პოლიტიკურ ორბიტაზე ახალი პოლიტიკური სეზონი ნაახალწლევს გამოცხადდება. მართალია, ეს არის მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მაგრამ აქტივობა პოლიტიკური სეზონისთვის მალე დაიწყება. არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მეტამორფოზები, შესაძლოა, ისეთ სერიოზულ პოლიტიკურ ძალებსაც შეეხოს, როგორიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. "ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მალე, ძველ პოზიციებსა და ოპოზიციურ გამოცდილებას გაიხსენებს და პოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადავა: ამჯერად, ახალი სახელითა და ახალი სახეებითაც. ამავე კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე მუშაობს იმიჯმეიკერულ პრინციპებზე: პარტია სახელის შეცვლას აპირებს და ეს მხოლოდ მორფოლოგიური ცვლილება არ იქნება.
პარტია, ძველ სახელთან დამშვიდობებით, ძველ შეცდომებსაც ჩამოიწერს და მასში ძველ სახეებთან ერთად, ახალ ლიდერ-პერსონებსაც ვიხილავთ. ამ იდეას "ნაცმოძრაობის" ლიდერებში მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ ძველი სახელი შეცდომებთან ასოცირდება და "ახალი დემოკრატიული მოძრაობა" ან სულაც "მოძრაობა მომავლისთვის" ან კიდევ სხვა ვარიანტი უნდა დაირქვან.
ნაწილს კი მიაჩნია, რომ ახალი სახელით დამკვიდრება შრომატევადი პროცესია პოლიტიკურ რეალობაში. უკვე დაწყებულია ძალების მობილიზება და პარტიული უფლებამოსილებების გადანაწილება, თუმცა სავარაუდოდ, სტარტს ახალი მძლავრი ოპოზიციური პარტია, სახეშეცვლილი ვარიანტით, ახალი წლის შემდგომ აიღებს. ის რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლის უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, უკვე ოფიციალურად დაანონსა პარტიის გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა. შსს-დან მეორე დაკითხვიდან გამოსული აშკარად თამამი და პოლიტიკურად მოტივირებული იყო და, ფაქტობრივად, ტელეკამერებთან ახალი ფრონტის გახსნა ოფიციალურად გამოაცხადა. რამდენადაც მერაბიშვილი "ნაცმოძრაობის" მაინც ყველაზე რეიტინგულ სახედ ითვლება და მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატთაგან ერთ-ერთ პერსპექტიულ ვარიანტად მოიაზრება, ივანიშვილის გარემოცვა ყველა საშუალებით ეცდება, ყოფილი შსს მინისტრი, რომლის სახელსაც პოლიციის წარმატებული რეფორმა და კრიმინალის დამარცხება უკავშირდება, აქტიური პოლიტიკური ასპარეზიდან აღკვეთოს. ამისთვის კი ერთ-ერთი გამოსავალი ციხეა, ამიტომაც ერჩიან ვანოს განსაკუთრებით. მერაბიშვილის ანალოგიური გზავნილი უკვე გააკეთა გივი თარგამაძემ, რომელიც ყოველთვის "ნაციონალების ტროცკიდ" ითვლებოდა. "ვერსიასთან" საუბრისას მან გამოკვეთილად განაცხადა, - "ახალგაზრდობას გავიხსენებთ, ოღონდ ამას მარტო ჩვენით ვერ გავაკეთებთ როგორც მაშინ არ გაგვიკეთებია მარტო - ხალხიც ჩვენთან იყო! ხალხი ამ სიტუაციას თავის ხელში აიღებს და მათაც ისევე დავეხმარებით ტექნიკის ცოდნით, როგორც ჩვენს მეგობრებს".
სააკაშვილის პარტია და ყოფილი მმართველი ძალა ოპოზიციის რანგში ამჯერად, ამ ტექნიკის დახვეწაზე მუშაობს: ტექნიკასთან ერთად, აუცილებლად დაიწმინდება შიდაპარტიული რგოლები. მათ შორის პარტიის სახეები, ორგანიზაციული თავმჯდომარეები და შტაბის ხელმძღვანელები. განსაკუთრებით, თბილისის მიმართულებით, რომელიც ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო.
სავარაუდოდ, პარტიული "ჩისტკა" და იერარქიული დაქვეითება შეეხება მიხეილ მაჭავარიანს, რომლის ძმა - ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია და, ერთი შეხედვით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთი ოჯახის ორი წევრი ასეთ კარდინალურ იდეოლოგიურ სხვაობას განიცდიდეს. თუმცა მაჭავარიანი გამონაკლისი არ იქნება და "წმენდის" პროცესს "ნაცებში" ბევრი გაივლის.
"ნაციონალური მოძრაობა" ახალ პოლიტიკურ რეალობაში ერთადერთი ძალა არ იქნება, რომელიც მეტამორფოზას განიცდის. სამომავლო პოლიტიკური ამბიციები აქვს ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, კახა კუკავას და კიდევ რამდენიმე პარტიას. ერთხანს საუბარი პოლიტიკურ კულუარებში იმაზეც იყო, რომ ოქრუაშვილი, ბურჯანაძე და კუკავა დიდ გაერთიანებას შექმნიდნენ, თუმცა ჯერჯერობით, მხარეები ამას არ ადასტურებენ.