ბიძინა ივანიშვილი კოალიციას დისციპლინას უწუნებს

ბიძინა ივანიშვილი კოალიციას დისციპლინას უწუნებს

8 დეკემბერს ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის რანგში საპარლამენტო უმრავლესობასთან პირველი გაფართოებული შეხვედრა გამართა. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური კოალიციის წევრებს პარლამენტსა და მთავრობას შორის კოორდინაციის პრობლემებსა და კოალიციის შიგნით სუსტ დისციპლინაზე დაელაპარაკებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრამდეც განაცხადა, რომ მასთან შეუთანხმებლად მისივე პოლიტიკური ძალის წევრების მხრიდან ბოლო დროს არაერთი განცხადება გაკეთდა. სუსტი დისციპლინა კოალიციაში და დასახვეწი კოორდინაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის - ივანიშვილი საკუთარი კოალიცის წევრებს, ამჯერად უკვე როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა:

”ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად. მე მგონი, ჩემს გამოსვლებსაც აღარ უსმენენ, რას ვამბობ მე, დეპუტატები სრულიად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ და, ცხადია, ამაზე მივუთითე. ფაქტია, რომ სუსტია კოალიციური დისციპლინა და ის უნდა გამკაცრდეს და ასევე გაუმჯობესდეს კოორდინაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის”.

ბიძინა ივანიშვილის ქუთაისში ჩასვლამდე და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებამ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ვიდეოკადრები იხილა - სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და უმცირესობას შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელა ინტერნეტში. ხმაური ”ქართული ოცნების” წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებამ გამოიწვია - მან უმცირესობის წევრებს მოუწოდა მოეშვან ”პოლიტიკურ სუტენიორობას”. პარლამენტის თავმჯდომარეს თანაგუნდელის ამ გამონათქვამის გამო ბოდიშის მოხდამ მოუწია. გახდა თუ არა ეს კონკრეტული შემთხვევა ივანიშვილის კრიტიკის მიზეზი, ამაზე უმრავლესობის წევრები არ ლაპარაკობენ, თავად პრემიერმა კი მედიასთან თქვა, რომ შეხვედრაზე ქანთარიას განცხადებას არ შეხებიან.

თუმცა უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ აბაშიძემ, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნა, პრემიერის განცხადება, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის უკეთესი კოორდინაცია უნდა არსებობდეს, უჩვეულო არ არისო. აბაშიძის თქმით, მრავალპარტიულ პოლიტიკურ გაერთიანებაში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური მოვლენაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდში ერთიანობა არ არსებობს.

მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის პრობლემის არსებობას არ უარყოფს „ქართული ოცნების“ წევრი კობა დავითაშვილი, მიზეზად კი იმ დისტანციას ასახელებს, რომელიც ქუთაისსა და თბილისს, ანუ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორისაა:

”ძალიან რთულია სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის რეჟიმში მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობა. ცხადია, ამის გამო კოორდინაციის პრობლემა ზოგადად არსებობს”.

8 დეკემბერს ივანიშვილი პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხსაც შეეხო. მან თქვა, რომ ”პარლამენტმა ქუთაისელებს დიდი ვერაფერი შეღავათი მისცა". მისი თქმით, ქუთაისი ”ინდუსტრიულ ქალაქად უნდა იქცეს, რომელიც, ამავე დროს, საგანმანათლებლო ცენტრი გახდება”.

რა იგულისხმება კონკრეტულად სუსტ კოორდინაციასა და დისციპლინის ნაკლებობაში? საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე მკაფიოდ ჯერჯერობით ამ პოლიტიკური ძალისგან წამოსული აგრესია ჩანს. რაც შეეხება აზრთა შეუთანხმებელ საჯარო განცხადებებს, ამაში შესაძლოა 7 დეკემბერს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი იგულისხმებოდეს:

 ”არ ვიცი, რა დისციპლინაზეა საუბარი. მე უფრო ის მადარდებს, საით მიჰყავთ ქვეყანა. ეს მაინცდამაინც დიდ იმედებს არ იძლევა”.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ ყოფილა პრემიერის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან, არამედ იყო პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნების” კოალიციის შეხვედრა საკუთარ შემქმნელთან. შესაბამისად, ამ შეხვედრის ადგილად პარლამენტის ნაცვლად აჯობებდა სხვა სივრცე აერჩიათ, რადგან პარლამენტი ასევე შეიძლება გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრების ადგილიც:

”ის საკითხებიც, რაზეც ღიად საუბრობდნენ, ესეც, ჩემი აზრით, დახურული პარტიული კრების საკითხებია, ვიდრე საჯაროდ გამოსატანი თემები, რადგან არსებობს გამჭვირვალობის სხვადასხვა ფორმატი, უკიდეგანო გამჭვირვალობა შეიძლება დაბნეულობას იწვევდეს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც არ არის ღრმად ჩახედული იმ ტექნოლოგიებში, რომელთა თაობაზეც ამ შეხვედრაზე მსჯელობდნენ".

საპარლამენტო უმრავლესობასთან ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა მედიას ასევე განუცხადა, რომ რადგან რეგიონების მოსახლეობის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა იპოთეკურ კრედიტებს უკავშირდება, მთავრობა შეეცდება მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქოს, პრობლემის მოგვარებას კი მთავრობა აჭარიდან დაიწყებს.