კობა ოთანაძის დეიდაშვილი კოდუასა და ახალაიას წამებაში ადანაშაულებს.

კობა ოთანაძის დეიდაშვილი კოდუასა და ახალაიას წამებაში ადანაშაულებს.

"კობა ოთანაძეს 20 ნათესავი დაუპატიმრეს. მათ შორის იყო ზაზა სანდოძეც. უკანონოდ მსჯავრდებული ზაზა სანდოძე შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან დაკავების დაკავებისა და დაპატიმრების დროს განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ყველა უკანონოდ მსჯავრდებული, სანდოძეც თავის ადვოკატთან, ვახტანგ თალაკვაძესთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს საჩივრით მიმართავს, სადაც აღწერს მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. ბოლო დროს საზოგადოებისთვის წამების იმდენი ფაქტი გახდა ცნობილი, თითქოსდა გასაკვირი აღარაფერია, თუმცა სანდოძის მიმართ განხორცილებული წამების ფაქტი გულისშემძვრელია. სად იპოვეს ამდენი მანიაკი და ჯალათი?! როგორც ჩანს, ყველას შს სისტემაში მოუყარეს თავი ადამიანების საწამებლად", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კობა ოთანაძის დეიდაშვილი კოდუასა და ახალაიას წამებაში ადანაშაულებს.

"დაკავება განხორციელდა ძალადობით, საზოგადოებრივად საშიში საშუეალებების გამოყენებით. ვმოძრაობდი ჩემი პირადი ავტომანქანით თბილისის ტერიტორიაზე და შევნიშნე კუპე "ბეემვეს" მანქანა, რომელიც ჩემს გადაადგილებას აკონტროლებდა. ზაჰესში, მცხეთის ხიდთან, ჩემთვის მოულოდნელად "ბეემვედან" გავიგონე ჩემი მიმართულები სროლის ხმა. შეშინებულმა მანქანა მივაყენე დასახლებულ პუნქტს და ხელოვნური განათების ქვეშ გავაჩერე. მანქანიდან პისტოლეტებით შეიარაღებული ორი პირი გადმოვიდა და მითხრა, გადმოდი მანქანიდანო. გადმოვედი, ამ დროს ერთმა ტელეფონზე დარეკა და მოახსენა ვიღაცას, დავაკავეთო. მათ თავიანთი ავტომანქანით მიმიყვანეს ჯერ მცხეთის სამხარეო პოლიციაში, შემდეგ წამომიყვანეს შსს მოდულის შენობაში. ამიყვანეს თუ არ ვცდები ერეკლე კოდუას სამუშაო კაბინეტში, სადაც ისხდნენ მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, კუდის უფროსი დათა ახალაია და თავად ერეკლე კოდუა", - აღნიშნავს თავის საჩივარში ზაზა ანდოძე, რომლის თქმით სამივე მათგანი მოითხოვდა მისი დეიდაშვილის ადგილსამყოფელის დასახელებას", - აღნიშნავს გამოცემა.

"იმ მოტივით, თითქოსდა ოთანაძეს ჩადენილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ქვეყნის მოღალატე იყო, მის მიმართ იგინებიოდნენ უწმაწური სიტყვებითმე განვუცხადე, რომ ოთანაძე თვეზე მეტია არ მინახავს და მასთან რამე კონტაქტი თვეზე მეტი არ მქონია. ამის გაგონებაზე დათა ახალაია მომიახლოვდა და სახეში მუშტი ჩამარტყა სიტყვებით "შენს მანქანაში გეჯდა და არ იცი, სად არის ოთანაძე?" ვუპასუხე, თუ მანქანაში მეჯდა, თქვენმა თანამშრომლებმა დამაკავეს და სად გაიქცეოდა მეთქი. ამ სიტყვების შემდეგ დათა ახალაია მწვდა ხელში, გამომათრია კაბინეტიდან მუქარით - შენ ხომ იცი, მე ვინ ვარ, მოგკლავ, შენს შვილსაც ნარკოტიკს ჩავუდებ და ციხეში ამოვალპობო. გია ლორთქიფანიძემ უთხრა, მე დაველაპარაკებიო, შემიყვანა კაბინეტის გვერდით პატარა ოთახში და როცა მარტო დავრჩით დამიწყო ლაპარაკი, რომ კობა ოთანაძე იყო სახელმწიფოს მოღალატე და თუ მის დაკავებაში დავეხმარებოდი, აღმადგენდა პოლიციის სისტემაში, საიდანაც წამოსული ვიყავი2008 წლიდან. ვითხარი, რომ ნადვილად არ ვიცოდი მისი ადგილსამყოფელი და ვერ დავეხმარებოდი - ამის გაგონებაზე გააღო კარი და დერეფანში მყოფ ახალაიას, კოდუასა და ჩემთვის უცნობ პირებს უთხრა, არაფერს საინტერესოს არ ამბოვბსო. ოთახში შემოვიდნენ კოდუა და ახალაია, ხელით და ფეხებით დამოწყეს ცემა. როცა წავიქეცი განაგრძობდნენ ჩემს უმოწყალო ცემას. ლორთქიფანიძე იქ იმყოფებოდა, მაგრამ ცემაში მონაწილეობა არ მიუღია. მან, როცა სისხლდენა დამეწყო და ვიგრძენი, ნეკნებიც ჩამემტვრა, ორივეს უთხრა თავი დაანებეთო. ამ დროს ოთახში შემოვიდა მაღალი, სპორტული აღნაგობის პოლიციის მუშაკი გურგენიძე და ხელკეტი პირდაპირ ჩამარტყა თავში. გადამისკდა თავი და დავკარგე გონება..." - ნათქვამია ზაზა სანდოძის საჩივარში.

"როცა გონს მოვედი, აღმოვჩნდი კოდუას მოადგილის გვერდით კაბინეტის აბაზანაში, სადაც "დუშით" მასხამდნენ წყალს. ჩემთვის უცნობმა პირებმა თავზე "სალფეტკები" დამადეს. ცოტა ხნის შემდეგ გამომიყვანეს, სადაც ყველა ზემოთ ხსენებული პირი იმყოფებოდა. ახალაია მეკითხებოდა - "ბოლო-ბოლო იტყვი, სად არის ოთანაძეო?", როცა ვუთხარი, არ ვიცოდი სად იყო, დედა შემაგინა და იქვე მდგარ გურგენიძეს უთხრა, "წაიყვანე, მოკალი და მტკვარში გადააგდეო". აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი ცემის დროს მარალჩინოსნების მხრიდან მოულოდნელად პატარა ოთახში შემოიყვანეს ჩემი დეიდაშვილის შვილი შენგელი პერანიძე, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. პერანიძეს ეკითხებოდა დათა ახალაია, ვინ არის ეს შენიო? მან უპასუხა, რომ ვიყავი მისი ბიძა. მერე ჰკითხეს, - ეცოდინებოდა თუ არა ოთანაძის ადგილსამყოფელიო - მან რა უპასუხა, არ ვიცი. ვიყავი ძალიან ნაცემი... დათა ახალაიას ბრძანების შემდეგ გურგენიძემ და სამმა პიროვნებამ გამომიყვანეს მოდულის შენობიდან და წამიყვანეს მცხეთის მიმართულებით. ჯვრის მონასტრის ტერიტორიის ქვეშ ტყეში. ეს ადგილი კარგად მახსოვს. გადმომიყვანეს მანქანიდან და გურგენიძემ მოდულის შენობიდან წამოღებული ავტომატით დამიწყო ფეხებისკენ სროლა - უნდა მოგკლაო. მე ვითხარი: "მომკალი!". ამაზე გაბრაზებულმა მთელი ძალით ჩამარტყა კონდახი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. შემდეგ ამიყვანეს იმავე ტერიტორიაზე სავალი გზის ნაწილზე, სადაც გურგენიძე, თუ არ ვცდები მცხეთა-მთიანეთის უფროს მაისურაძეს ესაუბრა, და უთხრა, ჩემი ავტომანქანა, რომელიც ზაჰესის ტერიტორიაზე დარჩა, მოეყვანათ ადგილზე. გურგენიძემ წინასწარ მითხრა - ამ ავტომატს საბარგულში ჩავდებთ და როცა ექსპერტები და პოლიციელები მოვლენ, ეტყვი რომ შენია, თორემ მართლა მოგკლავო... უკვე თენდებოდა, როცა მოიყვანეს ჩემი ავტომანქანა, მიმიყვანეს საბარგულთან, სადაც ის ავტომატი უკვე ჩაედოთ და შეადგინეს ოქმი, თითქოს ავტომატი მე მეკუთვნოდა", - დასძენს მომჩივანი.

"დილით დაკითხვის დროს გამომძიებელი და ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით მაიძულებდნენ მეღიარებინა, რომ ავტომატი იყო კობა ოთანაძის დამე ის, კრიალაშვილი და ამირიძე გადამყავდა ჩემი ავტომანქანით. დაკითხვის დროს რამდენჯერმე გავხდი ძალზე ცუდად, მქონდა პირღებინება, სამჯერ გამოიძახეს პოლიციაში სასწრაფო. ექიმებმა აღმომიჩინეს დახმარება და უთხრეს პოლიციელებს, რომ მქონდა მძიმე ტვინის შერყევა და გადასაყვანი ვიყავი საავადმყოფოში, პოლიციამ ექიმებს უარი უთხრა. შემდგომში ეს დაზიანებები რომ აეხსნათ. მოიგონეს თითქოსდა პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიე. ბრალი განუცხადებლობაში,, ტყვიების შენახვასა და წინააღმდეგობის მუხლითაც წამიყენეს. სასამართლო პროცესზე პროკურორის მოთხოვნოთ საპროცესო შეთანხმება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებითა და დაზიანებების შემთხვევითობაზე დაბრალებით. იძულებული გავხდი ხელი მომეწერა შეთანხმებისთვის... დღემდე არ დამირღვევია, დუმილი, ვინაიდან ჩემს თავზე გამოვცადე, როგორ პოლიციურ ქვეყანაში ვცხოვრობდით და როგორ მეთოდებით შეეძლოთ ჩემი და ჩემი ოჯახის ფიზიკური განადგურება. მათთვის ადამიანის სიცოცხლე გროშის ფასი იყო. მოგმართავთ თქვენ და ვითხოვ ჩემ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეთ ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირები", - ითხოვს საჩივარში დაზარალებული ზაზა სანდოძე.