წლევანდელი მძიმე ზამთარი მოსაგონრად უმძიმეს სოციალურ ფონს დაგვიტოვებს. თუკი სახელმწიფოსგან დახმარებას ამჟამად მოსახლეობის 40% (რაც ისედაც კატასტროფული მაჩვენებელია) მოელის, 4-5 თვის შემდეგ მინიმუმ ყოველი მეორე ადამიანი სხვისი წყალობის შემყურე იქნება.
სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8,5% იღებს, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ადამიანთა რიცხვი კი მოსახლეობის თითქმის 40,6%-შეადგენს.
რაც შეეხება ზოგადად მონაცემებს, იგი ასე გამოიყურება: სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 4 371 535 ადამიანი (2002 წლის აღწერის მიხედვით), აქედან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, 545 032 ოჯახია რეგისტრირებული, საერთო ჯამში – 1 778 885 ადამიანი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც საარსებო შემწეობას იღებს, მათი რიცხვი 371 426 ადამიანია, რაც სექტემბრის თვის მონაცემებთან შედარებით თითქმის 18 ათასით მეტია.
მიმდინარეწლის სექტემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას ბაზაში რეგისტრირებული 551 799 ოჯახიდან 353 610 ადამიანი იღებდა, ანუ საერთო მოსახლეობის დაახლოებით 8%.
ექსპერტების ვარაუდით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დღეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობს და თუ ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველო გადასულია იმ რეჟიმზე, როდესაც სურსათის ფასები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც ინფლაციის, ასევე – საარსებომინიმუმის მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი კი, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად არ გამყარდა, წლის ბოლომდე ისევ გაიზრდება.
“რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. საერთოდ, ზამთრის პერიოდში ხარჯები მეტია, შემოსავლის არსებითი ზრდის ფაქტორები კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ ხდება ფასების შემცირება, პირიქით – იზრდება. ყველა ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, მოქმედებს ხარჯების მატებაზე. სტაბილური შემოსავლების ხარჯზე ფასების ზრდა ნიშნავს, რომ სიტუაცია სიღარიბის ზრდასთან ახლოსაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე აიწევს.
1993 წელთან შედარებით ფასები დაახლოებით 8,5–ჯერ არის გაზრდილი. თუ 1993 ერთი კგ კარტოფილის ფასი იყო დაახლოებით 8 ცენტი, დღეს ის სადღაც 67 ცენტი ღირს. ასევეა სხვა პროდუქტებზე”, - აცხადებს ექსპერტი სოსო არჩვაძე.
ამ ყველაფერს კი ისიც ამძიმებს, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა არათუ ვერ მოგვარდა, არამედ უფრო გაუარესდა. ბოლო პერიოდში ამის აღიარება უკვე ხელისუფლების ზედა ეშელონებსაც უწევს.
მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი ვეღაცრ მალავს, რომ თბილისში ყოველი მე-4 ადამიანი ნაწილობრივ ან მთლიანად დაუსაქმებელია.
“ეს კატასტროფილი მაჩვენებელია. როცა მსოფლიო ბირჟებზე 10%-ით იმატებს ხორბლის, ფქვილის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მძიმედ ურტყამს იმ ხალხს, ვინც სოციალურად დაუცველია. იაპონელისთვის პურის 10%-ით გაძვირება პრობლემას არ წარმოადგენს”, - აცხადებს სააკაშვილი.
პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ საქართველოს მთავრობა ფასებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ – ნაწილობრივ. “როცა ფასები მეზობელ ქვეყნებში იმატებს, შენთანაც იმატებს - საზღვრებს ხომ არ ჩავკეტავთ?” - აცხადებს საქართველოს პირველი პირი.
როგორც იმოქმედებს მთავრობა ფასებზე, ყველას კარგად მოეხსენება. აქამდე მათი ყოველი “მცდელობა” ნახტომისებური თუ მცოცავი გაძვირებით გვირგვინდებოდა.