საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საზოგადოებას აღუთქვა, რომ 2-3 კვირაში საქმე გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ პატარა ბარბარე საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
უჩა კანდელაკი, "ქართული ოცნების" წევრი: - ეს იყო გამიზნული ჯგუფური დანაშაული. ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვი ქვევრში ჩაგდებამდე ცოცხალი იყო. ერთი ვერსიით, ბავშვის გატაცება და მისი ოჯახის შეშინება უნდოდათ. ჩვილს პირზე ხელი ააფარეს, მოიგუდა და ამის შემდეგ ჩააგდეს ქვევრში... ამბობენ, რომ არსებობს თვითმხილველი, ვინც დაინახა, როგორ გადაძვრა ღობეზე ილია მექერიშვილი, კახეთის იმჟამინდელი გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის დეიდაშვილი. თუმცა ეს ადამიანი არავის დაუკითხავს. ნაცების მიზანი იყო მანანა ბერიკაშვილის დაპატიმრება იმ მოტივით, თითქოს ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" შეუკვეთა, რასაც მოჰყვა ბავშვის მკვლელობა. მათვე გაავრცელეს ჭორი, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა და "ოცნებამ" გადაუხადა რაფალიანცის ოჯახს თანხა, თავდაპირველად 30 მილიონზე იყო ლაპარაკი, შემდეგ ჩამოვიდნენ 4 მილიონზე, ბოლოს - 40.000-ზე, ფაქტია, რომ არჩევნების დღეს, 2-დან 3-საათამდე, ყველა საარჩევნო უბანზე გავრცელდა ინფორმაცია, დალი მექერიშვილმა დისშვილი მოკლაო. როგორც ჩანს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები დეიდას აღიარებინებდნენ "დანაშაულს" და ცოტა ხნით ჩასვამდნენ ციხეში. ჩაფიქრებული იყო მანანა ბერიკაშვილის, როგორც დამკვეთის დაპატიმრება, რასაც შემდეგ "ოცნების" რამდენიმე წევრის დაკავებაც მოჰყვებოდა. მათთვის მთავარი იყო, გავრცელებულიყო ვერსია, რომ მანანა ბერიკაშვილის შეკვეთით დეიდამ დისშვილი მოკლა. არ დაგავიწყდეთ, ეს ვერსია გაავრცელეს ნაცმოძრაობის საარჩევნო კომისიის წევრებმა... არადა, თავდაპირველად ითქვა, რომ დანაშაულის დამკვეთი იყო გიორგი ღვინიაშვილი, მისი დეიდაშვილები - ძმები მექერიშვილები დალი მექერიშვილს ემუქრებოდნენ, არ დაგავიწყდეს, შვილი რომ გყავსო. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ღვინიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს...
დალი მექერიშვილი, ბარბარე რაფალიანცის დეიდა: - ვიდრე ახალი შს მინისტრი დამტკიცდებოდა, ჩვენს სახლს, სადაც ეს უბედურება მოხდა, პოლიცია "იცავდა" - გაუგებარია, რისგან ან ვისგან. ალბათ, იმიტომ არ გვაკარებდნენ იქაურობას, რომ ყველანაირი კვალი და ანაბეჭდი გაექროთ. ამ ოპერაციას იმხანად პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა სიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ბავშვის დაღუპვიდან 2 კვირის შემდეგ კი შსს-დან ეკა ზღულაძის გამოგზავნილი ხალხი მოგვადგა (ეტყობა, დარჩათ კიდევ რამე წასაშლელი და გასაქრობი), გვითხრეს, თქვენს დასახმარებლად ვართ მოსულებიო. ძალით წაგვიყვანეს გურჯაანში ჩვენების მისაცემად, ჩვენს სახლში კი სიბაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩხრეკა ისე ჩაატარეს, მეზობლებიც არ დაისწრეს. საგულდაგულოდ დაათვალიერეს მთელი სახლი და ყველანაირი კვალი გააქრეს.
- ვისზე გაქვთ ეჭვი, ვინ არიან ამ საქმეში გარეული?
- მგონია, რომ ეს ძმები მექერიშვილების ნახელავია. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, 2-3 დღით ადრე, ჩვენს ქუჩაზე დავინახე გოჩა სიბაშვილის ვაჟი გიორგი, აგრეთვე, ილიკო მექერიშვილი. მანამდე ისინი ჩვენს უბანში არ მინახავს, ალბათ, რაღაცას გეგმავდნენ, სხვა რა უნდა ვიფიქრო? შავი ფერის ბე-ემ-ვეთი დამდევდნენ და ჩვენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ან როგორ გავიგო მექერიშვილის მუქარა - არ დაგავიწყდეს, შვილი რომ გყავსო... რომ ვერ დამიყოლიეს და "ოცნებას" ვერ ჩამომაშორეს, ამიტომ იყვნენ გაღიზიანებულები. შეიძლება ბავშვის მოკვლა სულაც არ უნდოდათ და შემოაკვდათ... ჩემი შვილის გატაცება ვერ მოახერხეს და ჩემი დისშვილი, უსუსური ბავშვი მოიხელთეს. რა მნიშვნელობა ჰქონდა, შვილს წაიყვანდნენ თუ დისშვილს? ეს ტრაგედია რომ მოხდა, 40 წუთის განმავლობაში ველოდით პატრულს, ბაკურციხეში იდგნენ და შეგნებულად არ მოდიოდნენ, ვიდრე ხალხმა გზა არ გადაკეტა. იმ ღამით ჩემი სიძე წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხავად. უთქვამთ, ოჯახის ნებისმიერ წევრს დაადე ხელი, თორემ პირობითი გაქვს, დაგიჭერთ და სამჯერ გაგიზრდით სასჯელს, "ოცნება" ვერ გაიმარჯვებს და ციხეში ამოგხდით სულსო. მოკლედ, იყო ენით აუწერელი ზემოქმედება. ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ მე და მანანა ბერიკაშვილს დაგვაბრალეს ყველაფერი - გაავრცელეს ჭორი, თითქოს მან მილიონები მომცა, ამაყვავა, თბილისში ბინა მიყიდა და მსგავსი სისულელეები. არადა, როგორც ვცხოვრობდი, ისევ ისე ვცხოვრობ, ჩემი ქმარი დღესაც მუშად მუშაობს ჰესზე. ისე შემილახეს რეპუტაცია, ხალხში ვერ გავდივარ. შვილისთვის სკოლაში ვერ მიმიკითხავს, ყველა ჩემკენ იშვერს თითს. ხალხი დაარწმუნეს, რომ ჩემი დისშვილი მე მოვაკვლევინე. სურთ, ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ აგვამხედრონ - ქირქილებენ, ხომ გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", ამ საქმეს რატომ არ იძიებენო?! გასაგებია, რომ ამას დრო სჭირდება, მაგრამ ორ-სამ კვირაში გამოძიებამ წინ თუ არ წაიწია, კოლაგელები აქციის მოწყობას აპირებენ, ეს უკვე ხალხის მოთხოვნაა და ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ.