"კარგი იქნება, თუ ირაკლი ალასანიაც, ასევე იქნება სიტყვის კაცი, ან, უბრალოდ კაცი!... იმისთვის, რომ პოპულარული გახდე მოსახლეობაში და ხელმძღვანელობას თავი მოაწონო, ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკი ა

ზაალ კასრელიშვილი - "ვიღაც ნაძირალა ბიზნესწრეებში მიზანმიმართულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში არის დროებითი მთავრობა… ეს სიტყვები ბიზნესს სერიოზულად აფრთხობს"

"სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და ჩატაევი გაანთავისუფლა. ჩვენი ორგანიზაციის, "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის", სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელმაც შეასრულა თავისი სიტყვა და რუსეთს არ გადასცა ჩატაევი! კარგი იქნება, თუ ირაკლი ალასანიაც, ასევე იქნება სიტყვის კაცი, ან, უბრალოდ კაცი! არ მომწონს, რომ თავდაცვის სამინისტროში უკვე საიდუმლო აღარ დარჩა. არის თემები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ არსებობს სამხედრო ტრიბუნალი და არსებობს სახელმწიფო საიდუმლოება. იმისთვის, რომ პოპულარული გახდე მოსახლეობაში და ხელმძღვანელობას თავი მოაწონო, ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება! მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი ფირმაა, რომელიც იარაღით ვაჭრობს და ამის შემდეგ ძალიან ბევრს აღარ გაუჩნდება სურვილი, საქართველოსთან საქმე დაიჭიროს! "გრიფით საიდუმლო" საქმის გამოძიებაც შეიძლება, მაგრამ ამის გასაჯაროება არ არის საჭირო. მე მესმის, ირაკლი ალასანია ახალია, ახალგაზრდა და უნდა, ხალხს უჩვენოს, რომ ის გახსნილ უწყებას ხელმძღვანელობს, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო გახსნილი უწყება არ არის და ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს!" - აცხადებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ქრონიკასთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კარგი იქნება, თუ ირაკლი ალასანიაც, ასევე იქნება სიტყვის კაცი, ან, უბრალოდ კაცი!... იმისთვის, რომ პოპულარული გახდე მოსახლეობაში და ხელმძღვანელობას თავი მოაწონო, ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება!".

"თუ მხოლოდ ლაფანყურის სისხლიან ავანტიურაზე ჰქონდა ჩატაევთან გამოძიებას კითხვები, ამ ამბავში ის 1000 პროცენტით გამართლდებოდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩატაევთან დაახლოებით ამ ტიპის კითხვები ექნებოდა: "როდის ჩამოვიდა ჩატაევი საქართველოში?" "მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლების რომელ პირებთან კონტაქტობდა?" "ვისი რეკომენდაციით გახდა საქართველოს მოქალაქე?" და "როგორც დოკუ უმაროვის წარმომადგენელი, რა ფუნქციას ასრულებდა და რა დატვირთვა ჰქონდა მას საქართველოში?". ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატომ წულუკიანს!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.

"21 იანვარს სამი თვე სრულდება მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება საქმიანობას შეუდგა. მე ვფიქრობ, რომ იანვრის ბოლოს აქ უფრო საინტერესო და სიცოცხლით სავსე პროცესი წავა, რადგან ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ზოგადი ფრაზებით აფასებენ სიტუაციას, თავიანთ ლექსიკას უფრო კონკრეტულს გახდიან. რაც შეეხება სუსტ რგოლებს ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კარგად მუშაობს. იგივე შეიძლება ითქვას ბატონ ნოდარ ხადურზეც და ინვესტორებთან ურთიერთობისას ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბატონმა დავით ნარმანიამ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ძალიან სუსტი რგოლია ამ ხელისუფლებისა. მინდა ვისურვო, რომ ეს აუცილებლად გამოსწორდება და მალე ყველაფერი დალაგდება!" – განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის კეთებას გეგმავენ იმ სფეროში, რომლებიც, ფაქტობრივად, არის აუთვისებელი და ასეთია ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 75 პროცენტი! აქ, უბრალოდ, დამაფიქრებელია ის ამბავი, რომ საქართველოს გარშემო იკვრება ძალიან სახიფათო წრე და ვიღაც ნაძირალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ბიზნესწრეებში მიზანმიმართულად ავრცელებს ინფორმაციას - საქართველოში არის დროებითი მთავრობა და გარდამავალი პერიოდიო! ეს არის ის სიტყვები, რომელიც სერიოზულ ბიზნესს აფრთხობს", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი.