"რაში აიღო 3 მილიონი ზურაბ ადეიშვილმა და რა კავშირი აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრს კინჩხაში გაჩეხილ ტყის მასივთან"

"ხონში წლების მანძილზე მუშაობდა ჩვეულებრივი, დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელზეც მიბმულნი იყვნენ არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის" პირველი პირები, არამედ ქვედა ეშელონების წარმომადგენლები. განსაკუთრებული ინტერესი სინდიკატს, რომელსაც ბობოხიძეები ედგნენ სათავეში ფინანსებთან მიმართებაში ჰქონდათ - ტენდერები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამები და სამშენებლო სამუშაოები. ეს კავშირები გადანაწილებული ჰქონდათ ადგილზე სოფლის გამგებელზე, პარტიულ კოორდინატორებზე და ასე შემდეგ. ჩვენ გამოვითხოვეთ როგორც ხონის საკრებულოს, ისე გამგეობის, მხოლოდ 2012 წლის დოკუმენტაცია, რომელსაც საფუძვლიანად შევისწავლით და საზოგადოებას წარვუდგენთ ანგარიშს ყველა იმ გაწეული სამუშაოების შესახებ, რაზეც კოლოსალური თანხებია გაწერილი. ადგილობრივებს ვაჩვენებთ რა დარღვევებია და რა დანაშაული ჩადენილი. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური შეფასება, ხოლო მოკვლევას უკვე შესაბამისი უწყება განახორციელებს", - აცხადებს "ქართული ოცნების" ხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა სანოძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რაში აიღო 3 მილიონი ზურაბ ადეიშვილმა და რა კავშირი აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრს კინჩხაში გაჩეხილ ტყის მასივთან?!".

"დაახლოებით 210.000 ლარია ერთჯერადი დახმარების მიზნით დარიგებული წინასაარჩევნოდ, მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში და არ გაინტერესებთ, ვის დაურიგდა? არა მართლა სოციალურად მძიმე პირობებში მყოფ ოჯახებს, არამედ მათ პარტიულ აქტივსა და მხარდამჭერებს მისცეს ეს 100-ლარიანი დახმარებები, რაც წმინდა წყლის პოლიტიკური მოსყიდვაა. ამ თანხებს გამგებლები, კოორდინატორები და პარტიული აქტივისტები გასცემდნენ. სია თავიანთი იყო. სადაც ჰქონდათ პრობლემები, მათ აძლევდნენ ფულს. თუკი ადამიანი მათი მხარდამჭერი არ იყო, მაშინ პოლიცია და უშიშროება თავისი ზონდერჯგუფებით ერთვებოდა. ხონის პოლიციის უფროსი აწიოკებდა და მიუსევდა ხალხს თავის წარმომადგენლებს და ახდენდნენ დაშინებას. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ იმ ტერორისთვის, რასაც მანამდე სჩადიოდნენ, დღეს პასუხს მოსთხოვენ. ხონმა საკმარისად ითმინა და აიტანა ის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელმაც რაიონი პრაქტიკულად გაანადგურა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა სანოძე.

"მარტო მიწების საკითხი რომ ავიღოთ, ესაა დანაშაული. რა ფართობებია გაცემული საკუთარ მხარდამჭერებზე და საკუთარ აქტივზე. ყველამ იცის, რომ რაიონზე კონტროლი მთელი 9 წლის განმავლობაში მოდიოდა ლევან ბობოხიძეზე, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ბუნებრივია, ლევანი გარკვეულ კონსულტაციებსა და დირექტივებს იღებდა თავისი ძმისგან, აკაკი ბობოხიძისგან და ეს იყო სრული ერთპიროვნული მმართველობის კლასიკური ნიმუში. დამლაგებლიდან დაწყებული ნებისმიერი ზედა იერარქიული პოსტით დასრულებული ლევან ბობოხიძის გარეშე არ ინიშნებოდა. რაიონის ხელმძღვანელობამ თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც კი შეაჩერა, ვიდრე ლევან ბობოხიძისგან არ მიიღო თანხმობა, რა ფერის კედლები უნდა ყოფილიყო თეატრში. პარტიული "ობშიაკის" ჩაბარებასაც ლევანი აკონტროლებდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დაახლოებით 20.000 კუბმეტრი მასალა, უნიკალური ჯიშის წიწვოვანი ტყე გაიჩეხა კინჩხაში, რომელიღაც სამხედრო დანაყოფის მიერ. საერთოდ ერთი ხის მოჭრაც რომ არ შეიძლებოდა, ისეთ ადგილზე. ეს შენიღბული იყო - თითქოს თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. სინამდვილეში ამ საერიოზული გარიგების უკან იდგა, როგორც ამ ინფორმაციას მოსახლეობა ადასტურებს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აკაკი ბობოხიძესთან ერთად. ნებისმიერმა სამართალდამცავმა ორგანომ რომ გადაამოწმოს, რა მდგომარეობაშია მთის ეს ფერდობი, ნახავს, რომ უმოწყალოდ გაჩეხილ-განადგურებულია ტყის მასივი. უნდა დაინტერესდნენ, რომელ კომპანიას გაჰქონდა ეს მასალა ხონის რაიონიდან. ამბობენ, რომ ამ საქმიდან ადეიშვილამდე 3 თუ 4 მილიონი მივიდა. გაჰყვნენ ბოლომდე და სიმართლესაც დაადგენენ. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძემ და გამგებელმა ჯიბუხაიამ საკუთარ თავზე გამოიწერეს პრემია 2.350 ლარი, თან არ დაგავიწყდეთ ისინი შვებულებაში იყვნენ. ეს არის თავხედობისა და დაუსჯელობის მაგალითი. მე დღეს შემიძლია დავპირდე ხონის მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც დღემდე ვცხოვრობ, ჩვენ დავასრულებთ რაიონში ბობოხიძეების დანაშაულებრივ სინდიკატს!" - დასძენს ნიკა სანოძე.