„ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ გახარია გახდეს „ოცნების“ ფიგარო“

„ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ გახარია გახდეს „ოცნების“ ფიგარო“

პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ ხმები პერიოდულად ვრცელდება, თუმცა საკითხი სერიოზულად არ დამდგარა. ოპოზიციური არხების მიერ, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ გუნდში არასერიოზულად უყურებენ და ამბობენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამ ინფორმაციას მიზანმიმართულად, სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების გადასაფარად იყენებენ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ეს მოხდება, გახარიას გადადგომას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - გახარია გახდეს „ოცნების“ ფიგარო!

პაატა ზაქარეიშვილი: სიმართლე გითხრათ, რაც ხდება ცოტა უცნაური და ალოგიკურია, თუ „ოცნება“ მართლაც ამას ფიქრობს. გახარია, ნამდვილად გამონაკლისი ფიგურაა „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც შეუძლია მიიღოს როგორც გადაწყვეტილება, ასევე შეუძლია მიიღოს თავის თავზე დარტყმაც. ამ ფონზე, გახარია არის მონაპოვარიც და საკმაოდ სერიოზული ფიგურაც. ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ გახარია გახდეს „ოცნების“ ფიგარო, ანუ ის სჭირდებათ როგორც პარლამენტში ასევე მთავრობაში. ერთადერთი ლოგიკური კონტექსტი არის ის, რომ გახარია თუ წავა პრემიერ-მინისტრობიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ წარმატებას ვერ აღწევს სამეგრელოში, ამ ფონზე შესაძლოა, გახარია გახდეს ლოკომოტივიც კი სამეგრელოდან ხმების წამოღების. 20 ივნისამდე რომ გახარია წავიდეს, გამოვა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ოპოზიციის გაძლიერებას, ხოლო 20 ივნისის შემდეგ თუ წავა, ჩემთვის ლოგიკა უკვე გასაგები იქნება. მოგეხსენებათ გავრილოვის ღამის წლისთავია, ამიტომ, ალბათ, ოპოზიცია ამას გააპროტესტებს და როცა ვითარება ჩაცხრება, გახარიას გადადგომა გასაგები გახდება საარჩევნო სიიდან გამომდინარე. სხვა მხრივ, მე ვერანაირ ახსნას ვერ ვხედავ რატომ უნდა გაუშვას „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებული პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან.

კარგით, დავიწყოთ კორონამდელი მოვლენებიდან, მაშინაც ვრცელდებოდა აქტიურად გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით ხმები და ეს უკავშირდებოდა შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, რაც ალოგიკური სულაც არ არის, ჩვენ ვიცით, რომ მმართველ გუნდშიც არ არის ერთიანობა..

- რა თქმა უნდა, შიდა დაპირისპირება არის, ეს ბუნებრივია. აშკარად იგრძნობა, რომ კალაძეს ყავს თავისი გუნდი. შეიძლება ის ვაკრიტიკოთ, მივუთითოთ შეცდომებზე, მაგრამ ის ითვლება წარმატებულ მერად. ამ ფონზე, ბუნებრივია, ის მარტო მერობით არ დაკმაყოფილდება, კალაძე აძლიერებს გუნდს და აშკარაა, რომ მას სხვა ამბიციებიც აქვს. ფაქტიურად, გახარიამ თავისი გუნდი ვერ შექმნა. პარლამენტში დარჩენილია ღარიბაშვილის გუნდი, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა და არის წამყვანი ფიგურა, იქ არის კვირიკაშვილის გუნდის ნარჩენები, რომელთაც მოუწევთ ან წასვლა ანდა გადაბარგება სხვა გუნდებში, ანუ, უამრავი სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ „ქართულ ოცნებაში“ და, ამ ფონზე ივანიშვილის არაპოლიტიკოსობა და მისი პოლიტიკიდან დისტანცირება სიტუაციას რევს. ეს ჯგუფები იმის ნაცვლად, რომ ბუნებრივად ეპაექრებოდნენ ერთმანეთს, ისინი იძულებული არიან ერთი ყურით და ერთი თვალით ივანიშვილისკენ იყურონ, რაც სახელმწიფოს აზარალებს. მათი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა მოქმედებს ჩვენზე, ეს არის გაურკვევლობა, რომელიც, ვფიქრობ, დიდხანს ვერ გაგრძელდება და რომელიღაც პოლიტიკური ძალა ან მოიპოვებს უპირატესობას „ქართულ ოცნებაში“, ან გამოეყოფა მას, როგორც თავის დროზე ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როდესაც გამოეყო „მოქალაქეთა კავშირს“, ან კიდევ შეთანხმდებიან გარკვეულ პირობებზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების ტელევიზიით გადაცემა გადაწყვიტა ხელისუფლებამ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დასვას კითხვა და მიიღოს პასუხი, მაგრამ მოდით, ამ პროცესს გვერდიდან შევხედოთ, საზოგადოებას აინტერესებს კი ეს განხილვის პროცესი და საერთოდ, რაზე ილაპარაკებს ხელისუფლება?

- მშვენიერი კითხვაა, თუმცა მაქვს ძალიან სამწუხარო პასუხი - არ აინტერესებს. ამ კორონავირუსის ფონზე, ამ ეკონომიკური გაჭირვების ფონზე და სიღარიბის ფონზე, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ საზოგადოების დაინტერესებას, რომ მათთვის პრინციპული განსხვავება იყოს მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ სისტემებს შორის. მათი აზრით, პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის მეტი ადგილი შეხვდება პარლამენტში და ვინ უფრო კარგად იცხოვრებს მათ ხარჯზე, დაახლოებით ასეთია დამოკიდებულება. მაგრამ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უფრო მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს საქართველო სუფთა პროპორციულ სისტემაზე, რამეთუ ამით ახალი რეალობები და ახალი შანსები უჩნდება სახელმწიფოს. საქმე ისაა, რომ ოპოზიციაშიც არიან ძალები განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, რომელსაც გარანტირებული აქვთ პარლამენტში ყოფნა ნებისმიერ ვარიანტში, გინდ 73/77 ვარიანტი იყოს, გინდ 120-30, მეტიც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს კიდევაც 73/77-ზე, ოღონდ ეს უნდა დაბრალდეს „ქართულ ოცნებას“, მათი მთავარი ამოცანაა როგორმე „ქართულ ოცნებას“ შეახოცონ პასუხისმგებლობა, თუ ვერ შედგა 120/30-ზე შეთანხმება. მოგეხსენებათ, წინა პარლამენტებში „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავჯერ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეს რეფორმები განეხორციელებინათ, მაგრამ შეგნებულად არ გააკეთეს, იმიტომ რომ პარლამენტში უფრო მეტი ხვდებიან. ამიტომ, ის რაც ხდება ოპოზიციაში - ვერ თანხმდებიან კანდიდატზე, აშკარად ჩანს, რომ დიდად არ ედარდებათ ცვლილებების ჩავარდნა და საბოლოო ჯამში პარლამენტში დარჩებიან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და შესაბამისად, იქნებია ნ საპატიო და საყვარელი ოპოზიცია „ქართული ოცნებისთვის“. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობის ბედი არც „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს და არც ოპოზიციას, მათ ადარდებთ თავისი სავარძლები და ადგილები პარლამენტში, რათა განაგრძონ ძველებური მართვა. ანუ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი ვერ აკეთოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ იძახოს, რომ „ოცნება“ ვერაფერს აკეთებს და ასე გაგრძელდება 2024 წლამდე, ვიდრე არ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე. სამ-ოთხ წელიწადში ყველა მიხვდება რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გადასვლა, მაგრამ ჩვენ წლებს დავკარგავთ, დაახლოებით 7-10 წელს. ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის ოჯახების ბედი, ახალგაზრდების მომავალი, მოხუცების კეთილი სიბერე და უამრავი სხვა რამ.

ფაქტია, ოპოზიციაც ვერ აღმოჩნდა მომზადებული ამ პროცესებისთვის, უკვე დაპირისპირება ღიად გამოჩნდა, რაც მათ წარმატებებზე საუბარი ნამდვილად კითხვის ნიშნებს ტოვებს...

- ოპოზიციის წარმატება-წარუმატებლობა, დიდად არ აისახება სახელმწიფოს ბედზე ისე, როგორც მმართველი პარტიის. ამიტომ, ყოველთვის მთავარია, რა ხდება მმართველ პარტიაში. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ არჩევნები, ყოველთვის არის მმართველი პარტიის შეფასება. როცა ადამიანი არჩევნებზე მიდის, ის აფასებს არსებულ პოლიტიკას, ან მოსწონს, ხმას აძლევს მას და ტოვებს ხელისუფლებაში, ან არ მოსწონს და ცვლის მას. როცა ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, ხელისუფლება გველაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რაც სასაცილოა, ხელისუფლება უნდა გველაპარაკებოდეს სიღარიბეზე, პენსიებზე, განათლებაზე და უამრავ სხვა საკითხებზე. „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართველმა ხალხმა პასუხი გასცა 2012 წელს. ახლა ფასდება, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. „ოცნება“ ლაპარაკობს, რომ მისი მთავარი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობაა“, გამოდის, რომ მას არაფერი არ გაუკეთებია. გამოდის, რომ 8 წელში „ნაციონალური მოძრაობაც“ კი ვერ გააგდო. ხალხი ხედავს, რომ გუშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი დღეს თავში ურტყამს, ისევ თანამდებობებზე არიან დაბრუნებული. „ქართული ოცნების“ ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან მკაფიოა რეგიონებში, ხალხი ძალიან დაბნეულია. ანუ, ოპოზიციაში უფრო მეტი ჭკვიანი ადამიანია, ვიდრე ხელისუფლებაში და კარგად ხვდებიან ამ ნიუანსებს. ამიტომ, ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ ამ პრიმიტიულ გათვლებს ძალიან კარგად ხედავენ და ისევ მათ წინააღმდეგ იყენებენ.

როცა ივანიშვილი ამბობდა, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო, ეს რას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ვრჩებით ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“-ო. ამ ყველაფრიდან გამოდის, რომ არც ერთს არ ადარდებს მოსახლეობის ბედი, მხოლოდ ადარდებთ ის, თუ რამდენი პროცენტით შევლენ ისინი პარლამენტში.

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობებზეც უნდა გკითხოთ. ხაზარაძე ფაქტიურად ცდილობს ჩამოყალიბდეს მესამე ძალად, თუმცა თავად ხაზარაძის და მისი გუნდელების უმეტესი ნაწილის ბეგრაუნდი ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა და ეს გამოჩნდა უკვე ხალხის განწყობიდანაც...

- მესამე ძალის ჩამოყალიბებას ყველა ელოდება და მეც მათ შორის. ხაზარაძე აშკარად ცდილობს ამას, მაგრამ წარმატებული და გაბრაზებული ბანკირი, თუნდაც სამართლიანად იყოს გაბრაზებული, ღარიბი ადამიანის თვალში არ არის საუკეთესო ვარიანტი. როდესაც თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ მოდიოდა, იქ არავინ არ იყო მდიდარი. სააკაშვილი და კობა დავითაშვილი, იმ დროს ყველაზე პოპულარულები იყვნენ. ისინი იყვნენ ხალხიდან გამოსული ადამიანები. „ლელოში“ კი არ ჩანს ხალხიდან გამოსული ადამიანი. „ლელო“ გარდა იმისა, რომ ამბობს, არის მესამე ძალა, ის არ ამბობს როგორი იქნება განათლება, როგორი იქნება კრედიტები ბანკებში, როგორი იქნება კრიმინალთან ბრძოლა, საპენსიო სისტემა, ეკონომიკის მართვა, სოფლის მეურნეობა, ამაზე ლაპარაკი არ არის. ერთადერთი იმაზე ლაპარაკობენ, რომ არიან მესამე ძალა, რაც საზოგადოებას არაფერს არ ეუბნება. მე არ ვარ არც „ქართული ოცნების“ და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი, მე არ მინდა ყველა გადავხაზო, მინდა ვიღაცას მივცე ხმა. ამიტომ ჩემნაირი ადამიანებისათვის საჭიროა უფრო მეტი არგუმენტები.

 

Maverick ნუ თაღლითობთ ბატონო ზაქარეიშვილო!

პროპორციული სისტემა პატრიული (ბოლშევიკური) დიქტატურის და კორუფციის წყაროა!

შერეული ვითომ ცოტა უკეთესი!

პროპორციული სისტემა მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ითვალისწინებს, არჩევისთანავე ივიწყებს ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებებს და თავს არ თვლის ვალდებულად ამომრჩევლებს გაუწიოს ანგარიში!

მაჟორიტარული სისტემა დამოუკიდებელია პარტიული დიქტატურისაგან, და კორუფციისაგან!

შერეული იყიდე-გაყიდეა, შენ მე მომეცი... , მე შენ მოგცემ სისტემაა, თანაც ნაწილობრივ უწევს ამომრჩეველის ინტერესებს ყურადღებას!

მაჟორიტარული სისტემა უფრო საქმიანი და არა მდორე სისტემაა, იგი ამომრჩეველზე ორიენტირებული, ძლიერი პარლამენტარის, მჟორიტარი დეპუტატების აზრთა ურთიერთ გაზიარების, შეჯერების, პრაგმატულ წინადადებების აღიარების, მისთვის ანგარიშის გაწვის, ქვეყნის განვითარებისათვის შრომის სისტემაა, იგი ასევე თავს ვალდებულად თვლის ამომრჩევლის ინტერესების განხორციელებას დაუთმოს ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ აირჩევენ, ან ამოქმედდება დეპუტატის გაწვევის და მანდატის ჩამორთმევის სამართლიანი სისტემა!
4 წლის უკან
Maverick P.S. ეს ქოცნაცური სიძე-პატარძალის კონსტუტუცია, რომელიც მათი თანაცხოვრების შედეგია, უნდა გაუქმდეს და მისაღები არის ახალი, ჭეშმარიტად ქართული, ქართულ სახელმწიფოზე, ძლიერ ქართულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ორიენტირებული კონსტიტუცია!
4 წლის უკან