„შემოდგომაზე თუ მეორე ტალღა იქნება ჩვენ უნდა შევძლოთ, შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი“

„შემოდგომაზე თუ მეორე ტალღა იქნება ჩვენ უნდა შევძლოთ, შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი“

კოვიდ-19-ის პანდემიის მართვისა და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, მთავრობის მეთაურმა ვრცელი ანგარიში წარადგინა საკანონმდებლო ორგანოში. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიცია. უახლოეს პერიოდში გიორგი გახარია დეპუტატებს კიდევ ორჯერ შეხვდება - 29 მაისს, ინტერპელაციის წესით და ივნისში, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს.

პრემიერმა დეტალურად ისაუბრა გასული 2 თვის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ვირუსის მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები იქნება. რაც შეეხება ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას, გახარიას განცხადებით, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება. ამასთან, პრემიერის განცხადებით, მან დაავალა ფინანსთა მინისტრს, რომ 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სისტემატური შემოსავალი უფიქსირდებოდათ.

„დღეს ქვეყნის ძირითადი ამოცანა ყველას უნდა ესმოდეს, მინდა, პირველ რიგში, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ მთავრობისა და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა გახლავთ, ეს 3-4 თვე გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ, ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ გვეყოლება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების, ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს ორი რამისთვის - სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა, ამისთვის იქნება შექმნილი ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მსგავსი ეკონომიკური მკაცრი და მძიმე შეზღუდვები არ დაგვჭირდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სექტორი არის დეველოპმენტი და მშენებლობა.

„ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დასახმარებლად. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. ეს არის მათთვის, ვინც უკვე ამ პროცესში შესულია, უკვე გადაწყვეტილი აქვს ან პირველადი შენატანი აქვს გადახდილი, მათთვის, ვინც უკვე დაიწყო სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა რისკი, დღეიდან და წლის ბოლომდე. სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანგარიშს წარადგენის შემდეგ პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ტრადიციულად, ოპოზიციამ მთავრობის მეთაურს მუშაობის სტილი დაუწუნა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ პანდემიიდან სამი თვე გავიდა და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც კი არ მიუღია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მთავრობის მეთაურს მოსთხოვა ჩამოეთვალა, ან დაესახელებინა მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება. გოცირიძემ ასევე ისაუბრა  STOPCOV ფონდზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდი გაუმჭირვალეა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე დაინტერესდა რატომ არ უბრუნებს მთავრობა ფულს იმ მოქალაქეებს, რომელიც წაართვეს და უთხრეს რომ „შავი დღისთვის“ იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად უჭირთ და სჭირდებათ, მაინც არ უბრუნდება. მისივე თქმით, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა დოლარის კურსის მიხედვით უკვე გაუფასურებულია.

„2019 წლიდან მოყოლებული, გადასახადის სახით, თქვენ საქართველოს დასაქმებულ მოქალაქეებს და ასევე მათ დამსაქმებლებს, იძულების წესით, ართმევთ თანხას და აგროვებინებთ საპენსიო ფონდში. დღეის მონაცემებით, აღნიშნულ ფონდში არის დაგროვილი 772 მილიონი ლარი. ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული. მაგალითად, 1500 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს აღნიშნულ ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც თქვენ მათ არ უბრუნებთ.

ამის გარდა, ფონდში თანხა გადარიცხული აქვს ბიზნესსაც, რომელსაც ასევე უდიდეს შეღავათს მისცემდა ამ ფულის მათთვის უკან დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამ სქემით მოსახლეობას ეს ფული უკვე გაუუფასურდა. მაგალითად, 980 ლარი შარშან მაისში იყო 350 დოლარი, ხოლო ახლა არის 300 დოლარი. ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ? ფულს, რომელიც წაართვით, უთხარით, რომ შავი დღისთვის იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად უჭირთ და სჭირდებათ, მაინც არ უბრუნებთ, რატომ?“, - მიმართა გახარიას ოთარ კახიძემ.

კითხვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა გოცირიძეს წარსული შეახსენა და მიმართა: „არ მიყვარს ამაზე საუბარი. თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს რომ ხარჯავდა და თქვენ რომ იწერდით, მერე გამოდიოდით და ამბობდით, რომ პატრულს ამდენი მანქანა ჰყავს, ამას ჩავაცვით, ამას დავახურეთ და ახლა თქვენ მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე?! კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რეალურად დღეს მიმდინარე საკასო ხარჯების ნაწილში, საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და ეს გადმორიცხული თანხა, ყველა ადამიანის კეთილი ნება იყო და ამ კეთილ ნებას ჩვენ გამოვიყენებთ“, - მიმართა გიორგი გახარიამ.

პრემიერს ორი შეკითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა. პირველი კითხვა ეხებოდა ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას. საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც იკლებს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხი, ავტომატურად იზრდება დაუსაბუთებელი ხარჯების, ბიუჯეტის თვითნებური ხარჯვის თუ კორუფციის საფრთხეები. ასევე, ჩუგოშვილი დაინტერესდა ეკონომიკის სამინისტროს აქვს თუ არა გეგმაში რაიმე ტიპის ღონისძიებები, რომელიც მოსახლეობას მიეხმარება, რომ ამ ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობა გაუადვილოს.

„იმ პირობებში, როდესაც ყველამ ვიცით, რომ წინ გველოდება საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, იზრდება სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრამების მნიშვნელობა და დატვირთვა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც დღემდე არსებულ სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებს ჰქონდათ, არის ის, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს პროგრამები, სად უნდა მივიდნენ. ხვდებათ ძალიან დიდი ბიუროკრატიული ბარიერები და შეფერხებები. შესაბამისად, ეფექტურად ვერ სარგებლობენ ამ პროგრამებით, მათ შორის, შესაძლებელია, დახმარებასაც შეეხოს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერს და უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მნიშვნელობას. ასევე მან პრემიერს შემდეგი შეკითხვით მიმართა:

„8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, მიაყენებს თუ არა დარტყმას დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს?“.

გახარიამ დეპუტატს შეახსენა, რომ საერთაშორისო პარტნიორები პირველ რიგში, არის საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“.

„ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არ გაქვთ და ჩვენ, მეც მათ შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. აგერ, სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავ, აშკარად გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, - მიმართა პრემიერმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პრემიერს დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყნის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეუთანხმებლობა და დაინტერესდა, რატომ არ აქვს მთავრობას ინტერესი, ეს საკითხი დაიხუროს. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ლობისტების წერილში, რომელიც მათ აშშ-ში გაგზავნეს, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ნაბიჯი გადადგა შეთანხმების შესრულებისკენ, რაც, მისი თქმით, შეთანხმების ამ ნაწილის აღიარების ტოლფასია.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანას დღეს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. პრემიერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პოლიტპატიმრებზე საუბარი დასრულებულია.

„ლობისტებთან დაკავშირებით, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს რჩევაა თუ ჩვენება, საერთოდ ახლა ღიმილის მომგვრელია, თუმცა გავითვალისწინებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობს. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთ შემთხვევაში ერთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებაში, რომელიც პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა და ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას.

ამ შტურმის დროს ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი ამ პროცესში, ზოგიერთებს, ყველას არა. მეორე ადამიანმა უბრალოდ, ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის თანხა, შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა პროცესი“, - მიმართა გიორგი გახარიამ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ოპოზიცია კეკლუცობის გამო სვამს უშინაარსო შეკითხვებს, რომლის უკანაც არაფერი არ არის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნას მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დასჭირდეს. როგორც გახარიამ აღნიშნა, 100-150 მლნ-ის ინვესტირება გაკეთდება ჯანდაცვის სისტემაში.

„ჩვენ თუ შევძელით წლის დასრულება -4%-ით და 8,5%-ის დეფიციტით, ჩათვალეთ, რომ აღდგენის პერიოდი იქნება საკმაოდ სწრაფი, მაგრამ ეს არის ძალიან ოპტომისტური სცენარი. რეალურად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი ეკონომიკური შეზღუდვები აღარ დაგვჭირდეს. სჯობს, რომ 100-150 მილიონის ინვესტირება გავაკეთოთ ჯანდაცვის სისტემაში, გარდა იმისა, რომ საჭიროა ლაბორატორიების ქსელების შექმნა.

მაგალითად, ქალბატონი ეკას წინადადება იყო, რომ ყველა მსხვილი მრავალპროფილური საავადმყოფოს ლიცენზირების პირობებში ჩაიდოს, რომ მას ერთი PCR ტესტის აპარატი უნდა ჰქონდეს. ჯობია ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დავაყენებთ არანაირ პირობებში და ახლა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ადაპტაციის პერიოდი გავიაროთ ეფექტურად და ვმართოთ კრიზისი დაახლოებით 500-600 ინფიცირებული ერთდროულად თუ გვეყოლა, მათ ვუმკურნალოთ და არ გადავკეტოთ ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.