სანახაობა პურის გარეშე

სანახაობა პურის გარეშე

მთავრობის პრიორიტეტი უცვლელია - ტურიზმი. საქართველო არა წარმოების, არა სოფლის მეურნეობის, არამედ მომსახურების ქვეყანა უნდა იყოს. ქობულეთი და ანაკლია თავისუფალ ტურისტულ ზონებად გამოცხადდა, მას მალე მესტიაც მოჰყვება. ექსპერტების განცხადებით კი, ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ ტურიზმი ვერ განავითარებს. „საუკეთესო“ აეროპორტებით, რომლებიც ვერ შენდება, პლაჟებით, სადაც ზღვაში ფეკალური მასები ჩაედინება, არც ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ჩანს მოკლე ხანში.

ასეა თუ ისე, მთავრობა ყველაზე მეტ ფულს ამ სექტორის აღორძინებისთვის ხარჯავს. ქვეყნის ტურისტული იმიჯის უფრო მეტად გასამყარებლად ხელისუფლება არც ძვირადღირებული მუსიკოსების ჩამოყვანას ერიდება.

ექსპერტის ავთო სილაგაძის განცხადებით, მარტო ტურიზმი ქვეყანას წინ ვერ წაწევს და ამ გზაზე არც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა შეიცვლება. 

„ტურიზმი შეიძლება ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდეს, თუმცა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ეკონომიკა წინ ვერ წავა. ესპანეთში, საბერძნეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული, თუმცა მას მშპ-ში ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე მცირე წილი უკავია“, - ამბობსსილაგაძე.

ამავეს აცხადებს, ექსპერტის ლევან კალანდაძე - ტურიზმის განვითარებით საქართველოს ეკონომიკა თავს ვერ შეინახავს.

„თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნა შეიძლება საქართველოსთვის საინტერესო მოდელად ჩაითვალოს, რომელსაც პერსპექტივა გააჩნია, მაგრამ ყველაზე მთავარ კომპონენტს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარება წარმოადგენს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს, ვფიქრობ, მხოლოდ ტურიზმის განვითარებით, ისევე როგორც წარსულში ბორჯომით და ჩაით, საქართველო თავს ვერ შეინახავს“, - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო „პირველთან“ საუბარში ლევან კალანდაძე.

თავისუფალი ტურისტული ზონების წარმატებულობაზე საუბრისას ექსპერტი ყურადღებას იმ სამართლებრივ აქტებზე ამახვილებს, რომელიც ტურისტულ ზონებში ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს.

„თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნა სინტერესო პრეცედენტია, მაგრამ უფრო მეტი ინვესტორის მოსაზიდად შესაბამისი საკანონმდებლო აქტის შექმნაა აუცილებელი, რათა ბიზნესმენმა თავი დაცულად იგრძნოს. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერებული ინიციატივების მხოლოდ სიტყვიერი დეკლარირება საკმარისი არ არის“, - განაცხადა კალანდაძემ.

თავისუფალი ტურისტული ზონა ქობულეთში უკვე ყალიბდება. ცოტა ხნის წინათ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის ტურისტული ზონის შექმნის თაობაზეც ისაუბრა. ამასთან, გამორიცხული არ არის, მესამე თავსიუფალი ტურისტული ზონა მესტიაშიც შეიქმნას.

მესტიასთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა იდეა მთავრობაში განიხილება. თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნისას ინვესტორი, რომელიც ამ ზონაში სასტუმროების ასაშენებლად მინიმუმ, 1 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლდება.

ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (გაზი, წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია) და სასტუმროს შენობამდე მისასვლელი გზების მშენებლობას თავად მთავრობა უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ტურისტების ხელშესაწყობად მოტივირებული აჭარის მთავრობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანასაც ითხოვს.

კანონპროექტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინა. მისი მიზანია მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ცალკეული ხარვეზების გამოსწორება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრაქტიკულ საქმიანობაში არსებული სხვადასხვა პრობლემატური საკითხების დამატებითი საკანონმდებლო რეგულაცია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის პეტრე ზამბახიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზანია, მოწესრიგდეს კანონმდებლობაში არსებული ზოგიერთი ხარვეზი და სამართლებრივი კოლიზიის შემთხვევები. კანონპროექტის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობს, რა რაოდენობის შინაური ცხოველები უნდა იყოლიოს მოსახლეობამ და მათი შენახვის წესების დარღვევის პრობლემები როგორ უნდა გადაიჭრას.

პეტრე ზამბახიძე განმარტავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ძაღლები, ღორები, ცხვარი და სხვა შინაური ცხოველები გაშვებულია უმეთვალყურეოდ, გზებზე, ავტომაგისტრალებზე, ქუჩებზე, მოედნებზე. უფრო მეტიც ისინი ხშირად შეგხვდებათ ბათუმის ბულვარში, პარკში, სკვერებში და სხვა დასასვენებელ საზოგადოებრივ ადგილებში.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ცხოველების მიერ ჩადენილი უწესრიგობის აღსაკვეთად ადგილობრივი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აღნიშნული ქმედებები სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.

ასე რომ, ტურიზმის განვითარებისთვის, რომელმაც ეკონომიკა უნდა ააღორძინოს მთავრობა თავს არ ზოგავს. იხსნება აეროპორტები, ჯერჯერობით ბილბორდებზე; იმ ფულით კი, რომელიც ადგილობრივ წარმოებას უნდა მოხმარებოდა ჩამოდიან ცნობილი მომღერლები, იცვლება კანონები, იზრდება მდგრადი ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი, მოსახლეობას კი რჩება მხოლოდ სანახაობა, პურის გარეშე.