"მიხეილ სააკაშვილს კარგად ესმის, რომ ახალი ხელისუფლება პირველ რიგში ამომრჩევლის დაკვეთას შეასრულებს და ქვეყანაში სამართალს აღადგენს, ანუ იმ სამართალს, რომლითაც "ნაცმოძრაობა", უკეთეს შემთხვევაში, უხერხულად იგრძნობს თავს, უარეს შემთხვევაში კი მისი ლიდერების დაკავებითა და გახმაურებული სასამართლოებით დასრულდება. ამიტომ სააკაშვილმა ამჯერადაც, როგორც სხვა დროს, განგაშის ზარი ჩამოკრა და ივანიშვილს სასწრაფოდ პირისპირ შეხვედრა სთხოვა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "სააკაშვილი ლობისტურ კომპანიებს "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის იყენებს".
"სააკაშვილს სურს დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ საგარეო პოლიტიკა მთლიანად პრესიდენტს გადააბაროს და თავად მთლიანად საშინაო სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებები დაიტოვოს. ცხადია, იმ ვითარებაში, როცა სააკაშვილი, მერაბიშვილი და ბოკერია წვრილი და მსხვილი ნაცმენების დახმარებით ცდილობენ ახალი ხელისუფლების ქმედებები პოლიტიკურ დევნად მონათლონ და დასავლეთიც ამაში დაარწმუნონ, ივანიშვილი ისეთ აქტიურ სამოქმედო ასპარეზს როგორიც საგარეო მიმართულებაა, მას მთლიანად არ დაუთმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ხელიდან გაუშვას ქვეყნის მართვის სადავეები და საკუთარი ხელით გაითხაროს პოლიტიკური საფლავი. ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ახლაც სააკაშვილი მაქსიმალურად კარგად იყენებს ლობისტურ კომპანიებს "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის, ხოლო საგარეო ასპარეზის მთლიანად მის ხელში გადასვლის პირობებში ხომ სულ უფრო მეტად გაშლის ფრთებს. გარდა ამისა, ის რეფორმები, რომლებსაც ივანიშვილის მთავრობა გეგმავს, ყველა მიმართულებით სერიოზულ აგიტაციას საჭიროებს დასავლეთში", - აღნიშნავს გამოცემა.
"პრეზიდენტს სურს, წარმატებული კოჰაბიტაციის დაპირების სანაცვლოდ ივანიშვილს გამოსტყუოს იმის გარანტიები, რომ მის თანაგუნდელებსა და "ნაცმოძრაობის" "დიდ კაცებს" ივანიშვილის პროკურატურა არ შეაწუხებს და დაკავებებისა და დაკითხვების უსიამოვნო პროცედურები დასრულდება. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილთან საუბრის აუცილებლობას ვერ ხედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებენ შეეგუონ "ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში დაგროვილ საეჭვო საქმეებს და გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს", - წერს სტატიის ავტორი.
"ექსპერტები და პოლიტიკური წრეები ლამის სამყაროს დასასრულივით ელოდებიან 1 აპრილს, როცა სააკაშვილს სამოქმედო არეალი ფართოდ გაეხსნება და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად პარლამენტის დათხოვნაზე იზრუნებს, ხოლო სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ამასობაში სააკაშვილსაც ამოეწურება ვადა, ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიც მოვა, თანაც იმ პირობებში, როცა "ნაცმოძრაობის" რეიტინგი უკიდურესად დაცემულია. ამიტომ, კარგად თუ გაიაზრებენ "ნაცმოძრაობაში", რომ პარტიზანული ბრძოლები პირველ რიგში ქვეყანას დააზარალებს, ურიგო არ იქნება", - დასძენს გამოცემა.