ვალერი ჩხეიძე - "მოვიპოვე ინფორმაცია, რომ ესენი პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ… ერთ-ერთი შეხვედრისას ფურცელზე დავუწერე ზურაბ ჟვანიას: "გისმენენ"
"ვანო მერაბიშვილმა, უშიშროების საბჭოს იმჟამინდელმა მდივანმა, დამიბარა და სიტყვასიტყვით ასე განმიცხადა: ჩვენ გადავწყვიტეთ, გადაგიყვანოთ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, თუმცა, არ დავმალავ და გეტყვით, რომ მეც და პრეზიდენტი სააკაშვილიც ამის წინააღმდეგი ვართ, სასაზღვრო უწყებაში ბევრი რამ გააკეთეთ, ბევრიც გასაკეთებელია, მაგრამ "გვაწვებიან", ეს ადგილი ერთ-ერთი პიროვნებისთვის უნდა გათავისუფლდესო. ვუპასუხე: თუ ვინმეს ჩემი ადგილი უნდა, შემიძლია პატაკი დავწერო და საერთოდ წავიდე-მეთქი... არა, არავითარ შემთხვევაშიო, - მითხრა მერაბიშვილმა", - აცხადებს საზღვრის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "თუ სააკაშვილს ამ ფოტომ რამე გაახსენა, მისი პრობლემაა".
"2004 წლის თებერვალი იყო. იმხანად ჩვენმა მესაზღვრეებმა ხანგრძლივი დევნის ოპერაციის შემდეგ 2 თურქული გემი დააკავეს, სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, დაეჯილდოებინა ეს ადამიანები. ცერემონიაზე მან გამოაცხადა, - ბატონი ჩხეიძე დაზვერვის დეპარტამენტში გადაგვყავსო. სხვათა შორის, იქვე დასძინა, თუმცა მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს კაცი იქაც მჭირდება და შუაზე ხომ არ გავჭრიო?! ამის შემდეგ სააკაშვილს ეს ალბომი გადავეცი, რამაც ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე ის არის, რომ უკრაინაში მივლინებით ყოფნისას ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა მითხრეს, სააკაშვილი ჩვენთან მსახურობდა სასაზღვრო ჯარში და სამახსოვრო ალბომი გავუკეთეთო. ამ ალბომში იყო უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, კუჩმას სურათიც, რომელიც ასევე სასაზღვრო ჯარში მსახურობდა; ამონაწერი ეფრეიტორ სააკაშვილის დახასიათებიდან, მისალმება მისდამი, იქვე იყო ფოტო, რომელიც სასაზღვრო ჯარების გაზეთში გამოქვეყნდა, სადაც ეფრეიტორი სააკაშვილი თავის კოლეგებთან ერთად დგას ბორისპოლის (კიევი) საერთაშორისო აეროპორტში, ასევე იყო იმ სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობა, როგორც ადრინდელის, ისე იმჟამინდელის. სხვათა შორის, უკრაინის მეორე ყოფილი პრეზიდენტი, იუშჩენკოც სასაზღვრო ჯარში მსახურობდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ჩხეიძე.
"ალბომის გადაცემის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ძალზე მწვავე რეაქცია ჰქონდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. თუ სააკაშვილს რაღაც აწუხებს, ამ ფოტომ რამე გაახსენა, ეს უკვე მისი პრობლემაა! სხვათა შორის, მას იქვე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ცოტა პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა: ბატონო პრეზიდენტო, ჩხეიძე ჯერ დანიშნული არ გყავთ და უკვე დოსიეს აგროვებს თქვენზეო. ყველამ იცის, რომ საბჭოთა კავშირის დროს სასაზღვრო ჯარი კა-გე-ბეს ექვემდებარებოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სასაზღვრო უწყებაში მუშაობისას, ჩემი გულისწყრომა ასეთმა ფაქტმა გამოიწვია: რამდენიმე თანამშრომელმა შემატყობინა, რომ მათ საგანგებოდ ამზადებდნენ, ბრძანების მიღებისთანავე, სასაზღვრო ვერტმფრენებიდან დაებომბათ ასლან აბაშიძის რეზიდენცია ქალაქ ბათუმში. წარმოგიდგენიათ, რაზე მიდიოდნენ?! ამ ინფორმაციის მიღებისთანავე პრემიერ ზურაბ ჟვანიასთან მივედი, გაირკვა, რომ მან არაფერი იცოდა. გარდა ამისა, მოვიპოვე ინფორმაცია, რომ ესენი პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ, ამის შესახებაც გავაფრთხილე ზურაბ ჟვანია, ერთ-ერთი შეხვედრისას ფურცელზე დავუწერე: "გისმენენ", რაზეც პასუხად, კითხვის ნიშანი დამიწერა, ანუ მკითხა, ვინო? რომ მივანიშნე, მიხვდა. შემდეგ შეხვედრაზეც შევთანხმდით, მაგრამ მალე მომიხდა ქვეყნის დატოვება. სამწუხაროდ, იმხანად ქართველი საზოგადოება ზომბირებულ-ეიფორიულ მდგომარეობაში იყო და საწინააღმდეგო აზრის მოსმენის უნარი არ ჰქონდა. მოგვიანებით შემომითვალეს, პატაკი დაწეროს და წავიდესო. პარალელურად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია გაჩაღდა, გარდა ამისა, მომივიდა ინფორმაცია, რომ ჩემს დაპატიმრებას აპირებდნენ... 2005 წელს, როცა დედა გარდამეცვალა, სამშობლოში ჩამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ აქედან მეგობრებმა შემომითვალეს, - არ წამოხვიდე, შენი გვარი ძებნილთა სიაშია და საზღვარზე დაგაკავებენო. ასე დავრჩი უკრაინაში, იქიდან კი მოგვიანებით რუსეთში, ქალაქ სტავროპოლში გადავედი, სადაც დღემდე ვცხოვრობ", - დასძენს ვალერი ჩხეიძე.