წარმატების რეცეპტი Nissan-ისაგან

წარმატების რეცეპტი Nissan-ისაგან

იაპონური კონცერნი Nissan Motor მსოფლიო ავტომშენებლობის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ, ხოლო იაპონურ ავტომწარმოებელთა შორის Toyota-ს და Honda-ს შემდეგ მესამე ადგილი უკავია. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, გასულ წელს კომპანიის მოგებამ 80,02 მილიარდი დოლარი, ხოლო კაპიტალიზაციამ 47,26 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

აიკავა და სხვა წინაპრები

კომპანია Nissan რამდენიმე ავტომშენებლის თანდათანობითი შერწყმის შედეგად შეიქმნა. ყველაფერი 1914 წელს დაიწყო, როცა ჩარხმშენებელ კომპანია Kwaishinsha Co-ში მომუშავე კენძირო დენმა, როკურო აოიამამ და მეიტარო ტაკეუჩიმ მსუბუქი ავტომობილი ააწყვეს, რომელიც 10 ცხენისძალიან, ორცილინდრიან ძრავზე მუშაობდა. მათ თავიანთი გვარების პირველი ასოების მიხედვით DAT დაარქვეს.

 

მომდევნო წლებში ამ ავტომობილის ახალი მოდელები გამოჩნდა. 1916 წელს Kwaishinsha Co-ს და კომპანია Lila-ს შერწყმის შემდეგ წარმოქმნილი ახალი კომპანია ტოკიოდან ოსაკაში გადაბარგდა. ამავე პერიოდში დაინერგა სატვირთო ავტომობილების წარმოებაც.

 

Nissan-ის „მშობლების“ რიცხვს 1926 წელს Jitsuyo Jidosha Co შეუერთდა, რომელიც ამერიკელი გორჰემის მიერ კონსტრუირებულ სამთვლიან ავტომობილებს ამერიკიდან იმპორტირებული ნაწილებით აწყობდა. ამ შერწყმის შედეგად Dat Jidosha Seizo Co წარმოიქმნა. 1931 წელს კონვეიერიდან ჩამოვიდა Datson-ის მარკის ავტომობილი, რომელსაც მოგვიანებით Datsun ეწოდა. ამ განთქმული მარკით ავტომობილები 1983 წლამდე გამოდიოდა.

 

მალე კიდევ ორი შერწყმა მოხდა, კერძოდ, კომპანიას Nihon Sanyo და Tobata/Inomo შეუერთდა და პრეზიდენტი ამ უკანასკნელის ყოფილი თავკაცი იოშუსიკე აიკავა გახდა, რომელმაც კომპანიის აღმასვლაში უდიდესი როლი შეასრულა. იგი ოცნებობდა წელიწადში 10-15 ათასი ავტომობილი გამოეშვა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა. მანვე 1934 წელს კომპანიას სახელი უკვე მერამდენედ გადაარქვა და Nissan Motor Co უწოდა.

 

1935 წელს ამოქმედდა იოკოჰამაში მდებარე კომპანიის ქარხანა, რომლის კონვეიერიდან Datsun 14 Sedan-ის მარკის ავტომობილი ჩამოვიდა. ემბლემა - გადამხტარი კურდღელი იმ დროისათვის სარეკორდო ამ ავტომობილის სისწრაფეს აღნიშნავდა. ორი წლის შემდეგ იოკოჰამას ქარხნის კონვეიერიდან კომპანის მეათიათასე ავტომობილი ჩამოვიდა.

 

მსოფლიო ბატონობისაკენ

მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად Nissan არმიისათვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილების და გემებისა თვითმფრინავების ძრავების გამოშვებას შეუდგა. მართალია, კომპანიის მთავარი, იოკოჰამაში მდებარე ქარხანა ბომბარდირებას გადაურჩა, მაგრამ თითქმის ნახევარი საწარმოო სიმძლავრეები საოკუპაციო მთავრობამ გაანადგურა. მიუხედავად ამისა, 1947 წელს Datsun-ის მარკის მსუბუქი ავტომობილების გამოშვება განახლდა. ეგზომ რთული ვითარება მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

 

1950 წელს Nissan-მა კომპანია Minsei Diesel Motor Co-ს (დღეისათვის Nissan Diesel Motor Co) აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა და უცხოური ბაზრებისათვის ავტომობილების შექმნას შეუდგა. 1951 წელს კომპანიამ განთქმული ჯიპის Patrol-ის, ორი წლის შემდეგ კი არანაკლებ პოპულარული Austin-ის გამოშვება დაიწყო. 1958 წელს Nissan-მა ავტომობილების ამერიკაში ექსპორტი დაიწყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველი უცხოური, კერძოდ, ტაივანური ქარხანა აამუშავა.

 

1960 წელს Nissan-მა აშშ-ში თავისი შვილობილი კომპანია შექმნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამერიკაში ავტომობილების ექსპორტიორთა შორის პირველ ადგილზე გავიდა. შემდეგ პერიოდში კომპანიამ რამდენიმე ქარხანა შეიძინა და ააშენა და მექსიკაში და ავსტრალიაში შვილობილი კომპანიები ჩამოაყალიბა. 1965 წელს შედგა Sunny-ის მარკის ავტომობილის დებიუტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ხოლო 1969 წელს კონვეიერიდან ჩამოვიდა Nissan/Datsun 240Z მარკის სპორტული ავტომობილი, რომელიც ძლიერ პოპულარული გახდა როგორც იაპონიაში, ასევე აშშ-ში და ევროპაში და Nissan-ს უდიდესი წარმატება და მსოფლიო აღიარება მოუტანა. შედეგად, კომპანია იაპონურ ავტომწარმოებელთა შორის Toyota-ს შემდეგ მეორე ადგილზე აღზევდა.

 

70-იან წლებში Nissan-მა უცხოური საწარმოო სიმძლავრეები გვარიანად გაზარდა და გემებისა და რეაქტიული თვითმფრინავებისათვის განკუთვნილი ძრავების წარმოება დახვეწა. ამასთან, გამოუშვა Sunny-ის ახალი, ეკონომიური მოდელი, რომელმაც იმ პერიოდის ენერგოკრიზისისას დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამასთან, კომპანიამ გემები შეიძინა, საკუთარი ფლოტი შექმნა და მსოფლიოში ავტომობილების უპირველეს ექსპორტიორად იქცა.

 

80-იანი წლების დასაწყისში ახალი კორპორაციული პროგრამის ეგიდით კომპანიამ კიდევ არაერთი უცხოური საწარმო შექმნა და Volkswagen-თან იაპონიაში ავტომობილების წარმოებისა და გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. მისი ეგიდით 1984 წელს დაიწყო Santana-ს მოდელის ავტომობილების წარმოება. ამავე პერიოდში Nissan-მა სამხრეთ კორეაში შვილობილი კომპანია Daewoo Motor დააარსა. ერთობ ნაყოფიერი გახლდათ 1988 წელი, როცა მოდელების: Maxima, Cima, Silvia Q's პრეზენტაცია შედგა.

 

დიდი გარიგება

90-იანი წლები Nissan 300ZX-ის აშშ-ში საუკეთესო იმპორტირებულ ავტომობილად დასახელებით დაიწყო. ამავე პერიოდში კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების რიცხვმა 50 მილიონს მიაღწია. აგრეთვე Hitachi-სთან ერთად დაარსდა კომპანია Xanavi Informatics Co, რამაც ხელი უახლესი ტექნოლოგიების ათვისების დაჩქარებას შეუწყო.

 

1993 წელს საფუძველი ჩაეყარა Nissan-ის და Ford-ის თანამშრომლობას, რომლის ნაყოფი მინივენი Quest გახლდათ. ხოლო დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს Micra, რომელიც ევროპის წლის ავტომობილად დაასახელეს.

 

ამავე პერიოდში Nissan-მა ჩინეთში, ტაივანში, ტაილანდში და არაბეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიასა და კორეაში ახალი ქარხნები გახსნა. საერთოდ, კომპანია დიდ აქცენტს აკეთებდა უცხოური ბაზრების ათვისებაზე, თუმცა, ცხადია, არც მომხმარებელთა სიახლეებით გაოცება ავიწყდებოდა. კერძოდ, 1994 წელს Almera-ს მარკის ავტომობილის დებიუტი შედგა.

 

თუმცა, ეგზომ მაღალი ტემპებით ზრდამ კომპანიას ამერიკელი კრედიტორების ვალები დაუგროვა, რისგან თავის დასაღწევად Nissan-მა 1999 წელს ალეანსი შექმნა ფრანგულ Renault-თან, რომელმაც მისი აქციების 40 პროცენტი შეიძინა. ამ წლის მონაცემებით, Nissan-Renault-ის ალეანსმა 4 მილიონი ავტომობილი

გამოუშვა.

 

2000 წელს Nissan-მა ახალი ჰიბრიდული თინო და ორადგილიანი ელექტრომობილი Hypermini გამოუშვა. კალიფორნიაში კი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა Sentra-ს გაყიდვა დაიწყო. ხოლო Nissan-ის იაპონურმა დილერებმა Renault-ის მარკის ავტომობილების გაყიდვა დაიწყეს.

 

2001 წელს Nissan-Renault-ის ალიანსმა პირველი ერთობლივი ქარხანა გახსნა ბრაზილიაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა სამხრეთ ამერიკული ბაზრის ათვისებას. ერთი წლის შემდეგ კომპანიებმა აქციათა პაკეტები გაცვალეს. კერძოდ, Nissan-მა Renault-ის 15 პროცენტი მიიღო, Renault-მა კი Nissan-ში თავისი წილი 44,4 პროცენტამდე გაზარდა.

 

ეგზომ სწორი პოლიტიკის წყალობით, Nissan-ის საქმეები სულ უფრო კარგად წავიდა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Nissan Motor მსოფლიო ავტოწარმოების ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც შვილობილი კომპანიები მსოფლიოს 17 ქვეყანაში აქვს.