რატომ დატოვა დავით საყვარელიძემ საქართველო

რატომ დატოვა დავით საყვარელიძემ საქართველო

"ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებთ ამ ზღაპრების გამო პროკურატურაში სიარულს"
ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი დავით საყვარელიძე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე მეორედ დაიბარეს, ბრიუსელში გაემგზავრა. კონკრეტულად რა მიზნით იმყოფება საყვარელიძე ბელგიის დედაქალაქში, ვისთან ერთად გაემგზავრა და როდის დაბრუნდება სამშობლოში, "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში არაფერს ამბობენ. შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძე რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იყო დაბარებული. გვესაუბრება საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე:

- ბატონო გიორგი, დავით საყვარელიძის ბრიუსელში გამგზავრებას საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებს. ფიქრობენ, რომ ის მართლმსაჯულებას გაექცა…

- ტყუილია, დავით საყვარელიძე საზღვარგარეთ ოფიციალურ შეხვედრებზე წავიდა. ის მართლმსაჯულებას თავს არ არიდებს, პირიქით, აცხადებს, რომ მზად არის, ყველა კითხვას საჯაროდ უპასუხოს, მაგრამ ამავდრულად გეტყვით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გახდება ხელისუფლების პოლიტიკური თამაშის მონაწილე. პარლამენტარს აქვს თავისი სამუშაო გრაფიკი, თუ ვინმე ეცდება მის მოცდენას, სრულიად აბსურდულ საკითხებზე პროკურატურაში დაბარებით, არ გამოუვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავით საყვარელიძეს მართლაც აბსურდული მოტივით იბარებენ. ის წლების წინ რაღაც მიწის კომისიაში იყო, ეს თანამდებობრივად ეკუთვნოდა, თუმცა ამ საკითხზე ალბათ ყველაზე ნაკლები დავით საყვარელიძეს ეთქმის. თუ პროკურატურას არ აკმაყოფილებს დავით საყვარელიძის პასუხი, მოიქცნენ ისე, როგორც მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა განაცხადა, რომ იძულებით მიიყვანენ დაკითხვაზე საყვარელიძეს, თუმცა მანამდე მიმართავენ პარლამენტს მისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დემოკრატიული პროცესია, ძალიან ცდება. მინდა გითხრათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი, პარლამენტის წევრი პროკურატურაში დაკითხვაზე იძულებით მიეყვანოთ, მით უფრო ასეთი აბსურდულ საკითხზე.

- შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ დამიდასტუროთ, რომ დავით საყვარელიძე ბრიუსელში, როგორც საქართველოს პარალამენტის წევრი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ასევე მითხრათ, როდის დაბრუნდება?

- დიახ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ის საქართველოში დაბრუნდება მაშინ, როცა ოფიციალური შეხვედრები დამთავრდება.

- ბრძანეთ, პროკურატურაში დეპუტატის იძულებით მიყვანის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილაო, მაგრამ მახსოვს შემთხვევები, როდესაც პარლამენტის დეპუტატებს სასტიკად გაუსწორდნენ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და ეს დანაშაულები იმჟამინდელმა სამართლადამცავმა სტრუქტურებმა არ გამოიძიეს…

- არ ვიცი, რას გულისხმობთ.

- ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის ცემის ფაქტებს…

- ამ საკითხებს ნამდვილად არ ვიცნობ და რასაც ვიცნობ, იმის გათვალისწინებით ვამბობ, რომ არცერთი ხელისუფლების დროს არ მომხდრა დეპუტატების პროკურატურაში იძულებით მიყვანა. მახსოვს, კონკრეტულ დანაშაულზე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ერთი თუ ორი დეპუტატი, მაგრამ მათი დანაშაული ცხადი იყო. 

- პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარებულია უმცირესობის კიდევ ერთი დეპუტატი პაატა ლეჟავა. ის ამერიკაში იმყოფებოდა, თუ იცით, დაბრუნდა ბატონი პაატა საქართველოში?


- არ ვიცი, დაბრუნდა თუ არა. ის ამ საქმის თაობაზე თავად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ ხელისუფლების თამაშში მონაწილეობას არ მივიღებთ, ხელისუფლება ცდილობს მარტივ რაღაცას - ყოველდღე გვატაროს პროკურატურაში გამოგონილ დანაშაულებთან დაკავშირებით. მათ ვერსად იპოვეს ელიტური კორუფციის მტკიცებულებები, ვერც სხვა სერიოზული დანაშაული და თხზავენ ახლა რაღაც ზღაპრებს. ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებთ ამ ზღაპრების გამო პროკურატურაში სიარულს. ისინი ცდილობენ, ამით გადაფარონ უმუშევრობის ზრდა, რაც უკვე შეინიშნება ქვეყანაში, გადაფარონ ეკონომიკური განვითარების გაუთვლელი სტრატეგია, უფრო სწორედ, სტრატეგიის არარსებობა, გადაფარონ ის ბუჯეტი, რომელიც შემოაქვთ პარლამენტში და რომელიც უმუშევრობის ზრდაზეა ორიენტირებული და არა შემცირებაზე. 

- იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ახალ ხელისუფლებას ელჩების გამოწვევის სანაცვლოდ გირგვლიანის საქმის გამოძიების შეჩერებას სთხოვდა…

- უშიშროების საბჭომ უკვე განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი. ჩემი მხრივ, შემიძლია დავამატო, რომ ეს განცხადება სისულელე და მორიგი ზღაპარია. უნდათ, როგორმე გამოძვრნენ იმ პრობლემებიდან, რომლის წინაშეც დგანან და რაღას არ იგონებენ. 

- თქვენ წლების განმავლობაში თავკაცობდით სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ნაყალბევი პასპორტების თაობაზე, რომლითაც რიგი მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ…

- არ გაინტერესებთ ეს თემა ბოლო დღეების განმავლობაში რატომ მიიჩქმალა? იმიტომ, რომ სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებასთან გვაქვს საქმე და ახლა არ უნდათ პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები, ვინც ეს საიდუმლო გაამჟღავნა. გია ლორთქიფანიძის საქმის შემთხვევაში, ეს ადამიანი ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენეს. მას საფრთხე სხვადასხვა ქვეყნის აგენტურული ქსელისგან შეიძლება დაემუქროს. 

- იურისტთა თქმით, ამგვარი დოკუმენტების ფლობა შეუძლიათ ოპერატიულ მუშაკებს და არა სამინისტროს ხელმძღვანელებს, გია ლორთქიფანიძე კი მინისტრის მოადგილე გახლდათ…

- როგორც ვიცი, გია ლორთქიფანიძე ჯერ იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, მერე კი - მინისტრის მოადგილე. ის ამ დოკუმენტს იყენებდა ძალიან კონკრეტული შეხვედრებისას, იმედია, ამ შეხვედრებსაც არ გაასაჯაროებენ.

- რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს?

- მერაბიშვილის ყალბი პასპორტის თემა სრული აბსურდია. როგორც ჩანს, სამინისტროში ნახეს, რომ ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე, მსგავსი დოკუმენტები არსებობდა და ამ გზით გადაწყვიტეს მერაბიშვილის მოცილება. ვფიქრობ, მათი ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მერაბიშვილს დაკავების შეშინებოდა და საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო.

- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან საბაჟო კონტროლის გავლა სწორედ ნაყალბევი პასპორტით სცადა… 


- თუმცა მათ გამოაქვეყნეს რაღაც ელექტრონული ფაილი, სადაც ჩაკრულია ვანო მერაბიშვილის ფოტო, ბუნებაში, როგორც ჩანს, არავის უნახავს მისი დედანი - ყალბი პასპორტი.