საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კონსტრუქციული კოჰაბიტაციის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ახალი ხელისუფლებისგან გარკვეულ საქმეებზე გამოძიების შეწყვეტას ითხოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ჩათვლით. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი "ფრანს 24"-თან ინტერვიუში საუბრობს და განმარტავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოტივების გამო ხელისუფლება ვერ შეწყვეტს იმ საქმეების გამოძიებას, რომელიც გამოძიებული არ იყო.
"ხალხმა "ქართულ ოცნებას" ხმა იმიტომ მისცა, რომ სააკაშვილმა ბევრი პრობლემა ვერ მოაგვარა. ქართველი ხალხი სააკაშვილის მთავრობისგან 9 წელი იტანჯებოდა. მას უსამართლობის საშინელი განცდა ჰქონდა, არ იყო სათანადო ჯანდაცვის სისტემა, ბავშვებისთვის განათლება კი ხელმიუწვდომელი იყო. არ არსებობდა დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემა, ამის შემდეგ კი ვნახეთ პატიმრებისადმი არასათანადოდ მოპყრობის კადრები სექტემბერში. სხვათა შორის, ახალი მთავრობა იძიებს პატიმართა წამების ფაქტებს და არა მხოლოდ მსჯავრდებულთა, ჯარისკაცებისადმი არასათანადოდ მოპყრობის ფაქტებსაც. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაპატიმრებულია. წინასწარი ვარაუდით, ის ჯარისკაცებისადმი ცუდ მოპყრობაში მონაწილეობდა. თუ ნატო-ში შესვლა გვინდა და გვსურს ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, ამას ვერ მივაღწევთ თუ გვეყოლება ისეთი ხალხი, ვინც ბედავს და არმიის მოსამსახურეებს არასათანადოდ ექცევა", - აცხადებს წულუკიანი ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მას უკვე 5 600-ზე მეტი საჩივარი აქვს მიღებული.
"როცა სააკაშვილი მთავრობაში მოვიდა, კრიმინალს ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა და ევროპაში პირველ პოზიციაზე ვართ პატიმართა რაოდენობის მიხედვით. პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით, არის ამნისტია, რომლის კანონიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ (პირველი მოსმენით) მიიღო. არ გვინდა, რომ საზოგადოება კრიმინალისგან დაუცველი იყოს, ამიტომაც მოვახერხეთ, რომ ამნისტიასა და ხალხის უსაფრთხოების დაცვას შორის ბალანსი გვქონდეს. მეორე ნაბიჯი იქნება ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება. გვინდა, რომ კანონი შევცვალოთ. სააკაშვილის კანონის მიხედვით, არიან ადამიანები, რომლებიც წვრილმანი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. ჩვენ შევწყვეტთ გრძელვადიან პატიმრობას წვრილმანი დანაშაულებისთვის. ამასთან, გვსურს საპროცესო გარიგების სისტემის რეფორმირებაც, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ აშშ-დან გადმოიღო. ეს კარგია, თუ ის სათანადო დანიშნულებისთვისაა გამოყენებული, მაგრამ სააკაშვილის პროკურორები მას თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გაკეთებისთვის იყენებდნენ. ხალხს უნდა სამართალი აღდგეს ახლა და არა გაზაფხულზე ან 2013 წლის შემოდგომაზე. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება სამხილები, რომ ვინმეს ბრალი წავუყენოთ, მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩათვლით. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ენუქიძისა და გირგვლიანის საქმე. ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი შს, იუსტიციის, სასჯელაღსრულების მინისტრები და თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს უშლიდნენ, რომ გამოძიება სამართლიანად წარმართულიყო, რადგან ეს საქმე შს მინისტრს, მის ცოლს და სხვა მაღალი რანგის პირებს უკავშირდება. ეს საქმე გამოუძიებელი იყო სააკაშვილის მთავრობის მიერ და ჩვენ ამ საქმეს ახლა ვიძიებთ. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყოს შემოწმებული და თუ საკმარისი მტკიცებულება გვექნება, სისხლის სამართლის დევნა დავიწყოთ მათ წინააღმდეგ. ზოგმა შეიძლება ამას დაარქვას მაღალი პროფილის პოლიტიკური საქმე და ეს არის კიდეც ასე. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არავის აქვს იმუნიტეტი კანონის წინაშე. როცა მე ორი დღის წინ საქართველო დავტოვე, 5 600-ზე მეტი საჩივარი მქონდა მიღებული საააკშვილის მთავრობის ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირების წინააღმდეგ. 20-30 საქმეზე უკვე გვაქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მტკიცებულებებზე თუ ისინი არ გვაქვს, მაშინ სისხლის სამართლებრივ დევნას არ ვიწყებთ,"- აღნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეიძლება სისხლის სამართლის საქმე უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც აღიძრას, თეა წულუკიანის თქმით, თუ მტკიცებულება არ იქნება, ამის რისკი არ იარსებებს.
"სააკაშვილი 5 წლითაა არჩეული და ეს ვადა 2013 წლის იანვარში გადის, თუმცა მან მოხერხა კონსტიტუციის შეცვლა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრამდე გაეხანგრძლივებინა. მას უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. მისი გუნდის წევრებიც საკმაოდ გაბედულები არიან და იმასაც კი გვთხოვენ, რომ კონსტრუქციული კოჰაბიტაციის სანაცვლოდ შევწყვიტოთ გარკვეული საქმეების გამოძიება გირგვლიანის საქმის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ ვერ შევწყვეტთ სააკაშვილის პოლიტიკური მოტივების გამო იმ საქმეების გამოძიებას, რომელიც არ იქნა გამოძიებული. ჩვენ ორი პრიორიტეტი გვაქვს: პირველი - 9 წლის განმავლობაში არსებული შერჩეული სამართლის უარყოფითი შედეგების გამოსწორება და მეორე და ყველაზე მთავარი - ქვეყანა წავიყვანოთ ნატო-სა და ევროკავშირისკენ და ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოება შევქმნათ საქართველოში. სააკაშვილის რეფორმები ლამაზად იყო წარმოდგენილი, მაგრამ მისი შინაარსი ანტიდასავლულ და ანტიდემოკრატიულ ხასიათს ატარებდა", - აცხადებს წულუკიანი "ფრანს 24"ისთვის მიცემულ ინტერვიუში.