თენგიზ ტყეშელაშვილი - პრაქტიკოსი ეკონომისტი, უცხოური საინვესტიციო ფონდის ტოპ-მენეჯერი.
1994 წელს დაამთავრა თბილისის მე-6 გერმანული სკოლა, ხოლო 1998 წელს ბიზნეს სკოლა ESM-თბილისი. 1999 წელს დაამთავრა მოზბახის პროფესიული აკადემია (გერმანია) ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. 2007 წელს გახდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლის INSEAD -ს მაგისტრი (საფრანგეთი), ხოლო 2012-2015 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა CFA ინსტიტუტში (აშშ), სადაც აიღო სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის დიპლომი.
მშობლიური ქართულის გარდა, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს და საშუალო დონეზე ფრანგულსა და არაბულს.
პროფესიით არის ეკონომისტი და 22 წლის მანძილზე მოღვაწეობდა როგორც საფინანსო-საინვესტიციო, ასევე ტექნოლოგიურ და გაყიდვების სფეროებში.
1999 წელს პროკრედიტ ბანკში პროფესიული კუთხით დაიწყო და შემდგომში კარიერა გააგრძელა კომპანიებში: თიბისი ბანკი (საქართველო), McKinsey & Company / მაკინზი (ინგლისი და გერმანია), Groupon / გრუპონი (უკრაინა, რუსეთი და რუმინეთი), ევროპაბეთ საინვესტიციო ჯგუფი (საქართველო და ინგილისი), QDB / ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო კომპნია (ყატარი), სადაც მართავდა 1 მილიარდ აშშ დოლარის საინვესტიციო პორტფელს, SpeedInvest / ავსტრიის კერძო საინვესტიციო ჯგუფი (ავსტრია).
თენგიზ ტყეშელაშვილი დღეს for.ge-ს რესპოდენტია.
საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვთ. თეორია ერთია, ხშირად საკამათოც. ასე რომ, მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი ყურადღების მისაპყრობად. პირველ რიგში, უნდა თქვათ, რა საფუძველი აქვს თქვენს ამბიციებს, რა გაქვთ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული და რით შეგიძლიათ იამაყოთ?
- ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ მაქვს გაკეთებული, მათ შორის სავალუტო ბაზრების განვითარება, კომპანიების გაკოტრებისგან გადარჩენის და რეორგანიზაციის პირველი სისტემის და პრინციპის შექმნა-ჩამოყალიბება, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო სპეციალური კანონმდებლობის შექმნას საქართველოში.
ჩემი ინიციატივითა და ბევრ ოპონენტთან, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან კამათის და ბრძოლის შედეგად, რაც მათ თავისი კარიერის რისკადაც დაუჯდათ, შევძელი და იძულებითი გაკოტრებისგან გადავარჩინე მთელი რიგი კომპანიები და სამუშაო შევუნარჩუნე დაახლოებით 1000-ზე მეტ ადამიანს საქართველოში.
პირდაპირი ინვესტიციების სახით, მოზიდული მაქვს 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (სხვადასხვა პროექტებით). საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი მაქვს 1 მილიონ ლარზე მეტი (როგორც პირადი საშემოსავლო და საკუთარი ბიზნესიდან სხვადასხვა გადასახადის სახით) და არ მაქვს აღებული ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი.
საქართველოში და მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნებში მყავს შერჩეული, სამსახურში აყვანილი და გაზრდილი 30-ზე მეტი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც დღევანდელ დღეს საქართველოს და მსოფლიოს წამყვან ბიზნესებსა და ფინანსურ ორგანიზაციებში წარმატებით მოღვაწეობენ.
თქვენ ამბობთ, რომ ყველდღიურად, ქვეყანა კარგავს 11 მილიონ აშშ დოლარს, რას გულისხმობთ?
- აუცილებლად ავხსნი, მაგრამ პირველ რიგში, მოდი, მარტივად ავხსნი, თუ რას ნიშნავს ეს. თუ დავუშვებთ, რომ საქართველოში, დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანია, რომელიც ან ძალიან ღარიბია, ან საკმარისად ღარიბია და არ ყოფნის შემოსავალი გამოსაკვებად (ეს ეხება ოჯახებსაც), ჩვენ გვაკლდება დღეში, დაახლოებით, 11 აშშ დოლარი, ანუ სადღაც 40 ლარამდე თითოელ ასეთ ადამიანზე. წარმოიდგინეთ, ეს რომ ჩვენი ყოფილიყო, ხომ გამოვკვებავდით მათ ყველას და თანაც - საკმარისად კარგად.
საიდან დათვალეთ ეს ციფრი?
- თუ ავიღებთ საქართველოს სავაჭრო ბალანსს, ანუ რასაც ექსპორტზე ვყიდით, მინუს შემოტანილი იმპორტი, გამოდის, 4 მილიარდი აშშ დოლარი წელიწადში. 365 დღეზე გაყოფით მივიღებთ, დაახლოებით, 11 მილიონ აშშ დოლარს დღეში. ეს ფული ჩვენგან გადის და გვაქვს მუდმივი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც გვაღარიბებს.
ამ სიტუაციის გამოსასწორებლად განსაკუთრებული ფორმულა გაქვთ? ეს დანაკარი, როგორც თქვენ ამბობთ, არავის დაუთვლია აქამდე ქვეყანაში და თუ - კი, რატომ ვერ მოახერხეს ამდენი ხნის განმავლობაში ამის გაკეთება?
- ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია, 5-6 წელიწადში შეგვიძლია გავხდეთ ექსპორტორი ქვეყანა და გამოვკვებოთ ყველა. ამისათვის ქვეყნის ეკონომიკური რესტრუქტურიზაცია არის ჩასატარებელი, მათ შორის, ეკონომიკის რეფორმაცია და სრულყოფილი რეფორმების ჩატარება.
რეფორმებზე, ჩასატარებელ სისტემურ ცვლილებებზე და სიახლეებზე ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ ჩვენ სრულად შეცვლილ კლასობრივ მდგომარეობას მივიღებთ საქართველოში, რომელიც არ აწყობს სრულად არც ეხლანდელ მთავრობას, მაგრამ, პირველ რიგში, არ აწყობდათ წინამორბედ მთავრობებს, რამეთუ ეს ეწინააღმდეგება ე.წ. ნეოლიბერალურ და ნეოკონსერვატორულ იდეოლოგიურ პლატფორმებს, სადაც ერთი პატარა, მაგრამ მდიდარი და ძლიერი კლასი (2%) ბატონობს დანარჩენებზე და მმართველი კლასი რესტრუქტურიზებულ ეკონომიკაში ვეღარ „გააკეთებს ფულს“.
კონკრეტულად, რა რეფორმებზეა საუბარი?
- სულ 3 რეფორმა და სისტემური ცვლილებაა გასაკეთებელი, მაგრამ მათი რეალიზაცია უნდა მოხდეს ერთდროულად, თუ გვინდა, რომ დადებითი შედეგი სწრაფად მივიღოთ.
რეფორმა 1 - ოთხი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო სააგენტოს დაარსება:
საქართველოს ტექნოლოგიური და სამრეწველო განვითარების ბანკი
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ბანკი
საქართველოს ლოჯისტიკის და ტრანსპორტის განვითარების სააგენტო
საქართველოს ფინანსური ბაზრების სააგენტო
თითოელმა უნდა გაატაროს ე.წ. სპეციფიკური პოლიტიკა
ა) საქართველოს განვითარების ბანკი, რომლის პირველადი კაპიტალი დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი იქნება (და მოზიდულ იქნება 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფინანსური ბაზრებიდან) გასცემს როგორც გრძელვადიან (10-15 წლიან) იაფფასიან კრედიტებსა და სააქციო კაპიტალს (ანუ წილში შევა) ტექნოლოგიურ სტრატაპებსა და მსხვილი მრეწველობის ახალ სტრატეგიულ ბიზნესზე, რომელიც 6-8 წელიწადში დააგენერირებს დაახლოებით 3 მილიარდის წლიურ შემოსავალს. ეს 3 მილიარდიანი წლიური შემოსავალი თითქმის გაანოლებს დღევანდელ სავაჭრო დეფიცინტს, როგორც მინიმუმ.
მათ შორის მოხდება შემდეგი მიმართულებების განვითარება:
ფინანსური ტექნოლოგიები
სამედიცინო ტექნოლოგიები
სამედიცინო წარმოება და სამედიცინო ტურიზმი
სამშენებლო მასალების წარმოება
მცირე ავიაწარმოება
ბ) საქართველოს სოფლოს მეურნეობის განვითარების ბანკი, რომლის კაპიტალი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარი და, რომელიც 5-7 წლის განმავლობაში შეივსება, პირველ რიგში სპეციალური საერთაშორისო გრანტებისა და საერთაშორისო განვითარების სახსრებით. გაცემულ იქნება ძირითადად გრძელვადიანი დაზღვეული სესხები, მაგრამ ნაწილობრივ გამოყენებულ იქნება სააქციო კაპიტალი.
ამ ფონდის/ბანკის მეშვეობით დაფინანსდება და შეიქმნება დარგობრივი კოოპერატივები, რომლებიც გაართიანებენ ფერმერებს. კოოპერატივები გასცემენ საერთო სესხებს, გაინაწილებენ ერთმანეთში რისკებს, უზრუნველყოფენ პროდუქციის შესყიდვასა და მის დისტრიბუციას როგორც ქვენყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
მოსალოდნელია დამატებით 2 მილიარდი აშშ დოლარის დოვლათის შექმნა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ პროდუქციის გატანით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
გ) საქართველოს ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ე.წ. სპეციალური PPP (Public private partnership) -ის მეშვეობით შემდეგი დარგების განვითარებას:
საქართველოს ავიაცია, ქართული ავიახაზები, რომლებიც შემომსვლელი და გამსვლელი ნაკადის არანაკლებ 70%-ს მოემსახურება. ეს ავიახაზები დაასაქმებს დიდი რაოდენობით ადამიანს და უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, ტურიზმის კიდევ უფრო პოპულარიზაციას, მათ შორის სამედიცინო და სხცა ტურიზმის
საქართველოს აეროპორტები (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი), რომელთა გამტარუნარიანობა და მომსახურების ხარისხი გაიზრდება, დაასაქმებს დიდი რაოდენობით ადამიანს და შესძენს ქვეყნის ბიუჯეტს დიდი რაოდენობით სახსრებს;
საქართველოს რკინიგზის გაძლიერება და რეორგანიზაცია
საქართველოს სახლემეთო და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება და გაძლიერება, პორტების ოპტიმიზაცია და ტვირთბრუნვის გაზრდა;
ლოჯისტიკური კვანძების განვითარება, მათ შორის სასაწყობო მეურნეობა, მცირე გადასამუშავებელი მეურნეობები, ამწყობი საამქროები (მაგ. ელეტქრონიკა).
ამ ყველაფერზე იქნება გამოყოფილი სპეციალური ფონდი 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც, ძირითადათ, სრულად უცხოეთიდან დაფინანსდება. ეს პროგრამა შემატებს ქვეყანას არანაკლებ 2 მილიარდ აშშ დოლარს.
დ) საქართველოს ფინანსური ბაზრების სააგენტო
უნდა სასწრაფოდ მოხდეს ე.წ. ფინანსური ბაზრებისა და დივერსიფიცირებული ფინანსური სისტემის რეფორმის გატარება. ანუ უნდა აილაგმოს დღევანდელი მონოპოლიური მდგომარეობა ორი ფინანსური სუბიექტისა, რომელიც ფლობს ფინანსური სისტემის 75% -ს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით ნახევარს. უნდა მიეცეს საშუალება
ა) ახალ ბანკებს, მათ შორის ფინტექ ბანკებს საშუალება დაარსებისა და განვითარებისა, რაც მოახდენს ფინანსური სისტემის სისტემურობის ცვლილებას, ახალი კაპიტალის შემოდინებას და პროდუქტების გაიაფებას და გაუმჯობესებას
ბ) უნდა მოხდეს ძლიერი ქართული კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბა, რომელიც დაიწყება ბირჟის შექმნით და რომელსაც მოყვება ახალი და დამოუკიდებელი საბროკერო ორგანიზაციების გაჩენა
მივიღებთ სურათს სადაც 100%-ით კონცენტრირებული, ძვირი, მოკლევადიანი და არასასურველი ფინანსური სისტემა გადაინაცვლებს ნაწილობრივ (30-40% ით) კაპიტალის ბაზრებისკენ, ხოლო დარჩენილი 60%-იანი საბანკო სისტემა უფრო კონკურენტუნარიანი და მოქნილი გახდება. ეს კი მოიტანს დამატებით იაფ ინვესტიციებს და ექსპორტის შედეგს არანაკლებ 1 ან 2 მილიარდი აშშ დოლარისა.
სულ ჯამში, ეს ბანკები და სააგენტოები 6 წელიწადში დაახლოებით შექმნიან 7-8 მილიარდ აშშ დოლარის ექსპორტის პოტენციალს და დაახლოებით, ამდენივე დამატებით, შიდა და გარე ინვესტიციას მოიტანს ქვეყანაში, რაც ნიშნავს რომ 6-7 წელიწადში ეკონომიკა ინკლუზიურად გაორმაგდება, ანუ მოსახლების 80 პროცენტზე მეტი, დამატებით, დაახლოებით 15 ათას ლარს მიიღებს წელიწადში.
მნიშნველოვანია, რომ ზემოთ აღწერილი ე.წ. სააგენტოების რეფორმა (რომელიც იქნება დაფინანსებული დაახლოებით უცხოეთიდან მოზიდული 15 მილიარდი აშშ დოლარით), მოხდეს 2 დამატებითი რეფორმის პარალელურად:
რეფორმა 2: პროგრესული გადასახადების და ანტიმონპოლიური რეფორმა და მინიმალური ბაზისური შემოსავალი 1000 ლარის ოდენობით.
გადასახადები უნდა გახდეს პროგრესული, ანუ წახალისდეს დამწყები და ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი (ეფექტური გადასახადი 5-8 პროცენტამდე) და მაქსიმალურად დაიბეგროს ზემოგების მომტანი (თუ სახემწიფოსი არ არის), მსხვილი და იმპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. (მათ შორის, მსხვილი ზემოგების მომტანი და იმპორტზე ორიენტირებული ბიზნესი სიდიდედან გამომდინარე, დაიბეგროს 25-დან 35 პროცენტამდე, ხოლო მომპოვებელი და სათამაშო ბიზნესი, დაახლოებით, ეფექტური 60/70 პროცენტით.)
ამით მოხდება ბიუჯეტის შემოსავლების ოპტიმიზაცია, გაზრდა და მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის ინოვაციური ბიზნესის და ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის წახალისება.
ანტიმონოპოლიური, ძლიერი კანონმდებლობა კი დამატებითად უზურუნველყოფს ე.წ. მონოპოლიების არარსებობას არც ერთ სფეროში; წაახალისებს ნახევრად სახელმწფიო მსხვილ ბიზნესს და სრულად, კერძო, საშუალო და მცირე, მათ შორის ინოვაციურ ბიზნესს.
გარდა ბიზნესის გადასახადისა (მოგების, დღგ და სხვა), კერძო საშემოსავლო გადასახადიც უნდა იყოს არაერთგვაროვნად განაწილებული. მეტიც, შემოსაღებია ე.წ. ნეგატიური გადასახადი ანუ სუფთა სუბსიდია დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მინიმალური საბაზისო შემოსავალი 1000 ლარის ოდენობით, დავბეგროთ რა უმოქმედო დიდი შემოსავალი და კაპიტალი ნორმაზე მეტად. ამით მოხდება შემოსავლების ნორმალიზაცია, ზრდის ინკლუზიურობა, რომელიც გამოიწვევს შიდა მოხმარების ზრდას და ეკონომიკის კიდევ უფრო სტიმულირებას შიგნიდან.
რეფორმა 3: მუშახელის პროდუქტიულობის ამაღლების და იმიგრაციის რეფორმა
უნდა მოხდეს მაქსიმალურად დიდი რაოდენებით ჩვენი გასული თანამემამულეების დაბრუნება საქართველოში. უფრო მეტი ქალი უნდა დასაქმდეს სხვადასხვა მიმართულებით და მაქსიმალურად ამაღლდეს არსებული მუშახელის პროდუქტიულობა, გადამზადებით, სწავლებითა და პრაქტიკით. ამაში მოგვეხმარება ე.წ. გერმანული ინდუსტრიული გადამზადების პროგრამა, რომელიც პირველივე დღიდან უნდა ჩავრთოთ საქმეში.
სულ ეს არის ეკონომიკური რეფორმები, რომლების საჭიროა ეკონომიკური განვითარებისთვის?
- ეკონომიკური ზრდისთვის და დოვლათის შექმნისა და მის ნორმალურად, ინკლუზიურად განაწილებისთვის ეს არის სრულად საკმარისი. რაც შეეხება უკვე სხვა ტიპის რეფორმებსა და ეკონომიკურ ქმედებებს, როგორებიც არის გრძელვადიანი სოციალური პოლიტიკა და დაგროვებადი პენსია, ეს ცალკე საკითხია და მხოლოდ მდგრადი ეკონომიკური ზრდის შემდგომ უნდა მოგვარდეს.
ფიქრობთ, დაარწმუნებთ მთავრობას ამ რეფორმების გატარებაში?
- იმედი მაქვს, რომ ამ ან შემდგომი არჩევნების შემდგომ ჩვენს გუნდს ექნება იმის ბერკეტები, რომ ეს რეფორმები სრულად განახორციელოს. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ პროგრამის სრულად გაპიარებას ყველგან და მოსახლეობამდე მივიტანთ ყოველი ნაბიჯის აუცილებლობას. ზუსტად ვიტყვით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და მოსახლეობის და საზოგადოების წნეხის მეშვეობით (პირდაპირ ან არაპირდაპირ) შევეცდებით ამ რეფორმების გატანას. მთავრობასაც შევაგონებთ აუცილებლად და, თუ გვექნება რამდენიმე მანდატი პარლამენტში ან გვეყოლება მოკავშირე, ამ რეფორმებს აუცლებლად გავატანინებთ.
დანარჩენი არ ვიცი, მაგრამ ეს ვერ მოხდება, ვერ განხორციელდება!!!
ამ ფონდის/ბანკის მეშვეობით დაფინანსდება და შეიქმნება დარგობრივი კოოპერატივები, რომლებიც გაართიანებენ ფერმერებს. კოოპერატივები გასცემენ საერთო სესხებს, გაინაწილებენ ერთმანეთში რისკებს, უზრუნველყოფენ პროდუქციის შესყიდვასა და მის დისტრიბუციას როგორც ქვენყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
მოსალოდნელია დამატებით 2 მილიარდი აშშ დოლარის დოვლათის შექმნა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ პროდუქციის გატანით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას."
მერე გვიკვირს ფრიად: ამდენი ნიჭიერი კაცი თუ გვყავდა, რაღა უცხო ცისქვეშ დაიღამეს წუთისოფელი და სხვა ქვეყნის სადიდებლად იღვაწესო?!
ამიტომ, პიპა, ამიტომ!"
ბიბლიური 30 წელი გადის, 10 დაგვრჩა და 40 წელიც ჩაივლის, ეგებდა შეძლოს ეკონომიური ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანა დარჩენილ 10 წელიწადში!...
ჩვენ ვბერდებით და ეგებ ამ და მისმა მსგავსმა ახალგაზრდებმა თავი მოაბან ჩვენ ნაცოდვილარს და გააბრწყინონ საქართველო!