ...
- დედაჩემი რუსი იყო, მამა კი, ქართველია... ქობულეთელი ვარ. 1975 წელს ქალაქ ნალჩიკში დავიბადე, ტექნიკური სასწავლებელი რუსეთში დავამთავრე, ჯარიც იქ “გავიარე” და საქართველოში 1995 წელს დავბრუნდი. 2000 წელს, ასლან აბაშიძის ინიციატივით, ბათუმში საფრენოსნო სასწავლებელი დაარსდა, ავიაცია მიზიდავდა და გადავწყვიტე, ბედი მეცადა _ გამიმართლა. საწავლებელი სულ თოთხმეტმა კურსანტმა დავამთავრეთ, აქედან ექვსს ბრალი ჯაშუშობაში დაგვედო, დანარჩები კი, გაათავისუფლეს.

მოდით, დაკავების დღე გაიხსენეთ...
- ბრალი 2010 წლის 13 ოქტომბერს ბათუმში, რესტორან ,,ოქროს თევზსა” და სასტუმრო ,,სანაპიროს” შორის, ტელეკამერების წინ წაგვიყენეს... ის დღე კი, კოპიტნარის აეროპორტში ჩვეულებრივად დაიწყო _ სასწავლო მეცადინეობა გვქონდა. ამ დროს გვითხრეს, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია მოვიდა და ამოწმებს, მობილური ტელეფონები ხომ არა გაქვთო. გელა კაკაბაძის გარდა, ყველანი ნაწილში ვიყავით, გელა კი, ბათუმში მივლინებით იმყოფებოდა.  საერთოდ, ტელეფონის ტარება აკრძალული იყო, მხოლოდ მეთაურს ჰქონდა უფლება, ჩვენ კი, მობილურები უნდა ჩაგვებარებინა და ჟურნალშიც გაგვეტარებინა. მოგვაწყვეს და გამოგვიცხადეს, ნუ გეშინიათ, არც დაგსჯით, არც ხელფასს ჩამოგაკლებთო. ტელეფონი ჩაბარებული მქონდა... მერე, ხუთი კაცი ამოგვარჩიეს და გვითხრეს, ბათუმში ხართ დაბარებული, რაღაც საქმეა გასაკეთებელიო. არ გაგვიკვირდა, ვიფიქრეთ, ორი კვირის წინ დაკავებული ვიაჩესლავ პრუჟნიკოვის გამო გვიბარებდნენ დაკითხვაზე. ჩაგვსვეს მიკროავტობუსში, ქუთაისის ავტოსადგურში წაგვიყვანეს და გვითხრეს, თუ გზის ფული არ გაქვთ, გადაგიხდითო. ერთ-ერთ მეგობარს საკუთარი მანქანა ჰყავდა და გვითხრა, რაღა მიკროავტობუსით ვიმგზავროთ, ჩემი მანქანით წავიდეთ, ყველანი დავეტევითო. დავბრუნდით კოპიტნარში და მანქანაში გადავსხედით. ბათუმში შესვლამდე, სამხედრო “ჯიპი” დაგვეწია და მეგაფონით გვიბრძანა, მანქანა გადააყენეთო. წინ, უკან მანქანები ჩაგვიყენეს, საიდანაც შეიარაღებულები გადმოხტნენ და გარშემო შემოგვეხვივნენ, მერე, ბორკილები დაგვადეს და გამოგვიცხადეს, დაკავებულები ხართო. თარჯიმანი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ქართულად კარგად ვლაპარაკობ.

ყველაფერი ეს ზღვის შესანიშნავი პეიზაჟის ფონზე ხდებოდა?
 - დიახ, როგორც გითხარით, რესტორან ,,ოქროს თევზსა” და სასტუმრო ,,სანაპიროს” შორის. მახსოვს, ჟურნალისტი ეუბნებოდა ოპერატორს, აქეთ მოატრიალე კამერა, უკეთესი ხედიაო. გადაღების შემდეგ, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროში გადაგვიყვანეს, იქ დაიწყეს დაკითხვები დ იმ ღამესვე თბილისში, ვაზიანში, სამხედრო პოლიციის ჰაუპტვახტში ამოვყავით თავი. ორი დღე იქ დავყავით, 72 საათი რომ იწურებოდა, ორი საათით ადრე, წაგვიყვანეს სასამართლოში. მოსამართლემ არაფერი გაითვალისწინა, არც მოგვისმინა და ბრალი 314-ე მუხლით წაგვიყენა, რომელიც საკუთარი ქვეყნისადმი ჯაშუშობას ითვალისწინებდა. ორთვიანი პატიმრობა შეგვიფარდეს და გლდანის მერვე საპყრობილეში გადაგვიყვანეს.

ბრალი მტკიცებულებებით იყო გამაგრებული?
- მტკიცებულება არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ჩემი სახლის მეორე სართულზე თითქოს “ჩიპი” იპოვეს. 

ჩხრეკას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ?
- კი, ესწრებოდნენ, მაგრამ შიშისგან დაბნეულები იყვნენ... ასეთივე “ჩიპი” ჩემი ხუთივე თანამებრძოლის სახლში “აღმოჩნდა”. მაგალითად, გელა კაკაბაძეს “ჩიპი” ხატების უკან “უპოვეს”. რა იყო ამ “ჩიპზე”, რა ინფორმაციას ეძებდნენ, დღესაც არ ვიცი. ხომ შეიძლება, ის, ვინც ჩვენ ეს მოგვიწყო და ისიც, ვინც ჩვენი ჯაშუშობა დაიჯერა, დაფიქრდეს: მე, “გამოცდილი ჯაშუში” “ჩიპზე” ინფორმაციას ვაგროვებდი და შინ ვინახავდი?.. მაშინ მოსამართლე სხვანაირად ვერც მოიქცეოდა. 

_ ,,ენვერის” მონაწილეებს, როგორც მახსოვს, ბრალად რუსეთის ფედრეციის კონკრეტულ მოქალაქესთან კავშირი გედებოდათ...
_ ჩემს საქმეში მიხეილ კვაჭანტირაძის სახელი ფიგურირებდა. მიშა ჩემი ბავშვობის და საფრენოსნო სასწავლებლის მეგობარია. მის ოჯახსაც ვიცნობ _ ვურთიერთობდი დედასთან, დასთან. მიშა სხვა დაკავებულებთანაც ახლობლობდა... ასლან აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მიშა საქართველოდან რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში გადავიდა საცხოვრებლად. ხანდახან ჩამოდიოდა და ვიკრიბებოდით ხოლმე.

რას საქმიანობს კვაჭანტირაძე რუსეთში, ისიც სამხედროა?
_ როგორც თვითონ ამბობდა, მის ნათესავს რაღაც ბიზნესი ჰქონდა და მასთან მუშაობდა, ყოველ შემთხვევეში, ეს ბიზნესი სამხედრო საქმიანობას არ უკავშირდებოდა. გამომძიებელი კი, მიმტკიცებდა, კვაჭანტირაძე ჯაშუშია და საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდიო.

ამბობთ, ყველაფერი სიცრუეაო. რაში დასჭირდა წინა ხელისუფლებას ,,ენვერის” “შეკერვა”, ან სპეცოპერაციას “ენვერი” რატომ დაარქვეს?
_ სახელზე არაფერი ვიცი... ვფიქრობ, ყველაფერი ჩვეულებრივი პიარკამპანია იყო, რომელიც ძველ ხელისუფლებას ახასიათებდა. გვეუბნებოდნენ, 2006 წლიდან თვალს გადევნებდითო. თუ ასეთი სუპერჯაშუში ვიყავი და ამდენი წლის განმავლობაში ტელეფონზე მისმენდნენ, ერთხელ რამე არ წამომცდა, ან ერთი საეჭვო შეხვედრა არ მქონდა? _ აგვისტოს ომამდე, ან ომის შემდეგ აეტეხათ ამბავი. 2010 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში, ნატო-ს სამიტი უნდა ჩატარებულიყო, ალბათ, უნდოდათ, მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, აი, რუსეთი თავს არ გვანებებს, ჯაშუშებს გვიგზავნისო. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ე.წ. გამოაშკარავება.

მახსოვს, ირაკლი სესიაშვილმა თქვენს დაპატიმრებას შოკისმომგვრელი უწოდა და განაცხადა: “ორმაგი ზარალია, როცა გვესმის, რომ ჯაშუშობაში მფრინავები მონაწილეობდნენ და ეს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე დარტყმაა. მეორე _ ვკარგავთ სპეციალისტებს, რომელთა მომზადებაშიც კოლოსალური თანხა ჩაიდო. საჰაერო ძალების ერთი მფრინავის მომზადება სახელმწიფოს მილიონ ლარამდე უჯდება...”
- დიახ, ჩვენი დაპატიმრებით ზიანი მიაყენეს ქართულ ჯარსა და ავიაციას, რომელსაც გამოაკლდა სამი ეკიპაჟი _ ათი წლის გამოცდილების მქონე კადრები. ჩვენ ვასრულებდით საიდუმლო მისიებს _ პრეზიდენტის გაცილება-მოცილებას, ტვირთების გადაზიდვას, ომის დროს იარაღსაც ვეზიდებოდით... ისეთი საიდუმლო მისიები გვაქვს შესრულებული, რომ ყველაფერს ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, თავდაცვის აკადემიის ერთწლიანი კურსი მაქვს გავლილი და თუ ასეთი საეჭვო ვიყავი, რატომ გვქონდა თანამშრომლობა პრეზიდენტის დაცვასთან? საკუთარ ბრალდებას ეჭქვეშ თვითონვე აყენებენ...

გაბრიელ, საბრძოლო ოპერაციებში პირადად მონაწილეობდით?
- არა... სენაკის ბაზის დაცვაში ვიყავი. 

პატიმრობისას თქვენზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა?
- გლდანის ციხეში, ექვსკაციან კამერაში, 35 პატიმარი ვიყავით. ყოველ წუთს ვიღაც გაჰყავდათ და უკან ნეკნებჩამტვრეული, გასისხლიანებული შემოჰყავდათ. ჩევნ თანამშრომლების კი არა, საერთო კამერებში, მკვლელებისა და ქურდების გვერდით ჩაგვსვეს. ყველას უკვირდა, ოფიცრები აქ რატომ ხართო. თანამშრომლების კამერაში ვერ გადაგვიყვანდნენ, რადგან იქ სათანადო ზეწოლას ვერ განახორციელებდნენ. ე.წ. კარანტინში ყოფნისას, ციხისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები დაკითხვაზე ყოველდღე მიბარებდნენ. 

მათი სახელები არ იცით?
- არა, თუმცა ყველას ამოცნობა შემიძლია. ყველაფერს ერთი კაცი ხელმძღვანელობდა _ ყველა მას უსმენდა და უჯერებდა. კიდევ ორი-სამი გამომძიებელი აქტიურობდა. ყველა შეხვედრაზე მუქარით სავსე საუბრები იყო: ან აღიარებ, ან დაგაპატიმრებთ, შეღავათს იმ შემთხვევაში გაგიწევთ, თუკი იმას გაიმეორებ, რასაც გეტყვითო. ერთი-ორჯერ, როცა უარზე დავდექი, მაგრად მცემეს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მდგომარეობა შევაფასე, ვხედავდი, თავს არ დამანებებდნენ, ხელ-ფეხის მოტეხვას და წამებას ვამჯობინე, დავთანხმებულიყავი აღიარებით ჩვენებაზე. ტექსტი ძირითადად ჩემი მოფიქრებული იყო, რომელიც მათთან შევათანხმე, ანუ თითქოს ინტერნეტით ვუკავშირდებოდი მიხეილ კვაჭანტირაძეს და გადავცემდი საიდუმლო ინფორმაციებს საქართველოს საჰაერო ძალების მომზადებისა და გადაადგილების შესახებ; თითქოს ვსარგებლობდი რაღაც საიტებით, მაგალითად, ,,არგონავტი 95”-ით და ა.შ., თითქოს ბორჯომის ტყეებში ქართული ჯარის განლაგების შესახებ გადავეცი კვაჭანტირაძეს ინფორმაცია. სამი-ოთხი დღის განმავლობაში, ღამის საათებში, მუხაძის კაბინეტში მავარჯიშებდნენ, თუU როგორ უნდა გამოვსულიყავი კამერის წინ და წარმომეთქვა “აღიარებითი ჩვენება” ისე, რომ არაფერი შემშლოდა... 17 დეკემბერს დახურული სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელსაც მხოლოდ პროკურორი, მოსამართლე, სასამართლოს საიდუმლო განყოფილების უფროსი, ბადრაგი და მე ვესწრებოდით. ხუთი დღით ადრე კი, პროკურორი იყო მოსული და დავდეთ საპროცესო გარიგება... წაიკითხეს განაჩენი, რომელიც დავუდასტურე, ანუ ვაღიარე “ჯაშუშობა” და დამთავრდა. გამასამართლეს 314-ე მუხლით, რაც საიდუმლო ინფორმაციის გაცემას ითვალისწინებს და 6 თვე პატიმრობა და ექვსი წელი ე.წ. პირობითი მომისაჯეს... მოტყუებული დავრჩი _ არ ველოდი, თუ ამდენს მომისჯიდნენ. ჩემი მეგობრებიდან ოთხს 11 წელი მიუსაჯეს, ერთს _ 14. სხვა შანსი არ მქონდა, იქიდან არავინ გამომიშვებდა. რა, რომელიმე ჩინოსანი, თუნდაც მერაბიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, იცით, ჩვენ შეგვეშალა, ბრალი დავდეთ, ცილი დავწამეთო? იმ მომენტში ასე გადავწყვიტე, თუმცა, ძალიან ძნელია “აღიარება”. სხვებმა, არჩადენილი დანაშაულის აღიარებას, ციხეში ყოფნა ამჯობინეს.

აღიარებას ნანობთ, გაბო?
- აჭარლებს ასეთი ანდაზა გვაქვს: ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაი უნდა დაუძახო”. მაშინ წინააღმდეგობა უაზროდ მომეჩვენა, მაგრამ ეს ჩემი გაწყვეტილება იყო. ჩემმა მეგობრებმა წარმოუდგენელ ზეწოლას გაუძლეს _ ისინი გმირები არიან! მე კი, ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ სისუსტე გამოვიჩინე, თუმცა ღმერთის წინაშე დანაშაული არ მიმიძღვის, უბრალოდ, შემეშინდა! ყველა გმირი ვერ იქნება!.. იმის ატანას, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, მტერსაც არ ვუსურვებ. დავკარგე მეგობრები, ახლობლები: ზოგი მემდუროდა, ზოგი მიბრაზდებოდა, არ მელაპარაკებოდა. ზოგიერთები ბოლოს შემომიბრუნდნენ...
ჩვენ რატომ ამოგვირჩიეს? _ იცოდნენ, რომ დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა კვაჭანტირაძესთან, მაგრამ გელა კაკაბაძეს, გოჩა დიასამიძეს, ტარიელ აბაშიძეს, დავით მესხიძესა და ვიაჩესლავ პრუჟნიკოვს რას ერჩოდნენ? ყველაფერი ჩემს აღიარებით ჩვენებაზე ააგეს, ჩემი ჩვენება კი, ნორმალურმა, აზრიანმა გამომძიებელმა რომ წაიკითხოს, სიცილით მოკვდება, რადგან შიგ უამრავი უზუსტობა და ფანტაზიაა ჩაქსოვილი.

რას აპირებთ?
- ჩემი აზრით, მისთვის , ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, ამნისტია მისაღები არაა. რა უნდა გვაპატიონ? _ დანაშაული, რომელიც არ ჩაგვიდენია?.. 5 დეკემბერს პარლამენტმა პოლიტპატიმრების სია დაამტკიცა. მასში ჩემი მეგობრები მოხვდნენ და მიხარია... ჩემი საქმე კი, სხვაგვარადაა _ მე აღიარებითი ჩვენება მივეცი. მირჩიეს და ვაპირებ საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შევიტანო და საქმის გადახედვა ვთხოვო.