“საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ მიღებიდან ერთი წლის თავზე, ქარტიის მიღების შედეგებზე, ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებსა და სამომავლო გეგმებზე პრესა.გე ესაუბრა: ეთიკის საბჭოს თავმჯდომარეს, ეთერ თურაძეს, რომელიც ამავდროულად გაზეთ “ბათუმელების“ მთავარი რედაქტორია;
საბჭოს ერთ–ერთ წევრს, ელისო ჩაფიძეს, რომელიც გაზეთ “რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილეა; “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარეს, ია ანთაძეს, რომელიც ქარტიის პრინციპების შემუშავებას კოორდინირებას უწევდა და გადაცემა “ბარიერის“ წამყვანს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც ამავდროულად “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაზე“ ხელმომწერთაგან ერთ–ერთია.
2009 წლის 4 დეკემბერს, 136–მა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა 11 პუნქტისგან შემდგარ “საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიას“, რაც ნიშნავს იმაზე პასუხისმგებლობის აღებას, რომ ხელმომწერები ქარტიაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს დაიცავენ. იმავე დღეს ჟურნალისტებმა აირჩიეს 9–წევრიანი საბჭო, რომლის ფუნქცია ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების საქმიანობაზე მეთვალყურეობას ითვალისწინებს. პლუს ამას, 3–წევრიანი სარევიზიო საბჭოც აირჩიეს, რომლის ფუნქცია 9–კაციანი საბჭოს მუშაობაზე დაკვირვებაში გამოიხატება.
სამწევრიან სარევიზიო საბჭოში სამი წლის ვადით აირჩიეს ია მამალაძე და ორ–ორი წლით რამაზ სამხარაძე და ია ბობოხიძე. ჟურნალისტთა 9–კაციან საბჭოში აირჩიეს: სამი წლის ვადით ნინო ზურიაშვილი და ეთერ თურაძე; 2 წლის ვადით ელისო ჩაფიძე, ხათუნა გოგაშვილი და თედო ჯორბენაძე; 1 წლით ლიკა ჩაჩხუნაშვილი, ირაკლი აბსაძე და მერაბ მერკვილაძე. საბჭოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით გაზეთ “ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე გახდა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ წუთისთვის “საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაზე“ ხელი 171 ადამიანს აქვს მოწერილი და დასამტკიცებლად ათეულამდე განაცხადია წარდგენილი.
9–კაციან საბჭოში პირველი საჩივარი ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილზე შევიდა – ფონდ “ინკლუზივის“ ხელმძღვანელმა, პაატა საბელაშვილმა, ელისაშვილს “ჰომოსექსუალების უფლებების დარღვევის“ გამო უჩივლა – 2010 წლის 9 მარტს, გადაცემა “ბარიერში“, გაუკუღმართებული ორიენტაციის ადამიანებზე საუბრისას, ალეკო ელისაშვილმა, “ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი, მალხაზ გულაშვილი არ გააჩერა და სტუდიაში ქირქილს თავადაც შეუერთდაო. მიმდინარე წლის 3 მაისს, ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალ “რეიტინგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ არანაირ ქირქილს არ შეერთებია – უბრალოდ, შორენა ბეგაშვილისა და მისი გადაცემის ხსენებისას გაეღიმა.
ელისაშვილი ქარტიის მეშვიდე პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულეს, რომელიც ქარტიაში ასეა ჩამოყალიბებული – “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
2010 წლის 13 მარტს, ტელეკომპანია “იმედზე“ გასული “მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ, გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანი, ნათია კობერიძე, “ჟურნალისტთა ქარტიის“ 9–კაციანმა საბჭომ ქარტიის პირველი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა (“ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“). ნათია კობერიძე 9–კაციანი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადებულა, მაგრამ საბჭოს ჯერ წერილობითი პასუხი გასცა და შემდეგ ქარტიის რიგები დატოვა. კობერიძეზე საბჭოში საჩივარი არავის შეუტანია; საბჭომ რეაგირება თავად მოახდინა.
ეს არის ორი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც ეთიკის საბჭომ განიხილა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეთერ თურაძემ განგვიმარტა, “სასარჩელო მოთხოვნა ორ განაცხადზე სრულად დაკმაყოფილდა, ერთზე ნაწილობრივ, ერთს უარი ეთქვა და მეხუთე საჩივარს ახლა რომ შევიკრიბებით, მაშინ განხივილავთ“.
სასარჩელო მოთხოვნა ნათია კობერიძისა და ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ სასარჩელო მოთხოვნას, რაც შეეხება, ეს იყო გაზეთ “თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორის, ელისო ჯანაშიას საჩივარი “მეცხრე ტალღის“ ჟურნალისტის და რედაქტორის წინააღმდეგ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ჟურნალ “ლიბერალის“ წინააღმდეგ, უარი სტუდენტ თორნიკე თევზაძეს უთხრეს; ეთერ თურაძის განმარტებით, საჩივარი ეხებოდა “სოზარ სუბარის მოსაზრებაში ფოტოს განთავსებას. თორნიკეს მიაჩნდა რომ რედაქცია უხეშად შეიჭრა ავტორის პოზიციებში. ჩვენი წესდების მიხედვით, “ლიბერალს“ ჰქონდა იმის უფლება, რომ ამ მოსაზრებაზე ფოტო–ილუსტრაცია თავისი შეხედულებისამებრ დაედო“.
ეთიკის საბჭოში ისეთი საჩივრებიც იყო შესული, რომელთა განხილვა არ მომხდარა, რასაც ეთერ თურაძე ასე ხსნის – “რამდენიმე საჩივარი საბჭომ დასაშვებად არ სცნო, რადგან ქარტიის წესდების მოთხოვნებს და პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. ანუ წესდების თანახმად, საბჭო არ არის უფლებამოსილი განიხილოს იმ ჟურნალისტების ეთიკურობის საკითხი, ვისაც ქარტიაზე ხელი მოწერილი არა აქვს“.
როგორც ელისო ჩაფიძემ და ეთერ თურაძემ გვითხრეს, ამ ერთი წლის წლის განმავლობაში, წესდების მიხედვით ეთიკის საბჭო თვეში ერთხელ იკრიბებოდა. “ამას თან ახლდა სირთულეები, რადგან სხვადასხვა ორგანიზაციებს ვთხოვდით შეკრებები მათ ჭერქვეშ ჩაგვეტარებინა; მგზავრობის ხარჯებს საბჭოს წევრები (რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ) თავად ფარავდნენ და ღამის გათევასა და კვებაზეც თავად ზრუნავდნენ. აი, ასეთ რეჟიმში ვიმუშავეთ ეს ერთი წელი. ახლა ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველო“ ერთი გრანტი გამოყო, რომელიც მხოლოდ მგაზავრობის და ოფისის ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული. ვიმედოვნებ, რომ ამიერიდან ჩვენი შეხვედრები უფრო ნაყოფიერი იქნება“, – ამბობს ელისო ჩაფიძე.
პრესა.გე–ს კითხვაზე – თქვენი აზრით, რატომ არ არის წარდგენილი უფრო მეტი საჩივარი? ელისო ჩაფიძე და ეთერ თურაძე ასეთ პასუხს სცემენ:
ელისო ჩაფიძე: “საბჭოს უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება; სულ ერთი წლის შექმნილია, მაგრამ საზოგადოებაში მისი ცნობადობა ძალიან მაღალი არ არის. იმედია მომავალში საბჭოს უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. თუ ეს ასე არ მოხდება, იმის დასტური იქნება, რომ საბჭოს წევრები უკეთესად მუშაობენ“.
ეთერ თურაძე: “ამის ბევრი მიზეზი არსებობს: საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული არ არის; “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ საბჭო ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობდა; არ იყო იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ეთიკის საბჭოს მუშაობის შესახებ საზოგადოებისთვის გვეცნობებინა. თუ საზოგადოებაში ამ საბჭოს მუშაობის ირგვლივ მეტი ცნობადობა იქნება, ცხადია, უფრო მეტ საჩივარს უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენ ყველა ერთად, სწავლის პროცესში ვართ და რაც მთავარია, ახლა უკვე გვაქვს დაფინანსება, რითაც შეგვიძლია გავაკეთოთ სარეკლამო კლიპები, რომლითაც საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით, “ეთიკის ქარტიის“ საქმიანობაზე. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ თუ ჟურნალისტმა მათი უფლებები შელახა, ან უბრალოდ, არაეთიკურად მოიქცა, საბჭო იმსჯელებს ამაზე; ანუ მათ პრეტენზიებს საბჭო განიხილავს“.
იმაზე, თუ რა დადებითი შედეგი მოჰყვა “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ მიღებას, ამ ერთი წლის განმავლობაში, ია ანთაძე ამბობს, რომ პირველი და ყველაზე მთავარი პლუსი ისაა, რომ “ქარტია, როგორც პროცესი, შემდგარია, რადგან ქარტიაზე ხელმომწერებს, სხვადასხვა ქალაქში ეუბნებიან, რომ “შენ ხარ ქარტიის ხელმომწერი და ამიტომ, მე მაქვს გარკვეული იარაღი, ბერკეტი შენს წინააღმდეგ“.
ია ანთაძე: “ასეთი ფრაზები იყო საზოგადოების სხვადასხვა წევრის მხრიდან და ამიტომ, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, როდესაც საზოგადოებამ იცის, რომ მას აქვს ბერკეტი. გარდა ამისა, ქარტია შედგა, იმიტომ რომ საბჭო ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ყველა შემთხვევის განხილვას, ყველა მხარეს ეკითხებოდა მოსაზრებასა და არგუმენტებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰქონდა გადაწყვეტილება. ამასთან, წერდა ძალიან საინტერესო არგუმენტაციას და სამოტივაციო წერილებს.
რაც შეეხება მინუსებს – ქარტიის შესახებ საზოგადოებას ჯერ კიდევ ცოტა ინფორმაცია აქვს; ქარტიას აქამდე დაფინანსება არ ჰქონდა და ამ პირობებში მოქმედება ძალიან უჭირდა. ახლა ეს პრობლემები მგონი ნელ–ნელა გამოსწორდება და თუ მომავალ წელს კიდევ გვექნება ეს მდგომარეობა, როცა სულ ორი–სამი შემთხვევა იქნება განხილული, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მეტია საჭირო და პროცესი ბოლომდე ვერ მუშაობს, მაგრამ თუ ყველაფერი სწორად და კარგად განვითარდა, წესით და რიგით შემთხვევების განხილვების რაოდენობამ უნდა მოიმატოს და ქარტიასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობადობაც უნდა ამაღლდეს“.
1 წლის წინ მიღებული ქარტიის შედეგებს ელისო ჩაფიძე, ეთერ თურაძე და ალეკო ელისაშვილი პრესა.გე–სთან საუბრისას ამგვარად აფასებენ:
ელისო ჩაფიძე: “სიმართლე გითხრათ, მეც საკმაოდ დამაწყდა ნერვები, როდესაც აღმოვაჩინე რომ ჩემს წინააღმდეგ სარჩელი იყო შეტანილი და თან აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვგრძნობდი იმ საქმეში თავს, რაზეც გვიჩივლეს, მაგრამ მერე რომ გავაანალიზე, ამ საჩივარმა ჩემს საქმიანობაში გარკვეული როლი შეასრულა – გუშინ მაგალითად მინდოდა სტატიაზე ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოები დამებეჭდა, მაგრამ თავი შევიკავე, რის გამოც უფრო მეტი წვალება მომიხდა – წავედი, ფოტოები დავბეჭდე, მოვიტანე და ის დავურთე მასალას... ანუ როდესაც ქარტიაზე ხელმომწერი ხარ, შეიძლება ვიღაცამ გიჩივლოს, თუნდაც ისეთი უმტკივნეულო საქციელის ჩადენისთვის, როგორიცაა ინტერნეტიდან ფოტოს ამოღება (თუკი არა ხარ ხელმომწერი და ეს ფოტო შესყიდული არ გაქვს)“.
ეთერ თურაძე: “ქარტიის მიღებამ ძალიან პოზიტიური შედეგები მოიტანა, თვითონ იმ ჟურნალისტებში, ვინც არიან ხელმომწერები. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ბევრი მეგობარი მყავს ჟურნალისტურ წრეებში, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ფოთსა და კახეთში... ამ შემთხვევაში მუშაობა ძნელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გენდობიან. ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ შემოტანილი საჩივრის განხილვა ჩვენთვის ძალიან რთული იყო, რადგან ალეკო ყველა ჩვენთაგანის მეგობარია, მაგრამ სასიამოვნო იყო ის, რომ თვითონ ალეკო მუშა პროცესში ძალიან დაგვეხმარა. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი ტვირთის მოხსნა, რადგან ალეკოს აბსოლუტურად გაცნობირებული ჰქონდა, რომ გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, მისი, როგორც ჟურნალისტის მგრძნობელობაზე იმოქმედებდა და ამით გაიზრდებოდა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ჟურნალისტს, პროფესიული სტანდარტების თვალსაზრისით ძალიან ეხმარება, იზრდება და ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში უფრო მეტად მგრძნობელი ხდება.
ანუ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჟურნალისტების მხარდასაჭერი ორგანიზაცია“.
ალეკო ელისაშვილი: “თავიდან საბჭოსთან ძალიან გულმოდგინედ და გულისხმიერად ვითანამშრომლე, მაგრამ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც კონკრეტულად ჩემს საკითხს იხილავდნენ, არასერიოზულად იყვნენ მომზადებულები (ამას პირდაპირ ვამბობ) და ძალიან დიდი ხანი დასჭირდათ (ორ თვეზე მეტი), რომ დასკვნა გამოექვეყნებინათ. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ იქ რაღაც სერიოზული ხარვეზებია. ჯანდაბას, მე ვიყო ის უღელტეხილი, რომელზეც ამ საბჭომ უნდა გადაიაროს, მაგრამ ვისურვებ, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო მეტი კვალიფიკაცია და საქმეს, რომელიც მნიშვნელოვანია, თვითონაც უფრო გულისხმიერებით მოეკიდნონ.
მე ვერავინ მეტყვის, რომ გულისხმიერად არ მოვეკიდე ამ საქმეს, მაგრამ დიდი უმრავლესობა მოუმზადებელი იყო მოსული (თუ ვინმეს მერე დამატებითი კითხვა ექნება, ავუხსნი) და ზოგზოგიერთის კვალიფიკაციაში პირადად მე ეჭვი შემაქვს. თუმცა, ზოგადად ასეთი საბჭო მნიშვნელოვანი და აუცილებელია – კვალიფიციური, სერიოზული, პროფესიული საბჭოს მსგავსი, რომ ჩვენ, ჟურნალისტები უფრო პროფესიულად გავიზარდოთ. ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. ანუ საჭიროა, მაგრამ საჭიროა უკეთესი“.