ევროს ზონის 16 ქვეყანა გამალებული ცდილობს ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროს და ბებერ კონტინენტზე სახსრების ეკონომიის გამკაცრების ახალი ტალღა მწიფდება. როგორც ცნობილია, ევროს ზონაში მოქმედი წესების თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. მაგრამ ამ მოთხოვნას ნაკლებად თუ რომელიმე სახელმწიფო აკმაყოფილებს. მაღალი დეფიციტის მქონე ქვეყნები კი გულმოდგინედ ცდოლობენ ამ ზღვარს 2014-2015 წლებისათვის მიუახლოვდნენ.
ირლანდიაში, რომლის ხელისუფლებამაც საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება უკვე სთხოვა და სახსრების ეკონომიის პროგრამა წარმოადგინა, ბიუჯეტის დეფიციტი შიდა პროდუქტის მოცულობის 30 პროცენტს შეადგენს. ირლანდიის შემდეგ კი მსგავსი ზომები ნამდვილად დასჭირდებათ პორტუგალიასა და ესპანეთს.
მართალია, ორივე ქვეყნის მთავრობა ირწმუნება, რომ დასახმარებელი არაფერი სჭირთ, მაგრამ ალბათ გახსოვთ, ირლანდიელებსაც თავი მხნედ ეჭირათ და დახმარებაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ საკმაოდ ცოტა ხანი. ახლა კი, პორტუგალია აცხადებს, რომ ქვეყნის ბანკებს ირლანდიელთა მსგავსი პრობლემები არ აქვს.
მაგრამ პორტუგალიელები ვერსად გაექცევიან იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წელს კვლავ, 7,3 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 0,2 პროცენტამდე შემცირდა. ცხადია, ეკონომიკურ სტაბილურობას ხელს არ უწყობს პერმანენტული გაფიცვები.
ესპანეთში, რომლის ეკონომიკა მოცულობით ირლანდიის და პორტუგალისას ერთად აღებულს ბევრად აღემატება, აგრეთვე ერთობ მძიმე სურათია. ბიუჯეტის დეფიციტი 9,3 პროცენტია, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი კი 1 პროცენტს ჩამოსცდა.
ამასთან, ორივე ქვეყანას პრობლემები აქვს საბანკო დავალიანებების კუთხით, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით ირლანდიურს ბევრად ჩამოუვარდება, ბაზრებზე დიდ პესიმიზმს იწვევს. ამიტომაც იყო, რომ ესპანური მოკლევადიანი ობლიგაციების გამოსყიდვის მორიგმა მცდელობამ ინვესტორთა შორის წარმატებით ვერ ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორებს არც ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრების ირლანდიური სცენარი მოსწონთ. ისენი თვლიან, რომ გამოცხადებულ შემცირებებს კარგ შემთხვევაში ეკონომიკური სტაგნაცია, უარესში კი რეცესია მოჰყვება.
ამგვარი პესიმიზმის არგუმენტი საბერძნეთის მაგალითი გახლავთ, რომელსაც დახმარებაც გაეწია და რომლის მთავრობამაც ეკონომიკური პოლიტიკა გაამკაცრა, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების დასახული მიზანი მაინც ვერ შეასრულა. სხვა ქვეყნებიც, რომლებმაც ევროკავშირისაგან დახმარება მიიღეს, კერძოდ კი უნგრეთი, ლატვია და რუმინეთი პრობლემებს სრულად აგრეთვე ვერ უმკლავდებიან.
ევროპის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე ბაზრები მწვავედ რეაგირებენ, რაც ევროს კურსზეც აისახება. ყველაზე მძიმე პროგნოზების მიხედვით, ირლანდიის, შემდეგ კი პორტუგალიის და ესპანეთისათვის გაწეულ დახმარებას შედეგი არ მოჰყვება და ბაზრები საბოლოოდ დაკარგავენ ევროპის ე.წ. პერიფერიული ქვეყნების მიმართ ნდობას. მდიდარ ქვეყნებს კი ფულის უსასრულო ფანტვა მობეზრდებათ და ვალების რესტრუქტურიზაციას მოითხოვენ.
ეს კი ნიშნავს დეფოლტებს, ფინანსურ არასტაბილურობას და აქედან გამომდინარე, სოციალურ უწესრიგობას. ინვესტორები ევროზე უარს იტყვიან და ევროს ზონა დაშლის პირას აღმოჩნდება. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ უახლოეს წლებში წარმოიქმნება ე.წ. ორდონიანი ევროპა. კერძოდ, გერმანია, საფრანგეთი და ალბათ, ბენელუქსის ქვეყნები ევროს ზონაში დარჩებიან, დანარჩენები კი, მათ შორის, იტალია, თავის გზას იპოვნიან.
ოპტიმისტური სცენარის მიხედვით კი პრობლემების მქონე ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ, რასაც საკრედიტო ბაზრებზე ნდობის აღდგენა მოჰყვება. შედეგად კი დაიწყება ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სტაბილურობა დამყარდება.
თუმცა, ოპტიმისტურ სცენარს ძალიან ცოტა ექსპერტი თუ ეთანხმება. საერთოდ, უფრო პოპულარული საშუალო პროგნოზია, რომლის მიხედვითაც საჭირო გახდება დამატებითი, დროებითი ზომების გატარება, პრობლემები ბევრი შეიქმნება, მაგრამ ევროპა ბოლოს და ბოლოს გამწვავებულ კრიზისს ვაი-ვაგლახით დაძლევს.