„ეს არ არის პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად“

„ეს არ არის პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად“

ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას - გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, 8 მარტის შეთანხმება ჩაიშლება; კითხვის ქვეშ დადგება საქართველოსთვის გამოყოფილი 500-მილიონიანი ევროს მიღების საკითხი; „ქართული ოცნება“ კი დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებს.

ოპოზიციის ბოიკოტს ბევრად მეტი შეფერილობა მისცა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის ნათქვამმა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად გამოყოფილი 500-მილიონიანი ევროს დახმარება დაკავშირებულია ვალდებულებების შესრულებასთან.

კუბილიუსის ამ ნათქვამს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი. მისი თქმით, არ შეიძლება, დახმარებასა და „ნაცმოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსრდეს.

რას უკავშირდება „ნაციონალებისა“ და „ევრონაცების“ გაჯიუტება ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და რამდენად აქვს საფუძველი იმ მოსაზრებას, რომ ყველაფერი, რაც დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ, „ნაცებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შულერული თამაშის ნაწილია, თუ როგორ გაიყვანონ არჩევნებში ერთმანეთი. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ ხელს აძლევს საარჩევნო ძველი სისტემა და სხვა მოთამაშეების პოლიტიკაში შემოყვანა სულაც არ სურთ, პოლიტპატიმრების თემით სპეკულაცია კი მხოლოდ საბაბია.

ამ თემების შესახებ For.ge-ს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ესაუბრა.

ოპოზიცია კატეგორიულობას ავლენს - ან შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, ან სულაც არ შესრულდება პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. რამდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება? იქნებ, რეალურად საკონსტიტუციო ცვლილებები არც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, არც „ნაცმოძრაობას“, რადგან არჩევნებში ამაზე უკეთეს შანსს ვერც ინატრებენ, რომ ხმები სხვებს არ გაუყონ?

- მე არ ვიცი, ოპოზიციას რატომ არ უნდა აწყობდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. სიმართლე გითხრათ, ეს პოლიტიკური და არაკონსტიტუციური საკითხია, მაგრამ, თუკი ვერ განხორციელდება კონსტუტუციური რეფორმა, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს ძველი სისტემით, ანუ 77/73-ით. რამდენადაც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, მათ არანაირად არ აწყობთ ასეთი სისტემა, რადგან თავისთავად ცხადია, მაჟორიტარებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციური პარტიების ინტერესში არ არის. აქ ვგულისხმობ ძირითად ოპოზიციურ პარტიებს - „ევროპულ საქართველოს“, „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, მის მეორე პუნქტში, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ არის მითითებული სახელები, გვარები, პარტიები, მაგრამ რა იყო მოლაპარაკების პროცესში, იყო თუ არა კონკრეტული გვარები, კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები დასახელებული, არ ვიცი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ირმა ინაშვილმაც და თამარ ჩუგოშვილმაც დაადასტურეს, რომ იქ კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ნახა ორი დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომლიდანაც მეორე დოკუმენტი საკმაოდ ბუნდოვანი იყო და ამიტომაც არ მოაწერა ხელი.

- დიახ, ის ამბობს, რომ ბუნდოვანება იყო. ამიტომ, ჩემი აზრით, კომპრომისული ვარიანტია მისაღები, რათა კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდეს. ეს კომპრომისული ვარიანტი შეიძლება იყოს ე.წ. პოლიტპატიმრების განაჩენის აღსრულების გადადება არჩევნების დასრულებამდე.

მხარეებს პოლიტიკური ჩიხისკენ მიჰყავთ სიტუაცია, არც „ნაცები“ იხევენ, არც „ქართული ოცნება“. ვის აწყობს ასეთი ვითარება და დასავლეთის თვალში რეპუტაციის შელახვა?

- პოლიტიკურ ჩიხს მე ვერ დავარქმევდი, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება საკუთარი პოზიციის გასამაგრებლად. ორივე მხარე ცდილობს, მოირგოს ეს არჩევნები. ოპოზიციის აზრია, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია მოახდინოს იმით, რომ იგი არ ასრულებს საერთაშორისო ფასილიტატორების მონაწილეობით მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო „ოცნებას“, ალბათ, თავისი ამომრჩევლის იმედი აქვს და, ალბათ, სჯერა, თუკი არჩევნები ჩატარდება ძველი სისტემით-77/73, მაშინ 100%-იანი გამარჯვებული იქნება.

ანუ, თქვენ არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალები“ პროპორციული სისტემისთვის გარეგნულად იბრძვიან, რეალურად „ნაცებს“ აწყობთ ძველი საარჩევნო სისტემა, რათა სხვა წვრილ-წვრილი პარტიები არ შემოუშვან პოლიტიკურ პროცესში და ისევ თვითონ იყვნენ წამყვანი ოპოზიციური ძალა?

- არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარებში გამარჯვება. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ არ დაინახოს, რომ ამ პანდემიის პროცესში ხელისუფლებამ გარკვეული ქულები მოაგროვა. მთავრობის მიმართ დადებითი განწყობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავრობის ხელშია სოციალური ბერკეტები. აგერ, ფერმერებს შეღავათი გაუწიეს, არის სხვა პროექტებიც. ასეთი დახმარებები ჯერ კიდევ წინაა, ჯერ საარჩევნო პროცესი არც დაწყებულა, მთავრობას შეუძლია, კიდევ ბევრი სოციალური დახმარება გაუწიოს მოსახლეობას, რითაც კიდევ ერთხელ მოიპოვოს დამატებითი ქულები იმ ქულების გარდა, რაც მან უკვე მოიპოვა პანდემიის პროცესში. ამიტომ ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ „ნაციონალებს“, ან „ევროპულ საქართველოს“ აწყობს ძველი სისტემით არჩევნების ჩატარება. ეს რომ ასე იყოს, ისინი არ იბრძოლებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.