«მაესტროზე» პოლიტიკური თოქ-შოუები იხურება?

«მაესტროზე» პოლიტიკური თოქ-შოუები იხურება?

როგორც «ქართულ სიტყვას» კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, მალე ქართულ ტელევიზიებში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, თითქმის ყველა პოლიტიკური გადაცემა დაიხურება. წყაროს თქმითვე, პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა «მაესტროდან» დაიწყება და ტელევიზია მთლიანად გასართობ არხად გადაკეთდება. ინფორმატორი ვერ აკონკრეტებს, თუ რა ელით პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს, თუმცა ამბობს, რომ «მაესტროზე» შალვა რამიშვილი დარჩება, რომელიც ღამის არაპოლიტიკურ გადაცემას გააკეთებს. წყაროს ინფორმაციითვე, პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიად «თითიდან გამოწოვილი» დებატები სახელდება.

 მართლა იხურება თუ არა «მაესტროზე» პოლიტიკური თოქ-შოუები? - ამ შეკითხვით «ქართულმა სიტყვამ» «მაესტროს» ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს მიმართა, რომელმაც დაადასტურა, რომ გადაცემა «პირდაპირი საუბარი», რომელიც მომღერალ ზაზა ხუციშვილს მიჰყავდა, მართლაც, დაიხურა. რაც შეეხება სხვა თოქ-შოუებს, ღლონტის თქმით, ნინო ჟიჟილაშვილის «პოლიტმეტრი», თეა სიჭინავას «არგუმენტები» და სხვა მსგავსი ტიპის გადაცემები მხოლოდ ახალი წლის დღეებში გაჩერდება და ეკრანზე, სავარაუდოდ, 7 იანვრის, ანუ შობის შემდეგ დაბრუნდება.

ისე, მას შემდეგ, რაც «მე-9 არხის» ე.წ. მენეჯმენტი შეიცვალა, კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ეს არხი საერთოდ დაიხუროს ან, საუკეთესო შემთხვევაში, ფორმატი შეიცვალოს. ერთი ვერსიით, არსებობს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც «მე-9 არხი» კულტურის არხად ტრანსფორმირდება.

ძნელი სათქმელია, ზემოხსენებული ვერსიები გამართლდება თუ არა, მაგრამ ტელევიზიებიდან პოლიტიკური თოქ-შოუების გაქრობა, რბილად რომ ვთქვათ, კარგი არ იქნება, მით უმეტეს, ყბადაღებული კოჰაბიტაციის ფონზე, თუმცა ჯობია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ...