სოსო ცინცაძე:

სოსო ცინცაძე:"მოსკოვი სულ მალე დარწმუნდება, რომ საქართველო არ შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტებებს"

"საბჭოთა კავშირის აღდგენა თვითონ რუსეთის გეგმებშიც არ არის, ვინაიდან რუსეთი აღარ აპირებს მოძმე რესპუბლიკების შენახვას. არ აპირებს გაზი, ელექტროენერგია, ხე-ტყე მუქთად მიაწოდოს. ამიტომ საბჭოთა კავშირის აღდგენა შეუძლებელია. ჯერჯერობით რასაც რუსეთი მოითხოვს ყოფილი მოძმე რესპუბლიკებისგან, საქართველოსგან ეს არის ნატოს არშემოშვება და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების საწინააღმდეგო ქმედება. ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს გადიდებული თვალებით ვუყუროთ ვირტუალურ საფრთხეს ამ მხრივ. საფრთხე რუსეთიდან სულ არის მუდმივად", - აცხადებს პოლიტიკური მიმომხილველი სოსო ცინცაძე გაზეთ "ახალ თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საბჭოთა კავშირი არ აღდგება".

"ლუკაშენკო მოსკოვის პოზიციის გაუთვალისწინებლად არ გააკეთებს ასეთ განცხადებებს. თანაც ლუკაშენკო შეეცადა, მიმზიდველი გაეხადა ეს მოწოდება ქართველი ხალხისთვის, აი, თუ ჩვენ დსთ-ში შევალთ, იოლად გადაწყდება ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ჩვენ დსთ-ში ვიყავით, რუსეთს აღიარებული არ ჰქონდა ცხინვალი და სოხუმი, მაგრამ ეს საკითხები ერთი სანტიმეტრითაც არ წაწეულა წინ. ამიტომ ის ვარაუდი, რომ ჩვენ დსთ-ში დავბრუნდებით და აღდგება ტერიტორიები, არასერიოზულია და მის განხილვაზეც კი არ ღირს დროის დაკარგვა. როგორც ჩანს, არაადეკვატურად აღიქვა როგორც მოსკოვმა, ასევე მინსკმა, შეიძლება სხვებმაც, ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახული იყო ნორმალური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან. გადაჭარბებულად შეაფასეს საქართველოს ახალი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დროებითია, მოსკოვი სულ მალე დარწმუნდება, რომ საქართველო არ შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტებებს, რომ დეოკუპაცია და ნატოსა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანება კვლავ დარჩება პრიორიტეტად, ყოველგვარი ანტირუსული არაფრისმომცემი რიტორიკის გარეშე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"თუ ევრაზიული კავშირი შეიქმნა პუტინის არქიტექტონიკით, როგორც ის წინასაარჩევნოდ აცხადებდა, მაშინ შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯერჯერობით მხოლოდ ყაზახეთი, რუსეთი და ბელორუსი არის ამის მომხრე. უკრაინა არ შევა ევრაზიულ კავშირში. პირიქით, უკრაინა სხვა უფრო ნეიტრალურ კავშირებშიც არ შედის. სომხეთიც არ შევა და აზერბაიჯანი კი გამორიცხულია. საქართველოში თუ მხოლოდ ვალერი კვარაცხელია მოვა პრეზიდენტად, მაშინღა შეიძლება ეს მოხდეს. მე მგონია, ეს პუტინის ოცნებად დარჩება, თუმცა პუტინის მხრიდან ზეწოლა იქნება სწორედ ამ მიმართულებით", - განმარტავს რესპონდენტი.

"მომავალში ძალთა თანაფარდობა, მით უმეტეს ენერგომატარებლების თვალსაზრისით, არ შეიცვლება. პირიქით, ძლიერდება რუსეთის გავლენა, ჩრდილოეთის ნაკადი, რომელსაც შროდერი უდგას სათავეში. ნაბუქო ჯერ არ მომკვდარა, მაგრამ როგორც ჩანს, განუკურნებელი სენით არის დაავადებული. ხოლო გაზპრომის გავლენა დღითიდღე იზრდება ევროპაზე. ფიქალისგან გაზის მიღება, დივერსიფიცირების მეთოდები, ეს მომავლის საქმეა. რუსეთის პოზიციები მყარდება განსაკუთრებით გერმანიაში. გერმანელები ამით აღფრთოვანებულები არ არიან, მაგრამ სხვა გზა ჯერ არ არის. თუ იქნება რაიმე ალტერნატივა, სიტუაცია შეიცვლება. ეს არის ქორწინება ანგარიშით და არა სიყვარულით", - დასძენს სოსო ცინცაძე.