ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. ოპოზიციას ამ ბრძოლაში ზურგს უმაგრებს ევროპის „სახალხო პარტია“, რაც გამოიხატება წერილების სიუხვეში, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ დასავლეთიდან. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ ვინმეს უნდა ადარდებდეს წერილების სიუხვე, უნდა ადარდებდეს ევროპელებს, რადგან ევროპა ერთნაირი აღარ არის. თან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სულ არის ეჭვი, რომ „ნაციონალებთან“ პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფ ევროპელებს შესაძლოა რუსეთთან ფარული ურთიერთობა ჰქონდეთ. მისი თქმით, კუბილიუსი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ლიდერი იყო, ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმისა, რომ რუსეთი დაებრუნებინათ ევროპულ დიდ სათათბიროში.
სად დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი მდგომარეობა ხომ არ გაგონებთ 2003 წელს „მოქალაქეთა კავშირის“ მდგომარეობას? ოპოზიცია აცხადებს, რომ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე. ამ პროცესში მათ მხარს უმაგრებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროპარლამენტარების და სენატორების მხარდამჭერი განცხადებები...
რამაზ საყვარელიძე: სტრატეგიული პარტნიორობა რთულად დასადგენია. შევეცდები განვმარტო, რაში ვხედავ სირთულეს. უპირველესად, დასავლეთი ერთგვაროვანი არ არის. ყველა იძახის საქართველო გვიყვარსო, მაგრამ რამდენად არიან პარტნიორები საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემის გადაჭრაში, ეს არის მთავარი საკითხი. მოვლენები გვიჩვენებს, რომ პარტნიორები არ არიან ყველა ამ პრობლემის გადაჭრაში.
ვიცით, რომ დღეს საკმაოდ დიდი დაპირისპირება არის ტრამპსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის. ვხედავთ, რომ ულტრალიბერალები არ აპირებენ შეგუებას და ყველა ფრონტზე მიდის ეს ბრძოლა. იმპიჩმენტზეც იყო ლაპარაკი და არ გამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხებული მხარე გავიდა თამაშიდან. არა, ის აგრძელებს ბრძოლას. მე მეჩვენება, რომ ერთ-ერთი ბრძოლის ფრონტი საქართველოა. ის რაც ჩვენთან ხდება, მარტო ჩვენი პროცესები არ არის. პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მარტო ქართული თემა არ არის.
კერძოდ, ის ევროპული ჯგუფები, რომლებიც უფრო აქტიურები არიან, უმეტესწილად, წარმოადგენენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. ამ ქვეყნებში, ისევე როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის მიმართ შეურიგებლად იყვნენ განწყობილი, ისევე როგორც რუსულ დისიდენტებში, სააკაშვილი აღიქმება რუსეთთან მებრძოლ გმირად.
ანუ, მუშაობს მოდელი, რომელიც სააკაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა მსოფლიოს?
- რა თქმა უნდა, რომ ის არის დავითი, რომელიც ებრძვის გოლიათს და ეს ხატი ჩაუსვა ცნობიერებაში ევროპელებს. შესაბამისად, რუსეთთან მებრძოლი გოლიათის, ანუ სააკშვილის მხარეს დგომა მათთვის ბუნებრივია. რატომ ვუსვამ ხაზს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და დისიდენტებს, დისიდენტებისთვისაც დამახასიათებელი იყო ის, რომ მეტოქის და ამ შემთხვავში რუსეთის განადგურება მიაჩნდათ მთავარ პრინციპად და ვინც რუსეთთს ებრძვის, იმის მხარეს ვართ თვალებდახუჭულიო. ანუ, აღარ უყურებდნენ არაფერს. ეს პრინციპი კარგად გამოიყენა სააკაშვილმა, რიტორიკულად ებრძვის რუსეთს, ხოლო საქმით სულ რუსულ საქმეს აკეთებს. შესაბამისად, ეს ანტირუსული ჯგუფები მის მხარეს დგებიან. ანალოგიურად, ის ჯგუფები, რომლებიც ლიბერალურ მხარეს წარმოადგენენ, მსოფლიოს და ტრამპს უპირისპირდებიან, აგრეთვე სააკაშვილის მხარეს არიან. იქ არის მაკ კეინის ჯგუფი, ცნობილია ამ ჯგუფის და სააკაშვილის მჭიდრო ურთიერთობა. ასე რომ, სააკაშვილი კარგად თამაშობს მსოფლიო პოლიტიკურ ბაზარზე.
ის, რომ სააკაშვილი რიტორიკულად ებრძვის რუსეთს, საქმით აკეთებს სულ რუსულ საქმეს და ამას ევროპელი პოლიტიკოსები იღებენ როგორც ფაქტს, აქ რამდენად არის საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობა. 8 წლის განმავლობაში რატომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთისთვის დოკუმენტებით ეჩვენებინა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც რუსულ საქმეს აკეთებდა? თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისთვის ენგურჰესის გადაცემის ფაქტი... დღეს გიორგი გახარია აცხადებს, რომ უკვე ხვალიდან ელჩები დაიწყებენ აქტიურად მუშაობას. დაგვიანებული არ არის 8 წლის თავზე „ნაციონალების“ დანაშაულზე ინფორმაციის მიწოდება დასავლეთისთვის?
- დაგვაინებულია, რადგან ჯერ ოპოზიციამ გააკეთა დარტყმები და მერე, ეს უკვე - საპასუხოა. როგორც წესი, საპასუხო დარტყმა ყოველთვის უფრო წამგებიანია. ამ პროცესში ივანიშვილის ხელისუფლების მთელი სირთულე, რასაც ოპოზიციასთან ურთიერთობა ჰქვია, არის ის, რომ მხოლოდ რეაქციებია. მხოლოდ ოპოზიციის მოქმედებაზე იძლევიან რეაქციას. წინასწარ იმის დაგეგმვა, რა შეიძლება მოხდეს და მომავალი დაპირისპირების შეთხვევაში როგორ უნდა გაამზადოს საფუძველი, ეს გეგმა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. სიმართლე გითხრათ, იმის მოლოდინიც არ მაქვს, რომ ექნებათ, რადგან „ქართული ოცნება“ მკვეთრად ორიენტირებული არის ბიძინა ივანიშვილზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გამოცდილება ჭადრაკის ამ პარტიას აშკარად არ ყოფნის მოსაგებად. „ქართული ოცნება“ მოიგებს ამ არჩევნებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან მოიგო საგარეო ასპარეზი ოპოზიციასთან დაპირისპირებაში. წერილების ეს სიუხვე მიუთითებს, რომ საგარეო ასპარეზზე „ოცნებას“ ჯერჯერობით, ეს რაუნდი წაგებული აქვს.
წერილების სიუხვე, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ დასავლეთიდან, ეს რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას?
- წერილების ეს სიუხვე, თუ ვინმეს უნდა ადარდებდეს, უნდა ადარდებდეს ევროპელებს, მაგრამ ვიმეორებ, ევროპა ერთნაირი აღარ არის. თან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სულ არის ეჭვი, რომ მათ შეიძლება რუსეთთან ფარული ურთიერთობა ჰქონდეთ, ანუ მიშას ანალოგიური მოვლენა კიდევ არსებობდეს. მიშა ხომ ერთადერთი შემთხვევა არ იქნება რუსულ პოლიტიკაში, ადამიანი, რომელიც რუსეთს ლანძღავს და რუსეთის საქმეს აკეთებს. აი, კუბილიუსმა, რომელიც ახლა ლიდერი იყო ამ კამპანიში და გვემუქრებოდა ფულს არ მოგცემთო, ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმისა, რომ რუსეთი დაებრუნებინათ ევროპულ დიდ სათათბიროში. თან, იგი ცნობილია ანტირუსული პოზიციით და თან რუსეთის საქმეს აკეთებს. მიშასმაგავრი სტილი აქვს აღებული და რა ვიცით, რომ იმ ევროპარლამენტარებსაც მიშასმაგავრი სტილი არ აქვთ, რომლებსაც მიშას გაძლიერება ურჩევნიათ?! შესაბამისად, ევროპასა და საქართველოს შორის ხიდის ჩატეხვა ურჩევნიათ, ვიდრე ხიდის გამთლიანება და გამყარება.
მათ კარგად იციან, რომ მოსახლეობის 90% არ იყო სააკაშვილის მოსურნე. ე.ი. ამ წერილებით ისინი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდიან. ფაქტია, რომ ამ წერილების არსებობა უკვე მოსახლეობას განაწყობს დასავლეთის წინააღმდეგ. იქნებ ეგ არის მათი მიზანი.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წერს, „მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნას.“ გასაგებია, რომ ის ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციას, მაგრამ როდესაც ევროპარლამენტარები რურუაზეა საუბრობენ, როგორც ბიზნესმენზე და პოლიტპატიმარზე, ვისი დანაშაულია, როდესაც ხელისუფლება დამნაშავეების შესახებ რეალურ ინფორმაციას არ აძლევს დასავლეთს?
- „ქართული ოცნების“ დანაშაული შეიძლება უფრო შორიდან იწყება. ამ განცხადებებში და არა მარტო ამ განცხადებებში, ხშირად ნახავთ იმაზე მინიშნებას, რომ ბრალდებები არ არის დამაჯერებელი. პრეზიდენტმაც კი, რაღაცა ანალოგიური თქვა იმ ცნობილი ბრიფინგის დროს. ეს პუნქტიც კი, დაპატიმრებულები ფიგურიბდნენ თუ არა იმ ცნობილ მოლაპარაკებებში, ესეც კი ბუნდოვანია. თავისთავად, როდესაც ბრალდება არის ბუნდოვანი, უკვე იქიდან იწყება „ქართული ოცნების“ შეცდომების რიგი.
ეს შეცდომებია, თუ რამე ჩანაფიქრია?
- არ ვიცი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ჩანაფიქრის აზრს ვერ ვხვდები. ადამიანები ქუჩაში უკვე ღია ტექსტით იძახიან, რომ „ოცნებას“ ნაცები მოჰყავს ხელისუფლებაში. ასე აღიქმება ეს მოვლენა, რასაც ვაკვირდებით. ანალოგიურად საუბრობდნენ 2003 წელს, რომ შევარდნაძემ მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაშიო. დღეს „ქართული ოცნება“ იმ რალობის წინაშე დადგა, რომ მოსახლეობის ნაწილმა შეიძლება ჩათვალოს, „ოცნება“ სპეციალურად უშვებს ამ შეცდომებს და ეს შეცდომები კი არაა, არამედ მიზანმიმართული სვლა იმისკენ, რომ „ნაციონალები“ მიშას გარეშე მოიყვანონ ხელისუფლებაში. მაგრამ, „ნაციონალები“ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, მაშინვე მიშას დაუძახებენ. მაშინ ჩნდება კითხვა, რაში სჭირდებოდათ 2012 წელი?! ასე რომ, უფრო შეცდომებია ეს ფაქტები.
„ქართული ოცნების“ შეცდომას დავაბრალოდ მოსახლეობის სამართლიანი გაბრაზება, როდესაც პრივილეგირებული პოლიტპატიმრის მანტია მოისხეს უგულავამ და ოქრუაშვილმა, რომლებსაც უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი?
- მხოლოდ და მხოლოდ, ეს „ოცნების“ ბრალია. ენერგიულად მოქმედებენ „ნაციონალები“, ოღონდ უმისამართოდ, რადგან საბოლოოდ, მაინც საქართველომ უნდა გადაწყვიტოს გამარჯვება-დამარცხება. აი „ოცნების“ დასუსტება ოპოზიციისთვის უკვე დიდი გამარჯვება იქნება. პარლამენტში შესვლა ისე, რომ „ოცნებამ“ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეეძლოს ნაციონალების გარეშე, უკვე ოპოზიციის გამარჯვება იქნება. მათ შეიძლება უსასრულოდ გააჭიანურონ მთავრობის დაკომპლექტების საკითხი, თან ივაჭრონ ამ დაკომპლექტებით. ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ვერ აიღოს საკმარისი ხმები და მერე უკვე იბრძოლებენ დანარჩენ ფრონტზე. ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“. „ქართული ოცნების“ მბრალმდებელი მხოლოდ მე არ ვარ, ბევრი მბრალდებელი ჰყავს, რაც გამოჩნდა პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, როდესაც ამომრჩეველი სახლში დარჩა.
მათ „ქართულ ოცნებას“ დააბრალეს შექმნილი ვითარება და პროტესტის ნიშნად დარჩნენ სახლში. „ქართულ ოცნებას“ დააბრალა შექმნილი ვითარება თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, როცა საზოგადოებასთან გამოვიდა, ბოდიში მოიხადა და სთხოვა შემომიერთდითო. მან ვერ გათვალა, რომ ამ დღეში შეიძლება ჩავარდნილიყო.
შეუერთდა საზოგადოება, აირჩიეს სალომე ზურაბიშვილი და ამის მერე მოხდა ისევ ისეთი ნაბიჯები, რომელმაც საზოგადოებას ზურგი შეაქცევინა „ოცნებისკენ“, დაწყებული მოსამართლეებით და დამთავრებული უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებით. იმ გამოცდილებით, რაც პრეზიდენტის არჩევნებით გვქონდა, ყველა ეს ნაბიჯი რომ საზოგადოებასა და „ოცნებას“ შორის უფსკრუნულს გაზრდიდა, რა დიდი სიბრძნე უნდოდა ამის წინასწარმეტყველებას?! გაიზრდება ეს უფსკრული, შემცირდება მხარდამჭერების რიცხვი და მერე მივიღებთ უკვე მთავრობის დაკომპლექტებისთვის ბრძოლას, სადაც კიდევ უფრო მეტის დათმობა მოუწევს „ოცნებას“.
რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს სენატორების, კონგრესმენების და ევროპარლამენტარების ამ სკანდალურ წერილებს?
- იცით რა, ჩვენ ე.წ. ექსპერტები პატარა ხალხი ვართ, ადამიანები, რომლებიც ვლაპარაკობთ ე.წ. სახელით გვიხსენიებს ყველა, ვისაც არ ეზარება. მაგრამ საკმარისია, რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ მკვეთრად თქვას რაღაცა, რომ ის მოსახლეობის ცნობიერებაში ჯდება. მე, როგორც ანალიტიკოსს მაქვს ამის თქმის უფლება, რომ დღეს, უკვე, შეუძლებელია „ოცნების“ პოლიტიკური გროსმაისტერობის იმედი ჰქონდეს ხალხს.
გულხედაკრეფილად ყოფნამ შეიძლება „ნაციონალების“ ფატქორი ისე გააძლიეროს, რომ ნელ-ნელა მიუახლოვდნენ თავიანთ ძველ მდგომარეობას. გაიყოფენ თუ არა „ოცნებასთან“ ხელისუფლებას არ ვიცით, მაგრამ ვხედავთ, რომ „ნაციონალები“ უფრო აქტიურები არიან და ამავე დროს, ყველაფერზე წამსვლელები. შესაბამისად, დღეს საქართველოს ბედის გადაწყვეტის ფუნქცია უნდა აიღოს ხალხმა. სახლში დარჩენა ალტერნატივა არ არის. იმიტომ, რომ ვინც დარჩება სახლში, ამით გზას გაუხსნის უფრო ენერგიულ მხარეს. კერძოდ - „ნაციონალურ მოძრაობას“.